Facebook Twitter
¹ბს-1105-1057(კ-07) 21 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 25 მაისს ა. კ-ამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ო. დ-ის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 24 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ტექნიკური პასპორტის საფუძველზე საკუთრებაში ჰქონდა ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ..... ქ. 107ა, ¹38-ში. 2001 წელს მის ბინაში თვითნებურად, უკანონოდ, საცხოვრებლად შევიდა ო. დ-ე, რომელიც იმჟამადაც იქ იმყოფებოდა, სავარაუდოდ ოჯახის წევრებთან ერთად.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მას, როგორც მესაკუთრეს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ ესარგებლა და განეკარგა მისი საკუთრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეეძლო თავისუფლად ესარგებლა ქონებით და არ დაეშვა სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრება იყო ხელყოფილი, მესაკუთრეს შეეძლო, ხელის შემშლელისათვის მოეთხოვა ამ ქმედების აღკვეთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მოპასუხე ო. დ-ის გამოსახლება თავის ოჯახის წევრებთან ერთად ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹107ა, ¹38-ში მდებარე ბინიდან.
2004 წლის 30 ივნისს ო. დ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ა. კ-ას, ნოტარიუს მ. მ-ის, რუსეთის წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. ბათუმის 25-ე ბრიგადის ¹..... სამხედრო ნაწილის მიმართ.
შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა სარჩელს, რადგან 2004 წლის 24 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ა. კ-ა გახდა სადავო ბინის მესაკუთრე, იყო უკანონო _ ამიერკავკასიაში რუსეთის წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსი არ იყო უფლებამოსილი, ა. კ-თვის საკუთრებაში გადაეცა სადავო ბინა. ამასთან, დარღვეული იყო ბინის პრივატიზაციისათვის დადგენილი წესები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა 2004 წლის 24 მაისის სანოტარო აქტის (რეგისტრაციის ნომერი ¹1491) გაუქმება და სათანადო ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე შეგებებული სარჩელის ავტორი დათანხმდა, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე სათანადო მოსარჩელე არ დაეთანხმა შეეცვალა არასათანადო მოსარჩელე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 31 აგვისტოს საოქმო განჩინებით შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. ბათუმის 25-ე ბრიგადის ¹..... სამხედრო ნაწილი ამოირიცხა საქმიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ო. დ-ე, ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ა. კ-ას საკუთრებაში არსებული ბინიდან, მდებარე ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹107ა, ¹38-ში; ო. დ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ;
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბინის პრივატიზაციის 2004 წლის 24 მაისის ხელშეკრულების თანახმად, ა. კ-ას საკუთრებაში იყო ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹107ა-ში მდებარე ბინა ¹38. აღნიშნულ ბინაში იმჟამად ცხოვრობდა ო. დ-ე, ოჯახის წევრებთან ერთად.
საქალაქო სასამართლომ ა. კ-ას მოთხოვნა საფუძვლიანად მიაჩნია, რადგანაც იგი 2004 წლის 24 მაისის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე იყო ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹107ა-ში მდებარე ბინა ¹38-ის მესაკუთრე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებით დაცული იყო მესაკუთრის უფლებები _ არავის არ ჰქონდა უფლება, უკანონოდ შეეზღუდა მესაკუთრისათვის თავისი საკუთრებით სარგებლობა და განკარგვა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა ო. დ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა იმ მოტივით, რომ შეგებებულ სარჩელში ო. დ-ე იყო არასათანადო მოსარჩელე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლების თანახმად, ა. კ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ო. დ-ის შეგებებული სარჩელი, როგორც არასათანადო მხარის მიერ აღძრული, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით ო. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება ჰქონდა, შეეძლო მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად, შეეცვალა თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. თუ ასეთი თანხმობის მიუხედავად, სათანადო მოსარჩელე არ იყო თანახმა, შეეცვალა არასათანადო მოსარჩელე, სასამართლო საქმეს შეწყვეტდა იმ მოტივით, რომ არასათანადო მხარემ უარი თქვა მის მიერ აღძრულ სარჩელზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელი პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ და ამ სარჩელთან მიმართებაში სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალურ-ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ¹..... რეგიონალური ბაზა. იმავე სხდომაზე, სასამართლომ შეგებებული სარჩელის ავტორს შესთავაზა სათანადო მოსარჩელით შეცვლა. ო. დ-ის წარმომადგენელმა, ი. შ-ემ, თანხმობა განაცხადა ო. დ-ის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე. სასამართლომ სათანადო მოსარჩელეს შესთავაზა საქმეში ჩაბმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალურ-ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინსფრასტრუქტურის ¹..... რეგიონალურმა ბაზამ უარი განაცხადა საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა მიეღო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არასათანადო მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება ო. დ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში და გაეგრძელებინა მხოლოდ სარჩელის განხილვა ო. დ-ის ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹107ა-ში მდებარე ბინიდან გამოსახლებულ იქნა ო. დ-ე ოჯახის წევრებთან ერთად. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუშვებელი იყო სასამართლო გადაწყვეტილება შეხებოდათ იმ პირებს, რომელთაც საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ, კერძოდ, ო. დ-ის ოჯახის წევრებს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მოეთხოვა მოსარჩელისათვის მოპასუხეთა ზუსტი ვინაობის დადგენა, ხოლო აღნიშნულის დაუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელი ოჯახის წევრების მიმართ წარდგენილ ნაწილში, უნდა დაეტოვებინა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ა. კ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 31 მაისის განჩინება დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა. კ-ას შუამდგომლობა; საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნენ: ლ. ქ-ე, გ. დ-ე და თ. დ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ო. დ-ე, ლ. ქ-ე, თ. დ-ე და გ. დ-ე გამოსახლებულ იქნენ ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹107ა-ში მდებარე ¹38 ბინიდან და შესაბამისი ფართი მოსარჩელეს ჩაბარდა თავისუფალ მდგომარეობაში; ო. დ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ა იყო სამხედრო მოსამსახურე, სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1983-1984 წლებში მოსარჩელე ქ. ბათუმში მუშაობდა ...... ბატარეის მეთაურად, 1984-1989 წლებში _ ქ. ბათუმში, კომისარიატის სისტემაში, განყოფილების .....-ად, 1989-1995 წლებში _ ..... რაიონის სამხედრო კომისრად. 1987 წლის 7 იანვარს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის კომუნალური ექსპლუატაციის ნაწილისაგან მიიღო ქ. ბათუმში, ..... ქუჩის ¹107ა-ზე ბინაზე ორდერი, რის საფუძველზეც 2004 წლის 24 მაისს გააფორმა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის მონაწილე მხარეს წარმოადგენდა ამიერკავკასიაში რუსეთის წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილი.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთის წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის საკუთრებაში არსებული ბინები გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალურ-ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ¹.... რეგიონალური ბაზის საკუთრებაში. 2001 წლისათვის დასახელებული ბინის ორდერი გაცემული იყო ა. კ-ას სახელზე, მაგრამ იმის გამო, რომ იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ბინაში არავინ ცხოვრობდა და იყო დაკეტილი. 2001 წელს დასახელებულ ბინაში ოჯახით შესახლდა ო. დ-ე და ცხოვრობდა საქმის განხილვის მომენტისთვისაც. მასზე 2001 წლის 27 იანვარს გაიცა შესაბამისი ორდერი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ დადგენილიყო ა. კ-ას მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზაციის კანონიერება. დადგენილი იყო, რომ ქ. ბათუმში, ...... ქუჩა ¹107ა, ბინა ¹38-ში მდებარე უძრავი ქონება არასოდეს ყოფილა ო. დ-ის საკუთრება. იგი თავის დროზე წარმოადგენდა წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის საკუთრებას და მისი უკანონო გასხვისებით შესაძლებელი იყო ზარალი მისდგომოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც ადგებოდათ ზიანი. ბინის უკანონო გასხვისებით შეიძლებოდა ზარალი მისდგომოდა იმ პირს, ვისგანაც უკანონოდ გასხვისდა იგი და ასეთ პირს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, თავისი ინიციატივით გამოიკვლია პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერება და დაადგინა, რომ იგი დადებული იყო “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე, კერძოდ, ა. კ-ა წარმოადგენდა ბინის დამქირავებელს და უფლება ჰქონდა, პრივატიზაციის გზით უსასყიდლოდ მიეღო დასახელებული ბინა. დადგენილი იყო, რომ ა. კ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან, გარდა სადავო ბინისა, არ მიუღია სხვა რომელიმე საუწყებო ბინა და არც მისი პრივატიზაცია განუხორციელებია. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება დგინდებოდა სენაკის რაიონის გამგეობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს მომართვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალურ-ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ¹..... ბაზის ცნობით. მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად სასამართლო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებული იყო სწორად და მისი გაუქმების საფუძველი საქმეში არ მოიპოვებოდა, მისი გასხვისების უფლება ჰქონდა მხოლოდ მესაკუთრეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. არ ჰქონდა ვალდებულება, გასხვისების დროს შეთანხმებოდა ო. დ-ეს და ამის გამო, ხელშეკრულება ვერ იქნებოდა ბათილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა თუ არა ვალდებულება, სადავო ბინა გადაეცა ო. დ-თვის, წარმოადგენდა სხვა დავის საგანს და ამ საქმესთან კავშირი არ ჰქონდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება ჰქონდა, შეეძლო, მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად შეეცვალა თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ო. დ-ე იყო არასათანადო მოსარჩელე, რადგანაც სადავო ბინის უკანონო გასხვისებით ზიანი შეიძლებოდა მისდგომოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და არა ო. დ-ეს. დასახელებული ნორმის საფუძველზე სასამართლომ საქმის შეუწყვეტლად შესთავაზა სათანადო მოსარჩელეს მოსარჩელედ საქმეში ჩაბმა, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველომ უარი განაცხადა სარჩელის მხარდაჭერაზე და სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ ბინა ა. კ-ზე გადაცემული იყო კანონის სრული დაცვით და ამ ბინასთან დაკავშირებით ა. კ-ას მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, თუ არასათანადო მოსარჩელე არ იყო თანახმა, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით, ეს უკანასკნელი შეიძლებოდა ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად, რომელიც განაცხადებდა დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, რის შესახებაც სასამართლო აცნობებდა ამ პირს. თუ ეს პირი თანახმა იქნებოდა ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყოდა არასათანადო მოსარჩელეს სარჩელზე, მისი დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო მესამე პირად საქმეში ჩაბმული სათანადო მოსარჩელის მიმართ სარჩელს დააკმაყოფილებდა საერთო საფუძველზე. თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყოდა ჩაბმულიყო საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყოდა არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის განხილვისას ო. დ-ემ უარი განაცხადა შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით. იმავდროულად, სათანადო მოსარჩელემაც უარი განაცხადა საქმეში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მესაკუთრეს შეეძლო, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ესარგებლა ქონებით (ნივთით), არ დაეშვა სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განეკარგვა იგი, თუკი ამით არ ილახებოდა მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენდა უფლების ბოროტად გამოყენებას. საჯარო რეესტრის შესაბამისი ამონაწერის მიხედვით ქ. ბათუმში, ....... ¹107ა, ბინა ¹28-ის მესაკუთრე იყო ა. კ-ა, რომელსაც ჰქონდა თავისუფლად ფლობის, საგებლობლობისა და განკარგვის უფლება. მისი, როგორც მესაკუთრის შესაძლებლობები შეზღუდული იყო იმის გამო, რომ მის საკუთრებას უკანონოდ ფლობდნენ მოპასუხეები და არ აძლევდნენ მესაკუთრის უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას. საგულისხმო იყო ის გარემოებაც, რომ ო. დ-ეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა დასახელებული ბინის ორდერი ¹..... , გაცემული 2006 წლის 27 აპრილს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურის რეგიონალურ ბაზა ¹....-ის უფროსის ცნობით, ასეთი ორდერი ო. დ-ზე არ გაცემულა და არ იყო ნამდვილი. ამ ცნობაზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირითად სარჩელში მოპასუხეები არ იყვნენ კეთილსინდისიერი მფლობელები და მათზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, მესაკუთრეს შეეძლო მფლობელისათვის მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები იყვნენ არაკეთილსინდისიერი მფლობელები და უნდა გამოსახლებულიყვნენ სადავო ბინიდან, რათა მესაკუთრეს შესძლებოდა თავისი ქონების მართვა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადი სარჩელი იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო შეგებებული სარჩელი _ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა თქმოდა უარი, უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ო. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ია იყო სამხედრო მოსამსახურე და სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1987 წლის 7 იანვარს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის კომუნალური ექსპლუატაციის ნაწილისაგან მიიღო ქ. ბათუმში, ...... ქუჩის №107ა/38-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ორდერი, რომლის საფუძველზეც 2004 წელს მოახდინა ბინის პრივატიზაცია. 2004 წლის 25 მაისს ა. კ-ია რეგისტრირებულ იქნა სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინაზე, როგორც სამსახურებრივ საცხოვრებელ ნაგებობაზე, 2001 წლის 27 აპრილს ო. დ-ის სახელზე გაიცა №¹..... ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე სადავო ბინა დაიკავა ო. დ-ემ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1987 წლის 7 იანვარს ა. კ-ას სახელზე გაცემული ბინის ორდერი არ გაუქმებულა. 2004 წლის 24 მაისს ა. კ-ასა და ამიერკავკასიაში რუსეთის წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა მის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ა 1971 წლიდან 2003 წლამდე შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. იგი 1992 წლის 16 დეკემბრიდან 1993 წლის 16 იანვრამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში, გათანაბრებული იყო დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან. დადგენილი იყო, რომ იგი 1989-2001 წლებში მსახურობდა ქ. სენაკსა და ქ. ფოთში, თუმცა აღნიშნულ ქალაქებში მას საცხოვრებელი ბინა არ მიუღია. 2004 წლის 20 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქ. ბათუმის ინფრასტრუქტურის ..... რეგიონალური ბაზის უფროსმა თანხმობა გასცა სადავო ბინის პრივატიზაციაზე.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილი იყო, რომ შეგებებულ სარჩელზე სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალურ-ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის №3 რეგიონალური ბაზა, რომელმაც უარი განაცხადა საქმეში მოსარჩელედ ჩაბმაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება შეაფასა იმგვარად, რომ სადავო ბინის თავდაპირველ მესაკუთრეს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტაციონალურ-ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის ...... რეგიონალურ ბაზას, პრეტენზია ა. კ-თან, ბინის იმჟამინდელ მესაკუთრესთან, არ გააჩნდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მესაკუთრის უფლება ბინის პრივატიზაციით დარღვეული არ იყო.
რაც შეეხებოდა ო. დ-ეს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა სადავო ბინა, როგორც დროებით გამოთავისუფლებული და 2001 წლის 28 სექტემბრის №374 ბრძანების საფუძველზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან, დაკარგა აღნიშნული ბინით სარგებლობის უფლებაც. მართალია, მასზე გაცემული ორდერი არ გაუქმებულა, მაგრამ 2004 წელს ა. კ-ას სახელზე ბინის პრივატიზებით მესაკუთრემ გამოხატა ნება და აღნიშნული ორდერის საფუძველზე წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვიტა ო. დ-თან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა. კ-ას რომ ბინით სარგებლობისა და ფლობის უფლება არ მიუტოვებია, ო. დ-ის მიერ საქმეში წარმოდგენილი გადასახადების გადახდის ქვითრების ჩანაწერითაც დასტურდებოდა, სადაც ბინის მფლობელად მითითებული იყო ა. კ-ა, შემდეგ კი _ ო. დ-ე. საქმის სხვა მტკიცებულებებთან აღნიშნულის შეჯერებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თვით ო. დ-ე ცნობდა და აღიარებდა ა. კ-ას, როგორც ბინის კანონიერ მფლობელს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დაეთანხმებოდა მის მიერ გადახდილი გადასახადების ქვითრებში კ-ას გვარის დაფიქსირებას. სამხედრო სამსახური, თავისი სპეციფიკით დაკავშირებული იყო სამსახურის ადგილის შეცვლასთან, რაც არ ართმევდა სამხედრო მოსამსახურეს მისთვის გადაცემული ბინით სარგებლობის უფლებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 1997 წლიდან (სადავო ბინაზე ორდერის გაცემის დროიდან) 2004 წლამდე სადავო ბინის კანონიერ მფლობელს წარმოადგენდა ა. კ-ა. მას, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, უხდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გადაადგილება სხვადასხვა ქალაქში, რაც არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მფლობელობისა და სარგებლობის უფლების შეწყვეტად.
რაც შეეხებოდა ო. დ-ის შეგებებული სარჩელის უარყოფის სამართლებრივ საფუძველს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლის მე-17 პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებმაც ბინები მიიღეს სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება ჰქონდათ, ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში 10 წლის სამსახურის ვადის გავლის შემდეგ, მოეხდინათ მისი პრივატიზაცია. ა. კ-ა აკმაყოფილებდა აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს _ პრივატიზაციის დროისთვის, 2004 წლისთვის, მას გააჩნდა სამხედრო სამსახურში ყოფნის 10 წლის სტაჟი, რაც ბინის პრივატიზების უფლებას წარმოშობდა, ზემოხსენებული დადგენილების მე-18 პუნქტით, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც ბინები მიიღეს რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა კუთვნილ საბინაო ფონდში და აღარ მსახურობდნენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება ჰქონდათ, მოეხდინათ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესის დაცვით. ბინების პრივატიზაციის დადგენილ წესში იგულისხმებოდა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილება, რომლის საფუძველზეც დაიდო სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება ა. კ-თან. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-4 პუნქტით საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა ადგილობრივი ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). დასახელებული დადგენილების მე-5 პუნქტით საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ, მე-6 პუნქტის ბოლო წინადადებით კი საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემისას ხელშეკრულება ფორმდებოდა ადმინისტრაციასა და მოქალაქეს შორის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის 24 მაისს ა. კ-ასა და ამიერკავკასიაში რუსეთის წითელდროშოვანი სამხედრო ჯგუფის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსს შორის სანოტარო წესით გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. ა. კ-ა კანონიერად იყო რეგისტრირებული სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის (ო. დ-ის, ლ. ქ-ის, თ. და გ. დ-ების გამოსახლებისა და ქ. ბათუმში, ...... ქუჩა, №107ა/38-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემის შესახებ) დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. დ-ემ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 1995 წლიდან მსახურობდა ქ. ბათუმის ¹...... ბრიგადაში, ოფიცრის თანამდებობაზე. იმასთან დაკავშირებით, რომ დაოჯახებულია (ჰყავს ცოლი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი) თხოვნით მიმართა ბრიგადის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსს, დაეკმაყოფილებინა ბინით, რომელმაც განუმარტა, რომ ქ. ბათუმში, ...... ქუჩის ¹107ა, ბინა ¹38 იყო თავისუფალი, დაკეტილი, არავინ ცხოვრობდა და დართო ნება, რომ აღნიშნული ბინა დაეკავებინა. კასატორმა გადაამოწმა ბინის გაცემის კანონიერება, მიმართა პოლიციის VI განყოფილებას, არავის მის მიმართ არ გააჩნდა რაიმე პრეტენზია და კომისიური წესით, ოჯახის წევრებთან ერთად, დაიკავა ხსნებული ბინა.
კასატორი განმარტავს, რომ სადავო ბინა იყო სარემონტო, ჩამოდიოდა წყალი, კედლები მთლიანად იყო გაფუჭებული. მას განუცხადეს, რომ რემონტის ჩატარების შემთხვევაში მისი სახსრებით ბინა მის საკუთრებაში გადავიდოდა ორდერის მიღების შედეგად. ამის შემდეგ, ჩაატარა ხუთი ათასი ლარის ღირებულების კაპიტალური რემონტი (ბინა იყო მე-5 სართულზე, მოუხდა მისი მთლიანი გადახურვა, გამოცვალა კარ-ფანჯარა, იატაკი, შელესა და შეღება მთელი ბინა), გადაიღო ვიდეო-კადრები, თუ რა ვითარებაში იყო გაპარტახებული ბინა, ამ ბინაში 10 წლის განმავლობაში არავინ არ ცხოვრობდა და შესაბამისად, კომუნალურ გადასახადსაც არავინ იხდიდა. ჩატარებული რემონტის და ბინაში შესახლების შემდეგ, სათანადო წიგნში შეიტანეს კასატორის ოჯახის შემადგენლობა. დაიწყო კომუნალური გადასახადის გადახდა, იმ დროისათვის ქ. ფოთის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილიდან მიიღო ბინის ორდერი ¹.... და ამ დოკუმენტის საფუძველზე 2001 წლიდან ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ამ ბინაში, კანონის სრული დაცვით.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ა. კ-ამ, ერთხელ უკვე კასატორის სახელზე გაცემული ორდერის მიუხედავად, უკანონოდ მიიღო მეორე ორდერი. კასატორის მიმართ ადგილი ჰქონდა დაპატიმრების, ბინის აფეთქების მუქარას, მისი ჯახის წევრების დაშინებას. სასამართლომ არ გაარკვია, ესაჭიროებოდა თუ არა ბინა ა. კ-ას, მას წლების განმავლობაში არ მიუკითხავს იმ ბინისთვის, რომლის ორდერიც მიღებული ჰქონდა უკანონოდ. შეუძლებელი იყო იმ ბინის პრივატიზება, რომელშიც იგი არ ცხოვრობდა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით – ბინის უსასყიდლოდ გადაცემა ხდებოდა იმ პირებზე, რომლებიც პრივატიზაციის მომენტში ცხოვრობდნენ ამ ბინაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ ა. კ-ზე 1987 წელს რუსეთის წითელდროშოვანი არმიის მიერ გაცემულ იქნა დროებითი ორდერი და ამ ორდერს ძალა არ ეკარგებოდა 10 წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, ა. კ-ა 1989 წლიდან აღარ მსახურობდა ამ ჯარში და შესაბამისად, ხსენებულმა ორდერმა ვერ შეიძინა მუდმივი მოქმედების სტატუსი. 1990 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს არმია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი მისთვის ამ ბინაზე ორდერი არ გაუცია და ვერც გასცემდა, რადგანაც იგი უკვე ქ. ბათუმში აღარ მსახურობდა, მისი ნაწილი განლაგებული იყო ქ. სენაკში და იქ მსახურობდა. ბინა იყო საუწყებო და ორდერი რომ კანონიერი ყოფილიყო, ვალდებული იყო, ჩაებარებინა იგი და სადაც მსახურობდა, იქ გამოეყოფოდა საცხოვრებელი ფართი.
კასატორის განმარტებით, მასზე გაცემული ორდერი არ გაუქმებულა. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ერთ ბინაზე მეორე უკანონო ორდერის გაცემა. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ კასატორი ბინაში ოჯახის წევრთან ერთად ცხოვრობდა კანონიერად გაცემული ორდერის საფუძველზე. მთელი ამ დროის განმავლობაში ბინის გადასახადს იხდიდა თვითონ და არა ა. კ-ა, რომელიც არ ცხოვრობდა და არ სარგებლობდა ბინით. იმისათვის, რომ ა. კ-ას ბინა მიეღო პრივატიზაციის გზით, ბინა პრივატიზაციის მომენტისათვის უნდა ყოფილიყო მის სარგებლობასა და მფლობელობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სანოტარო წესით გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება არის უკანონო და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორი ოჯახით მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა სადავო ბინაში, კანონის სრული დაცვით, ა. კ-ა კი უკანონოდ ცდილობდა ამ ბინის ხელში ჩაგდებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. დ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 21 თებერვლამდე.
2008 წლის 31 იანვარს ო. დ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე გაეცნო ო. დ-ის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული შაუმდგომლობა უსაფუძვლოა. კასატორს არ წარმოუდგენია და საქმეშიც არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს, ხოლო იმავე კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და იგი მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან კასატორს მოცემულ არაქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საკასაციო საჩივარზე არა აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის 30 პროცენტი _ 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ო. დ-ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ო. დ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 90 ლარის გადახდა;
4. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.