Facebook Twitter

საქმე №ას-938-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ....“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26.01.2016 წლის №30 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის – 13 199.19 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26.01.2016 წლის №30 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანების - 3055.57 ლარის (ელ. ენერგიის დავალიანება - 914.57 ლარი, ბუნებრივი აირის ხარჯი - 1151 ლარი, დასუფთავების მომსახურების დავალიანება - 990 ლარი) დაკისრება;

1.3. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26.01.2016 წლის №31 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის – 78 516.42 ლარის გადახდის დაკისრება;

1.4. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26.01.2016 წლის №31 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო წარმოშობილი დავალიანების - 45 943.93 ლარის (ელ. ენერგიის დავალიანება - 21 809.77 ლარი, წყლის ხარჯის ღირებულება - 24 134.16 ლარი) დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.03.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 26.01.2016 წელს მოსარჩელის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, .......... მდებარე სასადილოში მოსარჩელის ზოგიერთი კატეგორიის სავალდებულო ვადიანი სამხედრო მოსამსახურეთა, მორიგე თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა (5 და 10 ლარიანი პლასტიკური ბარათების საშუალებით) და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ პირთა საქვაბე კვებითი მომსახურების შესყიდვა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 264 000 ლარს. მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა 30.01.2016 წლიდან 31.12.2016 წლის ჩათვლით. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს კვებითი მომსახურების განხორციელების მიზნით, იჯარით გადაეცემოდა სამზარეულო ინვენტარი და სასადილო ფართი, რაზეც გაფორმდებოდა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება. იჯარის გადასახადი განისაზღვრებოდა შესაბამისი კანონმდებლობით და წლის განმავლობაში იქნებოდა იჯარით გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით; იჯარის გადასახადის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებდა 01.02.2017 წლამდე.

4.2. 26.01.2016 წელს მოსარჩელის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 ხელშეკრულებით გადაეცა ქ. თბილისში, .......... მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (ს/კ: .......) არსებული სასადილო ფართი 176.74 კვ.მ და სამზარეულო ინვენტარი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა ჯამურად 121 440 ლარს. კომუნალური გადასახადების აღრიცხვისა და გადახდის მიზნით მოპასუხე დარეგისტრირდა დამოუკიდებელ აბონენტად (ქვეაბონენტად) მითითებულ მისამართზე.

4.3. 26.01.2016 წელს მოსარჩელის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №30-ის 4.3 პუნქტით გათვალისწინებული სასადილო ფართისა და სამზარეულო ინვენტარის იჯარის თაობაზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა. 24.10.2016 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა იჯარის ხელშეკრულების გაფორმება და ყოველთვიური საიჯარო ქირის სახით 1192.93 ლარის განსაზღვრა, საიდანაც უძრავი ქონების იჯარის თანხა შეადგენდა 686.93 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების (სამზარეულო ინვენტარი) 506 ლარს. მოპასუხემ მოსარჩელის შეთავაზება არ მიიღო და უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

4.4. 26.01.2016 წელს მოსარჩელის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 ხელშეკრულებით გადაცემული ფართი მოპასუხემ დატოვა 31.12.2016 წელს. მოპასუხის მიერ ფართის დატოვების მომენტისათვის მის სააბონენტო ბარათზე არსებული გადაუხდელი კომუნალური მომსახურების დავალიანებები შეადგენს: ელექტროენერგიის დავალიანება - 914.57 ლარი, წყლის - 942.24 ლარი, ბუნებრივი აირის - 1151 ლარი და დასუფთავების - 990 ლარი. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია დამოუკიდებელ აბონენტად.

4.5. 26.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №31 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ........., ........, ........ და ......... მდებარე სასადილოებში მოსარჩელის ზოგიერთი კატეგორიის სავალდებულო ვადიანი სამხედრო მოსამსახურეთა, მორიგე თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა (5 და 10 ლარიანი პლასტიკური ბარათების საშუალებით) და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებულ პირთა საქვაბე კვებითი მომსახურების შესყიდვა თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 847 290 ლარს. მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა 30.01.2016 წლიდან 31.12.2016 წლის ჩათვლით. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს კვებითი მომსახურების განხორციელების მიზნით, იჯარით გადაეცემოდა სამზარეულო ინვენტარი და სასადილო ფართი, რაზეც გაფორმდებოდა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება. იჯარის გადასახადი განისაზღვრებოდა შესაბამისი კანონმდებლობით და წლის განმავლობაში იქნებოდა იჯარით გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით; იჯარის გადასახადის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შევიდა ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებდა 01.02.2017 წლამდე.

4.6. 26.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №31 ხელშეკრულებით გადაეცა:

- ქ. თბილისში, ........ მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (ს/კ: ..........) არსებული სასადილო ფართი 142 კვ.მ და სამზარეულო ინვენტარი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა ჯამურად 49 270 ლარს.

- ქ. თბილისში, ......... მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (ს/კ: .........) არსებული სასადილო ფართი 232 კვ.მ და სამზარეულო ინვენტარი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა ჯამურად 84 660 ლარს.

- ქ. თბილისში, .......... მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (ს/კ: .........) არსებული სასადილო ფართი 35 კვ.მ და სამზარეულო ინვენტარი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა ჯამურად 10 250 ლარს.

- ქ. თბილისში, ......... მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (ს/კ: .........) არსებული სასადილო ფართი 175 კვ.მ და სამზარეულო ინვენტარი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა ჯამურად 24 950 ლარს.

4.7. კომუნალური გადასახადების აღრიცხვისა და გადახდის მიზნით მოპასუხე დარეგისტრირდა დამოუკიდებელ აბონენტად (ქვეაბონენტად) მითითებულ მისამართებზე.

4.8. 26.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №31 ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული სასადილო ფართისა და სამზარეულო ინვენტარის იჯარის თაობაზე ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

4.9. 24.10.2016 წელს მოსარჩელემ მოპასუხეს შესთავაზა იჯარის ხელშეკრულების გაფორმება და ყოველთვიური საიჯარო ქირის სახით თითოეულ ფართთან მიმართებით, კერძოდ:

- ქ. თბილისში, ......... მდებარე სასადილო ფართისა და ინვენტარის გათვალისწინებით - 1583.91 ლარის განსაზღვრა, საიდანაც უძრავი ქონების იჯარის თანხა შეადგენდა 1231.16 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების (სამზარეულო ინვენტარი) 352.75 ლარს.

- ქ. თბილისში, ....... მდებარე სასადილო ფართისა და ინვენტარის გათვალისწინებით - 4189.07 ლარის განსაზღვრა, საიდანაც უძრავი ქონების იჯარის თანხა შეადგენდა 3980.77 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების (სამზარეულო ინვენტარი) 205.30 ლარს.

- ქ. თბილისში, მიხეილ გახოკიძის ქ. №16-ში მდებარე სასადილო ფართისა და ინვენტარის გათვალისწინებით - 1090.54 ლარის განსაზღვრა, საიდანაც უძრავი ქონების იჯარის თანხა შეადგენდა 986.58 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების (სამზარეულო ინვენტარი) 103.96 ლარს.

- ქ. თბილისში, ......... მდებარე სასადილო ფართისა და ინვენტარის გათვალისწინებით - 224.67 ლარის განსაზღვრა, საიდანაც უძრავი ქონების იჯარის თანხა შეადგენდა 181.96 ლარს, ხოლო მოძრავი ქონების (სამზარეულო ინვენტარი) 42.71 ლარს.

4.10. მოპასუხემ მოსარჩელის შეთავაზება არ მიიღო და უარი განაცხადა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

4.11. 26.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №31 ხელშეკრულებით გადაცემული ფართ(ებ)ი (მდებარე: ქ. თბილისში, .........., ........., ........ და .........) მოპასუხემ დატოვა 31.12.2016 წელს. მოპასუხის მიერ ფართის დატოვების მომენტისათვის მის სააბონენტო ბარათ(ებ)ზე არსებული გადაუხდელი კომუნალური მომსახურების დავალიანებები შეადგენს: ელექტროენერგიის დავალიანება - 21 809.77 ლარი და წყლის გადასახადის დავალიანება - 24 134.16 ლარი.

4.12. 26.01.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №31 ხელშეკრულების 4.3. პუნქტით გათვალისწინებული იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის გამო 31.01.2017 წელს მოსარჩელემ გამოითხოვა 26.01.2016 წელს გაცემული №PE37368-16 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხა 42 364.50 ლარი.

4.13. 26.01.2016 წელს მოსარჩელის ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 ხელშეკრულების 4.1. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო (კომუნალური გადასახადების გადახდის ვალდებულება) 07.02.2017 წელს მოსარჩელემ გამოითხოვა 26.01.2016 წელს გაცემული №PE37360-16 ხელშეკრულების შესრულების გარანტიით გათვალისწინებული თანხა 13 200 ლარი.

4.14. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 317-ე და 327-ე მუხლებზე და განმარტა, რომ კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

4.15. სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. წინარე ხელშეკრულების გაფორმება, ხელს უწყობს სახელშეკრულებო ურთიერთობის გამყარებას, იმყოფება განსაზღვრულ მიმართებაში ე.წ. ძირითად ხელშეკრულებასთან, რომელიც, როგორც წესი, მიმართულია კონკრეტული ეკონომიკური შედეგის მიღწევისკენ მაშინ, როდესაც წინარე ხელშეკრულებით, რომელიც წინ უსწრებს ძირითად ხელშეკრულებას, მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მომავალში დადებენ გარიგებას წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. წინარე ხელშეკრულებაში მხარეებმა ნათლად უნდა განსაზღვრონ, თუ რა არსებითი პირობებით აპირებენ ისინი მომავალში ძირითადი ხელშეკრულების დადებას. ამავდროულად, წინარე ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს პირობას საგნისა და ვადის თაობაზე, რომელშიც მხარეები კისრულობენ ძირითადი ხელშეკრულების დადებას. წინარე ხელშეკრულების საგანი სხვა უნდა იყოს და ძირითადის - სხვა. წინარე ხელშეკრულების საგანი არის მხარის ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება ანუ იკისროს მომავალში რაიმე ვალდებულება, მაშინ, როცა ძირითადი ხელშეკრულებით ეს ვალდებულება უშუალოდ წარმოიშობა.

4.16. განსახილველ შემთხვევაში, №30 და №31 ხელშეკრულებების 4.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს კვებითი მომსახურების განხორციელების მიზნით, იჯარით გადაეცემოდა სამზარეულო ინვენტარი და სასადილო ფართი, რაზეც გაფორმდებოდა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება. იჯარის გადასახადი განისაზღვრებოდა შესაბამისი კანონმდებლობით და წლის განმავლობაში იქნებოდა იჯარით გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით; იჯარის გადასახადის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით.

4.17. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სასადილო ფართსა და სამზარეულო ინვენტარზე იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და ვერ იქნა მიღწეული ურთიერთშეთანხმება. სწორედ აღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელემ გამოითხოვა ხელშეკრულების შესრულების გარანტიის თანხა 42 363.50 ლარის ოდენობით.

4.18. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

4.19. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში არსებული საიჯარო ფართებისა თუ ინვენტარის ღირებულების ზედმიწევნით ცოდნა, მისი გათვალისწინება შესაძლებელი იყო. საქმეზე დადგენილია, რომ მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდგომ განხორციელდა საექსპერტო დასკვნების დაკვეთა (საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით) და ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე 2 თვით ადრე მიმართეს მოპასუხეს ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით.

4.20. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მხოლოდ საბაზრო ფასის 5%-მდე არსებული ზოგადი ჩანაწერი, რომელიც სამომავლოდ მხარეთა ურთიერთშეჯერებას და ნების თანხვედრას საჭიროებს, ვერ გახდება სწორედ აღნიშნული გამოთვლით (საბაზრო ღირებულების 5%) თანხის დაკისრების უპირობო საფუძველი. ხაზგასასმელია, რომ მხარეთა შორის აღნიშნული ზოგადი დათქმის კონკრეტიზაცია განხორციელდა მხოლოდ 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე და მოპასუხე მხარისათვის მიუღებლობის გამო ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით არ გაფორმდა.

4.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირის თაობაზე, მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით (ქონების საბაზრო ღირებულების 5%) ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, რამეთუ მხარეთა მიერ ვერ მოხდა დამატებითი იჯარის ხელშეკრულების გაფორმება (გადახდის გრაფიკზე შეჯერება), რაც სწორედ 4.3. პუნქტის დათქმას წარმოადგენდა.

4.22. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ არათუ მოპასუხისათვის, არამედ თავად მოსარჩელისთვისაც კი უცნობი იყო მის მიერ გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის მოტივით მოხდა საბანკო გარანტიის გამოთხოვაც. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის უარი გააფორმოს იმ სახის ხელშეკრულება, რომელიც არ შეესაბამება მის ნებას, ვერ იქნებოდა მისთვის აღქმადი, წინასწარ განჭვრეტადი და ვერ გააანალიზებდა ყველა სამომავლო უფლება/ვალდებულებასა თუ რისკს, არ ჯდება სსკ-ის 394-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ნორმის კონსტრუქციაში და, შესაბამისად, ვერ გახდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

4.23. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის კომუნალური დავალიანებების გადახდის დაკისრება. პალატამ მიუთითა, რომ იდენტიფიცირებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების მხარეები და მათი უფლება-მოვალეობები სწორად განისაზღვროს. პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხე დამოუკიდებელ აბონენტად იყო რეგისტრირებული და მისი დავალიანება კონკრეტული მესამე პირების მიმართ აღრიცხულია მის სააბონენტო ბარათზე. შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სწორედ მოპასუხე და მესამე პირები (შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“, სს „თ–ი“, შპს „ყ–ი“, შპს „თ.ჯ–ი“). პალატამ მიიჩნია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება სწორედ აღნიშნულ მესამე პირებს აქვთ, რომლებიც იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მხარესთან და რომელთა მიმართაც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება. 26.01.2016 წლის ხელშეკრულებების დათქმა კომუნალური ხარჯის გადახდის ვალდებულების თაობაზე არ აქცევს მოსარჩელეს მითითებული დავალიანების მოთხოვნის სუბიექტად. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის კომუნალური დავალიანების მის სასარგებლოდ დაკისრებასთან დაკავშირებით სწორად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 26.01.2016 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 და №31 ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა კონკრეტულ მისამართებზე მდებარე სასადილოებში გარკვეული პირების კვებით უზრუნველყოფა/კვებითი მომსახურების შესყიდვა. მიმწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა 30.01.2016 წლიდან 31.12.2016 წლის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 15-21; 22-27). ხელშეკრულებების 4.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს კვებითი მომსახურების განხორციელების მიზნით, იჯარით გადაეცემა სამზარეულო ინვენტარი და სასადილო ფართი, რაზეც გაფორმდება შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება; იჯარის გადასახადი განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით და წლის განმავლობაში იქნება იჯარით გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით; იჯარის გადასახადის გადახდა უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული გრაფიკით (ტ.1, ს.ფ. 17, 24). დადგენილია, რომ მხარეთა შორის სასადილო ფართსა და სამზარეულო ინვენტარზე იჯარის ხელშეკრულებები არ გაფორმებულა.

10. წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №30 და №31 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირისა და კომუნალური გადასახადების დავალიანების დაკისრება.

11. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საიჯარო ქირა იჯარის ხელშეკრულების (სსკ-ის 581.1 მუხლი) არსებითი პირობაა. მისი ოდენობა დგინდება მხარეთა შეთანხმებით (ჭეჭელაშვილი ზ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ. 581, ველი 26, https://gccc.tsu.ge).

12. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ №30 და №31 ხელშეკრულებებში საიჯარო ქირის შესახებ მხოლოდ ზოგადი ჩანაწერი – „იჯარით გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 5%“, ვერ გახდება მოთხოვნილი თანხის დაკისრების უპირობო საფუძველი. საკასაციო პალატა უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების ჭრილში ყურადღებას გაამახვილებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ზოგადი დათქმა დაკონკრეტდა მხოლოდ 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს, №30 და №31 ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე 2 თვით ადრე. ხელშეკრულების გაფორმების მომენტში კი, არათუ მოპასუხისთვის, არამედ თავად მოსარჩელისთვისაც უცნობი იყო იჯარით გასაცემი ქონების საბაზრო ღირებულება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, №30 და №31 ხელშეკრულებების 4.3 პუნქტი ითვალისწინებდა სამზარეულოს ინვენტარსა და სასადილო ფართზე იჯარის ხელშეკრულების ცალკე გაფორმებას, რაც არ მომხდარა.

13. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12).

14. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთილსინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები (შდრ. სუსგ №ას-1215-2018, 29.03.2019წ., პ. 202). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი (სუსგ №ას-559-2019, 04.12.2019წ., პ. 185).

15. სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა არც კომუნალური გადასახადების დავალიანების მოთხოვნის ნაწილში. დადგენილია, რომ მოპასუხე შესაბამის მისამართებზე, კომუნალური გადასახადების აღრიცხვისა და გადახდის მიზნით, დარეგისტრირდა დამოუკიდებელ აბონენტად. ამრიგად, მოსარჩელე მოპასუხის მიმართ კომუნალური მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი არ არის.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია