Facebook Twitter

საქმე №ას-1626-2023 11 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ძ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.02.2023 წლის გადაწყვეტილებით:

1) შ.ძ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2) დ.ს–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა 1415 ლარის გადახდა;

3) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა;

4) მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 192.45 ლარის გადახდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი (მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 192.45 ლარის გადახდის შესახებ); დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. 21.11.2019 წელს, თბილისში, ....... ქ. №55-ის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა „ოპელი“ სახელმწიფო ნომრით - ....., რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა ავტომანქანა „ტოიოტას“, სახელმწიფო ნომრით - ....... შეჯახების მომენტში მოსარჩელე იმყოფებოდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა მისი მეგობარი – მ.მ–ძე.

3.2. დაზარალებულად ცნობის შესახებ 30.04.2020 წლის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად, კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3.3. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის 11.05.2022 წლის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მოპასუხემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, მის მიმართ დაიწყო განრიდებისა და მედიაციის პროცესი განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. 29.06.2022 წელს არასრულწლოვან მოპასუხეს, პროკურორ ე.ფ–სა და სოციალურ მუშაკ მ.ტ–ს შორის გაფორმდა განრიდების ხელშეკრულება.

3.4. მოსარჩელის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.03.2020 წლის დასკვნა, რომლის თანახმად, შპს „მ.ს.ტ.ც–ი“ საუნივერსიტეტო კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №27552-ის ჩანაწერების თანახმად, მოსარჩელე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 21.11.2019 წელს, 21:17 სთ-ზე (გაეწერა 02.12.2019 წელს, 12:00 სთ-ზე) დაუდგინდა დიაგნოზი: პოილიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ლავიწის მოტეხილობა, გულმკერდის მე-6 მალის განივი ნორჩის მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ელენთის დაზიანება (ნახეთქები) ჰემოპერიტონიუმით. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ნახეთქი ჭრილობა თხემ-კეფის არეში და სკალპის ჰემატომა მარცხნივ თხემის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

3.5. მოპასუხე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს ბრალეულობის საკითხზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურებისათვის ყველა კომპონენტი, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში მოპასუხის ბრალეულობა არ არის დადასტურებული, რადგან სისხლის სამართლის საქმე დასრულდა განრიდებით, რაც პირის ბრალეულობის დადგენას არ ნიშნავს.

3.6. მოპასუხის ზემოაღნიშნული არგუმენტები სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. საქმის მასალებით დგინდება, რომ 21.11.2019 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და დაზარალებულად ცნობის შესახებ 30.04.2020 წლის დადგენილებით ცნობილ იქნა დაზარალებულად. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ 21.11.2019 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხი, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. პალატამ მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეფუძნება, შესაბამისად, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ სისხლის სამართლის საქმე დასრულდა განრიდებით, არ ადასტურებს მომხდარ შემთხვევაში მოპასუხის ბრალის არარსებობას.

3.7. 24.12.2019 წლის საგადახდო დავალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ შპს „მ.ს.ტ.ც–ი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ სახელზე გადახდილია მკურნალობის თანხა 1415 ლარის ოდენობით.

3.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის დადგომის გარემოება, აუცილებელია ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა და ზიანის დადგომასა და პირის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზშედეგობრივი) კავშირი. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

3.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 21.11.2019 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა „ოპელი“, რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა ავტომანქანა „ტოიოტას“ სახელმწიფო ნომრით - ....... შეჯახების მომენტში მოსარჩელე იმყოფებოდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში. დაზარალებულად ცნობის შესახებ 30.04.2020 წლის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად, კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 1415 ლარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რამდენადაც არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები და სსკ-ის 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი.

3.10. სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება, (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). მორალური ზიანი სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის სიცოცხლის მოსპობით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა - ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.

3.11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებისას მისი ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება სასამართლოს შეხედულებით. ზიანის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1. თვით მორალური ზიანი; 2. ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3. არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი. ამდენად, პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს რა მორალური ზიანის არსებობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის და მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია, ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც. შესაბამისად, დაზარალებულის მტკიცების ტვირთი არ უნდა დამძიმდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს.

3.12. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.). მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კომპენსაციის მიზანია, მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

3.13. მოცემულ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაიზიარა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის მოპასუხის არასრულწლოვნების ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხის პრეტენზია ამ კუთხით, პალატის შეფასებით, საფუძველს მოკლებულია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 5 000 ლარი გონივრული და სამართლიანია და არ არსებობს მისი შემცირების ან/და მის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი.

3.14. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება, რომ იგი დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, რაც კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში მოპასუხის პრეტენზია დასაბუთებულია, რის გამოც მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ბაჟის გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების შესახებ.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.

9. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 413-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლები.

10. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (სუსგ №ას-769-737-2016, 20.06.2018წ; №ას-1426-2018, 11.04.2019წ; №ას-1085-2021, 09.03.2022წ.). მოპასუხე დაბადებულია 22.06.2002 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 21.11.2019 წელს. სსკ-ის 994-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ათ წელზე მეტი ასაკის, მაგრამ არასრულწლოვანი პირი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მან სხვას მიაყენა. ამასთან, სარჩელის წარდგენის მომენტში მოპასუხე უკვე სრულწლოვანი იყო.

11. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ზიანის დადგომის შემთხვევაში (სსკ-ის 326-ე მუხლი), განმტკიცებულია სსკ-ის 408.1 მუხლში (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე (სუსგ №ას-934-2020, 25.03.2021წ., პუნ. 84).

12. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ განხორციელებულია სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი, კერძოდ, დადგენილია, რომ:

12.1. 21.11.2019 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა ავტომანქანას, რომელშიც მოსარჩელე იმყოფებოდა. დაზარალებულად ცნობის შესახებ 30.04.2020 წლის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად, გამოძიებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება (ს.ფ. 24-25).

12.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.03.2020 წლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს დაუდგინდა დიაგნოზი: პოილიტრავმა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ლავიწის მოტეხილობა, გულმკერდის მე-6 მალის განივი ნორჩის მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ელენთის დაზიანება (ნახეთქები) ჰემოპერიტონიუმით. ჩანაწერებში ასევე აღნიშნულია ნახეთქი ჭრილობა თხემ-კეფის არეში და სკალპის ჰემატომა მარცხნივ თხემის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო (ს.ფ. 26-30).

12.3. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის 11.05.2022 წლის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მოპასუხემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დანაშაულის ჩადენისას იყო არასრულწლოვანი, მის მიმართ დაიწყო განრიდებისა და მედიაციის პროცესი განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით (ს.ფ. 114-115). 29.06.2022 წელს გაფორმდა განრიდების ხელშეკრულება (ს.ფ. 107-110).

12.4. მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 1415 ლარს (ს.ფ. 34).

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

14. საკასაციო საჩივრით ასევე შედავებულია მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება და მისი ოდენობა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება განპირობებულია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი (სუსგ №ას-1156-1176-2011, 20.01.2012წ; №ას-593-568-2016, 14.07.2017წ.).

15. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა: უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (სუსგ №ას-645-2019, 26.07.2019წ.).

16. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანის სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები მხედველობაში არ მიიღება, ხოლო, როდესაც მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა და ა. შ., ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ დაზარალებულმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ; №ას-669-2019, 11.07.2019წ; №ას-1129-2020, 16.03.2021წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის და განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანებით განიცადა მძიმე სულიერი ტკივილი, ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი, რის შესაბამისადაც არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები (შდრ. სუსგ №ას-332-2020, 29.09.2022წ; №ას-1085-2021, 09.03.2022წ.). რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასახდელი თანხის ოდენობას, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დამოკიდებულია პირის ფსიქიკურ სფეროზე ნეგატიური ზემოქმედების ხარისხსა და ხასიათზე, რასაც, თავის მხრივ, კონკრეტული პირის სუბიექტური თავისებურებები განაპირობებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (სუსგ №ას-660-660-2018, 20.07.2018წ.). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა - 5 000 ლარი გონივრული და სამართლიანია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია