საქმე №ას-900-2022 7 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ლ - თ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ფ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.05.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ლ - თ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ფ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26 073 აშშ დოლარისა და 156 750 ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება 08.09.2014 წლიდან სარჩელის შემოტანამდე წელიწადში 205 600 ლარის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 1 080 000 ლარს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.03.2021 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 01.01.2006 წელს მოსარჩელესა (დამქირავებელი) და მ.კ–ძეს (გამქირავებელი) შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ დროებით სარგებლობაში მიიღო არასაცხოვრებელი ფართი (მისამართი: თბილისი, ........), ქონების საერთო ფართი 200 კვ.მ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დამქირავებელმა, საიჯარო ქონება აიღო მასში ელექტროტექნიკის მაღაზიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 01.01.2006 წლიდან 01.01.2015 წლამდე. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენდა 4000 ლარს. ქირა უნდა გადახდილიყო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა.
2.2. 16.02.2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №201112204865. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით, გამყიდველმა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ) მყიდველს (მოპასუხეს) გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .......... და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №4, №5 (საერთო ფართი 8516.68 კვ.მ, ს/კ: ........).
2.3. 12.03.2012 წელს მოპასუხესა (მესაკუთრე) და შპს „ს.თ–ს“ (მოსარგებლე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს.თ–ს“ სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........... ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 31.12.2013 წლამდე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, მოსარგებლეს მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 42 000 ლარის ოდენობით.
2.4. მოსარჩელის დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელი არის ი.ქ–ძე. შპს „ს.თ–ის“ დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელი არის ი.ქ–ძე.
2.5. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 05.05.2014 წლის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოებაში (მისამართზე: თბილისი, ........) განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვისას ამოიბეჭდა შესაბამისი თანხის გადახდის ქვითარი, რომელზეც საქონლის გამყიდველ საწარმოდ ფიქსირდება მოსარჩელე.
2.6. შპს „დ.გ.ც–ი“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი და შპს „ს.თ–ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი საიჯარო ქირის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით, ასევე, ქონების დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 54 000 ლარის ოდენობით, საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა 1 755 ლარის ოდენობით და შპს „ს.თ–ის“ მფლობელობიდან უნდა განთავისუფლებულიყო უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით: №......., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........ და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა მოპასუხეს.
2.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2014 წლის განჩინებით ცნობილ იქნა შპს „დ.გ.ც–ის“ 11.12.2013 წლის გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას, რაზეც გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი.
2.8. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების პოლიციის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 08.09.2014 წლის ოქმით დადგენილია, რომ შპს „დ.გ.ც–ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 08.09.2014 წელს აღიწერა ქ. თბილისში, ........ მდებარე ტექნიკის მაღაზიაში არსებული მოძრავი ნივთები. აღწერილი მოძრავი ნივთები შესანახად გადაეცა შპს „ს.თ–ის“ კრედიტორს, მოპასუხეს.
2.9. 30.04.2015 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი აღსრულების პოლიციელის, ზ.კ–ძის 08.09.2014 წლის ქმედების უკანონოდ ცნობისა და მოძრავი ქონების უკან დაბრუნების შესახებ.
2.10. მოპასუხის მიერ მოსარჩელეს, შპს „ს.ც.თ–ს“, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს ეცნობა, რომ იგი გამოთქვამს მზადყოფნას, რათა დაეყრდნოს მხოლოდ „წერილებში“ გამოთქმულ მოსაზრებებსა და განცხადებებს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების უფლების შესახებ და საკუთრების უფლების გამოკვლევის გარეშე გადასცეს მოსარჩელეს ყველა ის მოძრავი ქონება და დოკუმენტები, რაც მას გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 08.09.2014 წლის აქტით, შემდეგი: პირობების გათვალისწინებით:
„- სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად შპს „ლ-თ–მა“ უნდა აუნაზღაუროს „რ.ფ–ის“ „ნივთების“ შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები. გაცნობებთ, რომ „ნივთები“ შესანახად მიბარებული იყო სასაწყობო დაწესებულებისათვის და ერთ კალენდარულ თვეში შენახვის საფასური განისაზღვრება 630 ლარის ოდენობით. გთხოვთ, იხილეთ დანართი #1 საწყობის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
- იმის გათვალისწინებით, რომ „ნივთები“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ „რ.ფ–ის“ ჩაბარდა, როგორც შპს „ს.თ–ის" საკუთრება, ხოლო შპს „ლ-თ–ისთვის“ „ნივთების“ მფლობელობაში გადაცემას ,,რ.ფ–ი“ დათანხმდება საკუთრების უფლების გამოკვლევის გარეშე, „რ.ფ–ი“ უნდა განთავისუფლდეს მესამე პირების მიერ „ნივთების“ მიმართ წამოყენებული შესაძლო მოთხოვნებისაგან. კერძოდ, თუ მომავალში მესამე პირები „რ.ფ–ის“ წაუყენებენ მოთხოვნებსა და პრეტენზიებს „ნივთებზე“ საკუთრების, მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლებების შესახებ, ამგვარ მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე სრულად უნდა აგოს პასუხი შპს „ლ-თ–მა“ და შპს „ს.ც.თ–მა“.
- იმის გათვალისწინებით, რომ „ნივთები“ „რ.ფ–ის“ გადაეცა შესანახად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, „შპს ლ-თ–ისა“ და „შპს ს.თ–ის“ მხრიდან „რ.ფ–ის“ მიმართ არ უნდა იქნას წაყენებული რაიმე სახის მოთხოვნები და პრეტენზიები იმ შესაძლო ზიანის ან დანაკარგის თაობაზე, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს „ნივთების“ „რ.ფ–ის“ მფლობელობაში არსებობის ფაქტიდან. „ნივთების“ გადაცემასთან ერთად, შპს „ლ-თ–მა“ და შპს „ს.თ–მა“ წერილობით უნდა დაადასტურონ „რ.ფ–ის“ მიმართ ამგვარი პრეტენზიისა და მოთხოვნის არარსებობის შესახებ.
- ვინაიდან მიმდინარეობს სასამართლო დავა, „ნივთების“ გადაცემა შპს „ლ-თ–ისათვის“ ზემოაღნიშნული შესაბამისი პირობები დაფიქსირდეს სასამართლო მორიგებაში, რომელსაც დაეთანხმება სასამართლო დავაში მონაწილე ყველა მხარე, რაც დადასტურდება სასამართლოს განჩინებით“.
2.11. 04.12.2014 წლის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №50278 ბრძანებით, მოსარჩელეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 114 786 ლარი, მათ შორის ძირი გადასახდელია 80 118 ლარი და ჯარიმა 34 668 ლარი. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, მოსარჩელეს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 818 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 614 ლარით. 01.12.2016 წლის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №011-2016-003320 ბრძანებით, გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნას საინკასო დავალებები მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე. 10.12.2016 წლის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №011-4266 ბრძანებით, ყადაღა დაედო მოსარჩელის (იურიდიული მისამართი: თბილისი, ........ №30) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
2.12. 20.04.2018 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების მოპასუხისაგან ვინდიცირების შესახებ. 10.09.2018 წელს მოპასუხემ აცნობა შემოსავლების სამსახურს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.04.2018 წლის გადაწყვეტილების შესახებ. 20.03.2019 წელს შემოსავლების სამსახურსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის 20.03.2019 წლის №2016/011-426/1 ყადაღის დადების აქტში მითითებული ქონების შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემა.
2.13. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.04.2018 წლის გადაწყვეტილების მიუხედავად, მოსარჩელეს არ გადასცა უკანონო მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები, რის ნაცვლად 20.03.2019 წელს გადასცა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს. მოსარჩელის განმარტებით, ნივთების დაუბრუნებლობის გამო მათი საბაზრო საფასური საგრძნობლად შემცირდა. სწორედ აღნიშნული უდევს საფუძვლად მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 26 073 აშშ დოლარისა და 156 750 ლარის დაკისრების თაობაზე.
2.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ შემოსავლების სამსახურს შეატყობინა სასამართლოში არსებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის შესახებ, რომლის თანახმად, მოსარჩელე აცხადებდა, რომ სწორედ ის გახლდათ იმ ნივთების მესაკუთრე, რომლებიც მოპასუხეს გადაეცა შპს „ს.თ–ის“ წინააღმდეგ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების შედეგად და სწორედ ის (და არა შპს „ს.თ–ი“) წარმოადგენდა მოპასუხის უძრავი ქონების მოსარგებლეს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რაც ძალაში დარჩა 10.11.2016 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ იგი იყო აღნიშნული ნივთების მესაკუთრე და უძრავი ქონების მოსარგებლე.
2.15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ შპს „ს.თ–ის“ მოძრავი ნივთები, რომლებიც გადაეცა მოპასუხეს, დასაწყობებული იყო ზაჰესში მდებარე შპს „ზ“-ის საწყობში და მოპასუხე ყოველთვიურად საწყობის მომსახურებისათვის, 26 თვე, იხდიდა 630 ლარს. მოპასუხემ არაერთგზის დააფიქსირა მზაობა არსებითი გამოკვლევის გარეშე დაებრუნებინა მოძრავი ქონება სასაწყობე ხარჯების ანაზღაურების სანაცვლოდ.
2.16. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მოძრავი ქონების საწყობში განთავსების საფუძველს წარმოადგენდა შპს „დ.გ.ც–ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილება, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2014 წლის განჩინებით ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას, რაზეც გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. 08.09.2014 წელს აღიწერა ქ. თბილისში, ......... მდებარე ტექნიკის მაღაზიაში არსებული მოძრავი ნივთები. აღწერილი მოძრავი ნივთები შესანახად გადაეცა შპს „ს.თ–ის“ კრედიტორს, მოპასუხეს. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული პერიოდისათვის მოპასუხე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში სსკ) მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, ხოლო თბილისის სააღსრულებო პოლიციის ქმედება, მოძრავი ნივთების დაყადაღების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ მიიჩნია უკანონოდ. მიმდინარე დავების არსებობისას, მოპასუხე გამოთქვამდა თანხმობას, რომ მოსარჩელეს გადაეხადა საწყობის საფასური და დასრულებულიყო მხარეთა შორის არსებული ყოველგვარი დავა. აღნიშნული შეთავაზება მოსარჩელემ უპასუხოდ დატოვა.
2.17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ქმედების მართლწინააღმდეგობა.
2.18. მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 1 080 000 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე უთითებს, რომ 08.09.2014 წლიდან მოპასუხის უკანონო მფლობელობაში იყო მის საკუთრებაში არსებული საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია; მოპასუხის ქმედებით მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი; მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების უკანონო მფლობელობის შედეგად ვეღარ გააგრძელა საქმიანობა.
2.19. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408.1, 411-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი მთავარი პირობა, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (უმოქმედობა). ვინაიდან მოპასუხეს არ უმოქმედია მართლსაწინააღმდეგოდ, უსაფუძვლოა მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნაც.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.05.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის, უკანონო მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის, 26 073 აშშ დოლარისა და 156 750 ლარის დაკისრება, ასევე - მიუღებელი შემოსავლის სახით 1 080 000 ლარის გადახდის დაკისრება.
4.2. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სსკ-ის 992-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, სასამართლოს აზრით, არ დგინდებოდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე.
4.4. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 12.03.2012 წელს მოპასუხესა (მესაკუთრე) და შპს „ს.თ–ს“ (მოსარგებლე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს.თ–ს“ სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .......... შპს „დ.გ.ც–ი“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი და შპს „ს.თ–ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი საიჯარო ქირის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით, ასევე, ქონების დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 54 000 ლარის ოდენობით, საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა 1 755 ლარის ოდენობით და შპს „ს.თ–ის“ მფლობელობიდან უნდა განთავისუფლებულიყო უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით №........, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .......... და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა მოპასუხეს.
4.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების პოლიციის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 08.09.2014 წლის ოქმით დადგენილია, რომ შპს „დ.გ.ც–ი“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 08.09.2014 წელს აღიწერა ქ. თბილისში, ......... მდებარე ტექნიკის მაღაზიაში არსებული მოძრავი ნივთები. აღწერილი მოძრავი ნივთები შესანახად გადაეცა შპს „ს.თ–ის“ კრედიტორს, მოპასუხეს. „ნივთები“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოპასუხეს ჩაჰბარდა, როგორც შპს „ს.თ–ის“ საკუთრება.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 04.12.2014 წლის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №50278 ბრძანებით, მოსარჩელეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 114 786 ლარი, მათ შორის ძირი გადასახდელია 80 118 ლარი და ჯარიმა 34 668 ლარი. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, მოსარჩელეს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 818 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 614 ლარით.
4.7. 01.12.2016 წლის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №011-2016-003320 ბრძანებით, გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე. 10.12.2016 წლის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №011-4266 ბრძანებით, ყადაღა დაედო მოსარჩელის (იურიდიული მისამართი: თბილისი, .........) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. 14.09.2018 წელს მოპასუხეს შემოსავლების სამსახურმა აცნობა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების შემდგომ მოხდებოდა მისი შემოსავლების სამსახურის საწყობში გადატანა. 20.03.2019 წელს შემოსავლების სამსახურსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის 20.03.2019 წლის №2016/011-426/1 ყადაღის დადების აქტში მითითებული ქონების შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემა.
4.8. დადგენილია, რომ სასამართლოს წარმოებაში იყო მოსარჩელის სარჩელი, რომლითაც ის აცხადებდა, რომ სწორედ ის იყო იმ ნივთების მესაკუთრე, რომლებიც მოპასუხეს გადაეცა შპს „ს.თ–ის“ წინააღმდეგ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების შედეგად. სარჩელი არ დაკმაყოფილდა და 10.11.2016 წლის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების თანახმად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ნივთების მესაკუთრესა და მოპასუხის უძრავი ქონების მოსარგებლეს სწორედ ის წარმოადგენდა.
4.9. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ნივთების უკანონო მფლობელობით გამოწვეული, ნივთების გაუფასურებით, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის დაკისრება, ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია დგინდებოდეს, რომ სადავო ნივთები მართლაც იმყოფებოდა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, ხოლო ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნული გარემოებების დადასტურების შემდეგ, პალატამ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი, მისი ოდენობა, ასევე - მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.10. ზემოაღნიშნული ფაქტების, მტკიცებულებების, მხარეთა პოზიციების შეჯერების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. მოძრავი ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობას, ორივე შემთხვევაში, გააჩნდა შესაბამისი საფუძველი, კერძოდ, თავდაპირველად მოპასუხეს ნივთები გადაეცა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესანახად, როგორც შპს „ს.თ–ის“ კრედიტორს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მან აღნიშნული ნივთები გადასცა შემოსავლების სამსახურს, ვინაიდან დადგინდა, მოსარჩელეს გააჩნდა საგადასახადო დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. შესაბამისად, 20.03.2019 წელს შემოსავლების სამსახურსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის, 20.03.2019 წლის №2016/011-426/1 ყადაღის დადების აქტში მითითებული, ქონების შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემა. ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხის ქმედება მართლწინააღმდეგობას არ შეიცავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის საგანია მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი კუთვნილი ნივთების ფლობით და შემდეგ შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც, მოსარჩელის განმარტებით, მოიცავს შესაბამის პერიოდში ამ ნივთების საბაზრო ღირებულების გაუფასურების თანხას - 26 073 აშშ დოლარისა და 156 750 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას 1 080 000 ლარის ოდენობით.
10. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ:
10.1. 01.01.2006 წელს მოსარჩელესა (დამქირავებელი) და მ.კ–ძეს (გამქირავებელი) შორის გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ დროებით სარგებლობაში მიიღო არასაცხოვრებელი ფართი (მისამართი: თბილისი, .........), ქონების საერთო ფართი 200 კვ.მ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, დამქირავებელმა, საიჯარო ქონება აიღო მასში ელექტროტექნიკის მაღაზიის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 01.01.2006 წლიდან 01.01.2015 წლამდე. ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენდა 4000 ლარს. ქირა უნდა გადახდილიყო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა (ტ.1, ს.ფ.21-22);
10.2. 16.02.2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №201112204865. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით, გამყიდველმა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ) მყიდველს (მოპასუხეს) გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ....... და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №4, №5 (საერთო ფართი 8516.68 კვ.მ, ს/კ: .......) (ტ.1, ს.ფ.25-30);
10.3. 12.03.2012 წელს მოპასუხესა (მესაკუთრე) და შპს „ს.თ–ს“ (მოსარგებლე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს.თ–ს“ სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 31.12.2013 წლამდე. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით, მოსარგებლეს მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა საიჯარო ქირა 42 000 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ.31-33);
10.4. მოსარჩელის დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელი არის ი.ქ–ძე. შპს „ს.თ–ის“ დირექტორი და წილის 50%-ის მფლობელი არის ი.ქ–ძე (ტ.2, ს.ფ. 163-164);
10.5. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 05.05.2014 წლის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე სამეწარმეო საზოგადოებაში (მისამართზე: თბილისი, ..........) განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვისას ამოიბეჭდა შესაბამისი თანხის გადახდის ქვითარი, რომელზეც საქონლის გამყიდველ საწარმოდ ფიქსირდება მოსარჩელე (ტ.1, ს.ფ.34-37);
10.6. შპს „დ.გ.ც–ის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი და შპს „ს.თ–ს“ მის სასარგებლოდ დაეკისრა გადაუხდელი საიჯარო ქირის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით, ქონების დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 54 000 ლარის ოდენობით, საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდა 1 755 ლარის ოდენობით, შპს „ს.თ–ის“ მფლობელობიდან უნდა განთავისუფლებულიყო უძრავი ნივთი და აღნიშნული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემოდა მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (ტ.1, ს.ფ.38-49);
10.7. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების პოლიციის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 08.09.2014 წლის ოქმით დადგენილია, რომ შპს „დ.გ.ც–ი“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 11.12.2013 წლის გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 08.09.2014 წელს აღიწერა ქ. თბილისში, ........ მდებარე ტექნიკის მაღაზიაში არსებული მოძრავი ნივთები. აღწერილი მოძრავი ნივთები შესანახად გადაეცა შპს „ს.თ–ის“ კრედიტორს - ანუ მოპასუხეს. „ნივთები“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოპასუხეს ჩაჰბარდა როგორც შპს „ს.თ–ის“ საკუთრება (ტ.1, ს.ფ.60-69);
10.8. 30.04.2015 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ (მესამე პირები: წინამდებარე დავის მოპასუხე და შპს „ს.თ–ი“) აღსრულების პოლიციელის, ზ.კ–ძის 08.09.2014 წლის ქმედების უკანონოდ ცნობისა და მოძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2016 წლის განჩინებით (ტ.1, ს.ფ.70-78);
10.9. 04.12.2014 წლის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №50278 ბრძანებით მოსარჩელეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 114 786 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 80 118 ლარი და ჯარიმა 34 668 ლარი. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, მოსარჩელეს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 818 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 614 ლარით (ტ.1, ს.ფ.116-117);
10.10. 01.12.2016 წლის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №011-2016-003320 ბრძანებით, გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე (ტ.1, ს.ფ.118);
10.11. 10.12.2016 წლის შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №011-4266 ბრძანებით, ყადაღა დაედო მოსარჩელის (იურიდიული მისამართი: თბილისი, .......) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას (ტ.1, ს.ფ.119);
10.12. მოპასუხემ 10.09.2018 წელს შეატყობინა შემოსავლების სამსახურს 20.04.2018 წლის გადაწყვეტილების თაობაზე (ტ.1, ს.ფ.289). მიუხედავად აღნიშნულისა, 14.09.2018 წელს შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეს აცნობა, რომ მოხდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ქონების დაყადაღების შემდგომ ნივთების შემოსავლების სამსახურის საწყობში გადატანა (ტ.1, ს.ფ.290);
10.13. 20.03.2019 წელს შემოსავლების სამსახურსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოპასუხისთვის შესანახად გადაცემული ნივთები ჩაიბარა მოსარჩელის ყადაღის აქტში აღწერილი ქონების სახით და შესანახად განათავსა შემოსავლების სამსახურის ორხევის სასაწყობე ფართში (ტ.1, ს.ფ.291-299).
11. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ისეთ პირობებში, როცა: მოპასუხე სადავო ნივთებს დაეუფლა არა თვითნებურად, არამედ მას, როგორც იძულებით აღსასრულებლად მიქცეულ სააღსრულებო ფურცლით კრედიტორს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაეცა შესანახად; აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ (მესამე პირები: წინამდებარე დავის მოპასუხე და შპს „ს.თ–ი“) სარჩელზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღსრულების პოლიციელის ქმედება მიჩნეულ იქნა კანონიერად და მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ნივთების დაბრუნებაზე; მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების ამოღების მიზნით ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას; რის შემდგომაც წერილით მოსარჩელის დირექტორმა შემოსავლების სამსახურს თავად აცნობა, რომ მისი კუთვნილი ნივთები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შესანახად გადაცემული ჰქონდა მოპასუხეს და შემოსავლების სამსახურმა დაიწყო მოსარჩელის აქტივების მოძიება (ტ.1, ს.ფ.286), შემდგომ კი გადაიტანა თავის საწყობში დაყადაღებული ქონების სტატუსით, - დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ სადავო ნივთების მოპასუხის მიერ ფლობა, ისევე როგორც მათი გადაცემა შემოსავლების სამსახურისათვის, ვერ შეფასდება მართლსაწინააღმდეგო ქცევად. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
12. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას (სუსგ №ას-105-2021, 02.04.2021წ., პუნ. 65; №ას-754-2021, 02.12.2021წ., პუნ.50). მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ (იხ. სუსგ-ები: №ას-506-480-2015, 29.07.2016წ; №ას-150-2019, 08.06.2020წ; №ას-912-2021, 08.02.2022წ; №ას-1285-2018, 01.04.2022წ.). მოპასუხის ქცევაში მართლწინააღმდეგობის გამორიცხვა განაპირობებს სარჩელის ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს.
13. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი (სუსგ №ას-754-2021, 02.12.2021წ., პუნ.44). ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი სახელშეკრულებო თუ არასახელშეკრულებო ზიანის დადგომის შემთხვევაში (სსკ-ის 326-ე მუხლი), განმტკიცებულია სსკ-ის 408.1 მუხლში (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე (სუსგ №ას-934-2020, 25.03.2021წ., პუნ. 84). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს ისახავს: პირველ რიგში, ეს არის არსებული ქონების შემცირებით მიყენებული (პოზიტიური) ზიანის (damnum emergens) ანაზღაურება, თუმცა რესტიტუციის ვალდებულება ვრცელდება ასევე ზიანზე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ გაიზარდა დამზიანებლის ქმედების გამო, რაც მიუღებელ შემოსავლად (lucrum cessans) მოიხსენიება (რუსიაშვილი გ./ბათლიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 411, ველი 1). სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სსკ-ის 411-ე მუხლი, როგორც სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმა, თანაბრად გამოიყენება როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, აგრეთვე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული და მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე ზიანის ოდენობის განსაზღვრისას (რუსიაშვილი გ./ბათლიძე გ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 411, ველი 2).
14. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
16. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ წარმოდგენილია ზოგადი, დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივარი. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის, 30%-ის, 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ - თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ლ - თ–ს“ (ს/ნ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის, 30%-ის, 2400 ლარის გადახდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია