Facebook Twitter

საქმე №ას-983-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „დ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „დ–იმ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოიჯარე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ქ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მეიჯარე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ავანსის სახით გადახდილი თანხის – 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად;

1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯის – 15 039.58 ლარის ანაზღაურების დაკისრება;

1.3. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების დაკისრება გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოპასუხე ქ. ბათუმში, ......, მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე განთავსებული 535.7 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული დანიშნულების ფართის (ს/კ: №.......) მესაკუთრეა.

4.2. 08.04.2019 წელს მოსარჩელესა (მოიჯარე) და მოპასუხეს (მეიჯარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ....... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული 535.7 კვ.მ არასაცხოვრებელი კომერციული დანიშნულების ფართიდან (ს/კ: №.......) 430 კვ.მ ფართზე. ამავე ხელშეკრულების თანახმად: მოიჯარე, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, მეიჯარეს გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური საიჯარო ქირა (2.2 პუნქტი); ქონების გადაცემა მეიჯარის მიერ უნდა მოხდეს არაუგვიანეს 01.06.2019 წლისა (3.1 პუნქტი); ქონების გადაცემა ხორციელდება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით (3.2 პუნქტი); მოიჯარისთვის ქონება გადაცემულად ითვლება მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის მომენტიდან (3.3 პუნქტი); ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში მოიჯარე მეიჯარეს გადაუხდის ავანსის სახით 14 400 (თოთხმეტი ათას ოთხას) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ოდენობით, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად, პლუს დღგ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (4.1.1 პუნქტი); თვიური საიჯარო ქირა შეადგენს 2 400 (ორი ათას ოთხასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ოდენობით, გადახდის დღისთვის არხებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად (4.1.2 პუნქტი); საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების ათვლა დაიწყება მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ქონების - გადაცემიდან 45 კალენდარული დღის გასვლის მეორე დღიდან (4.2 პუნქტი); საიჯარო ქირის გადახდა მოხდება საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა (4.3 პუნქტი); მხარეები თანხმდებიან, რომ ავანსის საიჯარო ქირაში გაქვითვა მოხდება გადახდის ვალდებულების დაწყებიდან პირველივე თვეების განმავლობაში (4.4 პუნქტი); მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის და გახარჯული კომუნალური გადასახადების დროული გადახდა (5.1.1 პუნქტი); მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს ქონება წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებულ ვადაში. ამასთან, მეიჯარე ვალდებულია ქონების გადაცემის მომენტისათვის დაასრულოს საიჯარო ქონებაში მიმდინარე შემდეგი სამუშაოები: შეკიდული ჭერის, იატაკიდან დაახლოებით 2,9-3 მეტრის სიმაღლეზე თაბაშირ-მუყაოს ან ამსტრონგის ფილებით მოწყობა-მოპირკეთება; იატაკის მოჭიმვა და მოპირკეთება კერამო მეტლახის ფილებით; გარე ფასადზე შუშების, შემოსასვლელი კარების აღდგენა; გარე ფასადის მოწყობა ისე, რომ ობიექტი დაცული ყოფილიყო გარედან არასასურველი ჰაერის, წყლის, მტვერის, ჭუჭყის შემოსვლისაგან; მინიმუმ ერთი სველი წერტილი (5.1.4 პუნქტი); მოიჯარეს უფლება აქვს (ხოლო მეიჯარე აცხადებს თანხმობას) მეიჯარის წინასწარი თანხმობის გარეშე შეასრულოს მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, განახორციელოს სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სხვა ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან და ზიანს არ აყენებს საიჯარო ქონებას (5.2.9 პუნქტი); მოიჯარეს უფლება აქვს (ხოლო მეიჯარე აცხადებს თანხმობას) მისი შეხედულებისამებრ, მეიჯარის წინასწარი თანხმობის გარეშე საიჯარო ქონებაზე მოახდინოს ფასადის ცვლილება/მოპირკეთება (მათ შორის მოაწყოს ღიობები, ვიტრაჟები, კიბეები), განათავსოს სარეკლამო აბრები, საჩრდილობლები, კონდიციონერები და სხვა საჭირო ინვენტარი, არქიტექტურული დეტალები, აგრეთვე უზრუნველყოს შესაბამისი ნებართვების მიღება (5.2.10 პუნქტი); 3.1 პირობის დარღვევის შემთხვევაში მოიჯარე უფლებამოსილია მეიჯარისაგან მოითხოვოს პირგასამტეხლო 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით (5.2.16 პუნქტი); იმ შემთხვევაში თუ მეიჯარე არ შეასრულებს 5.1.4. მუხლით დაკისრებულ ვალდებულებას, მოიჯარე უფლებამოსილია მეიჯარეს მოთხოვოს 4.1.1 მუხლში მითითებული გადახდილი ავანსის და 5.2.16-ში მითითებული პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ გადახდა (5.2.17 პუნქტი); მოიჯარეს უფლება აქვს (ხოლო მეიჯარე აცხადებს თანხმობას), 5.1.4. მუხლის დარღვევის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს 5.2.17 მუხლის გამოყენება ან საკუთარი რესურსით დაასრულოს საიჯარო ქონებაში სარემონტო სამუშაოები. ასეთ შემთხვევაში მოიჯარე განთავისუფლებული იქნება საიჯარო ქირის გადახდისგან, საიჯარო ქონებაში სავაჭრო ობიექტის გახსნიდან ოცდაათი თვის განმავლობაში (5.2.18 პუნქტი); ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 31.03.2029 წლამდე (8.1 პუნქტი).

4.3. მხარეთა შორის 08.04.2019 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოიჯარის საიჯარო უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 06.05.2019 წელს.

4.4. მოსარჩელემ ავანსის თანხა - 38 753.28 ლარი, 11.04.2019 წელს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა მოპასუხეს.

4.5. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს საიჯარო ფართი გადაეცა 11.06.2019 წელს, შესასვლელი კარის გასაღებთან ერთად, რის შემდეგაც მოიჯარემ საიჯარო ფართში განახორციელა გარკვეული სამუშაოები.

4.6. საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, სასაქონლო ზედნადებებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ საიჯარო ფართში ჩაატარა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები და გასწია გარკვეული ხარჯები, კერძოდ, დალაგება-დასუფთავება, სამაცივრე აგრეგატების შეკეთება, სანტექნიკის სამუშაოები, ელექტრო-სისტემის გამართვა, ვიტრინების მონტაჟი.

4.7. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მაღაზიაში სამუშაოდ გამოაცხადა მოლარე-კონსულტანტისა და კონსულტანტის ვაკანსიები.

4.8. მოპასუხემ 20.08.2019 წელს წერილით მიმართა მოსარჩელეს, სადაც მიუთითა, რომ მათ შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რაც მიუხედავად მათი დაჟინებული სიტყვიერი მოთხოვნისა, ჯერ არ შემდგარა. წერილში მოპასუხე მიუთითებს, რომ 11.06.2019 წელს დასრულებული სახით მაღაზია და გასაღებები გადასცა მოიჯარეს, მაგრამ მათ მაღაზიაში მოტანილი მაცივარი, კონდიციონერი და სხვა აპარატურა მოხნეს და წაიღეს (ამის ფოტოები არსებობს). მაღაზიის გასაღების აღების დღიდან დღემდე პასუხობდნენ, რომ სარეკლამო ნიშნულებს ელოდებოდნენ. თუკი მათი მიზანი იყო ფართის დატოვება, მაშინ ეცნობებინათ, რადგან უკვე სეზონი მთავრდებოდა, ეს კი არ შეესაბამებოდა მის ინტერესებს.

4.9. 19.06.2020 წლის წერილით, მოპასუხის წარმომადგენელმა აცნობა მოსარჩელის დირექტორს, რომ მან მიმართა საჯარო რეესტრს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 08.04.2019 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით, თუმცა საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ იჯარის უფლების რეგისტრაცია უნდა შეწყვეტილიყო ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული წერილით მოპასუხე თხოვდა მოსარჩელეს წერილობითი თანხმობა მიეცა საჯარო რეესტრისათვის იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის და შემდგომში ქონება ჩაებარებინა მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში მიღება-ჩაბარების აქტით. საბოლოოდ, მხარეებს შორის 08.04.2019 წელს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 18.07.2020 წელს.

4.10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების, იჯარის საგანზე გაწეული რემონტის ხარჯებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 976.1(„ა“), 979.1, 581.2, 545.1, 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.

4.11. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს საიჯარო ფართი გადაეცა 11.06.2019 წელს, შესასვლელი კარის გასაღებთან ერთად, რაც ჩაიბარა მოიჯარემ პრეტენზიის გარეშე, რის შემდეგაც საიჯარო ფართში განახორციელა გარკვეული სახის სამუშაოები, რათა შემდგომში ეწარმოებინა თავისი სამეწარმეო საქმიანობა. ამდენად, ვინაიდან დგინდება, რომ მოსარჩელეს საიჯარო ფართი გადაეცა ფაქტობრივ მფლობელობაში, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის საიჯარო საგნის ჩაბარების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგა, ვერ გახდება საიჯარო საგნის ჩაუბარებლობის თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.

4.12. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტის შესაბამისად, მეიჯარე ვალდებული იყო ქონების გადაცემის მომენტისათვის დაესრულებინა საიჯარო ქონებაში მიმდინარე შემდეგი სამუშაოები: შეკიდული ჭერის, იატაკიდან დაახლოებით 2,9-3 მეტრის სიმაღლეზე თაბაშირ-მუყაოს ან ამსტრონგის ფილებით მოწყობა-მოპირკეთება; იატაკის მოჭიმვა და მოპირკეთება კერამო მეტლახის ფილებით; გარე ფასადზე შუშების, შემოსასვლელი კარების აღდგენა; გარე ფასადის მოწყობა ისე, რომ ობიექტი დაცული ყოფილიყო გარედან არასასურველი ჰაერის, წყლის, მტვერის, ჭუჭყის შემოსვლისაგან; მინიმუმ ერთი სველი წერტილი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის შედავება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ან/და ხარვეზიანად/ნაკლიანად შეასრულა იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც იჯარის ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 581.2, 532-ე, 533-ე, 535-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ მეიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და ხარვეზიანად/ნაკლიანად შესრულება ვერ დაადასტურა. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამის საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა საიჯარო ფართი ფაქტობრივ მფლობელობაში, რის შემდეგაც მან საიჯარო ფართში განახორციელა გარკვეული სამუშაოები, რის გამოც განსახილველი სარჩელით მოითხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის შედავება, რომ მოპასუხის მიერ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ან/და არაჯეროვნად შესრულდა, რის გამოც საიჯარო ფართის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი გახდა. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ მაღაზიაში სამუშაოდ გამოაცხადა მოლარე-კონსულტანტისა და კონსულტანტის ვაკანსიები, რაც მიუთითებს მასზე, რომ მოსარჩელისთვის საიჯარო ფართი მისი ჩაბარების შემდგომ მისაღები იყო და მზად იყო კომერციული საქმიანობის განხორციელებისათვის.

4.13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა მიერ შესრულებული სამუშაოების ხასიათზე და მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტში აღნიშნული სამუშაოები არის ხილული, რომლის შეუსრულებლობა მოსარჩელისათვის იყო შესამჩნევი, თუმცა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ისე ჩაიბარა საიჯარო ობიექტი, რომ ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. თუ მოსარჩელე თვლიდა, რომ საიჯარო ფართი არ იყო ხელშეკრულების შესაბამისად მოწესრიგებული და მოპასუხემ სათანადოდ არ შეასრულა იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შეეძლო მიემართა ხარვეზების აღმოფხვრის ან/და საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნით, რაც მას არ გაუკეთებია. პირიქით, მოსარჩელემ საიჯარო ფართი ჩაიბარა და გარკვეული სამუშაოები – დაწმენდა, დასუფთავება და ა.შ., აწარმოა. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო არადამაჯერებელს ხდის მოსარჩელის მოსაზრებას მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე.

4.14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისივე მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც გამორიცხავს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, რის გამოც არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

4.15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და უხარისხოდ შესრულების გამო, საიჯარო ფართში შეუძლებელი იყო სავაჭრო ობიექტის მოწყობა და ფუნქციონირება, რის გამოც იძულებული გახდა ჩაეტარებინა დამატებით სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 15 039.58 ლარი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეასრულა ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც გამორიცხავს სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

4.16. სსკ-ის 548-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს საცხოვრებელი სადგომის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 5.2.9 და 5.2.10 პუნქტების შესაბამისად, მოიჯარეს უფლება ჰქონდა (ხოლო მეიჯარე აცხადებდა თანხმობას) მეიჯარის წინასწარი თანხმობის გარეშე შეესრულებინა მიმდინარე და კაპიტალური რემონტი, განეხორციელებინა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და სხვა ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებული იყო მის კომერციულ-საქმიანობასთან და ზიანს არ მიაყენებდა საიჯარო ქონებას, ასევე მისი შეხედულებისამებრ, მეიჯარის წინასწარი თანხმობის გარეშე საიჯარო ქონებაზე მოეხდინა ფასადის ცვლილება/მოპირკეთება (მათ შორის მოეწყო ღიობები, ვიტრაჟები, კიბეები), განეთავსებინა სარეკლამო აბრები, საჩრდილობლები, კონდიციონერები და სხვა საჭირო ინვენტარი, არქიტექტურული დეტალები, აგრეთვე უზრუნველეყო შესაბამისი ნებართვების მიღება.

4.17. მართალია, საიჯარო ფართის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ ჩაატარა გარკვეული სამუშაოები და გასწია ხარჯები, მაგრამ დადგენილია, რომ აღნიშნული სამუშაოები მოსარჩელემ ჩაატარა თავისი შეხედულებით და ხელშეკრულების შესაბამისად, კერძოდ, კედლები შეღება სასურველ ფერზე, დაიდგა სამაცივრე აგრეგატები, ფართში განხორციელდა ელექტრო სისტემის იმდაგვარად მოწყობა, რაც უზრუნველყოფდა სამაცივრე და სხვა სახის დახლ-მაცივრების ელ.სისტემით მომარაგებას, საიჯარო ფართში დამონტაჟდა ვიდეო-სათვალთვალო კამერები, შესრულდა დამატებით სანტექნიკის სამუშაოები და ობიექტი აღიჭურვა საჭირო ტექნიკით, გათბობა-გაგრილების სისტემებით, დამონტაჟდა ვიტრინები, დასუფთავდა ტერიტორია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება, რომ მოსარჩელემ ფართის ჩაბარების შემდეგ გაწეული ზემოაღნიშნული სამუშაოები შეასრულა მოიჯარის მიერ დასახული მიზნის განსახორციელებლად. შესაბამისად, საიჯარო ფართის დაბრუნების შემთხვევაში, ამ სამუშაოებს არავითარი ღირებულება მეიჯარისათვის არ გააჩნდა, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა მოსარჩელის მიერ უშუალოდ თავისივე სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ხელშეკრულების ფარგლებში და არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამასთან, მას ხელშეკრულების თანახმად, უფლება აქვს მოხსნას და გაიტანოს ყველა ის ინვენტარი თუ მოწყობილობა, რისი წაღებაც შესაძლებელია, თანახმად ხელშეკრულების 5.2.7 პუნქტისა.

4.18. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ავანსის სახით გადახდილი თანხის - 18 000 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადა ავანსის სახით 14 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და დღგ-ს თანხა. იჯარის ხელშეკრულების 2.2 და 4.1.2 პუნქტების თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო მეიჯარისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური საიჯარო ქირა - 2 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების ათვლა დაიწყებოდა მეიჯარის მიერ მოიჯარისათვის ქონების გადაცემიდან 45 კალენდარული დღის გასვლის მეორე დღიდან. საიჯარო საგანი მოსარჩელეს ვარგის მდგომარეობაში გადაეცა 11.06.2019 წელს. შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების ათვლა დაიწყო 29.07.2019 წლიდან. დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულება, მხარეთა შეთანხმებით, შეწყდა 18.07.2020 წელს, რა პერიოდშიც მოსარჩელეს მოპასუხისათვის საიჯარო ქირა არ გადაუხდია. სსკ-ის 554-ე მუხლის შესაბამისად, თუ დამქირავებელს ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის გადახდისაგან არ თავისუფლდება. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 4.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ავანსი საიჯარო ქირაში გაიქვითებოდა გადახდის ვალდებულების დაწყებიდან პირველივე თვეების განმავლობაში. დადგენილია, რომ მხარეები საიჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში, საიდანაც მოსარჩელეს ჰქონდა თითქმის ერთი წლის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება, რაც მას არ გადაუხდია. მხარეთა მიერ შეთანხმებული ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის მიერ ავანსად გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს საიჯარო ქირის ანგარიშში და იგი დაბრუნებას არ ექვემდებარება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი სწორად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

10. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

11. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 08.04.2019 წელს; მოიჯარის საიჯარო უფლება უძრავ ქონებაზე 06.05.2019 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

12. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა (სსკ-ის 581.1 მუხლი). შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარას ქირავნობისგან სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ.).

13. კასატორის მითითებით, ავანსის სახით გადახდილი თანხა არ უნდა ჩათვლილიყო საიჯარო ქირის ანგარიშში, ვინაიდან მას საიჯარო ფართი არ გადასცემია იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, შესაბამისად, არც საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია.

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ: მოსარჩელეს საიჯარო ფართი გადაეცა 11.06.2019 წელს, შესასვლელი კარის გასაღებთან ერთად; მოიჯარემ საიჯარო ფართი ჩაიბარა პრეტენზიის გარეშე, რის შემდეგაც საიჯარო ფართში განახორციელა გარკვეული სამუშაოები, შეიტანა ტექნიკა და ა.შ., რათა შესდგომოდა თავის სამეწარმეო საქმიანობას; მოსარჩელემ მაღაზიაში სამუშაოდ გამოაცხადა მოლარე-კონსულტანტისა და კონსულტანტის ვაკანსიები. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტით მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და ხარვეზიანად/ნაკლიანად შესრულება ვერ დაადასტურა. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იჯარის ხელშეკრულების 5.1.4 პუნქტში ჩამოთვლილი სამუშაოების (შეკიდული ჭერის, იატაკიდან დაახლოებით 2,9-3 მეტრის სიმაღლეზე თაბაშირ-მუყაოს ან ამსტრონგის ფილებით მოწყობა-მოპირკეთება; იატაკის მოჭიმვა და მოპირკეთება კერამო მეტლახის ფილებით; გარე ფასადზე შუშების, შემოსასვლელი კარების აღდგენა; გარე ფასადის მოწყობა ისე, რომ ობიექტი დაცული იყოს გარედან არასასურველი ჰაერის, წყლის, მტვერის, ჭუჭყის შემოსვლისაგან; მინიმუმ ერთი სველი წერტილი) შეუსრულებლობა მოსარჩელისათვის შესამჩნევი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც აღინიშნა, მოსარჩელემ ისე ჩაიბარა საიჯარო ობიექტი, რომ ამ მხრივ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ამრიგად, დასტურდება, რომ მოსარჩელეს საიჯარო ფართი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა შეთანხმებულ მდგომარეობაში, რასაც ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის საიჯარო საგნის ჩაბარების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ავანსად გადახდილი თანხა მართებულად ჩაითვალა საიჯარო ქირის ანგარიშში (აღსანიშნავია, რომ ავანსის საიჯარო ქირაში გაქვითვაზე მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ იჯარის ხელშეკრულების 4.4 პუნქტით) და იგი დაბრუნებას არ ექვემდებარება (იხ. წინამდებარე განჩინების 4.18 პუნქტი), მიუხედავად იმისა, ფუნქციონირებდა თუ არა სავაჭრო ობიექტი.

16. მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელის უარყოფა სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც. სსკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სსკ-ის 548-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მიმდინარე რემონტის ჩატარება, ჩვეულებრივ, ევალება დამქირავებელს. მას არა აქვს ნივთის გადაკეთების ან რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე. დამქირავებელი მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოიჯარემ სამუშაოები შეასრულა უშუალოდ თავისივე სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ხელშეკრულების პირობების ფარგლებში და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

17. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინების არც იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „დ–ის“ (ს/ნ: .......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 4655.94 ლარის (საგადახდო დავალება №551, გადახდის თარიღი 27.07.2022წ., გადახდილი თანხა 3904.04 ლარი; საგადახდო დავალება №550, გადახდის თარიღი 27.07.2022წ., გადახდილი თანხა 751.90 ლარი) 70% – 3259.16 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია