№ას-1100-2024
20 თებერვალი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – შპს „ბ.ს.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „დ–ი“, შპს „ჯ–ი“ (მოპასუხეები)
მეორე კასატორი – შპს „დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.ს.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ბ.ს–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „დ–ისა“ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი) და შპს „ჯ–ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირითადი თანხის 167075.85 ლარის, პირგასამტეხლოს (2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით) 344716.47 ლარისა და პირგასამტეხლოს (2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით) - 120107.65 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 116.95 ლარის გადახდა 2022 წლის 24 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების შესრულებამდე ან სხვაგვარად შეწყვეტამდე.
2. მოპასუხე შპს „ჯ–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო; კერძოდ, დაეთანხმა მოთხოვნას ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და მოითხოვა მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე. მოპასუხე შპს „დ–მა“ კი, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სარჩელი მოპასუხეების - შპს „ჯ–ისა“ და შპს „დ–ის“ მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების ძირითადი თანხის 167075.85 ლარის, პირგასამტეხლოს (2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით) - 34471.64 ლარისა და 2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს - 34 322.34 ლარის გადახდა; მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო ძირითადი თანხის (167075.85 ლარის) 0.02%-ის (ყოველდღიურად 33.42 ლარის) ოდენობით, 2022 წლის 24 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების შესრულებამდე; მოპასუხეებს შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის ანაზღაურება; მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელე შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე შპს „ბ.ს–მა“ და მოპასუხე შპს „დ–მა“. მოსარჩელე შპს „ბ.ს–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო, შპს „დ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მას სოლიდარულად დაეკისრა თანხის გადახდა შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით, შპს „ბ.ს–ისა“ და შპს „დ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „დ–ის“ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტში, შპს „დ–ი“ წარმოადგენდა თავდებს, თუ სოლიდარულ მოვალეს.
6.2. ამ მიმართებით, პალატამ პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს დადგენილ, შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.2.1. 2016 წლის 10 თებერვალს, შპს „ბ.ს.სა“ და შპს „ჯ–ს“ შორის გაფორმდა N01-100216 მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სამუშაოთა შესრულებას თბილისში, .......... რეაბილიტაციის მიზნით. მომსახურების მიახლოებითი ღირებულება შეადგენდა 295589.89 ლარს, ხოლო დასრულების თარიღი იყო 2016 წლის 15 ივნისი. მხარეებმა - შპს „ბ.ს–მა“ და შპს „ჯ–მა“, 2016 წლის 25 ივლისს გააფორმეს დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვით, მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 1700000 ლარი, ხოლო მომსახურების დასრულების ვადად - 2016 წლის 10 სექტემბერი.
6.2.2. 2016 წლის 02 აგვისტოს, სამმხრივი შეთანხმება გაფორმდა შპს „ბ.ს–ს“, შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ შორის. შეთანხმებაში აღნიშნულია შემდეგი: შპს „დ–ის“ და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“ შორის, 2016 წლის 23 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება ........ გამზირის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე („ხელშეკრულება N1“). შპს „დ–მა“ „ხელშეკრულება 1“-ით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის შესრულება თავის მხრივ, დაუკვეთა შპს „ჯ–ს“ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 06 თებერვლის ხელშეკრულებით („ხელშეკრულება N2“). შპს „ჯ–მა“ კი, „ხელშეკრულება N2“-ით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილის შესრულება თავის მხრივ, დაუკვეთა შპს „ბ.ს.ს“, რაზეც მხარეებს შორის 2016 წლის 2 თებერვალს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება („ხელშეკრულება N3“); სამმხრივი შეთანხმებით, შპს „ბ.ს–მა“ იკისრა ვალდებულება შესრულებულ სამუშაოებზე როგორც შპს „ჯ–ის“, ისე შპს „დ–ის“ წინაშე, ასევე ორივე სუბიექტის წინაშე იკისრა საგარანტიო ვალდებულება შესრულებულ სამუშაოებზე, ხოლო, შპს „დ–მა“ როგორც სოლიდარულმა მოვალემ, შპს „ბ.ს.ის“ წინაშე იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე, უფრო ზუსტად კი, იმ შემთხვევაში, თუ შპს „ჯ–ი“ ვერ უზრუნველყოფდა ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას შპს „ბ.ს–ის“ მიმართ, შპს „დ–ი“ თავის თავზე სოლიდარულად იღებდა ვალდებულებას შპს „ჯ–ის“ ნაცვლად აენაზღაურებინა შპს „ბ.ს–ისთვის“ „ხელშეკრულება 3“-ით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ასევე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი (მათ შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო).
6.2.3. 2019 წლის 13 ნოემბერს, მხარეებს, შპს „ბ.ს–ს“ (შემსრულებელს), შპს „დ–ს“ (თავდებს) და შპს „ჯ–ს“ (დამკვეთს) შორის, გაფორმდა ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი. შეთანხმების პირველი პუნქტის მიხედვით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს „ბ.ს–მა“ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით, 2016 წლის 25 ივლისის დამატებითა და 2016 წლის 2 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - შეთანხმებული ხარისხითა და შეთანხმებულ ვადებში. მე-4 პუნქტის მიხედვით, შემსრულებლის - შპს „ბ.ს–ის“ მიმართ ასანაზღაურებელი დარჩა 167075.85 ლარი. დამკვეთის მხრიდან ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევის გამო, დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით, ყოველი ვად–ადაცილებული დღისათვის, რაც 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 344716.47 ლარს; ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტის მე-7 და მე-8 პუნქტების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ან თავდები (ერთობლივად ან ცალკე) 2020 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოფენ შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოების დავალიანების (167 075.85 ლარი) სრულად ანაზღაურებას, შემსრულებელი ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევისა და ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2019 წლის 13 ნოემბრამდე დაკისრებულ პირგასამტეხლოს აპატიებს დამკვეთს. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ან თავდები (ერთობლივად ან ცალკე) 2020 წლის 31 იანვრამდე ვერ უზრუნველყოფენ შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოების დავალიანების (167 075.85 ლარი) სრულად ანაზღაურებას, დამკვეთი და თავდები (ერთობლივად ან ცალკე) ვალდებულნი იქნებიან აუნაზღაურონ შემსრულებელს, როგორც შესრულებული სამუშაოების დავალიანება, ასევე გადახდის დღისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევისა და ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო სრულად.
6.2.4. მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“, 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტით განსაზღვრული დავალიანება შემსრულებლისთვის ანაზღაურებული არ აქვთ.
6.3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა.
6.4. რაც შეეხება მხარეთა შორის სადავო 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებასა და საკითხს მასზედ, შპს „დ–ი“ წარმოადგენდა თავდებს თუ სოლიდარულ მოვალეს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველი დავა სოლიდარული თავდებობით გამოწვეული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს შეეხებოდა. პალატის განმარტებით, თავდებობის ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმები, თავდებისა და სოლიდარული თავდების ფუნქციურ დანიშნულებასა და მის კრედიტორსა და ძირითად მოვალესთან მიმართებას განმარტავს. შინაარსობრივი სხვაობის უკეთ დანახვის მიზნით, სასურველია თავდები სახელდებულ იქნას „სუბსიდიურ თავდებად“, რათა იგი მკვეთრად გაიმიჯნოს სოლიდარული თავდებისაგან. თავდებობის სუბსიდიური ხასიათი ვლინდება იმაში, რომ თავდებს შეუძლია კრედიტორის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას, ვიდრე კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას არ შეეცდება. კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე მოთხოვნა მხოლოდ სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს. თუმცა, არც სოლიდარული თავდებობაა უპირობო. სოლიდარული თავდების მიმართ წარდგენილი მოთხოვნა საფუძვლიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება, რომ ძირითადმა მოვალემ ვალდებულება დაარღვია და იგი, ვალდებულების შესრულების თაობაზე უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა არ არსებობს გაფრთხილების ვალდებულება, თუ მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თავდებობის სოლიდარული ხასიათი კრედიტორს მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს, როგორც სოლიდარული თავდების, ასევე ძირითადი მოვალის მიმართ, საკუთარი არჩევით, რომელიმე მათგანის მიმართ წინმსწრები იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
6.5. მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რათა სოლიდარული თავდებობის წარმოშობისა და მისი ნამდვილობის წინაპირობები დადგენილიყო, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი იყო, საქმის მასალებში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ თავდების წერილობით განცხადებას სამართლებრივი შეფასება მისცემოდა. პალატის მითითებით, წარმოდგენილ დოკუმენტში სახეზე არ იყო შპს „დ–ის“ წერილობითი განცხადება (თანხმობა) თავდებობაზე და არც შეთანხმება არსებობდა თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე, შესაბამისად, უდავო იყო, რომ შპს „დ–ის“ როგორც თავდებს არ წარმოშობია პასუხისმგებლობა კრედიტორის - შპს „ბ.ს–ის“ წინაშე შპს „ჯ–ის“ (ძირითადი მოვალის) მიერ შესასრულებელ ვალდებულებაზე თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში, შპს „დ–ი“ არ წარმოადგენდა თავდებს, თანახმად, სსკ-891-ე და 892-ე მუხლებით დადგენილი დანაწესისა. მხარეთა შორის 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი არ ადგენდა უფლებებს და მოვალეობებს შპს „დ–ის“ მიმართ თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ პირის პასუხისმგებლობა არ გამომდინარეობდა თავდებობის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით სამართლებრივი და პიროვნული საშუალებიდან.
6.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლზე და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა თავდებობის სამართლებრივი ინსტიტუტის ნამდვილობისთვის საჭირო იმპერატიულ და ამომწურავ ჩამონათვალს აკეთებს, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ვინაიდან ჩამონათვალი იმპერატიული, ამომწურავი და თანაც, კუმულატიურია, რომელიმე მათგანის დარღვევა თავდებობის შესახებ გამოთქმულ, თუნდაც ნამდვილ ნებას, იურიდიულ მნიშვნელობას უკარგავს. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით განმტკიცებული თავდების ხელშეკრულების ფორმასავალდებულოობა არა მხოლოდ მისი წერილობითი ფორმით შედგენას, არამედ მის შინაარსს, ანუ მასში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას მიემართება.
6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპზე, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს თავდებობის ნამდვილობის ვალდებულება ეკისრებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. სამოქალაქო კანონმდებლობით თავდებობის ნამდვილობისთვის დადგენილი კუმულატიური პირობები სახეზე არ იყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
6.8. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტიდან გამომდინარე, მოპასუხეებს, შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესასრულებელი ჰქონდათ ხელშეკრულებით წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების საფუძველზე; 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი გაფორმებული იყო შპს „ბ.ს–ს“ (შემსრულებელი), შპს „ჯ–ის“ (დამკვეთი) და შპს „დ–ის“ (თავდები) შორის. სამმხრივი აქტის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, ასანაზღაურებელი ძირითადი თანხის დავალიანებას წარმოადგენდა 167075.85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით - 344716.47 ლარი. პალატის შეფასებით, აღნიშნული სამმხრივი შეთანხმებით არ წარმოიშობოდა შპს „დ–ის“, როგორც თავდების პასუხისმგებლობა, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულება, თავდების წერილობითი განცხადება და შეთანხმება თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალურ (ზღვრულ) თანხაზე, არ არსებობდა და თავდებობისათვის ამ სავალდებულო პირობებს არც სამმხრივი შედარების აქტი ითვალისწინებდა. საყურადღებო იყო 2019 წლის 13 ნოემბრის შედარების აქტის მე 7 და მე-8 პუნქტები, სადაც გათვალისწინებული იყო, შპს „ჯ–ის“, როგორც „დამკვეთის“ და ასევე, შპს „დ–ის“, როგორც „თავდების“ ვალდებულება შესრულებული სამუშაოების დავალიანების ერთობლივად ან ცალკე ანაზღაურების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის 31 იანვრამდე შპს „ჯ–ი“ ან შპს „დ–ი“ გადაიხდიდა დავალიანების ძირითად ნაწილს, ამ შემთხვევაში მიიჩნეოდა, რომ დამკვეთის და თავდების მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იქნებოდა. ხოლო დავალიანების აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, ორივე მათგანმა, როგორც შპს „ჯ–იმ“ ასევე, შპს „დ–იმ“ იკისრეს ვალდებულება აენაზღაურებინათ შესრულებული სამუშაოების დავალიანება და ასევე გადახდის დღისათვის დარიცხული პირგასამტეხლო.
6.9. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის გაფორმებული ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტის შესწავლისა და კვლევის შედეგად, დაადგინა, რომ არსებული ძირითადი დავალიანების ან კონკრეტულ ვადამდე გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდაზე პასუხისმგებლობა იკისრა როგორც შპს „ჯ–მა“, ისე შპს „დ–მა“, ვინაიდან მათი ვალდებულებები ანაზღაურების თაობაზე მოცემულ სამმხრივ ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო ერთობლივად ან ცალკე. ანუ, მოვალეებმა იკისრეს კრედიტორის - შპს „ბ.ს–ის“ წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ერთობლივად ან ცალ-ცალკე აენაზღაურებინათ დავალიანება, ხოლო თუკი დაარღვევდნენ გადახდის ვადას, ასევე, ვალდებულნი იქნებოდნენ დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე - ერთობლივად ან ცალკე.
6.10. პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის (შპს „დ–ის“) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ვინაიდან თავდებობის წერილობითი განცხადება და თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა არ ჰქონდა განსაზღვრული, არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამუშაოს შემსრულებლის მიმართ. როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტით განსაზღვრული იყო ორივე მოპასუხის ვალდებულება, ერთობლივად ან ცალკე აენაზღაურებინათ შეთანხმებაში მითითებული თანხა. შესაბამისად, მოპასუხეები წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს კრედიტორის - შპს „ბ.ს–ის“ მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელს შეეძლო მოთხოვნა წაეყენებინა როგორც ერთი, ისე ორივე სოლიდარული მოვალის მიმართ.
6.11. შპს „ბ.ს–ის“ სააპელაციო საჩივართან მიმართებით, პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა შემცირებული პირგასამტეხლოს შეფასება.
6.12. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტით შეთანხმებული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა.
6.13. სააპელაციო პალატამ მიუთითა კერძო სამართალში მოქმედ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე და განმარტა, რომ ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტით მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე. შედარების აქტიდან გამომდინარე, დამკვეთის მხრიდან ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევის გამო, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა შემსრულებლისათვის პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით, ყოველი ვად–ადაცილებული დღისათვის, რაც 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 344716.47 ლარს (მე-5 პუნქტი). გარდა ამისა, დამკვეთი და თავდები (ერთობლივად ან ცალკე) ვალდებულნი იყვნენ აენაზღაურებინათ შემსრულებლისათვის, როგორც შესრულებული სამუშაოების დავალიანება, ასევე გადახდის დღისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევისა და ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო სრულად (მე-8 პუნქტი).
6.14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლზე, ასევე, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებზე, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერ შესაძლებლობასა და მის მიზანზე და მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპზე მითთებით, განმარტა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი - აპელანტ მხარეს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა.
6.15. სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 13 ნოემბრის შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 344 716.47 ლარის ოდენობით (მიუხედავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირგასამტეხლოს დაანგარიშების პრინციპისა), ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს და მოსარჩელის მიერ სხვადასხვა პერიოდზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ვალდებულების დარღვევის სიმძიმე, ხანგრძლივობა, შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანი და მართებულად განმარტა, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გაუმართლებელი და არაგონივრული იყო.
6.16. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა და მისი ოდენობა ნაცვლად 344 716.47 ლარისა მართებულად განისაზღვრა 34 471.67 ლარით, ხოლო ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.07%-ის ოდენობისა, 2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის პერიოდზე და ასევე, სარჩელის აღძვრიდან, 2022 წლის 24 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად განისაზღვრა შესასრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით, რაც გულისხმობდა 2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს განსაზღვრას 34322.34 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს 33.42 ლარის (ძირითადი თანხის (167 075.85 ლარის) 0.02%-ის) ოდენობით.
6.17. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის დაკისრებასთან მიმართებით, პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილშიც არ არსებობდა პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებითაც, დავის საგნისა და მისი სირთულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯი გონივრულად განსაზღვრა სასამართლომ და არ არსებობდა მისი შეცვლის საფუძვლები.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე შპს „ბ.ს.მა“ და მოპასუხე შპს „დ–მა“. მოსარჩელე შპს „ბ.ს–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე შპს „დ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ბ.ს–ისა“ და შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. შპს „ბ.ს–ის“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს და არსებულ სასამართლოს პრაქტიკას, მიღებულია კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე, ასევე, შეჯიბრობითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების სტანდარტის დარღვევით.
9.2. ამ მიმართებით, კასატორი სააპელაციო პალატის მითითებისაგან განსხვავებით, მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ს–ს“ კი არ ეკისრებოდა პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი, არამედ მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“ ეკისრებოდათ იმისი მტკიცების ტვირთი, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, თუმცა, მათ ამ გარემოების თაობაზე არც ერთი არგუმემენტი ან მტკიცებულება დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ. პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობამდე შემცირებასთან მიმართებით კი, კასატორი აღნიშნავს, რომ შემცირებული პირგასამტეხლოს კვალობაზე, ამ უკანასკნელმა დაკარგა როგორც რეპრესიული, ისე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქცია, რამეთუ ქვეყანაში სადაც სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 12-14 %-ია, ხოლო სადავო პერიოდში ინფლაცია იყო 5-13% იყო, წლიური პირგასამტეხლო 2.55% ვერ იქნება გონივრული და ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის რეალიზაციას. პირიქით, მსგავს ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირება ხელს უწყობს მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების ხანგრძლივად შეუსრულებლობას, რადგან მათთვის ვალდებულების შესრულება უფრო მძიმე ტვირთია, ვიდრე შეუსრულებლობა. კასასტორი აქვე აღნიშნავს, რომ დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება, რა დროსაც გონივრულია პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომელიც აღემატება წლიურ საბაზრო საბანკო საპროცენტო სარგებელს (რაც უზრუველყოფს პირგასამტეხლოს პრევენციულ და რეპრესიულ ფუნქციას) და ასევე, აღემატება წლიურ ინფლაციას (რაც უზრუნველყოფს ინფლაციით განცდილი ზიანის, ასევე მიუღებელი შემოსავლის მარტივ ანაზღაურებას).
9.3. ამასთან, კასასტორის მოსაზრებით, არალოგიკური და არაგონივრულია ერთი და იგივე სამართალურთიორთობაში, ერთი და იგივე მხარეებს შორის, ერთი და იგივე ვალდებულების დარღვევისათვის ერთ შემთხვევაში 0,07%-ის განსაზღვრა პირგასამტეხლოს სახით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 0.02%-ის განსაზღვრა. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.
9.4. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა საკითხი პროცესუალური თვალსაზრისითაც და დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რამეთუ მოპასუხეებს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ ღირებული შედავება პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც შეიძლება მისი შემცირების საფუძველი გამხდარიყო. შპს „ჯ–მა“ შესაგებელში ფორმალურად მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა მისი შემცირება, ხოლო შპს „დ–ი“ მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლა, რომ პირგასამეხლო მაღალია და მისი შემცირება არც კი მოუთხოვია. სხვა რაიმე დასაბუთება და არგუმენტები კი, მხერეებს არ წარმოუდგენიათ.
9.5. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხეთათვის ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის დაკისრებასაც და მიაჩნია, რომ მითითებული თანხა, რაც დაკმაყოფილებული მოთხოვნის (239000 ლარი) 0,41 %-ს შეადგენს, არ შეესაბამება არც დავის სირთულესა და არც გაწეულ სამუშაოს.
10. შპს „დ–ის“ საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად გამოიყენა, თუმცა არასწორად განმარტა თავდებობის სამართლებრივი ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმები (სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლები); ამასთან, სასამართლომ გამოიყენა ნორმები (სსკ-ის 463-ე და 464-ე მუხლები), რომლებიც არ უნდა გამოიყენებინა. გარდა ამისა, სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და შპს „დ–ს“ დააკისრა თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი იმ პირობებში, რომ შპს „დ–ი“ შესაგებელში გარიგების ბათილობასა და იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ბათილი გარიგება ვერ წარმოშობდა უფლებებსა და ვალდებულებებს მხარეთა მიმართ.
10.2. კასატორის მითითებით, განსახილველ დავაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუმცა არ უმსჯელია თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა ჰქონდათ მხარეებს განზრახული 2019 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ამასთან, რამდენად დასაშვებია გარიგების კონვერსია მაშინ, როდესაც არ არსებობს მხარეთა თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც თეორულად შეიძლება დაეფუძნოს შპს „ბ.ს–ის“ მოთხოვნა, არის 2019 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი. აღნიშნული შეთანხმებით ცალსახად დგინდება, რომ მხარეთა ნება იყო შპს „დ–ის“ სოლიდარული თავდებობა შპს „ჯ–ის“ მიერ შპს „ბ.ს–ისთვის“ შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში. შპს „დ–ი“ შპს „ბ.ს–ისა“ და შპს „ჯ–ის“ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენდა თავდებს, თუმცა, შეთანხმება არ შეიცავს მითითებას თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვარსა და თავდების წერილობით განცხადებას, რაც თავდებობის ხელშეკრულებისთვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული, სავალდებულოდ დასაცავი წინაპირობაა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს ფორმადაუცველობის გამო ბათილად უნდა მიეჩნია შპს „დ–ის“ თავდებობა, თუმცა, ნაცვლად ამისა, სასამართლომ ბათილი ხელშეკრულების კონვერსია მოახდინა ისე, რომ აღნიშნულზე არ ჰქონდა მხარეთა თანხმობა, რითაც გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებსა და მხარეთა ნებას.
10.3. გარდა ამისა, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე (თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს) და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დააკისრა სასამართლომ თითქმის 3 წლის შემდეგ პირგასამტეხლო და ძირი თანხა თავდებს, როცა აღნიშნული ვადის გადაცილების შესახებ თავდები ინფორმირებული არ ყოფილა.
11. საქართველოს სამოქალაქო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით, შპს „ბ.ს–ისა“ და შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ შპს „ბ.ს.ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ, ხოლო, შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს შეეხება. სარჩელი მიმართული იყო ერთდროულად ორი მოპასუხის - შპს „ჯ–ისა“ და შპს „დ–ის“ მიმართ, თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, შპს „ჯ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა დადგენილია და ამ ნაწილში, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რაც სამართლებრივი შეფასების კუთხით იმაზე მეტყველებს, რომ შპს „ჯ–ი“ დაეთანხმა მის მიმართ სასამართლოს მიერ დაკისრებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობასა და მის მოცულობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა უფლებამოსილი არ არის შპს „ჯ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების მავალდებულებელი წინაპირობები გამოიკვლიოს და სხვაგვარი სამართლებრივი მსჯელობა განავითაროს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია შპს „დ–ის“ მიმართ დადგენილი, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის სტანდარტი - ამ უკანასკნელისათვის, შპს „ჯ–თან“ ერთად, შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლიანობა (შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში) და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მართლზომიერება (შპს „ბ.ს–ის“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში).
15.შპს „დ–ის“ იურიდიული პასუხისმგებლობის საფუძვლიანობის ნაწილში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე იმ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნებოდა, რომ 2019 წლის 13 ნოემბერს, შპს „ბ.ს–ს“ (შემსრულებელს), შპს „დ–სა“ (თავდებს) და შპს „ჯ–ს“ (დამკვეთს) შორის გაფორმდა ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეებმა ერთობლივად იკისრეს კონკრეტულ ვადამდე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო, გადაუხდელობის შემთხვევაში - დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, დავალიანება გადახდილი დღემდე არ არის.
16.მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ შპს „ბ.ს–ს“ (შემსრულებელს), შპს „დ–სა“ (თავდებს) და შპს „ჯ–ს“ (დამკვეთს) შორის გაფორმებული 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი არ ითვალისწინებდა შპს „დ–ის“, როგორც თავდების უფლება-მოვალეობებს და ეს უკანასკნელი, მოცემულ სამართალურთიერთბაში არ წარმოადგენდა თავდებს, თუმცა მოპასუხეებს - შპს „ჯ–სა“ და შპს „დ–ს“, მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესასრულებელი ჰქონდათ ხელშეკრულებით წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების საფუძველზე. კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებით, რამდენადაც მხარეთა შორის, 2019 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტით განსაზღვრული იყო ორივე მოპასუხის, როგორც შპს „ჯ–ის“, ისე შპს „დ–ის“ ვალდებულება, ერთობლივად ან ცალკე-ცალკე აენაზღაურებინათ შეთანხმებაში მითითებული თანხა, ისინი წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს კრედიტორის (შპს „ბ.ს–ის“) მიმართ, რომელსაც შეეძლო მოთხოვნა წაეყენებინა როგორც ერთი, ისე ორივე სოლიდარული მოვალის მიმართ.
17.მეორე კასატორის (შპს „დ–ის“) ძირითადი პრეტენზია წარმოდგენილია 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტის სამართლებრივი შეფასების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრების საპირისპიროდ, მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ს–ს“ (შემსრულებელს), შპს „დ–სა“ (თავდებს) და შპს „ჯ–ს“ (დამკვეთს) შორის გაფორმებულ სამმხრივ შეთანხმებაში, მხარეთა ნება მიმართული იყო არა ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისაკენ, არამედ შპს „ჯ–ის“ მიერ, შპს „ბ.ს–ის“ წინაშე შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში, შპს „დ–ის“ სოლიდარული თავდებობისაკენ, თუმცა, რამდენადაც არ დასტურდება თავდებობის სამართლებრივი ინსტიტუტის ნამდვილობისთვის დადგენილი კუმულატიური პირობების (თავდების წერილობითი განცხადება (თანხმობა) თავდებობაზე და შეთანხმება თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრულ მაქსიმალური (ზღვრულ) თანხაზე) არსებობა, კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „დ–ს“, შპს „ბ.ს–ის“ წინაშე, სოლიდარული თავდებობით ნაკისრი მოვალეობის შესრულების ვალდებულება, არ წარმოშობია.
18.განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, იზიარებს მეორე კასატორის - შპს „დ–ის“ საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტიდან გამომდინარე, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლით გათვალისწინებულ, ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას და სადავო სამმხრივი შეთანხმება, შესრულების არსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას.
19.ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაციის საპირისპიროდ განმარტავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ რამდენიმე პირის მიერ ვალდებულების შესრულება იქნა შეთანხმებული, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეობად მიჩნევისათვის არაა საკმარისი და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვადასხვა გარემოებები.
20.სოლიდარული ვალდებულების არსებობის განმარტების მნიშვნელოვანი წინაპირობაა მოვალეთა ნება, ვალდებულების შესრულებით სხვა მოვალეებიც გაათავისუფლოს ვალდებულების შესრულების ტვირთისაგან (შდრ. Böttcher L , in Ermann BGB Komm.,15-e Aufl., 2017, §421, Rn.20). საეჭვოობისას ხელშეკრულებისა და ნების განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებისა (სსკ-ის 337-340-ე მუხლები) და ნების გამოვლენის განმარტების (სსკ-ის 52-ე მუხლი) წესების გამოყენებით, აგრეთვე სოლიდარული ვალდებულების მომწესრიგებელ ნორმათა მოხმობით უნდა დადგინდეს, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს.
21.სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.
22.ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (ხელშეკრულების განმარტების საკითხებზე იხ., სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
23.დავის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისა და თავდებობის სამართალურთიერთობის თავისებურებებზე.
23.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.
23.2. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი (შდრ. სუსგ №ას- 164-158-2011, 01 აგვისტო, 2011). გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. კრედიტორს შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში, თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
23.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა (Numerus Clausus).
23.4. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია ხელშეკრულება. იმისათვის, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვას, აუცილებელია, რომ რამდენიმე პირმა სოლიდარულად იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე. სოლიდარულმა მოვალეებმა კრედიტორთან ხელშეკრულება შესაძლოა ერთდროულად ან ცალ-ცალკე გააფორმონ. შესაძლებელია სოლიდარული ვალდებულების შეთანხმების შემდეგ, კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთი მოვალე შემდეგ შევიდეს ვალდებულებაში სოლიდარულ მოვალედ (შდრ. Gebauer, in Sorgel, BGB Kommentar, Schuldrecht 3/3, 13. Aufl., 2010, §421, Rn.6). მთავარია კრედიტორთან გაფორმებული შეთანხმება ნათლად ადასტურებდეს თითოეული მოვალის სურვილს - სხვა მოვალეებთან ერთად სოლიდარულად აგონ კრედიტორის წინაშე პასუხი (შდრ. Looschelders, in Staundinger, BGB Komm 2012, Buch II, §421, Rn.53). სოლიდარული ვალდებულების შესახებ შეთანხმებას იმ შემთხვევაშიც ექნება ადგილი, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კრედიტორს საკუთარი სურვილისამებრ მთლიანად ანდა ნაწილობრივ შეუძლია ნებისმიერი მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, დანარჩენებსაც ათავისუფლებს შესრულების ტვირთისაგან (შდრ. K.Schreiber, Die Gesamtschuil, Jura 1989, s.354.).
23.5. რაც შეეხება თავდებობის სამართალურთიერთობასა და მის თავისებურებებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდებობა ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თავდები კისრულობს ვალდებულებას, პასუხის აგოს კრედიტორის წინაშე, მოვალის მიერ ნაკისრი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. სანივთო უზრუნველყოფისაგან განსხვავებით, თავდებობა პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებად გვევლინება (იხილეთ: ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012 წ., გვ.182; ირ.რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი (თანაავტორობით), თბილისი, 2014 წ., გვ. 546.), რომლის დროსაც კრედიტორის შესრულების ინტერესის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტი მნიშვნელობა თავდების გადახდისუნარიანობას ენიჭება (იხ. სუსგ №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ.).
23.6. თავდებობა, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება, შესაძლოა, ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში, შესაძლოა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები: №ას-132-2019, 30 ივნისი, 2021 წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ).
23.7. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც. თავდებობის აქცესორული ბუნება იმპერატიული ხასიათისაა და მხარეთა შეთანხმებით მისი შეზღუდვა, ანდა გამორიცხვა უზრუნველყოფის სახის ცვლილებას განაპირობებს (შდრ. სუსგ-ები: №ას-836-802-2016, 20 იანვარი, 2016წ; №ას-97-2019, 05 ივლისი, 2019 წ; №ას-726-2019, 05 ივლისი, 2019წ). თავდებობის მთავარი ელემენტი არის მისი აქცესორული/დამხმარე ხასიათი (იხ. The Suertyship in the Law of the Member States of the European Communities – Commission of the European Communities, 1971, Study prepared by the "Max-Planck-lnstitut für ausländisches und internationales Privatrecht", Hamburg – par.20, 43, 53, 58; იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019 წ.)
23.8. თავდებობა შეიძლება იყოს: სუბსიდიური და სოლიდარული. სუბსიდიური თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორი არ არის უფლებამოსილი, ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართოს თავდებს, თუ მან ძირითადი მოვალის მიმართ არ სცადა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ სასამართლოსადმი მიმართვის გზით შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მაგრამ აღნიშნული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, მას უფლება აქვს მიმართოს თავდებს ძირითადი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სუბსიდიური თავდებობა, თანამედროვე საქმიან ურთიერთობებში არაპრაქტიკულად მიიჩნევა და შესაბამისად ნაკლები დაინტერესებით გამოირჩევა.
23.9. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები, ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ თავდებობის ისეთი ფორმა, რომელიც სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად იქცევა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა). აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფორმას წარმოადგენს. ამ დროს კრედიტორს შეუძლია შესრულების მოთხოვნით მიმართოს როგორც ძირითად მოვალეს, ასევე თავდებსაც ან/და რამდენიმე თავდებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თავდებობის სოლიდარული ხასიათი კრედიტორს მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს, როგორც სოლიდარული თავდების, ასევე ძირითადი მოვალის მიმართ, საკუთარი არჩევით, რომელიმე მათგანის მიმართ წინმსწრები იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე.
24.იმ გარემოების გამორკვევის მიზნით, 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტიდან გამომდინარე, შპს „დ–ი“ წარმოადგენდა თავდებს თუ სოლიდარულ მოვალეს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში განთავსებული სადავო სამმხრივი შეთანხმების როგორც ცალკეულ დებულებებზე, ისე მთლიან შინაარსზე, რომლის მიხედვით, ერთი მხრივ, შპს „ბ.ს–ი“ (შემსრულებელი), მეორე მხრივ, შპს „დ–ი“ (თავდები) და მესამე მხრივ, შპს „ჯ–ი“ (დამკვეთი), იმდენად, რამდენადაც:
ა) 2016 წლის 10 თებერვალს „დამკვეთსა“ და „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება N01-100216, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ამავე ხელშეკრულების ყველა დანართს;
ბ) 2016 წლის 25 ივლისს „დამკვეთსა“ და „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულების N01-100216 დამატება;
გ) 2016 წლის 02 აგვისტოს „დამკვეთს“, „შემსრულებელსა“ და „თავდებს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, „თავდებმა“ იკისრა ვალდებულება აუნაზღაუროს „შემსრულებელს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი გადასახდელი თანხის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას „შემსრულებლის“ მიმართ, ასევე, ამავე ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანი, მათ შორის, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო
შეთანხმდნენ შემდეგზე;
- შემსრულებელმა - შპს „ბ.ს–მა“ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა 2016 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულებით, 2016 წლის 25 ივლისის დამატებითა და 2016 წლის 2 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეთანხმებული ხარისხითა და შეთანხმებულ ვადებში (შეთანხმების 1-ლი პუნქტი);
- მხარეები ადასტურებენ, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, დამკვეთს შპს „ჯ–ს“, შემსრულებლის - შპს „ბ.ს–ის“ მიმართ, ჯამში გააჩნია დავალიანება 511792,32 ლარის ოდენობით, მათ შორის, ძირი - 167075.85 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო 344 716.47 ლარი (შეთანხმების მე-6 პუნქტი);
- იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ან თავდები (ერთობლივად ან ცალკე) 2020 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოფენ შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოების დავალიანების (167075.85 ლარი) სრულად ანაზღაურებას, შემსრულებელი ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევისა და ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2019 წლის 13 ნოემბრამდე დაკისრებულ პირგასამტეხლოს აპატიებს დამკვეთს - შპს „ჯ–ს“ (შეთანხმების მე-7 პუნქტი);
- იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ან თავდები (ერთობლივად ან ცალკე) 2020 წლის 31 იანვრამდე ვერ უზრუნველყოფენ შემსრულებლისათვის შესრულებული სამუშაოების დავალიანების (167075.85 ლარი) სრულად ანაზღაურებას, დამკვეთი და თავდები (ერთობლივად ან ცალკე) ვალდებულნი იქნებიან აუნაზღაურონ შემსრულებელს, როგორც შესრულებული სამუშაოების დავალიანება, ასევე გადახდის დღისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევისა და ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო სრულად (შეთანხმების მე-8 პუნქტი).
25. ზემოაღნიშნული სამმხრივი შეთანხმების მთლიანი შინაარსის მიხედვით, დგინდება, რომ მოვალეს (შპს „ჯ–ს“) კრედიტორის (შპს „ბ.ს.ის“) მიმართ მართებს დავალიანება, რაც 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, ჯამში შეადგენს 511792,32 ლარს. შეთანხმების შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ მოვალე არის შპს „ჯ–ი“, რომელსაც შპს „დ–ი“ უდგება თავდებად და ეს უკანასკნელი გამოხატავს კრედიტორსა (შპს „ბ.ს–ს“) და მოვალეს (შპს „ჯ–ს“) შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი, მოვალის ვალდებულების შესრულების მზაობას. შეთანხმებიდან ცალსახად დგინდება ისიც, რომ თავდაპირველად (2016 წლის 02 აგვისტოს შეთანხმებით, რომელიც წარმოადგენს 2019 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველს), შპს „დ–მა“, როგორც თავდებმა, იკისრა ვალდებულება გაეზიარებინა მოვალის - შპს „ჯ–ის“ ფინანსური პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე თავად ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი, გადასახდელი თანხის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებას (იხ. სადავო სამმხრივი შეთანხმების შესავალი ნაწილის „გ“ პუნქტი), რაც მოიაზრებს თავდების შესაძლებლობას, კრედიტორის დაკმაყოფილებაზე უარი თქვას მანამ, სანამ კრედიტორი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას არ შეეცდება. მაშასადამე, თავდაპირველ შეთანხმებაში (02.08.2016 წ.), თავდებობის სუბსიდიური ხასიათი ვლინდება. რაც შეეხება მოცემულ სამმხრივ შეთანხმებას (13.11.2019 წ.), ამ უკანასკნელით, შპს „დ–ი“, როგორც „თავდები“, იღებს კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულებას სოლიდარულად (ერთობლივად) ან/და ერთპიროვნულად (ცალ-ცალკე), რითაც, თავდებმა ფაქტობრივად, კრედიტორი აღჭურვა შესაძლებლობით, მოთხოვნა საკუთარი არჩევით წაუყენოს როგორც თავდებს, ასევე ძირითად მოვალეს, რომელიმე მათგანის მიმართ, წინმსწრები იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, რაც სოლიდარული თავდებობის შემადგენლობას იძლევა, რამეთუ მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე მოთხოვნის წარდგენის უფლება კრედიტორს, მხოლოდ სოლიდარული თავდების მიმართ გააჩნია. ასეთ პირობებში, მტკიცების ტვირთის ობიექტური გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ კრედიტორს უნდა ემტკიცებინა, თუ რა საფუძველი არსებობდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების სხვაგვარად განმარტებისთვის, თუმცა, კრედიტორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატას აფიქრებინებდა, რომ სადავო სამმხრივ შეთანხმებაში ნება მიმართული იყო არა შპს „დ–ის“ სოლიდარული თავდებობის წარმოშობისაკენ, არამედ სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული, ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისაკენ. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს შპს „დ–ის“ მოსაზრებას მასზედ, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტის გაფორმებისას, მხარეთა ნება მიმართული იყო კრედიტორის წინაშე შპს „დ–ის“, როგორც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობისაკენ. აქედან გამომდინარე, შპს „დ–ის“ მიმართ წარდგენილი მოთხოვნის იურიდიული მართებულობის შეფასების მიზნებისათვის, მოსარჩელეს სოლიდარული თავდებობის ნამდვილობის მტკიცების ვალდებულება ეკისრებოდა.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ იგი სსკ-ის 891-ე და 892-ე მუხლით დადგენილ წინაპირობებს აკმაყოფილებდეს. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მის წერილობით ფორმას განსაზღვრავს, ასევე, მოითხოვს თავდების განცხადებას და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითებას (სსკ-ის 892-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები: №ას-1338-2021, 18 ივლისი, 2022 წ.; №ას-4-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წ.; №ას-1801-2019, 28 მაისი, 2020 წ.).
27.თავდებობა, აღიარებული შეხედულების მიხედვით, არის ცალმხრივი მავალდებულებელი ხელშეკრულება თავდებსა და ძირითადი ვალდებულების კრედიტორს შორის. ეს ხელშეკრულება შედგება თავდების ვალდებულებისაგან, ხოლო კრედიტორი იღებს მხოლოდ ამ ვალდებულებას საპასუხო შესრულების დაპირების გარეშე. თავდების მიერ ნაკისრი ვალდებულების მიღება კრედიტორის მიერ დასტურდება თავდების წერილობითი განცხადების მიღებით, რაც კრედიტორმა შეიძლება ხელმოწერით დაადასტუროს ან უბრალოდ ჩაიბაროს. მთავარია, რომ ამ დოკუმენტზე იყოს თავდების ხელმოწერა, რაც მისგან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წინაპირობაა. კანონი არ ითვალისწინებს, რომ კრედიტორმა წერილობით უნდა მიიღოს თავდების განცხადება. წერილობითი ფორმის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ თავდების განცხადებაზე. აქედან გამომდინარე, სრულიად ზედმეტია ორი დოკუმენტის შედგენა. რაც მთავარია, კანონი ამას არ მოითხოვს (იხ. „კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი“, ჭანტურია ლადო, გამომცემლობა „სამართალი“, თბ. 2012წ., გვ.187-188).
28.გარდა ამისა, კანონმდებელი არ აკეთებს დათქმას იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს თავდებობის ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობის განსაზღვრა. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულებაში პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის მითითების ვალდებულება თავდების უფლებების მაქსიმალურად დაცვის მიზანს ემსახურება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ძირითადი ვალდებულება არაფულადია, ან ფულადია, მაგრამ მზარდია, ასეთ დროს კანონმდებლის მიზანია თავდებს ვალდებულების აღების დროს ზუსტად გააცნოს ვალდებულების ის მოცულობა, რომლის თავის თავზე კისრებასაც იგი აპირებს (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1338-2021, 18/07/2022 წ.).
29.განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდებობის დოკუმენტში (სადავო შეთანხმებაში) არ არის შეთანხმება თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის ოდენობაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ სადავო შეთანხმებაში ფიქსირებული ვალი, დროთა განმავლობაში ზრდას და ცვლილებას განიცდის (პირგასამტეხლოს მხედველობაში მიღებით), რის გამოც იგი ვერ განიხილება იმ ვალდებულების ზღვრულ, მაქსიმალურ ოდენობად, რომლის თავდებობის ვალდებულებაც შპს „დ–მა“ იკისრა. აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივი შეფასების გაკეთების შესაძლებლობას, წარმოდგენილი შეთანხმება არ იძლევა. შესაბამისად, სახეზე არ არის თავდებობის ნამდვილობისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი კუმულატიური პირობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სადავო შეთანხმება თავდების განცხადების ნაწილში, სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა) საფუძველზე, ბათილია, რაც შპს „დ–ს“, სოლიდარული თავდებობით ნაკისრი მოვალეობის შესრულების ვალდებულებას არ წარმოუშობს.
30.გარდა ამისა, რამდენადაც სადავო სამმხრივი შეთახმება სახელდებულია, როგორც „ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი“, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ აღნიშნული ვერ შექმის თანხის ანაზღაურებაზე შპს „დ–ის“ ვალდებულების წარმოშობის საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) საფუძველზე. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტების საკითხზე, სამართლის თეორიაში გაბატონებულ შეხედულებებსა და დადგენილ სტაბილურ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რამეთუ თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს.
31.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას, ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, გვ. 174, http://lawlibrary.info/ge/books/giz2019-ge-civil_code_comm_III_book.pdf). რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე... დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით (იქვე, გვ.176).
32.საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკითაც დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი).
33.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელწერილით ხდება ვალის ამღიარებლის მხრიდან მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მიიჩნევა, რომ ვალის ამღიარებელი ვალს, კრედიტორთან არსებული სამართალურთიერთობის საფუძველზე, როგორც თავის ვალს, ისე აღიარებს.
34.მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სადავო სამმხრივი შეთანხმება სახელდებულია, როგორც „ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტი“, თუმცა შინაარსის მიხედვით, დგინდება, რომ შპს „დ–ი“ გამოხატავდა სხვისი, ამ შემთხვევაში, შპს „ჯ–ის“ ვალდებულების შესრულების მზაობას, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელწერილი, არ წარმოადგენს შპს „დ–ის“ მხრიდან ვალის აღიარებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტშიც.
35.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არ წარმოშობილა სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება, რამეთუ სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს შპს „დ–ის“ მხრიდან ვალის აღიარებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტშიც. პალატა მიიჩნევს, რომ სადავო სამმხრივი შეთანხმება შესრულების არსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას, რომელიც მისი ნამდვილობისათვიოს აუცილებელი კუმულატიური პირობების არ არსებობის გამო, ბათილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, შპს „ბ.ს–ის“ წინაშე, შპს „დ–ის“ იურიდიული პასუხისმგებლობა არ წარმოშობილა.
36.რაც შეეხება შპს „ბ.ს.–ის“ ძირითად საკასაციო პრეტენზიას, იგი მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს.
37.ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი). ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
38.მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარებისა და ბუღალტრული შედარების აქტით, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე. შედარების აქტიდან გამომდინარე, დამკვეთის მხრიდან ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევის გამო, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა შემსრულებელს პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით, ყოველი ვად–ადაცილებული დღისათვის, რაც 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 344716.47 ლარს (მე-5 პუნქტი). გარდა ამისა, დამკვეთი და თავდები (ერთობლივად ან ცალკე) ვალდებულნი იყვნენ აენაზღაურებინათ შემსრულებლისათვის, როგორც შესრულებული სამუშაოების დავალიანება, ასევე გადახდის დღისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების გადახდის ვადების დარღვევისა და ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლო სრულად (მე-8 პუნქტი).
39.დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომელმაც იმოქმედა რა, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში, მოპასუხეთა მითითების საფუძველზე, იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რის გამოც, უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო ნაცვლად 344716.47 ლარისა, უნდა განსაზღვრულიყო 34 471.67 ლარის ოდენობით; ხოლო, 2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის პერიოდზე და ასევე, სარჩელის აღძვრიდან, 2022 წლის 24 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს დაანგარიშება, ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.07%-ის ოდენობისა, უნდა განხორციელებულიყო შესასრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით, რაც გულისხმობდა 2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს განსაზღვრას 34322.34 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს განსაზღვრას 33.42 ლარის (ძირითადი თანხის (167 075.85 ლარის) 0.02%-ის) ოდენობით.
40.განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ რამდენადაც მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ღირებული შედავება პირგასამტეხლოს ნაწილში, სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაუსაბუთებლად შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმეზე Nას-1511-2018, 26.03.2019 წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ საქმეზე Nას-186-2021, 25.03.2021 წ.).
41.მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხის შესაგებელში გამოთქმულ შედავებას მასზედ, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა პროცენტთან მიმართებით შეუსაბამოდ დიდია; ამასთან, პალატა ითვალისწინებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, დავალიანების ძირითად ოდენობას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც დავალიანების ძირითად ოდენობაზე გაცილებით მეტია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება შესრულების ვად–ადაცილებით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი და საბოლოო ჯამში, მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე, რაც სწორად გაიზიარა სააპელაციო პალატამ, თუმცა, მეორე მხრივ, ერთი და იმავე სამართალურთიერთობაში, ერთი და იმავე მხარეებს შორის, ერთი და იმავე ვალდებულების დარღვევისათვის, სხვადასხვა პერიოდებზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არალოგიკურად, შესაბამისი მოტივაციის გარეშე, არაგონივრულად შეამცირა სხვადასხვა პროცენტულ ოდენობამდე, რაც შემდგომ, არასწორად გაიზიარა სააპელაციო პალატამ. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა იზიარებს შპს „ბ.ს–ის“ საკასაციო პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ როგორც 2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით, ისე სარჩელის აღძვრამდე და შემდგომში, ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ერთი და იმავე პროცენტული მაჩვენებლებით - 0,02%-ებით, რაც 2019 წლის 13 ნოემბრის პერიოდისათვის შეადგენს 98488.5 ლარს, ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 34471.67 ლარისა, ხოლო სარჩელის აღძვრამდე და შემდგომში, ვალდებულების შესრულებამდე პერიოდებისათვის შეადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოდენობას.
42.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
43.დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
44.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
45.განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი, სწორედ შემდავებელს, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს - შპს „ბ.ს–ს“ ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ნაწილობრივ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა და ერთი და იმავე მხარეებს შორის, ერთი და იმავე ვალდებულების დარღვევისათვის, სხვადასხვა პერიოდებზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სხვადასხვა პროცენტულ ოდენობამდე არალოგიკურად შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობა დაადასტურა.
46.რაც შეეხება შპს „ბ.ს–ის“ დამატებით საკასაციო პრეტენზიას ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მითითებს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული/გასაწევი ხარჯის დაანგარიშების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ასევე, ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: დავის კატეგორია, ადვოკატმა კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა და ასკვნის, რომ წარმომადგენლის ჩართულობის ხარისხისა და საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ოდენობა - 1000 ლარის ოდენობით, წარმოადგენს მხარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
50. მოცემულ შემთხვევაში, შპს „დ–ის“ დაკმაყოფილებული საკასაციო მოთხოვნის შესაბამისად, შპს „ბ.ს–ს“ შპს „დ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში შპს „დ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 15000 ლარის (7000+8000) ანაზღაუარება; ხოლო, შპს „ბ.ს–ის“ დაკმაყოფილებული საკასაციო მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე შპს „ჯ–ს“ შპს „ბ.ს–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 8780 ლარის (2195+3073+3512) ანაზღაუარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „დ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. შპს „ბ.ს–ის“ სარჩელი შპს „დ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ბ.ს–ის“ სარჩელი შპს „ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
6. მოპასუხე შპს „ჯ–ს“ (......) შპს „ბ.ს–ის“ (.......) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირი თანხის 167 075.85 ლარის, პირგასამტეხლოს (2019 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით) 98488.5 ლარის, პირგასამტეხლოს (2020 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით) 34322.34 ლარის გადახდა.
7. მოპასუხე შპს „ჯ–ს“ (....) შპს „ბ.ს–ის“ (........) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო გადახდა, ძირითადი თანხის - 167075.85 ლარის 0.02%-ის, ყოველდღიურად 33.42 ლარის ოდენობით, 2022 წლის 24 ნოემბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) ვალდებულების შესრულებამდე.
8. მოპასუხე შპს „ჯ–ს“ (.......) შპს „ბ.ს–ის“ (.....) სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.
9. მოპასუხე შპს „ჯ–ს“ (.....) შპს „ბ.ს–ის“ (.....) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 8780 ლარის (2195+3073+3512) ანაზღაუარება.
10. შპს „ბ.ს.ს“ (.....) შპს „დ–ის“ (.........) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში შპს „დ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 15000 ლარის (7000+8000) ანაზღაუარება.
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე