№ას-1516-2024
13 მარტი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.გ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა: მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სააგენტოს 2020 წლის 07 აგვისტოს N161-9 ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 2 200 ლარის ოდენობით, ასევე დანამატისა და პრემიის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2020 წლის 07 აგვისტოს N161-9 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური გათავისუფლების დღიდან - 2020 წლის 07 აგვისტოდან სამუშაოზე აღდგენამდე, თანამდებობრივი სარგოს და დანამატის ცვლილების გათვალისწინებით.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მ.გ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. მოსარჩელე მ.გ–ა 2012 წლის 05 აპრილიდან მუშაობდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
8.2. მ.გ–ას, როგორც სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: უფლებამოსილების ფარგლებში წარემართა სამმართველოს საქმიანობა; გაენაწილებინა ფუნქციები თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელი იყო სამმართველოს მუშაობაზე; ზედამხედველობდა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ეცნობებინა და ვიზირება გაეკეთებინა სამმართველოში მომზადებული დოკუმენტებისათვის; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყო ხელმძღვანელობის დავალებთა დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულება; კოორდინიცია გაეწია სამმართველოს მიმდინარე დავალებების შესრულებაზე; შუამდგომლობდა ხელმღძვანელის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელი იყო სამმართველოს ამოცანების შესრულებისათვის; წარედგინა სააგენტოს უფროსისათვის წინადადებები სამმართველოს მუშაობის ორგანიზების, სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; თვეში ერთხელ წარედგინა ანგარიში სააგენტოს უფროსის სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; კომპეტენციის ფარგლებში გამოეცა ბრძანებები; უზრუნველეყო სურსათით გამოწვეული დაავადებების გამოვლენის შესახებ საქართველოს შორიმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთინფორმირებულობა; ორგანიზება გაეწია სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ორგანიზება გაეწია ცხოველების გადაყვანა-გადარეკვაზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება; შეედგინა კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში; უზრუნველეყო სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენა ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის.
8.3. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2019 წლის 14 მაისის №16-3 ბრძანებით, მ.გ–ას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 07 მაისის №6698/09 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნა. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი გახდა უშუალოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ - მ.გ–ას დაქვემდებარებაში მყოფი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ინსპექტორის გ.კ–ის მიერ ცხოველების თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაციისათვის განკუთვნლი 900 დოზა ვაქცინა ინახებოდა დადგენილი წესის (ცივი ჯაჭვის პრინციპის) დარღვევით, კერძოდ, მაცივრის გარეშე. ამის გამო, 900 დოზა ვაქცინა მიჩნეულ იქნა გამოყენებისათვის უვარგისად. ამ დარღვევაზე მ.გ–ას არანაირი რეაგირება არ ჰქონია, ამის შესახებ წერილობით არ მოახსენა და არ შეატყობინა სააგენტოს ხელმძღვანელობას. მ.გ–ას აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია, რის გამოც მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
8.4. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 20 მარტის №16-3 ბრძანებით, მ.გ–ას მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება“. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 თებერვლის №2639/09 და 2020 წლის 16 მარტის №3535/09 მოხსენებითი ბარათებით წარმოდგენილი დასკვნები. დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი გახდა უშუალოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ - 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ვაქცინებისა და საყურე ნიშნების დანაკლისი. ამასთან, მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი კ. კ–ა, 2020 წლის 8, 9 და 10 იანვარს, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში. ამ დარღვევებზე მ.გ–ას არანაირი რეაგირება არ ჰქონია, ამის შესახებ წერილობით არ მოახსენა და არ შეატყობინა სააგენტოს ხელმძღვანელობას. მ.გ–ას აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილი წესით სადავო არ გაუხდია, რის გამოც მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
8.5. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 07 აგვისტოს №161-9 ბრძანებით, მ.გ–ასთან შეწყდა შრომის ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისად, გათავისუფლდა სამუშაოდან. მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო - სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 17 ივლისის №8962/09 დასკვნა. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველი გახდა უშუალოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ - 2019 წლის 23 დეკემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინსპექტორებმა ა.შ–ვამ და მ.წ–ამ ჩაატარეს არაგეგმიური ინსპექტირება ი/მეწარმე გ.ი–ას სასაკლაოზე, ქ. მარტვილი, ........... ქუჩა №28. ინსპექტირებისას აღმოაჩინეს, რომ 2019 წლის 01 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით დაკლული იყო 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე, რაზედაც არც მათი და არც მ.გ–ას მიერ არ მომხდარა კანონის შესაბამისი რეაგირება.
8.6. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დ.ბ–ის 2020 წლის 08 მაისის №5303/09 მოხსენებით ბარათში მითითებულია შემდეგი: „შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 23 დეკემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორები მ.წ–ა და ა.შ–ა სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად იმყოფებოდნენ მარტვილში, ........... ქ. №28-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე „ი.მ. გ.ი–სთან". დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველთა სასაკლაოზე დეკემბრის თვეში დაკლული იყო 54 სული მ.რ.პ. საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშე, აღნიშნული დარღვევის შესახებ უფროსმა ინსპექტორებმა მ.წ–ამ და ა.შ–ამ მოახსენეს ხელმძღვანელობას მ.გ–ას და ბ.ჟ–ას, თუმცა უფლებამოსილმა პირებმა ცხოველთა სასაკლაოზე დაფიქსირებული დარღვევა დატოვეს რეაგირების გარეშე და თანამშრომლებსაც სთხოვეს აღნიშნული ფაქტი არ გამჟღავნებულიყო. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იკვეთება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მ.გ–ას, მოადგილე ბ.ჟ–ას, უფროსი ინსპექტორების მ.წ–ას, ა.შ–ას და ინსპექტორ ნ.ხ–ვას სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი. გთხოვთ თქვენს რეაგირებას“.
8.7. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დ.ბ–ის 2020 წლის 19 ივნისის №7186/09 მოხსენებით ბარათში მითითებულია შემდეგი: „მოგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტში 2020 წლის 28 მაისს №5303/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაწყებული იქნა სამსახურებრივი შემოწმება, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მ.გ–ას, უფროსის მოადგილის ბ.ჟ–ას, უფროსი ინსპექტორების: მ.წ–ას, ა.შ–ვას და ნ.ხ–ვას სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე. გთხოვთ, თქვენს განკარგულებას მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, დისციპლინური წარმოების ვადა გაგვიგრძელოთ ერთი თვის ვადით“.
8.8. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის დ.ბ–ის 2020 წლის 08 მაისის №5303/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მ.გ–ას, უფროსის მოადგილის ბ.ჟ–ას, უფროსი ინსპექტორების: მ.წ–ას, ა.შ–ვას და ნ.ხ–ვას მიმართ დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე შედგა დასკვნა, რომლის თანახმადაც, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მ.გ–ას, სამმართველოს უფროსის მოადგილის ბ.ჟ–ას, უფროსი ინსპექტორების: ნ.ხ–ვას, მ.წ–ას და ა.შ–ვას ქმედება შეფასდა მათზე დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ 2019 წლის 23 დეკემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინსპექტორებმა ა.შ–ვამ და მ.წ–ამ ჩაატარეს არაგეგმიური ინსპექტირება ი/მეწარმე გ.ი–ას სასაკლაოზე, ქ. მარტვილი, ........... ქუჩა №28. ინსპექტირებისას აღმოაჩინეს, რომ 2019 წლის 01 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით დაკლული იყო 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე, რაზედაც არ მოხდა კანონის შესაბამისი რეაგირება. მითითებული სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორები მ.წ–ა და ა.შ–ვა 2020 წლის 14 თებერვლის და 2020 წლის 25 მაისის ახსნა-განმარტებებში აღნიშნავენ შემდეგს: „2019 წლის 23 დეკემბერს (დაახლოებით წელიწადნახევრის უკან), ა.შ–ვამ და მ.წ–ამ ჩაატარეს გეგმური ინსპექტირება ი/მ გ.ი–ას, მარტვილი, ........... ქ. №28-ში მდებარე ცხოველთა სასაკლაოზე. გეგმური ინსპექტირებისას მათ მიერ მოხდა გაცემული რეკომენდაციების გადამოწმება, შეამოწმეს დაკვლის წინა ჩანაწერი ჟურნალში და აღმოაჩინეს, რომ 2019 წლის 01 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალში არ იყო გატარებული მრპ საყურე ნიშანი და 54 მრპ დაფიქსირდა საყურე ნიშანის გარეშე. 2020 წლის 14 თებერვლის პირველ ახსნა-განმარტებაში შ–ვა და წ–ია განმარტავენ, რომ მათ თან არ ჰქონდათ სამხრე პორტატული ვიდეო კამერა, რის გამოც მათ მოახდინეს ფოტოსურათების გადაღება საკუთარი ტელეფონების საშუალებით, ჟურნალის იმ გვერდებიდან, სადაც დაფიქსირებული არ იყო დაკვლის წინა შემოწმება მრპ საყურე ნიშნები. გადაღებული ფოტოსურათები გადაუგზავნეს და აცნობეს მათ მიერ აღმოჩენილი ფაქტის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბ.ჟ–ას, ხოლო სამსახურში დაბრუნებისთანავე აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანილის რეგიონალური სამმართველოს უფროსს მ.გ–ას“. 2020 წლის 25 მაისის ახსნა-განმარტებაში უფროსი ინსპექტორები მ.წ–ა და ა.შ–ვა განმარტავენ შემდეგს: „2019 წლის 23 დეკემბერს (წელიწადნახევრის უკან) განხორციელებული ინსპექტირებისას ზემოთ აღნიშნულ ცხოველთა სასაკლაოზე, შედგა შესაბამისობის აქტი, შემოწმდა ჟურნალის ფორმები (დაკვლის წინა, დაკვლის შემდეგ და საყურე ნიშნების ჟურნალი) საქონლის იდენტიფიცირების გატარების ჟურნალში მათ მიერ დაფიქსირდა საქონლის დაკვლა საყურე ნიშნის გარეშე მრპ-54 სული (სოფლის რწმუნებულისა და პოლიციის დამადასტურებული ცნობა. მრპ საყურე ნიშნის გარეშე დაკლული იყო დეკემბრის თვის სხვადასხვა რიცხვებში). მათი განმარტებით, მათ საჯარიმო სანქცია არ განახორციელეს გამომდინარე იქიდან, რომ ვეტექიმმა, რომელიც ი/მ გ.ი–ას სასაკლაოზე ახორციელებდა ზედამხედველობას, სამეგრელო ზემო-სვანეთის ინსპექტორ ნ.ხ–ვას წარუდგინა პოლიციის მიერ გაცემული ცნობები 54 სული მრპ-სთან დაკავშირებით, შესაბამისად ჩათვალეს, რომ იდენტიფიკაციის ნიშნის გარეშე დაკლული საქონლის მიკვლევადობა დაცული იყო.
8.9. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი ნ.ხ–ვა ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს შემდეგს: „2019 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებდა მარტვილში, ........... ქუჩა №28-ში არსებულ ი/მ გ.ი–ას ცხოველთა სასაკლაოზე. 2019 წლის 23 დეკემბერს, აღნიშნულ ცხოველთა სასაკლაოზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით იმყოფებოდნენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორები: ა.შ–ვა და მ.წ–ა, რომლებმაც შეამოწმეს მის მიერ შევსებული დაკვლის წინა ჩანაწერი ჟურნალში, სადაც აღმოაჩინეს 54 სული მრპ საყურე ნიშნის გარეშე დაკლული, რაზედაც გაცემული ჰქონდა ვეტერინარული მოწმობები (ფორმა №2). ა.შ–ვას და მ.წ–ას მიერ მოხდა ჟურნალში დაკვლის წინა ჩანაწერების დასურათება. ცხოველთა სასაკლაოზე მოყვანილი 54 სული მრპ საყურე ნიშნის გარეშე იყო არაიდენტიფიცირებული. ხ–ვას განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ მეპატრონეებს მოჰქონდათ მესაკუთრეობის ცნობები დამოწმებული პოლიციის მიერ, ის დაეყრდნო აღნიშნულ ცნობებს და განახორციელა მრპ-ს დაკვლა. ნ.ხ–ვა ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 16 დეკემბერს ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მ.გ–ა და დაინტერესდა საყურე ნიშნის გარეშე ახდენდა თუ არა იგი სასაკლაოზე მრპ-ს დაკვლას, რაზედაც მისგან მიიღო პასუხი, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, საყურე ნიშნის გარეშე იყო დაკლული მრპ, რაზეც მ.გ–ამ მისცა სიტყვიერი შენიშვნა, რაც ხ–ას მიერ გამოსწორებული იქნა 2019 წლის 16 დეკემბრის შემდგომ. ის ასევე განმარტავს, რომ ვეტერინარული კონტროლის განხორციელებისას ეყრდნობოდა მრპ-ს მფლობელის მიერ წარმოდგენილ საკუთრების ცნობას და საქმის კურსში არ ჩაუყენებია ხელმძღვანელობა, თუმცა 2019 წლის 16 დეკემბერს ხელმძღვანელის მ.გ–ას მიერ მიიღო სიტყვიერი შენიშვნა მის მიერ არაერთგზის დაშვებულ შეცდომაზე, სხვა სახის რაიმე წერილობითი ახსნა-განმარტება მისთვის არ ჩამოურთმევიათ, არც სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის უცნობებიათ აღნიშნული ფაქტი.
8.10. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ბ.ჟ–ა 2020 წლის 15 მაისით დათარიღებულ ახსნა-განმარტებაში განმარტავს შემდეგს: „2019 წლის ნოემბრის თვეში (წელიწადნახევრის უკან), მარტვილის მუნიციპალიტეტში ი.მ. გ.ი–ას ცხოველთა სასაკლაოზე მიმაგრებული იყო რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ.ხ–ვა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობაში შედიოდა სასაკლაოში მიღებული ცხოველთა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ ვეტერინარული ზედამხედველობა. ნ. ხ–ას სასაკლაოში მიმაგრების პერიოდში ის პერიოდულად უკავშირდებოდა მას და ეკითხებოდა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე იმასთან დაკავშირებით ხდებოდა თუ არა ისეთი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოსვლა, რომელსაც არ ჰქონდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული სარეგისტრაციო საყურე ნიშანი, რაზედაც ხ–ასგან იღებდა უარყოფით პასუხს, თუმცა 2019 წლის 23 დეკემბერს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, ა.შ–ვამ და მ.წ–ამ, ზემოთ აღნიშნულ ცხოველთა სასაკლაოზე განახორციელეს დოკუმენტური შემოწმება. რა დროსაც სთხოვა ფოტოსურათი გადაეღოთ სასაკლაოში არსებულ ცხოველთა მიღებისა და დაკვლის წინა შემოწმების ჟურნალის ფურცლებისთვის, რომელიც ასახავდა ნ.ხ–ვას აღნიშნულ სასაკლაოში მუშაობის დროს და გადაღებული სურათები გადმოეგზავნათ მის მობილურ ტელეფონში. ინსპექტორების მიერ გადმოგზავნილ სურათებში ჩანდა, რომ აღნიშნულ ჟურნალში „საიდენტიფიკაციო კოდის“ სვეტის რამდენიმე ველში არ იყო აღნიშნული ცხოველის საყურე ნიშნები. ბ.ჟ–ა კითხვაზე, მოხდა თუ არა ი/მ გ.ი–ას დაჯარიმება მიკვლევადობის წესის დარღვევაზე, პასუხობს, რომ აღნიშნულ მეწარმესთან ინსპექტორებს ა.შ–ვას და მ.წ–ას არ გამოუყენებიათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ბიზნეს-ოპერატორის მიერ მიკვლევადობის დარღვევაზე. შეკითხვაზე თუ რატომ არ მისცა მსგავს საკითხზე მითითება ინსპექტორებს ემოქმედათ კანონის შესაბამისად, აღნიშნავს, რომ მითითება მისგან არ გაცემულა, ვინაიდან არიან კვალიფიციური, უფლებამოსილი პირები და დამოუკიდებლად მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ბ.ჟვანია ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს იმ ფაქტსაც, რომ სამუშაო დღის ბოლოს მისთვის ცნობილი იყო მათთდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების ა.შ–ას და მ.წ–ას მიერ გატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები, მეწარმეზე არ იყო დამდგარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ასევე, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, მისთვის არ იყო ცნობილი ი/მ „გ.ი–ას“ ცხოველთა სასაკლაოზე არაიდენტიფიცირებული მრპ-ს დაკვლების შესახებ 2019 წლის დეკემბრამდე“.
8.11. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი მ.გ–ა ახსნა-განმარტებაში საქმესთან დაკავშირებით, მისთვის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს შემდეგს: „2020 წლის 14 თებერვალს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოში აუდიტის თანამშრომლებმა გ.ბ–მა და ი.ს–მა ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები ა.შ–ვას და მ.წ–ას ი/მ გ.ი–ას ცხოველთა სასაკლაოზე 2019 წლის დეკემბრის თვეში 54 სული მრპ საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე დაკვლის შესახებ, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული დარღვევის შესახებ, აქვე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 23 დეკემბერს, შ–ა და წ–ა მისი №21034/09-10 დავალებით იმყოფებოდნენ არაგეგმიურ ინსპექტირებაზე გ.ი–ას ცხოველთა სასაკლაოზე აღიარების მინიჭების მიზნით. შემოწმების შემდეგ ინსპექტორებმა მას წარუდგინეს შესაბამისი შემოწმების აქტი, თუმცა ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ ინსპექტირება არ ისახავდა მიზნად ცხოველთა სასაკლაოზე ცხოველთა დაკვლისწინა რეგისტრაციის ჟურნალის შემოწმებას, ეს მოხდა მისი მოადგილის თხოვნით და ინსპექტორებს მოუხდათ აღნიშნულ ჟურნალში ცხოველთა საიდენფიკაციო საყურე ნიშნების შესახებ ინფორმაციის გარკვეული პერიოდის ფოტოგადაღება, რაც მან არ იცოდა და აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა“. დასმულ კითხვაზე, 2019 წლის 23 დეკემბერს აღნიშნულ ბიზნეს-ოპრატორთან გატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგებზე, როგორც ხელმძღვანელმა რა ღონისძიებები გაატარა, პასუხობს შემდეგს - „2019 წლის 23 დეკემბრის შესაბამისობის აქტი №IAB2E17302639 2019 წლის 24 დეკემბერს №21167/09-10 წერილით გადაუგზავნა სააგენტოს, ინსპექტირების საფუძველზე „კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა“ და ინსპექტორებმა მიიჩნიეს ბიზნეს-ოპერატორისთვის აღიარების მინიჭება. აქტს წესისამებრ ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში მოაწერა ხელი და გადააგზავნა. აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის მისთვის რაიმე დარღვევის შესახებ ცნობილი არ ყოფილა, აღნიშნული შემოწმების შემდეგ თანამშრომლების მხრიდან ინსპექტირების დარღვევების აღმოჩენაზე მასთან საუბარი არ ჰქონიათ და მასაც ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს, რადგან ინსპექტორები არიან უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დამოუკიდებლები, დარღვევების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენენ რეაგირებას, ხოლო ინსპექტირების დროს პოსტ ფაქტუმ აწვდიან ინფორმაციას მას ან მის მოადგილეს. აღნიშნულ შემთხვევაში რაიმე სახის გადაცდომის ფაქტის აღმოჩენაზე ინფორმაცია მისთვის არ მიუწოდებიათ და ფაქტი არ განხილულა. რაც შეეხება დოკუმენტაციის გამოთხოვას, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაცია გაგზავნილი აქვს სააგენტოში დადგენილი წესის შესაბამისად (2019 წლის 24 დეკემბრის №21167/09-10 წერილით) იგი კვლავ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტაციას ფოტომასალის გარდა, ვინაიდან მის თანამშრომლებს ა.შ–ვას და მ.წ–ას ფოტომასალა წაშლილი ჰქონდათ, რაც მისთვის ასევე, ცნობილი გახდა 14 თებერვალს აუდიტის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ოფისში გამოკითხვის შემდგომ, როგორც ამ ფაქტის, ასევე ფოტომასალის შესახებ. მას ეს ფოტომასალა არ უნახავს. სამმართველოს კუთვნილი ვიდეოკამერები გამოსულია მწყობრიდან, რის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია. რაც შეეხება ცხოველთა სასაკლაოზე ნ.ხ–ვამდე დასაქმებულ ვეტერინარს, ის ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და ამიტომ მოხდა მისი დროებით ჩანაცვლება ნ.ხ–ვათი. ძველი ვეტერინარის შეცდომებიდან გამომდინარე, მ.გ–ას ვეტერინარ ნ.ხ–ვასთან ჰქონდა ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, ხშირად აფრთხილებდა მას შეცდომები არ დაეშვა და ყურადღებით ყოფილიყო“.
8.12. საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნის თანახმად, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა კოდექსისი 67-ე მუხლის თანახმად ბიზნესოპერატორი გ.ი–ა უნდა დაეჯარიმებინათ 200 (ორასი) ლარით, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს ისე დატოვეს სასაკლაოს ტერიტორია, მათ ჰქონდათ საშუალება ინსპექტირების დროს დაკავშირებოდნენ თავის ხელმძღვანელობას და ადგილზე გაერკვიათ საჯარიმო სანქციის სახე. სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ან სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევა, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, შესაბამისად, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორების მ.წ–ას და ა.შ–ვას მიმართ ქმედება შეფასდა დისციპლინურ გადაცდომად. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა არაჯეროვნად შეაფასა ა.შ–ვას და მ.წ–ას მიერ ჩატარებული ინსპექტირება და მათი შეფასება ინსპექტირებასთან დაკავშირებით მიჩნეული იქნა კომპეტენციას მოკლებულად“.
8.13. 2020 წლის 27 მაისის მიმართვით, რომელიც მ.გ–ამ, როგორც სამმართველოს უფროსმა გაუგზავნა აუდიტის სამსახურის უფროსს დ.ბ–ს, დასტურდება, რომ „2019 წლის 23 დეკემბერს ი/მ გ.ი–ას ცხოველთა სასაკლაოზე სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე მ.გ–ას ეთხოვა ახსნა-განმარტების წარდგენა. თუმცა მან მიუთითა, რომ იმ ეტაპზე მისთვის ცნობილი არ იყო თუ რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა ამ დისციპლინურ სამართალწარმოებაში. შესაბამისად, ითხოვა დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოგოვებული საქმის მასალების და თანდართული მტკიცებულებების მიწოდება, რათა მისცემოდა საშუალება გასცნობოდა მომხდარ ფაქტს“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
8.14. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებული იყო, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა საქართველოს შრომის კოდექის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
8.15. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოხსენებითი ბარათებით; სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნებით; სურსათის ეროვნული სააგენტოს თანაშრომლების, მათ შორის, ბ.ჟ–ას, მ.წ–ას და ა.შ–ვას ახსნა-განმარტებებით; თვით გ.ი–ასა და მ.გ–ას ახსნა-განმარტებებით - სააპელაციო სასამართლოს დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე დაკვლას, რაც ცნობილი იყო მ.გ–ასათვის, თუმცა მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამსახურის უფროსისათვის არ მიუწოდებია და ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოქმედებებთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტები, მათი სიმძიმის გათვალისწინებით, საკმარის პირობას წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისეთი დისციპლინური სახდელის დასადებად, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება.
8.16. რაც შეეხება სშკ-ის 37.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, პალატის მითითებით, უდავო იყო, რომ გათავისუფლებამდე მ.გ–ას მიმართ გამოყენებული იყო 2 დისციპლინური სახდელი - 2019 წლის 13 მაისს (გაფრთხილება) და 2020 წლის 20 მარტს (10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება). ორივე შემთხვევაში მოსარჩელის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარესთან წარდგინების (შეტყობინების) განუხორციელებლობა. ამასთან, მ.გ–ას დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ ჩადენილი გადაცდომები არ იყო მსუბუქი ხასიათის, ვინაიდან, ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევაში, 900 ცალი ვაქცინის დადგენილი წესის დარღვევით შენახვას, რის შედეგადაც ვაქცინები გახდა უვარგისი, მეორე შემთხვევაში, ვაქცინებისა და საყურე ნიშნების დანაკლისის ფაქტებს. ორივე შემთხვევაში მოპასუხე დამსაქმებელს მიადგა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი. ამის შემდგომ კი გამოვლინდა 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე დაკვლის ფაქტები, რაზედაც არც მ.გ–ას და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ არ მომხდარა კანონის შესაბამისი რეაგირება.
8.17. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.გ–ას მიერ დაკავებული თანამდებობის, მის მიერ ჩადენილი გადაცდომების ხასიათის, სიხშირის და დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
11.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არის ყოველგვარ შეფასებას მოკლებული და განხილულია მატერიალური და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიგო უზენაესი სასამართლოს მითითება და ისე, რომ საქმეში არ წარმოდგენილა არც ერთი ახალი მტკიცებულება, გამოიტანა საკუთარი განჩინებისგან სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
11.2. სასამართლომ მტკიცებულებათა სათანადოდ შეფასების გარეშე დაადგინა დარღვევა და ყოველგარი შეფასებისა და დამატებითი მსჯელობის გარეშე მიიჩნია, რომ დარღვევა იყო უხეში და სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლება პროპორციული ზომა. კასატორის მოსაზრებით, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით დარღვევის არსებობა. ხოლო, საპირისპიროს დაშვების პირობებშიც, კასატორისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება მისი დარღვევა - თანამშრომლის ქმედებაზე რეაგირების ნაწილში მიჩნეულ იქნას იმგვარად უხეშად, რომ ერთადერთ პროპორციულ სახდელს სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდეს მაშინ, როდესაც ის პირები, რომლებიც უშუალოდ ამ დარღვევის შემოქმედნი და მონაწილენი არიან, არ დაექვემდებარნენ „უხეში დარღვევით“ შეფასებას. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ასევე მასზედ, რომ იგი ათწლეულის განმავლობაში იყო დასაქმებული სააგენტოში და მის მიერ გადაცდომებს არასდროს ჰქონია განმეორებითი და ინტენსიური ხასიათი. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება თუ სამართლებრივი შეფასება რატომ ექვემდებარებოდა მ.გ–ა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით სამსახურიდან გათავისუფლებას.
11.3. საკასაციო პრეტენზია შეეხება ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას საქართველოს შრომის კოდექსის 37 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტთან მიმართებით. კასატორი მიიჩნევს, რომ გათავისუფლების საფუძვლად ქცეული დისციპლინური გადაცდომის მომენტისათვის (ი/მ ინჯგიას ეპიზოდი 2019 წლის 23-24 დეკემბერი), რომელიც მას არ ჩაუდენია, მ.გ–ა ითვლებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
11.4. კასატორი შუამდგომლობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ის დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
17. საკასაციო საჩივრით სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერება.
18. ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).
19. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ; №ას-512-2020, 18.02.2021წ; №ას-1421-2020, 05.03.2021წ.).
19. სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
20. განსახილველ შემთხვევაში, მ.გ–ას სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა).
21. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, მ.გ–ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ - 2019 წლის 23 დეკემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ინსპექტორებმა ა.შ–ვამ და მ.წ–ამ ჩაატარეს არაგეგმიური ინსპექტირება ი/მეწარმე გ.ი–ას სასაკლაოზე, ქ. მარტვილი, ........... ქუჩა №28. ინსპექტირებისას აღმოაჩინეს, რომ 2019 წლის 01 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, დაკლული იყო 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე, რაზედაც არც მათი და არც მ.გ–ას მიერ არ მომხდარა კანონის შესაბამისი რეაგირება. საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათებით, სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანაშრომლების, მათ შორის, ბ.ჟ–ას, მ.წ–ას და ა.შ–ვას ახსნა-განმარტებებით, თვით გ.ი–ასა და მ.გ–ას ახსნა-განმარტებებით - სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე დაკვლას, რაც ცნობილი იყო მ.გ–ასათვის, თუმცა მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამსახურის უფროსისათვის არ მიუწოდებია და ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. რაც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ პუნქტის საფუძველზე, მ.გ–ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, უდავოა, რომ გათავისუფლებამდე მ.გ–ას მიმართ გამოყენებული იყო 2 დისციპლინური სახდელი - 2019 წლის 14 მაისს (გაფრთხილება) და 2020 წლის 20 მარტს (10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება). ორივე შემთხვევაში მოსარჩელის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შესახებ დისციპლინური სახდელის დადების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარესთან წარდგინების (შეტყობინების) განუხორციელებლობა. ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევაში, 900 ცალი ვაქცინის დადგენილი წესის დარღვევით შენახვას, რის შედეგადაც ვაქცინები გახდა უვარგისი, მეორე შემთხვევაში, ვაქცინებისა და საყურე ნიშნების დანაკლისის ფაქტებს.
22. მ.გ–ას, როგორც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: უფლებამოსილების ფარგლებში წარემართა სამმართველოს საქმიანობა; გაენაწილებინა ფუნქციები თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელი იყო სამმართველოს მუშაობაზე; ზედამხედველობდა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ეცნობებინა და ვიზირება გაეკეთებინა სამმართველოში მომზადებული დოკუმენტებისათვის; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყო ხელმძღვანელობის დავალებთა დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულება; კოორდინიცია გაეწია სამმართველოს მიმდინარე დავალებების შესრულებაზე; შუამდგომლობდა ხელმღძვანელის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელი იყო სამმართველოს ამოცანების შესრულებისათვის; წარედგინა სააგენტოს უფროსისათვის წინადადებები სამმართველოს მუშაობის ორგანიზების, სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; თვეში ერთხელ წარედგინა ანგარიში სააგენტოს უფროსის სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; კომპეტენციის ფარგლებში გამოეცა ბრძანებები; უზრუნველეყო სურსათით გამოწვეული დაავადებების გამოვლენის შესახებ საქართველოს შორიმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ურთიერთინფორმირებულობა; ორგანიზება გაეწია სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ორგანიზება გაეწია ცხოველების გადაყვანა-გადარეკვაზე ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება; შეედგინა კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში; უზრუნველეყო სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენა ეროვნული სააგენტოს უფროსისათვის.
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მ.გ–ა წარმოადგენდა თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველ პირს, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამმართველოს მუშაობაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების გადაცდომის ფაქტებზე უნდა შეეტყობინებინა სააგენტოს უფროსისათვის, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - მოხსენებითი ბარათები, სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნები, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანაშრომლების ახსნა-განმარტებები და თვითონ მ.გ–ას ახსნა-განმარტება ერთობლიობაში ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევას, კერძოდ, ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ადგილი ჰქონდა 54 სული მრპ, საიდენტიფიკაციო ნომრის (საყურე ნიშნის) გარეშე დაკვლას, რაც ცნობილი იყო მ.გ–ასათვის, თუმცა მას აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამსახურის უფროსისათვის არ მიუწოდებია და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული დარღვევა, ამართლებს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. რაც შეეხება მოსარჩელის მიმართ გამოყენებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს, ორივე შემთხვევაში მოსარჩელის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ სააგენტოს თავმჯდომარესთან წარდგინების (შეტყობინების) განუხორციელებლობა. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ მ.გ–ას დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ ჩადენილი გადაცდომები არ იყო მსუბუქი ხასიათის, ვინაიდან, ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევაში, 900 ცალი ვაქცინის დადგენილი წესის დარღვევით შენახვას, რის შედეგადაც ვაქცინები გახდა უვარგისი, მეორე შემთხვევაში, ვაქცინებისა და საყურე ნიშნების დანაკლისის ფაქტებს. ორივე შემთხვევაში მოპასუხე დამსაქმებელს მიადგა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი. მოსარჩელის მიმართ, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მათი სიმძიმის შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული იყო ზედიზედ ორი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება და 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება, რომლებიც გაქარწყლებული არ ყოფილა, აღნიშნული კი, წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ.გ–ას მიერ დაკავებული თანამდებობის, მის მიერ ჩადენილი გადაცდომების ხასიათის, სიხშირის და დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესების გათვალისწინებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენდა და არ არსებობდა მის მიმართ უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენების საფუძველი. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კი, მ.გ–ას სათანადო მტკიცებულება ან არგუმენტი, რომელიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა, არ წარმოუდგენია.
25. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არამართლზომიერად ვერ შეფასდება დამსაქმებლის ნება - მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობას გამორიცხავს. 26. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.
27. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაშიც კი, იმავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საკანონმდებლო დანაწესებს არ ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვისათვის არ არის საჭირო ზეპირი მოსმენა, რადგან საქმის მასალები იძლეოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვის საჭიროება არ არსებობს.
28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.გ–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. მ.გ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. მ.გ–ას (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N25264597017, გადახდის თარიღი 28.12.2024წ.) 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე