საქმე №ას-1220-2023 21 მარტი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ქ–ია (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოსარჩელეები - თ.ჯ-ქ–ია, ნ. ქ–ია, ი. ქ–ია
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ხ.ო–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.05.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.11.2022 წლის გადაწყვეტილებით ე.ქ–იას („პირველი მოსარჩელე“), თ.ჯ-ქ–იას („მეორე მოსარჩელე“), ნ. ქ–იასა („მესამე მოსარჩელე“) და ი. ქ–იას („მეოთხე მოსარჩელე“, პირველ, მეორე და მესამე მოსარჩელეებთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“), სარჩელი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა („პირველი მოპასუხე“ ან „კასატორი“) და შპს „ხ.ო–ის“ („მეორე მოპასუხე“, პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მორალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე; მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 27 457.29 ლარის გადახდა; მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის, ყოველთვიურად სახელშეკრულებო ქირის, 550 ლარის გადახდა, 2021 წლის ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 29.01.2020 წელს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მეორე მოპასუხემ ქალაქ ფოთში, .........ქუჩა №7, №9, №11 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავის კაპიტალური შეკეთების ვალდებულება აიღო. №28 ხელშეკრულების 12.5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
3.2. მეორე მოპასუხის მიერ ჩატარებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა ქ. ფოთში ..... ქუჩა №9-ში მდებარე 9-სართულიანი კორპუსის სახურავის ორი რბილობი ფილა (პიკაჟის ფილა). დაზიანება სამუშაოების ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რის საფუძველზეც დადგინდა შესრულებული სამუშაოების შეუსაბამობა ხელშეკრულების პირობებთან. ხარვეზის გამოსწორების მიზნით კომპანიას განესაზღვრა სამი დღე.
3.3. მხარეები ადასტურებენ, რომ მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ფოთში, ...... ქუჩა №9-ში, 9-სართულიანი კორპუსის მე-8 სართულზე, 10.07.2020 წელს, ძლიერი წვიმის შედეგად, მთლიანად დაიტბორა. წყლის ნაკადის ჩადინება საცხოვრებელ ბინაში 13.07.2020 წელსაც განმეორდა.
3.4. 07.07.2020 წლის №3 შეუსაბამობის აქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას მეორე მოპასუხის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დაზიანდა ქ. ფოთში ......... ქუჩა №9-ში მდებარე ცხრასართულიანი კორპუსის სახურავის ორი რბილობი ფილა (პიკაჟის ფილა). აღნიშნული დაზიანება გამოვლინდა მეორე მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების შედეგად, რის საფუძველზეც დადგინდა შესრულებული სამუშაოების შეუსაბამობა ხელშეკრულების პირობებთან.
3.5. 03.08.2020 წელს სახურავის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახურავის ერთი მონაკვეთი ჩაიზნიქა. ჩაზნექილ მონაკვეთზე კორპუსში მცხოვრებმა მოსახლეობამ და მუშებმა ე.წ. „ტენტი“ გადააკრეს. წვიმის დროს, მაღალ სართულებზე განლაგებულ ბინებში წყლის ნაკადების ჩადინება ამ საშუალებით ვერ შეჩერდა. დაზარალებულმა მოსახლეობამ 19.08.2022 წელს პირველ მოპასუხეს წერილით მიმართა, რათა შემოდგომის სეზონის დადგომამდე, უფრო დიდი ზიანის თავიდან ასაცილებლად, შეეკეთებინათ დაზიანებული სახურავი.
3.6. 12.08.2020 წელს პირველმა მოპასუხემ №02/4611 წერილით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაკეთებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კონსტრუქციული ელემენტების კვლევის მიზნით, დასკვნების, რეკომენდაციებისა და კორპუსის შემდგომი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობის დასადგენად.
3.7. 14.08.2020 წელს პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს წერილობით აცნობა, რომ წარდგენილი აქვს მოთხოვნა საექსპერტო კვლევის ჩატარების შესახებ და მოითხოვა დასკვნის მიღებამდე შეეწყვიტათ საცხოვრებელი სახლის სახურავზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
3.8. მეორე მოპასუხემ, 31.08.2020 წელს, სახურავის ჩატეხილი ორი ფილის სრული დემონტაჟი განახორციელა და დროებითი „ტენტის“ საფარი დროებითი „თუნუქის“ საფარით შეცვალა, თუმცა, უშედეგოდ. ყოველი შემდგომი წვიმის დროს ბინა კვლავ იტბორებოდა.
3.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.09.2020 წლის დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში, ........ ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ აუცილებლობას წარმოადგენს არსებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რადგან არსებული სახურავის ვარცლისებრი ფილების არასწორი მონტაჟის გამო არსებობს მათი ჩამოცვენისა და ბოლო სართულის გადახურვის ფილებზე დაცემის საშიშროება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახლის მობინადრეებს. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, იმის გამო, რომ აღნიშნული პროცესი დროში შეიძლება გაიწელოს, საჭიროა აღდგეს დაზიანებული უჯრედი, რათა მოსახლეობა დაცული იქნეს მათ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებში ატმოსფერული ნალექების შეღწევისგან. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს წინასაპროექტო დეტალური კვლევა და სათანადო პროექტის დამუშავება მთლიანად სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად. პროექტის დამუშავება საჭიროა დაზიანებული უჯრედის აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლადაც.
3.10. მოსარჩელეები (მათ შორის, არასრულწლოვნები) დაზიანებულ ბინაში 09.11.2020 წლამდე ცხოვრობდნენ. 14.11.2020 წელს 6-თვიანი ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეები ქირით საცხოვრებლად სხვა საცხოვრებელ ფართში გადავიდნენ. ქირის საფასური ექვსი თვის განმავლობაში პირველმა მოპასუხემ დაფარა.
3.11. 01.12.2020 წელს მეორე მოპასუხესა და ქ. ფოთში, ......... ქუჩა №9-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით მეორე მოპასუხემ აღიარა, რომ მის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ზიანი მიადგა ფოთში, .......... ქუჩა №9-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებელთა ქონებას და იკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
3.12. მოსარჩელეების 05.01.2021 წლის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა საინჟინრო დასკვნა №009931021, რომლის თანახმად, ქ. ფოთში, ........ ქუჩა №9-ში არსებული ბინა №42 დაზიანებულია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ნალექები დაზიანებული სახურავიდან ჩაედინებოდა მე-9 სართულზე არსებულ ბინაში, რომლის გავლითაც ჩაედინებოდა პირველი მოსარჩელის კუთვნილ მე-8 სართულზე მდებარე №42 ბინაში. ბინის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 21 782.29 ლარს შეადგენს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.08.2021 წლის დასკვნის თანახმად, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის მსგავსი ვარგისი ექსპლუატაციაში მყოფი ნივთების ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 5 675 ლარს.
3.13. 01.07.2021 წელს პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა პირველ მოპასუხეს ბინის ქირის გადასახადის გაგრძელების თაობაზე, რაზეც 07.07.2021 წლის წერილით უარი ეთქვა იმ მიზეზით რომ, აღნიშნული დახმარების პროგრამით სარგებლობა, რომლითაც ოჯახი 01.03.2022 წლიდან სარგებლობდა, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ.
3.14. 27.11.2020 წელს პირველმა მოპასუხემ შპს „ტ–თან“ გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №238 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ტ–მა“ ქ. ფოთში, ........ ქუჩა №9-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის კაპიტალური შეკეთებისთვის სამუშაოების ჩატარების ვალდებულება აიღო. მხარეთა განმარტებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისთვის ქ. ფოთში, ...... ქუჩა №9-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთების სამუშაოები დასრულებული არ არის (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 24.04.2023 წლის სხდომის ოქმი 15:22:45, 15:30:05).
3.15. ქ. ფოთში, ......... ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა №42 (ს/კ: ........) რეგისტრირებულია პირველი მოსარჩელის საკუთრებად.
3.16. დადგენი. და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ საცხოვრებელი ბინისა (ს/კ: .......) და მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მოსარჩელეთათვის მიყენებული მატერიალური ზარალი ჯამურად 27 457.29 ლარს შეადგენს.
3.17. ქ. ფოთში, ......... ქუჩა №9-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთების სამუშაოები დასრულებული არ არის. მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დართული ქირავნობის ხელშეკრულების 14.12.2022 წელს გაფორმებული დანართი №5-ის თანახმად, 14.12.2022 წლიდან 14.11.2023 წლამდე გაგრძელდა 14.11.2020 წლის ქირავნობის ხელშეკრულების ვადა. დადგენი., რომ 14.11.2020 წლიდან 2021 წლის ივნისამდე ქირის საფასურს ანაზღაურებდა პირველი მოპასუხე, 2021 წლის ივლისიდან დღემდე კი მოსარჩელეებს საცხოვრებლისთვის საკუთარი სახსრებით უწევთ ქირის სახით 550 ლარის გადახდა.
3.18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, ზიანის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე, 396-ე, 455-ე, 456-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის მიმყენებელთა ბრალის შეფასებისა და მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში.
3.19. პირისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს ქმნის კანონით გათვალისწინებული შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი კომპონენტების ერთობლიობა: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (მოქმედებით ან/და უმოქმედობით) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი (ზიანი უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების უშუალო შედეგი).
3.20. მხარეები სადავოდ არ ხდიან და ორივე მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტსა და ოდენობას, მოპასუხეები ასევე ადასტურებენ თავიანთი ქმედების (უმოქმედობის) მართლწინააღმდეგობას, მიზეზობრივი კავშირის არსებობას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პირველი მოპასუხე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 12.5. მუხლზე და განმარტავს, რომ ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა გამორიცხავს მის სოლიდარულ პასუხისმგებლობას, ვინაიდან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი, მხარეთა შეთანხმებით, მიმწოდებელია. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 52-ე მუხლზე (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) და განმარტა, რომ სახელშეკრულებო დათქმა პასუხისმგებლობის შესახებ, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მხოლოდ მოპასუხეთა შორის ჩამოყალიბებული ნარდობის ურთიერთობა. შეუძლებელია აღნიშნულმა შეთანხმებამ გამორიცხოს რომელიმე ხელშემკვრელი მხარის პასუხისმგებლობა მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, თუკი ორივე მხარის მიმართ არსებობს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ელემენტები. პალატის აზრით, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა მხოლოდ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას ეხება და მესამე პირის მიმართ ზიანის წარმოშობის შემთხვევაში, ადგენს ნარდობის ხელეკრულების მხარეებს შორის უფლება-ვალდებულებათა გადანაწილების წესს და არა მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის, უშუალოდ დაზარალებულისთვის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
3.21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით პირველმა მოპასუხემ მისთვის კანონით გაწერილი ვალდებულებებიდან და ამავე კანონით გათვალისწინებული მიზნებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მნიშვნელობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება, ტენდერის შედეგების შესაბამისად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №28 ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მეორე მოპასუხეს. შესაბამისად, ზიანი დადგა მისი დავალებით მოქმედი კერძო პირის ქმედებით, რომ არაფერი ვთქვათ, პირველი მოპასუხის მხრიდან მეორე მოპასუხისთვის სამუშაოთა შესრულების აკრძალვასა და გაუმართლებელი უმოქმედობით გამოწვეულ ზარალზე, რაც ცალკე შეფასების საგანია.
3.22. უდავო ფაქტია, რომ მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის ვალდებულებათა შესასრულებლად მოქმედებდა (ხელშეკრულების საფუძველზე). ასევე, უდავოა, რომ მეორე მოპასუხის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზიანი მიადგა მოსარჩელეთა ქონებას, შესაბამისად, სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, ამ მოცემულობით, პირველმა მოპასუხემ ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.
3.23. დადგენი., რომ პირველ მოპასუხეს თვეების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია ზიანის ასაცილებლად, მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტად მიეწოდებოდა ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოებზე არსებული მძიმე ვითარებისა და მზარდი ზარალის შესახებ. აღნიშნული დადასტურებულია თავად პირველი მოპასუხის წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც უმოქმედობის მიზეზად მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდნენ, რომ საჭირო იყო გარკვეული პროცედურების ჩატარება (ზიანის ოდენობისა და ბრალეული პირის დადგენა), რომლის გარეშე კაპიტალური გადახურვის სამუშაოები ვერ გაგრძელდებოდა. ბრალეულობის გამოსარიცხად მითითებული აღნიშნული არგუმენტები პალატამ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხისთვის 14.08.2020 წელს გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნით - საექსპერტო კვლევის ჩატარებამდე შეეწყვიტათ საცხოვრებელი სახლის სახურავზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები - სახურავის შეუკეთებლობით გამოწვეული შესაძლო ზიანის პრევენცია, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე აიღო, ვინაიდან არც ახალი ტენდერი გამოცხადებულა და არც სხვა პირი არსებობდა, ვის ვალდებულებაშიც იქნებოდა სამუშაოების შეწყვეტის თანმდევ მოვლენებზე პასუხისმგებლობა.
3.24. სსკ-ის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ ზიანის ოდენობის გაზრდა პირველი მოპასუხის უმოქმედობამ და მის მიერ მეორე მოპასუხისთვის სამუშაოთა შესრულების აკრძალვამ გამოიწვია, შესაბამისად, მოპასუხეები, როგორც მოვალეები, სოლიდარულად პასუხისმგებელი არიან მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა პირველი მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ იგი მოცემულ საქმეში არასათანადო მოპასუხეა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გამოირიცხებოდა პირველი მოპასუხის უშუალო ბრალეულობა დამდგარი ზიანის გამოწვევაში, სსკ-ის 396-ე მუხლით დადგენილი რეგულირებიდან გამომდინარე, სამართლებრივად იგი მაინც პასუხისმგებელია მის მიერ დაქირავებული პირის - მეორე მოპასუხის არაჯეროვანი (ბრალეული) ქმედებების გამო.
3.25. სსკ-ის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №009931021 დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში, ......... ქუჩა №9-ში არსებული ბინა №42 დაზიანებულია ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად. მისი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 21 782.29 ლარს. იმავე ექსპერტიზის 04.08.2021 წლის დასკვნის თანახმად, დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ჯამური საბაზრო ღირებულება 5 675 ლარია.
3.26. უდავოდაა დადგენილი, რომ მიუხედავად ტენდერის ხელახლა გამოცხადების, გამარჯვებულის გამოვლენისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმებისა, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის მომენტისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შეკეთების სამუშაოები დასრულებული არ არის. მხარეები არ ხდიან სადავოდ და სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულებითაც დასტურდება, რომ 14.11.2020 წელს მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ყოველთვიური ქირა 550 ლარს შეადგენს, გაგრძელებულია 14.11.2023 წლამდე და 2021 წლის ივლისიდან დღემდე მოსარჩელე ოჯახის სახსრებით ფარავს ქირას, ყოველთვიურად 550 ლარს.
3.27. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენი., რომ ქ. ფოთში, ......... ქუჩა №7, №9, №11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური შეკეთების მიზნით პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხესთან 29.01.2020 წელს დადო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 33-38). მეორე მოპასუხის მიერ ჩატარებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა ქ. ფოთში ......... ქუჩა №9-ში მდებარე 9-სართულიანი კორპუსის სახურავის ორი ე.წ. "პიკაჟის ფილა" (ტ.1, ს.ფ. 48-61), რის გამოც მოსარჩელეთა საცხოვრებელი ბინა წვიმების შედეგად დაიტბორა. საცხოვრებელი ბინისა და მასში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალი ჯამურად 27 457.29 ლარია (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები, ტ.1, ს.ფ. 93-107; 108-123). დადგენი., რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასური ექვსი თვის განმავლობაში პირველმა მოპასუხემ დაფარა, ხოლო 2021 წლის ივლისიდან დღემდე პირველი მოსარჩელე ოჯახის სახსრებით ფარავს ქირას, ყოველთვიურად 550 ლარს (ტ.1, ს.ფ. 63-81; 282-300).
9. სსკ-ის 396-ე მუხლით, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისთვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთრი ბრალეული მოქმედების დროს. ნორმა ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის პრინციპს. ხშირია სამოქალაქო ბრუნვაში ისეთი შემთხვევები, როდესაც კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას მოვალე ნაწილობრივ ან მთლიანად მესამე პირების მეშვეობით ასრულებს. სსკ-ის 396-ე მუხლის წესები ვრცელდება როგორც სახელშეკრულებო და დელიქტურ, ისე სანივთო და საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებით ურთიერთობებზე (იხ. ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 392-393; დამატებით იხ. სუსგ №ას-306-2019, 14.07.2021წ.). ამდენად, პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხესთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების დადებით და კონკრეტული სამუშაოს შესრულების დავალებით არ განთავისუფლდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ვალდებულებისაგან (შდრ. სუსგ №ბს-35-35(2კ-18), 11.07.2018წ.). სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენი. და დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ გარკვეულ ეტაპზე გამოიკვეთა პირველი მოპასუხის ბრალეული პასუხისმგებლობის საფუძველიც, კერძოდ, როცა მან მეორე მოპასუხეს 14.08.2020 წელს გაგზავნილი წერილით მოსთხოვა შეეწყვიტა საცხოვრებელი სახლის სახურავზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. დამატებით უნდა აღინიშოს, რომ სახურავის გარეშე დარჩენილ კორპუსში სამუშაოების შეჩერების პერიოდში წვიმის წყლით მაცხოვრებელთა ქონების დაზიანება სსკ-ის 412-ე მუხლით განსაზღვრული მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანია, რისი თავიდან აცილებისთვის პირველ მოპასუხეს არც უშუალოდ უმოქმედია და არც ახალი ტენდერით უცდია ამ ვალდებულების სხვა მიმწოდებლისთვის/მენარდისთვის დაკისრება.
10. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ზიანის დადგომის შემთხვევაში (სსკ-ის 326-ე მუხლი), განმტკიცებულია სსკ-ის 408.1 მუხლში (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე (სუსგ №ას-934-2020, 25.03.2021წ., პუნ. 84).
11. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
12. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია