Facebook Twitter

საქმე №ას-1496-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.10.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2018 წლის გადაწყვეტილებით ბ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 33 064.85 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის მძაფრი ანაზღაურების სათანადო კომპენსაციის სახით 5 794 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 364 ლარის გადახდა; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებები:

3.1.1. 16.12.2009 წელს საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება („იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“), რომელიც რატიფიცირებულია - საქართველოს პარლამენტის 25.12.2009 წლის №2505-რს დადგენილებით. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის (არგვეთას კვანძი) მშენებლობის პროექტი.

3.1.2. მოპასუხის მიერ 2016 წლის მაისი-ივნისში დამუშავდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რამდენადაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახები, სამუდამოდ დაკარგავდნენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწებს, მათ უნდა მიეღოთ შესაბამისი კომპენსაცია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე. განსახლების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იყო მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. მშენებლობის პროექტის მიერ გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მოექცა 78 ნაკვეთი - 149 386 კვ.მ ფართობი (2 სახელმწიფო და 76 კერძო), საიდანაც 42 ნაკვეთი პროექტის ზემოქმედების ქვეშ სრულად არის მოქცეული (67,205მ2), აქედან 2 ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია. განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, მუდმივი ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ნაკვეთებზე კომპენსაცია გაიცემოდა ჩანაცვლების სრული ღირებულების ოდენობით. მძიმე ზემოქმედების ქვეშ მოექცა 51 ოჯახი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაკარგეს საკუთრებაში არსებული მიწის 20%-ზე მეტი. განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახები უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ - დამატებითი კომპენსაციით ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მიწაზე მოყვანილი 1 წლის მოსავლისთვის ან მიიღებდნენ დამატებით დახმარებას სამი თვის საარსებო მინიმუმის ოდენობით, თუ დაკარგული მოსავლის ფასი ზღვრული ფასის ქვემოთ არის. ძლიერი ზემოქმედებისთვის გასაცემმა კომპენსაციამ თითოეული ოჯახისათვის შეადგინა 966 ლარი. პროექტის ფარგლებში, მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა გარკვეულ ნაწილთან მიღწეულია.

3.1.3. 02.09.2016 წელს მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მის სარგებლობაში არსებული 3380 კვ.მ მიწის ნაკვეთი და განსახლების სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა. ამავე მიმართვის ფარგლებში მოპასუხემ, როგორც სახელმწიფოსაგან უფლებამოსილმა და პროექტის განმახორციელებელმა, მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელეს შესთავაზა სათანადო ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე განსახლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, კერძოდ: ა) მიწის ღირებულება - 11 830 ლარი; ბ) შენობა-ნაგებობის ღირებულება - 363 ლარი; გ) ერთწლიანი კულტურის საკომპენსაციო თანხა - 3 448 ლარი; დ) მძაფრი ზემოქმედების ანაზღაურება - 966 ლარი. მოსარჩელისათვის შეთავაზებულმა საკომპენსაციო და ღირებულების თანხამ ჯამურად შეადგინა 16 607 ლარი.

3.1.4. მოსარჩელესთან შეთანხმების მიუღწევლობის საფუძვლით, მოპასუხემ დაიწყო ექსპროპრიაციის პროცედურები, რის საფუძველზეც მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციისათვის.

3.1.5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2017 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/196-16) დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე და მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მონაკვეთის (არგვეთას კვანძი) - მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 3 380 კვ.მ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ს/კ: ......... (მდებარე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......, საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი - 3380 კვ.მ).

3.1.6. მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციისათვის კომპენსაციის სახით გადაეცა 11 830 ლარი, ასევე - მძიმე ზემოქმედების ქვეშ მოქცევის საფუძვლით, დამატებითი კომპენსაცია - 966 ლარი.

3.2. სადავოა და კვლევის საგანს წარმოადგენს კომპენსაციის ის თანხა (ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულება), რომელიც მოპასუხეს მესაკუთრისთვის უნდა გადაეხადა, მის მიერ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ. სააპელაციო პალატამ მიუთითა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, მე-6 მუხლზე, მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე. პალატის განმარტებით, ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. კომპენსაციის სამართლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ქონების ჩამორთმევის უფლების სასამართლო წესით მოპოვების დროს არსებული ექსპროპრირებული ქონების სამართლებრივი სტატუსითა და საბაზრო ღირებულებით. ამასთან, ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ექსპერტის შეფასების მიხედვით.

3.3. განსახილველ შემთხვევაში, ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, მხარეებმა წარმოადგინეს აუდიტორული დასკვნები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.06.2019 წლის განჩინებით ექსპერტიზის ჩატარება დაევალა შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ს“. ექსპერტს დაევალა განესაზღვრა 11.04.2016 წლისა და 09.03.2017 წლის მდგომარეობით ზესტაფონის რაიონის სოფელ ......... მდებარე 3380 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ: ......., საბაზრო ღირებულება.

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ს.ჯ.კ–ის“ აუდიტორულ დასკვნას. დასკვნის თანახმად, საშემფასებლო მიდგომად გამოყენებულ იქნა შემოსავლების განაღდების (კაპიტალიზაციის) მეთოდი, თუმცა დასკვნაში მხოლოდ ზოგადი მითითებაა ამ მეთოდზე, ფაქტობრივად კი დოკუმენტის შინაარსიდან არ დგინდება ამ მეთოდით ხელმძღვანელობის ფაქტი. მე-2 მეთოდი, რომლითაც, დასკვნის შესაბამისად, იხელმძღვანელა აუდიტორმა, წარმოადგენდა შედარების (ანალოგების) მეთოდს. ამასთან, შესადარებელ ობიექტებად დასახელებულია სოფელ ......... არსებული ნაკვეთები, მაგრამ არ არის მითითებული ამ მიწის ნაკვეთების ის მონაცემები (საკადასტრო კოდები), რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მათი იდენტიფიცირება, ასევე - ინფორმაციის (მათ შორის ამ ნივთების სარეალიზაციო ღირებულების) მოპოვების წყარო. აღნიშნული გამორიცხავს ამ დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა და ვერ გამოდგება სამართლიანი ღირებულების გამოსათვლელად, რადგან იგი შეიცავს ზოგადად მთლიანი მიწის ნაკვეთის ღირებულებას, რომლისთვისაც მითითებულია ერთიანი ფასი, რაც იმთავითვე გამორიცხავს ამგვარი დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს ექსპერტიზის დასკვნები სადავო ფაქტის დასადასტურებლად არ გამოდგებოდა, ისინი სადავო ქონების ღირებულების დადგენის შესაძლებლობას არ იძლეოდა.

3.5. სააპელაციო სასამართლომ კვლევითი ნაწილისა და მეთოდოლოგიის შეფასების საფუძველზე გაიზიარა შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ მიერ მომზადებული დასკვნის შედეგი. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2017 წლის გადაწყვეტილებით, დასკვნის შესაბამისად, ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 12 194.00 ლარს.

3.6. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენება არის ის გამოყენება, რომელიც იძლევა ქონების ყველაზე მაღალ ნარჩენ ღირებულებას. ის უნდა იყოს იურიდიულად დაშვებული, ფიზიკურად შესაძლებელი, ფინანსურად განხორციელებადი და მაქსიმალურად პროდუქტიული. შემფასებელი ქონების საუკეთესო და ეფექტურ გამოყენებად მიიჩნევს მის საკარმიდამო გამოყენებას. ამასთან, შეფასების ანგარიშის მომზადებისას, განხორციელდა შემდეგი ქმედებები: საწყისი ინფორმაციის შეგროვება და მისი ანალიზი, ეს ეტაპი მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორების ანალიზს, რომლებიც მოქმედებს ქონების ღირებულებაზე; ღირებულების განსაზღვრისათვის საჭირო მიდგომებისა და მეთოდების კუთხით საბაზრო ინფორმაციის შეგროვება და დადასტურება; საბაზრო ღირებულების შეფასება. მითითებული დასკვნის მიხედვით, ექსპერტმა სადავო ქონების ღირებულების დასადგენად გამოიყენა შესადარისი გარიგებების ანალიზის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ზესტაფონის რაიონში შემავალ სოფლებში მიწის ნაკვეთების ფასების შედარებაზე. ამ მეთოდის გამოყენებისას შემფასებელი ახორციელებს ქმედებების შემდეგ თანმიმდევრობას: 1. ბაზრის მონაცემების მოგროვებას, კლასიფიკაციას და ანალიზს, რომლებიც იძლევიან საშუალებას დადგინდეს ის ანალოგები, რომლებიც შეესაბამებიან და შედარდებიან შესაფასებელ ქონებას; 2. ადგენს ელემენტებს, რომელთა მეშვეობით განხორციელდება ანალოგების შედარებითი ანალიზი; 3. განსაზღვრავს დადგენილი (შერჩეული) შედარების ელემენტების განსხვავებების ხასიათს და ხარისხს; 4. კორექტირდება ყველა ანალოგის დადგენილი შედარების ელემენტების ფასი განსხვავებების ხასიათისა და ხარისხის მიხედვით; 5. ხდება ანალოგების დაკორექტირებული მონაცემების შეწონვა კორექტირების სიდიდის მიხედვით; 6. მიწის საბაზრო ღირებულების დადგენა ანალოგების დაკორექტირებული ფასების შეჯერების გზით. თავის მხრივ, ანალოგების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულ იქნა საჯარო რეესტრის გაყიდვების ბაზიდან. განხილულ იქნა 2015, 2016 და 2017 წლების მონაცემები.

3.7. დასკვნის თანახმად, საკვლევ პერიოდში, ზესტაფონის რაიონში, სოფელ ...... 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მითითებულია უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი) გაიყიდა 800 ლარად, ე.ი. 1 კვ.მ ფასია 2.67 ლარი; ამავე სოფელში 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მითითებულია უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი) გაიყიდა 2500 ლარად, ე.ი. 1 კვ.მ ფასია 2.50 ლარი; თერჯოლის რაიონში, სოფელ ....... 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მითითებულია უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი) გაიყიდა 7233 ლარად, ე.ი. 1 კვ.მ ფასია 4.67 ლარი. შესადარისი გარიგებების ანალიზის მეთოდის გამოყენებისას შესაფასებელი ობიექტის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, ექსპერტმა განახორციელა ფასთა კორექტირება შემდეგი განმარტებით: 1. შეფასების კრიტერიუმი: ადგილმდებარეობა - მეორე და მესამე ანალოგი მდებარეობს ნაკლებად მიმზიდველ გარემოში. გათვალისწინებულია შესაფასებელი ქონების უპირატესობა; 2. შეფასების კრიტერიუმი: მისადგომლობა - მესამე ანალოგი მეტად დაშორებულია ცენტრალური გზიდან და ნაწილობრივ გრუნტისაა, შედარებით რთული რელიეფით. გათვალისწინებულია შესაფასებელი ქონების უპირატესობა; 3. შეფასების კრიტერიუმი: ფართობი - მოქმედებს ბაზრის პრინციპი - პატარა ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, 1 კვ.მ-ის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დიდი ფართობის შემთხვევაში. განხორციელდა შესაბამისი შესწორებები სხვაობის სიდიდის გათვალისწინებით; 4. შეფასების კრიტერიუმი: გამოყენება - შესაფასებელი მიწის ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელი იყო მრავალფუნქციურად - გარდა სახნავი და საკარმიდამო გამოყენებისა, შესაძლო იყო სამეურნეო (საქმიანი ეზო, მცირე საწარმო) ფუნქციით გამოყენებაც (თუმცა არა სტანდარტული კომერციული დანიშნულებით). ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია სამივე ანალოგი და შესწორება ითვალისწინებს მათ ნაკლებ საბაზრო მიმზიდველობას აღნიშნული მახასიათებლის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დასკვნა შესაფასებელი ქონების სატელიტურ ფოტოსა და ანალოგების ნახაზსაც შეიცავს, სადაც ობიექტების ადგილმდებარეობაა მონიშნული. ეს კი, დასკვნის კრიტიკულად შეფასებისა და სრულყოფილი გამოკვლევის საშუალებას იძლევა.

3.8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 12 194.00 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში არსებული ქონების ექსპროპრიაციისათვის კომპენსაციის სახით გადაეცა 11 830 ლარი, ასევე მძიმე ზემოქმედების ქვეშ მოქცევის საფუძვლით, დამატებითი კომპენსაცია - 966 ლარი. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელეს, მის მიერ ანაზღაურებული თანხის გამოკლებით, მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 364 ლარის გადახდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ექსპროპრიაციის შედეგად პირისათვის ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ განსაზღვრული კომპენსაციის სასამართლოს მიერ გაზრდის მართლზომიერება.

9. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - „სპეციალური კანონი“) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრულ საკომპენსაციო თანხის ოდენობას (შდრ. სუსგ №ას-1786-2018, 31.10.2019წ; №ას-1349-2019, 20.04.2022წ.).

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დასახელებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს საკუთრების უფლებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.07.2019 წლის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4). იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.06.2012 წლის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

11. ამასთან, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას, კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

12. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის - ექსპროპრიაციის წესი და პირობები განსაზღვრულია სპეციალური კანონით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება (მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი).

13. სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას, როგორც სწორედ ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (სუსგ №ას-727-695-2014, 15.07.2016წ; №ას-1199-2018, 27.03.2020წ; №ას-1152-2021, 31.01.2022წ.).

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე (იხ. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი). ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ., პუნ.63; №ას-688-2022, 20.09.2022წ., პუნ.33; შდრ. ფირცხალაშვილი ა., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013წ., გვ.219-220).

15. ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით (შდრ. სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ., პუნ. 73; №-ას-1133-2019, 30.07.2021წ., პუნ. 26). სპეციალური კანონი ექსპროპრიატორის მხრიდან საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას მოითხოვს, რათა კომპენსაცია იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ., პუნ. 78).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სსსკ-ის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო არ ეთანხმება ექსპერტის დასკვნას დაუსაბუთებლობის მოტივით, აგრეთვე თუ რამდენიმე ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება ერთმანეთს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა და მისი ჩატარება დაავალოს სხვა ექსპერტს ან ექსპერტებს, თუ არსებობს ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობები.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულებისა და სანაცვლო საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების პირობებში, სასამართლოს სპეციალური კანონიც ანიჭებს ქონების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის დანიშვნის უფლებას, კერძოდ, სპეციალური კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო (შდრ. სუსგ №ას-388-361-2017, 31.01.2018წ., პუნ.48; №ას-742-742-2018, 05.03.2021წ., პუნ.9; №ას-1141-2021, 10.02.2022წ., პუნ.31).

18. სააპელაციო სასამართლო მართებულად არ დაეყრდნო მხარეთა მიერ წარდგენილ ექსპერტის დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.4 პუნქტი), ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების შეფასების მიზნით დანიშნა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 12 194.00 ლარი (იხ. შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ დასკვნა, ტ.2, ს.ფ.94-124). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნული დასკვნის დასაბუთებულობის თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.6-3.7 პუნქტები), მითითებული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

19. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლო კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით არასწორად დაეყრდნო შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–ის“ დასკვნით უძრავი ქონების ღირებულების 2017 წლის მარტის მდგომარეობით და არა 2016 წლის აპრილის მდგომარეობით შეფასებას. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ კომპენსაციის სამართლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ქონების ჩამორთმევის უფლების სასამართლო წესით მოპოვების დროს არსებული ექსპროპრირებული ქონების საბაზრო ღირებულებით (შდრ. სუსგ №ას-742-742-2018, 05.03.2021წ., პუნ.10; №ას-1349-2019, 20.04.2022წ., პუნ.38; №ას-1089-2023, 18.07.2024წ., პუნ.35), მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე მიენიჭა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.02.2017 წლის გადაწყვეტილებით.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად განისაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული უძრავი ქონების სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადაცემული კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის მოცულობა.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია