საქმე №ას-714-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ო–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.06.2023 წლის გადაწყვეტილებით გ.ო–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 902 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით -სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.03.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ........, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების, 5 100 კვ.მ ფართობით, საჯარო რეესტრში 07.02.2022 წლამდე აღრიცხული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება.
3.2. 28.04.2021 წლის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა იმის შესახებ, რომ დაგეგმილი იყო თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზის თბილისის აღმოსავლეთ ნაწილიდან სართიჭალამდე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცეოდა მის საკუთრებაში არსებული 5 100 კვ.მ (ს/კ: .......) მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 2 282 კვ.მ.. სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელი იყო პროექტის ფარგლებში მოქცეული (კერძო საკუთრებაში არსებული) მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების გამოსყიდვის პროცედურის დასრულება.
3.3. მოპასუხეს მოსარჩელის ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 28.12.2021 წლის გადაწყვეტილებით.
3.4. მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა მიწის ნაკვეთის ღირებულების სახით 12 551 ლარი, მწვავე ზემოქმედების ანაზღაურების სახით - 1 169 ლარი, ჯამურად - 13 720 ლარი.
3.5. მოპასუხემ მოსარჩელეს 27.01.2022 წელს ექსპროპრიაციის კომპენსაციის ანგარიშში გადაურიცხა 12 551 ლარი.
3.6. მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელი სამართალურთიერთობა სპეციფიკურია და საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე პუნქტის საფუძველზე მიღებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ამ ნორმატიული აქტების თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. სააპელაციო პალატამ მიუთითა სპეციალური კანონის 2.1 მუხლსა და 8.1 მუხლზე. განსახილველ შემთხვევაში, ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრულ საკომპენსაციო თანხის ოდენობას.
3.7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაშვები მტკიცებულებები, რომლებიც გადაწონიდა და გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებისა და არგუმენტაციის სამართლებრივ მნიშვნელობას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადაცემული კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის მოცულობა.
3.8. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 28.12.2021 წლის გადაწყვეტილებით. ამასთან, კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია ის ფაქტი, რომ მოხმობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხემ ექსპროპრიაციის უფლება მოიპოვა მოსარჩელის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. კანონიერ ძალაში შესული ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი ეს ფაქტობრივი გარემოება მოცემული დავის ფარგლებში სადავო ვეღარ გახდება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
3.9. აპელანტის (მოპასუხის) ძირითადი პრეტენზია ეხება მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის არასათანადოდ შეფასებასა და მოსარჩელის მიერ საქმეზე დართული საექსპერტო დასკვნების უპირატესად, არამართლზომიერად, გაზიარებას. მისი მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა არ შეიცავს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ, არ ასახავს ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული ქონების რეალურ ღირებულებას; სადავო დასკვნაში ექსპერტმა, შეფასების მიზნით, ანალოგების სახით მოიყვანა მხოლოდ განცხადებები და არა რეალური სარეალიზაციო ფასი, ასევე, მოსარჩელის კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას ექსპერტს არ უნდა გამოეყენებინა ანალოგი №1, ვინაიდან მდებარეობს ცენტრალურ მაგისტრალთან და წარმოადგენს კომერციულ ფართს.
3.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული პრეტენზიები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ მოპასუხემ ვერ შეძლო კვალიფიციური შედავება, ვერ წარმოადგინა წონადი მტკიცებულებები ამ დასკვნის სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა საკუთარი კვლევის მეთოდებითა და შეფასებებით დასაბუთებულია და შეეხება კონკრეტულად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომლის მიმართაც სასამართლოს არ გასჩენია რაიმე სახის ბუნდოვანება, კერძოდ, შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა დეტალურად განმარტავს გამოყენებული შეფასების კვლევის მეთოდებს (საბაზრო მიდგომა, დანახარჯების მიხედვით მიდგომა, შემოსავლების მიხედვით მიდგომა, შემოსავლების კაპიტალიზაციის მიხედვით მიდგომა), ასევე, მითითებულია გამოყენებული მეთოდების (შედარებისა და შემოსავლების კაპიტალიზაციის მეთოდი) გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებაც, განმარტებულია როგორც კვლევის, ასევე დასკვნის თითოეული ნაბიჯი, თუ რატომ დადგინდა შესაბამისი ღირებულება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დასკვნის ავტორის - თ.მ–ის ჩვენებაზეც, რომლის მიხედვით: ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად მოძიებულ უნდა იქნას ანალოგები, რომლებიც შეძლებისდაგვარად ახლოს უნდა იყოს შესაფასებელ ობიექტთან, №1 ანალოგი არ არის გზისპირზე (იხ. დასკვნა, ტომი I, ს.ფ. 62), №2 და №3 ანალოგები არის შესაფასებელი ობიექტის ზემოთ, ჩრდილოეთით, სამივე ანალოგი არის ერთ არეალში, №1 ანალოგი შემდგარი ტრანზაქციაა, გაიყიდა 20 დოლარად, თუმცა, მიმზიდველობის, მისადგომობის, ფართობისა და ეკონომიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, დაკორექტირებულია მინუს 20%, დაახლოებით მინუს 60% ჯამში (იხ. დასკვნა. ტომი I, ს.ფ. 70), ხოლო №2 და №3 ცოტა მოშორებით არის და დაკორექტირებულია 2-3%-ით. მოძიებულია ათამდე ანალოგი, თუმცა დასკვნაში მითითებულია სამი. ზოგადად, შეფასების დროს ექსპერტმა უნდა მოიძიოს რამდენიმე ანალოგი, თუმცა, რომელიც ახლოს არის ობიექტთან და ფასებით რეალურია, დაახლოებით ერთნაირი ფასები აქვს, ამ ანალოგებს იყენებს (იხ. 04.05.2023 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 12:15:50 წუთიდან). საყურადღებოა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 22.06.2021 წლის დასკვნაც (იხ. ტომი I, ს.ფ. 76-82), რომელიც ეხება მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ: ......) შესაფასებას (იხ. ტომი I, ს.ფ. 82). ეს მიწის ნაკვეთიც არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და შეფასებულია შედარების მეთოდის გამოყენებით, ხოლო მიწის ნაკვეთის ანალოგებად აღებულია იმავე სექტორში არსებული მიწის ნაკვეთები. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 7.96 აშშ დოლარი.
3.11. მოსარჩელის დასკვნის საპირწონედ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „თ.ა.ე.ჯ.ა–ის“ შეფასების ანგარიში, რომელიც ეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლების მიმდებარედ საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავებისა და სხვა აქტივების საკომპენსაციო ღირებულებას, მომზადებულია 08.02.2021 წელს. სააპელაციო პალატის შეფასებით, ანგარიში არ შეეხება კონკრეტულად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას და არის ზოგადი ხასიათის, ამასთან, დასკვნაშივე აღნიშნულია, რომ ყველა დასკვნა არის სუბიექტური და დამოკიდებულია ინდივიდუალურ მიდგომაზე. ერთი და იგივე მონაცემთა ბაზის ქონის პირობებშიც, ერთნაირი ვარაუდების გამოყენების დროსაც, ექსპერტთა მოსაზრებები შესაძლებელია განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგნ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღების შედეგად. შესაბამისად, მოცემული დასკვნა მოიცავს შემფასებლის პროფესიონალურ აზრს მის მიერ დადგენილ ღირებულების მაჩვენებელთან მიმართებით და არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტად იმისა, რომ შეფასებული ქონება ხელიდან ხელში გასხვისებული იქნება ზუსტად შეფასებული ღირებულების მიხედვით (იხ. ტომი I, ს.ფ. 266).
3.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განსჯით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ უპირატესობა სწორად მიანიჭა შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც ნივთის დეტალურ გამოკვლევასა და სხვადასხვა ობიექტების საბაზრო ღირებულებებთან მის შედარებას ემყარება. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში გამოყენებული ანალოგები, ადგილმდებარეობით უფრო ახლოს არის სადავო მიწის ნაკვეთთან, ამასთან, იმ პერიოდისაა, როდესაც მოხდა ქონების ექსპროპრიაცია (2021წ.), განსხვავებით მოპასუხის მიერ მოძიებული ანალოგებისა (2019წ.). ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ანაზღაურების შეცვლის დამაჯერებელ არგუმენტაციას და დაეთანხმა სასამართლოს მიერ გაზიარებულ არაორაზროვან და დასაბუთებულ საექსპერტო დასკვნის შედეგს. სააპელაციო პალატის დასკვნით, სადავო კომპენსაცია ის თანხაა, რომელიც მოპასუხეს მესაკუთრისათვის უნდა გადაეხადა, მის მიერ უძრავი ქონების ექსპროპრიაციის სანაცვლოდ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ექსპროპრიაციის შედეგად პირისათვის ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ განსაზღვრული კომპენსაციის სრულ და სამართლიან ოდენობამდე გაზრდის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების მართლზომიერება.
9. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრე არ ეთანხმება ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრულ საკომპენსაციო თანხის ოდენობას (შდრ. სუსგ №ას-1786-2018, 31.10.2019წ; №ას-1349-2019, 20.04.2022წ.).
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დასახელებული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს საკუთრების უფლებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.07.2019 წლის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-4). იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.06.2012 წლის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
11. ამასთან, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის შესაძლებლობას, კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
12. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის - ექსპროპრიაციის წესი და პირობები განსაზღვრულია სპეციალური კანონით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება (მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი).
13. სპეციალური კანონი ექსპროპრიაციას, როგორც სწორედ ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით (სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (სუსგ №ას-727-695-2014, 15.07.2016წ; №ას-1199-2018, 27.03.2020წ; №ას-1152-2021, 31.01.2022წ.).
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე (იხ. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი). ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ., პუნ.63; №ას-688-2022, 20.09.2022წ., პუნ.33; შდრ. ფირცხალაშვილი ა., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013წ., გვ.219-220).
15. ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით (შდრ. სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ., პუნ. 73; №-ას-1133-2019, 30.07.2021წ., პუნ. 26). სპეციალური კანონი ექსპროპრიატორის მხრიდან საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას მოითხოვს, რათა კომპენსაცია იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ., პუნ. 78).
16. კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ სასამართლომ არასწორად გაიზიარა და მიანიჭა უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (სუსგ №ას-1152-2021, 31.01.2022წ.). საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 172-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
17. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „შ.ა. და ა.ც–ის“ მიერ მომზადებული დასკვნისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.10-3.12 პუნქტები) და დამატებით მიუთითებს, რომ დასკვნაში განმარტებულია გამოყენებული შეფასების მეთოდი, შედარების ელემენტები და დეტალურადაა ასახული თუ რა მონაცემებსა და მახასიათებლებს ეყრდნობა იგი (ტ.1, ს.ფ. 31-71). აღსანიშნავია, რომ დასკვნა შეეხება კონკრეტულად მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ, ექსპროპრიაციას დაქვედებარებულ ქონებას, განსხვავებით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „თ.ა.ე.ჯ.ა–ის“ შეფასების ანგარიშისგან (ტ.1, ს.ფ. 258-323) (შდრ. სუსგ №ას-204-2024, 12.04.2024წ., პუნ. 35). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განსაზღვრეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის გადაცემული კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის მოცულობა. აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია