Facebook Twitter

ბს-1104-1056(კ-07) 20 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – გ. ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საპროცესო უფლებამონაცვლე ბათუმის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი _ ელიზავეტა ხაზალია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ დ. ს-ი, წარმომადგენელი _ დ. გ-ე

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

დ. ს-ის კანონიერმა წარმომადგენელმა მ. ო-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა სანქციის დარიცხვის შესახებ რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” უფროსის გადაწყვეტილებისა და საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 1-2; ტI/.

საქმის გარემოებები:

2007 წლის 5 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფში” მოსარჩელე მ. ო-ის შვილმა _ 14 წლის არასრულწლოვანმა დ. ს-მა შეავსო ფიზიკური პირის დეკლარაცია რუსულ ენაზე, ვინიადან ის ეროვნებით სომეხი იყო და არ ფლობდა ქართულ ენას. დეკლარაციაში დ. ს-მა მიუთითა მისი პირადი ნივთები, რომლებიც კანონის თანახმად, არ ექვემდებარებოდა განბაჟებას. ამასთან, მას არ ჰქონდა არანაირი განზრახვა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საზღვარზე გადაეტანა რაიმე ნივთი.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” ინსპექტორმა ნ. კ-მა დ. ს-ს გაუფორმა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო კოდექსის 242.1. მუხლის შესაბამისად, დააჯარიმა 2000 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილის _ დ. ს-ის დაჯარიმების თაობაზე მიღებული ოქმი და ადმინისტრაციული აქტი იყო უკანონო.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

სადავო ოქმი არ იყო შევსებული კანონის დაცვით, კერძოდ, უგულებელყოფილ იქნა “საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის” შესახებ ინსტრუქციის 7.6, 14.4, მუხლების მოთხოვნები. ოქმში არ იყო მითითებული დ. ს-ის დაბადების წელი, თვე და რიცხვი, იგი ვერ ფლობდა ქართულ ენას, ხოლო საბაჟოს ინსპექტორმა არ უზრუნველყო თარჯიმნით. ამასთან, ოქმში არ იყო მითითებული ის ნივთები, რომლებიც ჩამოართვეს დ. ს-ს საბაჟოზე და ა.შ.

სადავო ოქმის გაფორმებისას საბაჟო ინსპექტორის მიერ ასევე დარღვეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის 16 წელს მიღწეულ პირებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით ჯარიმა დაეკისრა 14 წლის არასრულწლოვან პირს.

დ. ს-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” წარმომადგენელმა, მოითხოვა დაუშვებლობის გამო სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, შემდეგი მოტივით:

მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება ქართული ენის არცოდნის შესახებ, რადგან მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეა, სახელმწიფო ენად დადგენილია ქართული და საქართველოს მოქალაქეობაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი პირისათვის მისი ფლობა სავალდებულოა. ამასთან, საბაჟო კოდექსი საბაჟო ორგანოს თანამშრომელს არ უწესებს სამართალდამრღვევისათვის თარჯიმნის უზრუნველყოფის ვალდებულებას, მით უფრო, რომ, მებაჟის განმარტებით, დ. ს-ი ფლობდა ქართულ ენას.

მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე უთითებს ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე, კერძოდ, სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულ ასაკთან დაკავშირებით უთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისათვის განკუთვნილ ნორმებს, კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომელსაც არეგულირებს საბაჟო სამართალდარღვევათა კოდექსი. საბაჟო კოდექსი სამართალდაღვევისათვის პასუხისმგებელი პირების ასაკობრივ შეზღუდვას არ აწესებს, მით უმეტეს იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ პასპორტი და სარგებლობენ ქვეყნის საზღვრის დამოუკიდებლად გადაკვეთის უფლებით.

მოპასუხის მითითებით, სამართალდარღვევის ჩადენისას დ. ს-ი მოქმედებდა შეგნებულად და გათვითცნობიერებულად და დამალა ის საქონელი, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარებოდა განბაჟებას. სასაზღვრო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა სასაზღვრო სამსახურიდან ინფორმაცია დ. ს-ის საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ორი თვის განმავლობაში საზღვარზე გადასულია 53-ჯერ. აღნიშნული პირები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი საბაჟო, საგადასახადო და ფინანსური სამსახურების მიერ არიან აყვანილნი კონტროლზე, როგორც უკანონო სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირები (იხ. ს.ფ. 33-34; ტ.I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ს-ის კანონიერი წარმომადგენლის _ მ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე მიღებული 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საბაჟო სანქციის დარიცხვის თაობაზე, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

დ. ს-ი დაიბადა 1992 წლის 6 მარტს, მისი კანონიერი წარმომადგენელი იყო მისი დედა _ მ. ო-ი. 2007 წლის 5 მარტს დ. ს-მა სარფის საბაჟო პუნქტის გადმოკვეთისას შეავსო ფიზიკური პირის დეკლარაცია, სადაც შეტანილ იქნა მის ხელთ არსებული საქონლის ჩამონათვალი. საბაჟო გამშვები პუნქტის ინსპექტორის ახსნა-განმარტებით გაირკვა, რომ დ. ს-ს დამატებითი შემოწმების შედეგად აღმოაჩნდა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სპორტული მაისური და სპორტული შარვალი, რის გამოც საბაჟო ინსპექტორის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საბაჟო კოდექსის 242.1. მუხლის მიხედვით, დ. ს-ი დაჯარიმდა 2000 ლარით.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის მე-13 მუხლი და განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის 16 წელს მიღწეულ პირებს, მაშინ, როცა დ. ს-ი ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ჩადენის მომენტისთვის იყო 14 წლის. ამდენად, იგი არ წარმოადგენდა იმ სუბიექტს, რომლის მიმართაც საბაჟო ორგანოს შეეძლო სამართალდარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და დაჯარიმება საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით /იხ.ს.ფ. 63-66; ტ.I/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურმა საბაჟო “დასავლეთმა”, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, მოქალაქე დ. ს-ის მიერ განხორციელდა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, როგორც ეს მითითებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლში, არამედ საბაჟო სამართალდარღვევა, რომელსაც არეგულირებდა არა ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსი, არამედ საბაჟო კოდექსი, რომელშიც სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელი პირების ასაკი არ იყო შეზღუდული, მით უფრო იმ პირებისა, რომლებსაც უკვე გააჩნდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სარგებლობდნენ ქვეყნის საზღვრის დამოუკიდებლად გადალახვის უფლებით. უფრო მეტიც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მარტის ¹1755 ბრძანების მე-11 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს ეძლეოდა არასრულწლოვანის დაკავების შესაძლებლობაც.

აპელანტის განმარტებით, მათ მიერ სასაზღვრო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დ. ს-ის საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლის ფაქტებთან დაკავშირებით, საიდანაც გაირკვა, რომ ორი თვის განმავლობაში საზღვარზე გადასულია 53-ჯერ. აღნიშნული მოქალაქეები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მოქმედი საბაჟო, საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურების მიერ გასაგები მიზეზების გამო, აყვანილი არიან კონტროლზე, როგორც საეჭვო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული პირები. აპელანტის აზრით, სამართალდარღვევა ჩადენილი იყო შეგნებულად და გათვითცნობიერებულად საზღვარზე საეჭვოდ სისტემატურად გადმომსვლელი მოქალაქის მიერ, რომელსაც გააჩნდა პასპორტი, ასევე, საზღვარზე დამოუკიდებლად მოძრაობისა და საქონლის გადმოტანის უფლება. ამასთან, სამართლადამრღვევი დაეთანხმა მის მიერ განხორციელებულ საბაჟო სამართალდარღვევას, რაც იმას გულისხმობს, რომ საბაჟო კოდექსის 235-236-ე მუხლების შესაბამისად, დ. ს-ს წაერთვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე გამოცემული გადაწყვეტილებისა და საბაჟო შეტყობინების გასაჩივრების უფლება /იხ.ს.ფ. 69-71; ტ.I/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საბაჟო სამართალდარღვევის 2007 წლის 5 მარტის ოქმით დ. ს-ი საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქონლის მალულად გადატანას. აღნიშნულის გამო, რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ. ს-ს დაეკისრა ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით საბაჟო კოდექსის 242.1 მუხლის შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საბაჟო კოდექსის 242.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ანდა დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოტყუებით გამოყენებით, ანდა საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა საბაჟო დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანით _ იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ამ მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულების 100%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა. საბაჟო კოდექსის 7.1. მუხლის მიხედვით, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება. მოცემულ შეთხვევაში, დეკლარაციას ავსებდა დ. ს-ი. ზემომითითებული კოდექსის 7.4. მუხლის თანახმად, პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, რომლის 12.1. მუხლით, პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. სამოქალაქო კოდექსის 14.1. მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა დგება 16 წლის ასაკიდან. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე კი, დ. ს-ი არ იყო საბაჟო სამართალდარღვევის სუბიექტი /იხ.ს.ფ. 12-14; ტII/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რეგიონალურმა საბაჟო “დასავლეთმა”, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უკანონო და ექვემდებარება გაუქმებას. მისი აზრით, დ. ს-ის მიერ განხორციელდა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, როგორც ეს მითითებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლში, არამედ საბაჟო სამართალდარღვევა, რომელსაც არეგულირებდა არა ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსი, არამედ საბაჟო კოდექსი, რომელშიც სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელი პირების ასაკი არ იყო შეზღუდული, მით უფრო იმ პირებისა, რომლებსაც უკვე გააჩნდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სარგებლობდნენ ქვეყნის საზღვრის დამოუკიდებლად გადალახვის უფლებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 12.1. მუხლის მიხედვით, პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული საკითხი რეგულირდება როგორც მე-14, ასევე 994-ე მუხლებით. ამ უკანასკნელის მე-3 ნაწილის მიხედვით, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა. საგულისხმოა ასევე ის, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 3 მარტის ¹1755 ბრძანების მე-11 მუხლის თანახმად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს ეძლეოდა არასრულწლოვანის არათუ დაჯარიმების, არამედ დაკავების შესაძლებლობაც.

ამდენად, კასატორის აზრით, სამართალდარღვევა ჩადენილია შეგნებულად და გათვითცნობიერებულად საზღვარზე საეჭვოდ სისტემატურად გადმომსვლელი მოქალაქის მიერ, რომელსაც გააჩნდა პასპორტი, ასევე, საზღვარზე დამოუკიდებლად მოძრაობისა და საქონლის გადმოტანის უფლება /იხ.ს.ფ. 29-31; 44-46; ტ.II/.

საკასაციო პალატაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა რეგიონალურმა საბაჟო “დასავლეთმა”, რომლის განმარტებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, ამასთან, მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან ეხება არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას და ანალოგიურ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საქმისწარმოება პირველია ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების პრაქტიკაში ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ /იხ. ს.ფ. 56-57; ტ.II/.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “ა” პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

მოწინააღმდეგე მხარის – დ. ს-ის წარმომადგენელმა დ. გ-ემ არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სხდომის ოქმი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის მასალების გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის მოტივების გადამოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვა-გადაწყვეტისას არ არის დაშვებული იმგვარი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენა, სასამართლომ სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა სადავო სამართალურთიერთობას და სწორად გადაწყვიტა დავა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის მოტივი განსახილველ საქმეში, რამაც შექმნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული აბსოლუტური კასაციის წანამძღვრები, არის საგულისხმო და განსაკუთრებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რამაც მოცემულ საქმეს მიანიჭა სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი საქმის სტატუსი, კერძოდ, სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლომ განმარტოს საბაჟო სფეროში სამართალდარღვევის არსი, მისი კავშირი სამართლის სხვა დარგებთან, საბაჟო სამართალდამრღვევი სუბიექტის ქმედუნარიანობის საკითხი, იურიდიული პასუხისმგებლობის გავრცელების შესაძლებლობა არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ საბაჟო სამართალდარღვევაზე.

სადავო სამართალურთიერთობა წარმოიშვა საბაჟო სამართალურთიერთობის სფეროში, დ. ს-სა და საბაჟო სამსახურს შორის, კერძოდ, მოცემულ სამართალურთიერთობაში გამოვლინდა სამართალდარღვევა, რომელზეც შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება დ. ს-ის დაჯარიმების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ, სსსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

კასატორმა _ ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა კასაციის მიზეზად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის მე-14 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლების არამართებული გამოყენებაზე, აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის არგამოყენება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის XXXIII თავის ნორმებით განსაზღვრულია საბაჟო სამართალდარღვევის არსი, პასუხისმგებლობის სუბიექტები, პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, საბაჟო სანქციის არსი და სხვ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო პასუხისმგებლობას ახასიათებს იურიდიული პასუხისმგებლობის ყველა ნიშანი. ამასთან, საბაჟო ურთიერთობის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხები საბაჟო სამართალში წარმოიშობა მრავალმხრივი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია სისხლის, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო, საფინანსო, საგადასახადო, საერთაშორისო სამართალთან და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება არა მარტო საბაჟო კანონმდებლობით, არამედ სხვა დარგის სამართლებრივი ნორმებითაც.

საკასაციო სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობის ნორმების საფუძველზე მიაჩნია, რომ საბაჟო ურთიერთობათა სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევები კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მიხედვით, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათიდან გამომდინარე, იწვევს სისხლისსამართლებრივ, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო სამართლებრივ ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოქტრინის მიხედვით საბაჟო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ინსტიტუტი თავისი სტრუქტურით არის ურთიერთდაკავშირებული სამართლის სხვა დარგების ერთობლიობა, რომლებითაც დადგენილია სამართალდარღვევის სახეები საბაჟო ურთიერთობათა სფეროში და მათი ჩადენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლის დარგით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 232.1 მუხლის მიხედვით საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება ამ კოდექსის XXXIIV თავით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ, საბაჟო სამართალდარღვევა, რაკი ეს გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსით და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდიფიცირებულ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს, იგი არ არის ამომწურავი ხასიათის, რადგან სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში არცთუ იშვიათად გვხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახეები, მათი კვალიფიკაცია, სანქცია. ამასთან, საბაჟო სამართალდარღვევა წარმოადგენს სწორედ საბაჟო საქმიანობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაირსახეობას, გააჩნია რა საერთო ნიშნები _ საჯაროსამართლებრივი ბუნება, პასუხისმგებლობაში მიცემის პროცედურები და ა.შ.

საბაჟო სამართალურთიერთობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებს შორის განსაკუთრებული ადგილი აქვს სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი სამართლის ნორმატიული აქტებით, საბაჟო კოდექსითა და საბაჟო კანონმდებლობის სხვა აქტებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევის შედარებით მსუბუქ ფორმას და მისი ჩადენისას გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ადეკვატურად ნაკლებად მკაცრი ზომები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ეს სახე არ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვასთან, არ იწვევს ნასამართლობასა და სხვა იმგვარად მძიმე შედეგს, რომელიც დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და სასჯელის შეფარდების დროს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული საბაჟო სამართალურთიერთობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციულ გადაცდომად მიჩნეულია ქმედება, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია თუ რომელი ადმინისტრაციული სახდელების სახეები შეიძლება დაეკისროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

საბაჟო კოდექსის 34-ე თავის 237-253-ე მუხლებით დადგენილია საბაჟო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სახეები და განსაზღვრულია ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობის – საბაჟო სანქციის ოდენობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსი განეკუთვნება საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტს, საბაჟო სამართალი არეგულირებს სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარმოშობილ სამართალურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი სუბიექტი უცილობლად არის სახელმწიფო მმართველობის განმხორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, საბაჟო საქმიანობა წარმოადგენს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელებას. სამართლებრივი ურთიერთობა საბაჟო სფეროში არის სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუტების, ფიზიკური და იურიდიული პირების (სამართლის სუბიექტების) სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების შესრულება, რომლებიც წარმოიშობა საბაჟო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, ხოლო სამართალურთიერთობის მონაწილეებს საბაჟო სფეროში ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ სამართლის ნორმით დადგენილი უფლებანი და მოვალეობანი, რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია დარწმუნებით, ანუ კანონმორჩილებით და მისი დარღვევის შემთხვევაში – სახელმწიფო იძულებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსით დადგენილი არ არის საბაჟო პასუხისმგებლობის სუბიექტი ფიზიკური პირის ასაკი. კოდექსის მხოლოდ ტერმინთა დეფინიციების განმსაზღვრელ ნორმაში (მე-7 მუხლის მე-4 ნაწილი) ზოგადი ხასიათის დათქმაა გაკეთებული საგადასახადო კოდექსის გამოყენების თაობაზე, ხოლო საგადასახადო კოდექსის 124.1. მუხლის თანახმად ამ კოდექსის XVIII თავით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საწარმოებს/ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს. თუმცა, ეს ნორმატიული აქტიც, ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლისაგან განსხვავებით, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენებისას საერთოდ არ ითვალისწინებს ფიზიკური პირის ასაკსა და შერაცხადობის ფაქტს, ხოლო ტერმინთა დეფინიციის განმსაზღვრელი ნორმით “პირი” განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, რომლის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 7-დან _ 18 წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდულ ქმედუნარიანად მიიჩნევა.

საკასაციო სასამართლო როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის საერთო ხარვეზად მიიჩნევს საბაჟო და საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტის _ ფიზიკური პირის ასაკის განუსაზღვრელობას, რამდენადაც როგორც საბაჟო, ასევე საგადასახადო პასუხისმგებლობა არის განსაზღვრული საბაჟო თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით აგოს პასუხი მის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე.

ამგვარ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საბაჟო სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ქმედუნარიანობის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილი წესი, ვინაიდან მითითებული ნორმით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ სუბიექტთა ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, კერძოდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წლის ასაკს მიღწეულ პირს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისგან, რაც გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ საბაჟო კოდექსით (ისე, როგორც სხვა ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული საბაჟო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, როგორც მმართველობით სფეროში წარმოშობილი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ნაწილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ასაკი უნდა განისაზღვროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პირის ქმედუნარიანობის მიხედვით, რასაკვირველია, გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც კანონმდებელი შესაბამის ნორმატიულ აქტებში სპეციალურად, კონკრეტულად ადგენს პასუხისმგებელი პირის ასაკს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 994-ე მუხლის არგამოყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: მითითებული ნორმა განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ქმედუნარიანობის საკითხს, მაშინ, როცა მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა ზიანის ანაზღაურება, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შეფასება, ანუ სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მსჯელობა მოცემულ დავაში მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების თაობაზე ალოგიკურია, როგორც დავის საგანთან შემხებლობაში არმყოფი, შესაბამისად სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელია.

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მსჯელობა მოსარჩელის შეგნებულ მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, საზღვრის 53-ჯერ გადალახვის, იდენტური ნივთების გათვითცნობიერებულად დამალვის შესახებ, რამდენადაც 16 წლამდე პირს ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ მიიჩნევს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტად.

აგრეთვე, დაუსაბუთებელია საბაჟო ორგანოს კასაციის მოტივი “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹1755 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლის სადავო აქტის კანონიერების მამტკიცებელ არგუმენტად მოხმობის თაობაზე, ვინაიდან მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადებით, მართალია, დადგენილია, რომ არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ინსტრუქციის აღნიშნული დათქმა გამომდინარეობს საკანონმდებლო აქტის _ საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-13 ნაწილით მინიჭებული კომპეტენციიდან, რომლის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული უფლებამოსილი პირები იყენებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე, 247-ე, 248-ე და 249-ე მუხლებით განსაზღვრულ უზუნველყოფის ზომებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უზრუნველყოფის ერთ-ერთ ზომად ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებას. მითითებული ნორმის მიხედვით, არასრულწლოვანის დაკავების შესახებ აუცილებლად აცნობებენ მის მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით პირი არასრულწლოვნად განიხილება 18 წლის მიღწევამდე, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კანონმდებელი პასუხისმგებლობის სუბიექტად განსაზღვრავს 16 წელს მიღწეულ პირს. ამდენად, 16 წელს მიღწეული სამართალდამრღვევი, რასაკვირველია, წარმოადგენს არასრულწლოვანს, რომლის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა კანონის მიხედვით დაშვებულია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მოხმობილი დებულება არ გულისხმობს 16 წლამდე არასრულწლოვანის დაკავების იურიდიულ შესაძლებლობას, რის გამოც კასატორის მოსაზრება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საბაჟო ორგანოს სამართლებრივ პოზიციას საბაჟო პასუხისმგებლობის 14 წლის პირზე გავრცელების მართებულობასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როცა საბაჟო კოდექსი საერთოდ არ განსაზღვრავს პასუხისმგებელი პირის ასაკს, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს საბაჟო კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ რიგ ქვეყნებში დაშვებულია საბაჟო პასუხისმგებლობის გავრცელების შესაძლებლობა 14 წლის ფიზიკური პირის მიმართ, მაგრამ ეს საკითხი საგანგებოდ არის მოწესრიგებული საბაჟო კანონმდებლობით, ანუ ინტერპრეტაციის სივრცე შეზღუდულია (მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი მიდგომა სამართლის სპეციალისტების მწვავე კრიტიკის საგანია). საქართველოს შემთხვევაში, რაკი საბაჟო კოდექსით სპეციალურად არ არის განსაზღვრული სამართალდამრღვევი პირის ქმედუნარიანობის საკითხი, 16 წლამდე პირის მიმართ საბაჟო პასუხისმგებლობის დაკისრება ნიშნავს ადამიანის (მით უფრო, არასრულწლოვანის) უფლებების შელახვას, რამდენადაც სახეზე იქნება კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს განცდის, პირის კანონიერი ნდობის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობის დამკვიდრების სასიცოცხლოდ აუცილებელ ამოცანას სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერიოდში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სადავო სამართალურთიერთობას, ჩამოაყალიბეს მართებული სამართლებრივი დასკვნა და სრულად უზრუნველყვეს სტანდარტი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი და გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 ოქტომბრის განჩინება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთს” დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.