Facebook Twitter

05 სექტემბერი 2025 წელი

საქმე №ას-1102-2025 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - დ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ა–ვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ბ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ა–ვას მიმართ 8000 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხე ლ.ა–ვამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

2.1. დ.ბ–ძეს დაეკისროს ლ.ა–ვას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11 025.00 ლარის ოდენობით.

2.2. დ.ბ–ძეს დაეკისროს ლ.ა–ვას სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 500 000 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ბ–ძის სარჩელი ლ.ა–ვას მიმართ არ დაკმაყოფილდა; ლ.ა–ვას შეგებებული სარჩელი დ.ბ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დ.ბ–ძეს ლ.ა–ვას სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11 025.00 ლარის ოდენობით. დ.ბ–ძეს ლ.ა–ვას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით; ლ.ა–ვას უარი ეთქვას სარჩელის 450000 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ბ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით დ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

5. ზემოაღნიშნული განჩინება საჩივრით (კერძო საჩივრით) გაასაჩივრა დ.ბ–ძემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით დ.ბ–ძის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ლ.ბ–ს (იხ. მინდობ. ტ. 2; ს.ფ. 59) გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ძმისშვილს - თ.კ–ძეს 2025 წლის 01 აგვისტოს (იხ. ჩაბარების დასტური).

7. 2025 წლის 12 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც მან ითხოვა, რომ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაშვება ჩაეთვალოს საპატიოდ, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინება მოგვიანებით გადასცეს და შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს მიეცა 7 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

14. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

15. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება დ.ბ–ძის წარმომადგენელ ლ.ბ–ს (იხ. მინდობ. ტ. 2; ს.ფ. 59) გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ჩაბარდა მის ძმისშვილს - თ.კ–ძეს 2025 წლის 01 აგვისტოს (იხ. ჩაბარების დასტური). ასევე დადგენილია, რომ გზავნილი გადაეცა ლ.ბ–ს, მაგრამ წარმომადგენელი მიუთითებს გზავნილის დაგვიანებით გადაცემაზე (ს.ფ. 244-245).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორისთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2025 წლის 01 აგვისტოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 02 აგვისტოს და ამოიწურა 2025 წლის 08 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ წარმომადგენელს დაგვიანებით გადაეცა გზავნილი, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოობას არ ადასტურებს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

18. ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში არ შეავსო კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომართა სასამართლოს, კერძო საჩივარი და განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებაზე და განცხადება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი