15 ივლისი 2025 წელი
№ას-705-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ზ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ს–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.ს–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ.ზ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. 2024 წლის 02 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ........ მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 148.00 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N .....) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2024 წლის 02 ივლისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ......... მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 148.00 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N.........) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
8.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., დაზუსტებული ფართობი 148.00 კვ.მ., (საკადასტრო კოდი N ..........), წარმოადგენს შ.ს–ის საკუთრებას. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 24/10/2023 წ. დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
8.2. მოპასუხე სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
8.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 183-ე, 312-ე და 168-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების არსებობა დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო სადავო ქონების ფლობის ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება მფლობელობის მართლზომიერების საკითხს, მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა ამ გარემოების დასადასტურებლად მან ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი, არ ვლინდებოდა.
8.4. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და შესაბამისად უფლება ნამდვილი. ამდენად, აპელანტის მითითება, რომ მას სარჩელი ჰქონდა შეტანილი შ.ს–ის მიერ დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის თაობაზე, რაც საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი იყო, სააპელაციო პალატის განმარტებით არ აჩერებდა საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდებოდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მითითებული პრეტენზიის პასუხად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებდა საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ არსებობდა, ივარაუდებოდა, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორი იყო და შესაბამისად, უფლება ნამდვილი. ამდენად, აპელანტი სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა მოსარჩელის საკუთრების უფლების უკანონობას და სადავო უძრავ ქონებაზე თავის მართლზომიერ მფლობელობას.
8.5. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობა, რომლითაც მხარეს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, ზემოაღნიშნულ პიროებებს არ აკმაყოფილებდა, მართებულად არ იქნა გაზიარებული.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უგულებელყო ის გარემოება, რომ ნ.ზ–სა და თ.გ–ძეს შორის დადებული იყო უძრავი ქონების არა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2024 წლის გადაწყვეტილებით.
9.2. შ.ს–მა იცოდა აღნიშნული სესხისა და ნ.ზ–სა და თ.გ–ძეს შორის არსებული შეთანხმების შესახებ, მიუხედავად ამისა, მალულად შეიძინა სადავო უძრავი ქონება, აღნიშნულის შესახებ მიმდინარეობს დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლოს მიერ ნასყიდობა შეფასებულია როგორც სესხი, რაც წარმოადგენდა მხარეთა რეალურ ნებას. შესაბამისად, შ.ს–ი არ არის კეთილსინდისიერი შემძენი და არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.
9.3. სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოში მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუქმდება გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; ს.უ.ს.გ. №ას-457-2021, 05.10.2021წ.)
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ს.უ.ს.გ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; ს.უ.ს.გ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).
15. ვინდიკაციური სარჩელის სამი წინაპირობიდან (1. მოსარჩელე მესაკუთრეა; 2. მოპასუხე მფლობელია; 3. ფლობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) პირველი ორის - მოსარჩელის საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მესამე წინაპირობის (ფლობის არამართლზომიერება) მიმართ მას ეკისრება მარტოოდენ მითითების ვალდებულება (მრავალთა შორის იხ. სუსგ.№ას-690-661-2016, 01.09.2016წ; №ას-1643-2019, 10.01.2020წ; №ას-1570-2018, 22.11.2018წ; №ას-1452-2020, 18.02.2021წ). მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სტანდარტით მტკიცებისა და მითითების ტვირთის დაძლევა განაპირობებს ფლობის მართლზომიერების დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლას.
16. საგულისხმოა, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ამგვარი განაწილება გამომდინარეობს მტკიცებითი სამართლის იმ უზოგადესი წესიდან, რომლის თანახმადაც, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ; №ას-1299-2018, 29.11.2019წ). მესაკუთრე ვინდიკაციური სარჩელით უარყოფს მფლობელობის საფუძვლიანობას, შესაბამისად, მას უარყოფის მტკიცება ვერ დაეკისრება, ფლობის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება შედის რა მოპასუხის ინტერესის სფეროში, ამავე გარემოების მტკიცების ტვირთიც სწორედ მის მხარეს არის.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა, ასევე, დადგენილია, რომ კასატორი ფლობს სადავო ქონებას.
19. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ თავი გაართვა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთს - საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ ნივთის მესაკუთრეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
20. საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხემ სარჩელის განხილვა-დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნია საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა, რომელიც შეეხებოდა თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე უძრავი ქონების შეძენას. მისი განმარტებით, ზემოაღნიშნულით გამოირიცხებოდა, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერი შემძენი იყო.
21. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, ხოლო მოპასუხემ შესაგებლით არ უარყო სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი, ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა ფლობის არამართლზომიერებაზეც, ყოველივე ამან მტკიცების ტვირთი მფლობელობის კანონიერების დადასტურებაზე გადაიტანა მოპასუხის მხარეს. მოპასუხემ კი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას. აღნიშნულმა განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. რაც შეეხება კასატორის მითითებას შ.ს–ის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობაზე სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობაზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და შესაბამისად, უფლება ნამდვილი (შდრ. სუსგ. Nას-320-2020, 18 თებერვალი, 2021წ.). მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებული საქმისწარმოება მიმდინარეა, და პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცებულა, ივარაუდება, რომ რეესტრის ჩანაწერები უტყუარი და სრულია.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (ს.უ.ს.გ. Nას-887-2019, 27.12.2019წ.).
23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების კანონიერების შესახებ და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა უნდა ვლინდებოდეს იმაში, რომ სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღძრული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე დასადგენ გარემოებათა წრეში უნდა შედიოდეს იმგვარი ფაქტები, რომლებიც, ამავდროულად, წინამდებარე საქმისთვისაც მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებად განიხილება. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე შეუძლებელი უნდა იყოს წინამდებარე საქმის გადაწყვეტა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ.-ები №ას-112-2022; №ას-432-2021; №ას-1009-2022).
24. ზემოაღნიშნული მსჯელობის საპირწონედ ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უძრავი ნივთი მოსარჩელემ საკუთრებად დარეგისტრირდა, მოჩვენებითი/თვალთმაქცური გარიგებაა. ამ კუთხით საყურადღებოა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის დანაწესი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება, ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ). მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
25. ხსენებულ სამართლებრივ მოცემულობაში კი საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს კასატორის მოსაზრება წინამდებარე საქმესა და კასატორის მიერ მითითებულ №2/34171-23 საქმეს შორის იმგვარად მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ, რომ მიკუთვნებითი სარჩელის ფარგლებში დასადგენი გარემოებების გარეშე შეუძლებელი იყოს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამრიგად, შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იყო უსაფუძვლო და მართლზომიერად დაექვემდებარა უარყოფას.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი