Facebook Twitter

23 ოქტომბერი 2023 წელი №ას-1149-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ჩ–ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ს.ჩ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს მიმართ, 22851.15 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) სახელფასო დავალიანებისა და 2019 წლის 21 თებერვლიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, დაყოვნებული თანხის - 22 851.15 ლარის 0.07%-ის გადახდის დაკისრების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელე ს.ჩ–ი 2013 წლის 1 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს ექიმი რადიოლოგის თანამდებობაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული ხელფასი ყოველთვიური შიდა სტანდარტით შემოტანილი თანხის 45.50%, ხოლო სახელმწიფო დაზღვეულთა მომსახურების ანაზღაურება განსაზღვრული იყო შიდა ბრძანებით.

2.2. დამსაქმებელი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მხოლოდ ნაწილობრივ იხდიდა შრომის ანაზღაურებას, აღნიშნულს უთითებდა ჩარიცხვის დანიშნულებაშიც - „ხელფასის ნაწილი“, ხოლო დარჩენილ ნაწილს იტოვებდა დავალიანებად, მოთხოვნის შემთხვევაში კი დამსაქმებლის მხრიდან იყო მხოლოდ დაპირება სახელფასო დავალიანების სამომავლოდ ანაზღაურებაზე.

2.3. 2019 წლის 21 იანვარს კლინიკამ აღიარა, რომ მოსარჩელისათვის 2018 წელს დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 54 406.22 ლარი, საიდანაც 2018 წელს მოსარჩელეს აღებული აქვს 38 367.21 ლარი და 2018 წლის დავალიანება შეადგენს 37 091.74 ლარს კანონით გათვალსწინებული გადასახადების ჩათვლით (ხელზე მისაღები - 29673.39 ლარი). აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელეს დამსაქმებლისგან ჩაერიცხა 2 766.84 ლარი და 400 ლარი, როგორც ნოემბრის თვის სახელფასო ანაზღაურება.

2.4. 2019 წლის 21 თებერვალს შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–მა“ გასცა ცნობა №100, რომლითაც აღიარა ს.ჩ–ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება 26 344.57 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე. აღნიშნულის შემდეგ, მიმდინარე ხელფასთან ერთად, ცალკე საბანკო ტრანზაქციით და შესაბამისი დანიშნულებით - „დავალიანების დაფარვა“ ირიცხებოდა გარკვეული თანხები ჯამში - 3 493.56 ლარის ოდენობით.

2.5. 2021 წლის 19 ივნისის შემდეგ კლინიკას აღარ ჩაურიცხავს დავალიანება მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-სთვის სახელფასო დავალიანების სახით - 22 851.15 ლარისა და კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დაკისრებას, ყოველდღიურად დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით 2019 წლის 21 თებერვლიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:

3.1. 2019 წლის 21 იანვარს აღიარებული ვალდებულება ხანდაზმულია. მოსარჩელეს ევალებოდა, მიეთითებინა, თუ რომელი თვის და რა რაოდენობის გადასახდელებისგან შედგება მის მიერ დავის საგნად ქცეული თანხა, რადგან აღიარებული დავალიანება წარმოადგენს პერიოდულად გადასახდელ თანხათა ერთობლიობას, რასაც 2019 წლის 19 თებერვალს მოსარჩელისთვის ჩარიცხული თანხაც ადასტურებს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ათვლილი უნდა იქნეს თითოეულ გადასახდელზე ცალ-ცალკე.

3.2. არასწორია მოსარჩელის კალკულაცია საურავთან დაკავშირებით, რადგან მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს არა ცნობაში მითითებული დავალიანების თანხიდან, არამედ პერიოდულად გადასახდელი თანხის მიხედვით, ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რომელიც, სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის განხორციელებად მოთხოვნად მიჩნევის შემთხვევაში უნდა შემცირდეს. ვინაიდან ხანდაზმულია სახელფასო დავალიანების მოთხოვნა, ხანდაზმულია პირგასამტეხლოს მოთხოვნაც.

3.3. მოსარჩელეს ხელფასი ერიცხებოდა ორ ტრანშად, ერთი იყო შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება, ხოლო მეორე - სახელმწიფო დაზღვეულთა მომსახურების ანაზღაურება, რომლის ჩარიცხვაც, როგორც წესი, მოგვიანებით, 2-3 თვის შემდეგ ხდებოდა, შესაბამისად, კლინიკის მიერ გადახდის დანიშნულებაში მითითებული - „დავალიანების ნაწილობრივი დაფარვა“ უდავოდ ვერ ადასტურებს 2019 წლის 25 იანვრისა და 21 თებერვლის ცნობებში მითითებული დავალიანების ანგარიშში მის გადახდას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 22 851.15 ლარისა (ხელზე მისაღები ოდენობა) და 2019 წლის 21 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაყოვნებული თანხის - 22 851.15 ლარის 0.07%-ის ყოველდღიურად გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა 11.04.2023 წლის საოქმო განჩინება დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით სასამართლო სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელე ს.ჩ–ი 2013 წლის 1 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ში“ ექიმი რადიოლოგის თანამდებობაზე, მისი შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო ყოველთვიური შიდა სტანდარტით შემოტანილი თანხის 45.50%, ასევე შიდა ბრძანებით განსაზღვრული სახელმწიფო დაზღვეულთა მომსახურების ანაზღაურებით.

7.2. შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს დირექტორის 2019 წლის 25 იანვრის ცნობის თანახმად, ს.ჩ–ის მიმართ 2018 წლის დარჩენილი დავალიანება შეადგენს 37 091.74 ლარს.

7.3. შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის მიმართვის თანახმად, ს.ჩ–ის მიმართ სახელფასო დავალიანება შეადგენს 26 344.57 ლარს.

7.4. შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს მიერ ს.ჩ–ის საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 24 აპრილს ჩარიცხულია თანხა 1053.78 ლარის ოდენობით, 2019 წლის 16 მაისს - 1011 ლარის ოდენობით, დანიშნულებით - „ხელფასის დავალიანების 4 პროცენტი“, 2019 წლის 18 ივნისს ჩარცხულია - 714 ლარი, დანიშნულებით - „დავალიანების ნაწილობრივ დაფარვა“, 2020 წლის 28 თებერვალს ჩარიცხულია 214 ლარი დანიშნულებით - „ხელფასი დავალიანების დაფარვა“, 2020 წლის 30 ივნისს ჩარიცხულია 1670.97 ლარი დანიშნულებით - „ხელფასი მაისი და 10% დავალიანება“, ასევე 2021 წლის 29 ივნისს ჩარიცხულია 500 ლარი დანიშნულებით - „სახელფასო დავალიანების დაფარვა“.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნების დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლი. სახელფასო დავალიანების არსებობის შესახებ დამსაქმებლის მიერ 2019 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობა №100-ით მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთი დაძლია, რის შემდეგად მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა დავალიანების არარსებობა. ვინაიდან სახელფასო ანაზღაურების გაცემაზე ვალდებული პირი დამსაქმებელია, სადავოობისას სწორედ მას ეკისრება იმის მტკიცების მოვალეობა, რომ დავალიანება არ არსებულა, ან არსებობდა, მაგრამ მოცემული მომენტისთვის ფულადი ვალდებულება შესრულებულია. მოპასუხის/აპელანტი მხარის მფლობელობაშია საბანკო ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, მოცემული დროისთვის რა თანხას შეადგენდა მოსარჩელის მიერ გამომუშავებული თანხა. აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

8.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და მიუთითა, რომ სახელფასო დავალიანების მიმართ, დავალიანების წარმოშობის პერიოდში, ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

8.3. საქმის მასალებიდან ირკვევა, დამსაქმებლის მხრიდან სახელფასო დავალიანება აღიარებულია 2019 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობით №100 - 26 344.57 ლარზე, რის შემდეგაც, განახორციელა გარკვეული თანხების მოსარჩელისთვის ჩარიცხვა 2019, 2020 და 2021 წლებში, დანიშნულებაში კი მითითებულია, რომ თანხა მიმართულია დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად. აპელანტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჩარიცხვები ეხება არა ცნობაში მითითებული დავალიანების დაფარვას, არამედ მიმდინარე ხელფასს, კერძოდ, ხელფასის მეორე ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში მომსახურებისთვის იღებდა მოსარჩელე და მისი ჩარიცხვა 2-3 თვის დაგვიანებით ხდებოდა.

8.4. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი ცნობებით იმის დადასტურება, რომ დავალიანების დაფარვის დანიშნულებით ს.ჩ–ისთვის ჩარიცხული თანხები კლინიკის მხრიდან აღიარებულ სახელფასო დავალიანებას ეხება, შეუძლებელია. აღნიშნულის საპირწონედ პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ 2019 წლის 21 თებერვლის სახელფასო დავალიანების აღიარების შემდეგ, მის დასაფარად კლინიკას თანხები მოსარჩელისთვის არ ჩაურიცხავს.

8.5. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, შრომის ანაზღაურება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რისთვისაც ხანდაზმულობის ვადის ათვლა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს იმ დროიდან, როდესაც დასაქმებულს უნდა ჩარიცხვოდა შრომის ანაზღაურება და აღნიშნული ვალდებულება დამსაქმებელმა არ შეასრულა, თუმცა დავალიანების შესახებ ცნობაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რომელი წლის, რომელ თვის სახელფასო დავალიანება აქვს მხარეს შესასრულებელი, ცნობაში აღნიშნულია ჯამური დავალიანება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სახელფასო დავალიანების ხანდაზმულობის ვადის დაწყების თარიღი თითოეული ვადაგადაცილებული თვისთვის ცალ-ცალკე განსაზღვროს. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

8.6. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე და მიუთითა, რომ შრომით ურთიერთობაში პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია არა მხარეთა მიერ, არამედ კანონით, შესაბამისად, იგი ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ.

8.7. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში წარადგინა 2023 წლის 13 მარტს; 16 მარტს მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა, რომ დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შესაბამისად, 2023 წლის 11 აპრილამდე მხარეს ჰქონდა გონივრული დრო მტკიცებულებების წარმოსადგენად. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სახელფასო დავალიანების ცნობის შესახებ მოპასუხისთვის ცნობილი იყო სარჩელიდანვე, შესაბამისად, ახალი ფაქტის გამოვლენას, რასაც მოპასუხის მხრიდან დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის საჭიროება მოჰყვა, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, 2023 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინება ჩაითვალა კანონიერად.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. მისი საკასაციო მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

10.1. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ 2019 წლის თებერვლის ცნობით აღიარებული დავალიანების წარმოშობის პერიოდის შესახებ მტკიცებულებების წარდგენა მოპასუხეს ევალებოდა; დასაქმებულს შეეძლო თავად მოეთხოვა დამსაქმებლისგან ინფორმაცია თუ რომელი თვეების ხელფასი იყო მიჩნეული დავალიანებად. ამასთან, მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი და მოპასუხის მიერ გაცემული ცნობებით არ იყო ნაკისრი გადახდის ვალდებულება, არამედ მასში მხოლოდ კონკრეტული პერიოდისთვის დაგროვილი გადაუხდელი თანხების ოდენობა იყო ასახული.

10.2. სასამართლოს არ დაუდგენია რომელი წლის და რომელი თვეების ხელფასს წარმოადგენდა ჩარიცხული თანხები, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენაც, ჩარიცხული დავალიანებები მიემართებოდა თუ არა 2019 წლის თებერვლის ცნობაში ასახულ დავალიანებას, თუ წარმოადგენდა სხვა პერიოდის დავალიანების დაფარვას.

10.3. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ 2019 წლის თებერვლის ცნობის წარდგენით მოსარჩელემ დაძლია ვალის არსებობის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან დასახელებულ ცნობაში დამსაქმებელს არ მიუთითებია, რომ აპირებდა ამ დავალიანების დაფარვას, ამასთან, დავალიანება ხანდაზმულობის გამო აღარ არსებობს.

10.4. სასამართლოს ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული 1 წლიანი და არა სსკ 129-ე მუხლით განსასზღვრული 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადით.

10.5. დაუსაბუთებელია, რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომ დავალიანების დანიშნულებით ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა არა ცნობაში მითითებული დავალიანების, არამედ მიმდინარე ხელფასის მეორე ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში მომსახურების გაწევისთვის იღებდა მოსარჩელე და მისი ჩარიცხვა 2-3 თვის დაგვიანებით ხდებოდა.

10.6. სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობაზე შედავების გამო უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და შეემცირებინა იგი.

10.7. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივნისს მოსარჩელეს დავალიანების სახით ჩაურიცხა 1670.97 ლარი; ამასთან, სხვადასხვა დროს „დავალიანების 10%-ის“ დანიშნულებით ჩარიცხულია სხვადასხვა ოდენობის თანხები, შესაბამისად, ისინი სასარჩელო მოთხოვნად დასახელებულ 22 851.15 ლარს უნდა გამოკლებოდა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს.

10.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების ძალაში დატოვების უმართებულობას კასატორი ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კომპანიის ბუღალტერი ხანგრძლივად იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რის გამოც დამსაქმებელმა დავისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება დროულად ვერ შეძლო. აღნიშნული გარემოება კასატორს სსსკ 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებად მიაჩნია, რის გამოც მტკიცებულებების წარსადგენად მოპასუხისთვის დროის მიცემის მოტივით სასამართლო სხდომა უნდა გადადებულიყო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. უწინარესად, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავა გამომდინარეობს 2018 წელს წარმოშობილი სახელფასო დავალიანებიდან, შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად, კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს შრომის კოდექსის რედაქციით, რომელიც მოქმედებდა 2018 წელს, ვინაიდან მატერიალურ სამართალში, განსხვავებით საპროცესო სამართლისაგან, ამოსავალია ის ნორმატიული დანაწესები, რომლებიც არსებობდა სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის. ამრიგად, წინამდებარე განჩინებაში მოხმობილი შრომის კოდექსის ნორმები, მუხლის რიგითი ნომრისა თუ მისი შინაარსის თვალსაზრისით, ასახავს 2018 წელს მოქმედი შრომის კოდექსის დებულებებს.

17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომელსაც ემსახურებოდა სარჩელის წარდგენა, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 („შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ“) და ამავე მუხლის მე-3 („დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“) პუნქტები.

18.1. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2019 წლის 25 იანვარს მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორმა წერილობითი ცნობა გასცა მოსარჩელეზე, სადაც აღნიშნა, რომ ს.ჩ–ის 2018 წლის დარიცხული ხელფასი, ექიმი რადიოლოგის თანამდებობაზე მუშაობიდან გამომდინარე, შეადგენდა 54 406.22 ლარს, საიდანაც დასაქმებულს აღებული ჰქონდა 17 314.19 ლარი, შესაბამისად, მისი 2018 წლის დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 37091.74 ლარს (ს.ფ. 22).

18.2. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ორგანიზაციიდან 2019 წლის 19 თებერვალს ჩაერიცხა 2766.84 ლარი დანიშნულებით „ნოემბრის თვის შიდა სტანდარტის ხელფასი“ და 400 ლარი დანიშნულებით „ასაკობრივისა და მიზნობრივის ნოემბრის თვის ხელფასი“

18.3. 2019 წლის 21 თებერვალს დამსაქმებელმა ს.ჩ–ს კვლავ მისცა ცნობა, რომელშიც მიუთითა, რომ შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს მის მიმართ ერიცხებოდა სახელფასო დავალიანება ჯამში 26344.57 ლარის ოდენობით.

18.4. დამსაქმებელი სახელფასო დავალიანების არსებობას არ უარყოფს, თუმცა თავს იცავს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით - ხანდაზმულობით. ამრიგად, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებას უპირატესად სწორედ ხანდაზმულობის ინსტიტუტთან მიმართებით შეაფასებს.

19.1. კასატორის განსჯით, სახელფასო მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს შრომის კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე (პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ) რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ხსენებული ნორმა შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად გაჩნდა, შესაბამისად, ცვლილების ამოქმედებამდე - 2018 წელს წარმოშობილ სახელფასო დავალიანებაზე ხსენებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ვერ გავრცელდება სწორედ კანონის დროში მოქმედების პრინციპის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, კანონის უკუძალა მხოლოდ მაშინ დაიშვება, თუ იგი პირის უფლებრივ მდგომარეობას არ აუარესებს.

19.2. პალატა შენიშნავს, რომ 2020 წლის 29 სექტემბრამდე შრომის კოდექსი შრომითსამართლებრივი მოთხოვნების ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, მასზე გამოიყენებოდა სამოქალაქო კოდექსის დებულებანი.

19.3. სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129.1 მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს; სსკ 129.2 მუხლის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

19.4. ვინაიდან ხელფასი, სულ მცირე, თვეში ერთხელ გასაცემელ ფულად თანხას წარმოადგენს, იგი დამსაქმებლის პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად განიხილება, შესაბამისად, თითოეული თვის აუნაზღაურებელ ხელფასზე ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა ინდივიდუალურად გამოითვლება (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1174-2021 22 მაისი, 2023 წელი).

19.5. მოპასუხე შესაძლოა სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). ამგვარ შესაგებელს მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი ეწოდება და მისი არსი იმაშია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება.

19.6. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

19.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავდროულად, მტკიცების პროცესის უზოგადესი პრინციპია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ; №ას-1299-2018, 29.11.2019წ.).

19.8. სახელფასო ანაზღაურების დავებზე მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი ნათელყოფს, რომ სახელფასო დავალიანების არსებობის დადასტურება დასაქმებულის მოვალეობაა, ხოლო ამ ვალდებულების შემწყვეტი ან შემაფერხებელი გარემოებების მტკიცება დამსაქმებლის ტვირთს წარმოადგენს (იხ. სუსგ. №ას-34-2022 21 ივნისი, 2022წ.).

19.9. ხანდაზმულობის მოტივით სარჩელისგან თავის წარმატებულად დასაცავად მარტოოდენ იმის მითითება, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხშირად არ კმარა. ხანდაზმულობა ფაქტის და არა სამართლის საკითხია, შესაბამისად, მხარემ რომელიც ეყრდნობა ხანდაზმულობის შესაგებელს, სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებიც მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დასკვნის გასაკეთებლად გადამწყვეტია, უწინარესად კი, მოპასუხის მტკიცების ტვირთი მოიცავს იმ მომენტის დადასტურებას, საიდანაც უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა.

19.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხედველობაშია მისაღები, რომ თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია.

19.11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საკუთარი წილი მტკიცების დასაძლევად, რომ დავალიანება ნამდვილად არსებობდა, წარმოადგინა თავად დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც უტყუარად დასტურდება 2018 წლის სახელფასო ანაზღაურების ნაწილის გაუცემლობის ფაქტი. მოცემული ცნობები არ შეიცავს ინფორმაციას, თუ 2018 წლის რომელი კონკრეტული თვეების ხელფასის ჯამს წარმოადგენს ცნობებში გადაუხდელ ანაზღაურებად სახელდებული თანხები. ხანდაზმულობის ვადის დენის მომენტის დასაბუთება მოპასუხეს არც შესაგებელში განუხორციელებია, არამედ, თავს იცავდა მარტოოდენ ხანდაზმულობის ინსტიტუტზე ზოგადო ხასიათის აპელირებით, რომელსაც მოსარჩელე უპირისპირებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის არგუმენტს.

19.12. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

19.13. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობები არ წარმოადგენს მოთხოვნის არსებობის აღიარებას. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით რეგულირდება ვალის არსებობის აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის დადებას მოეთხოვება წერილობითი ფორმის დაცვა და, შესაბამისად, მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღება. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული ან სხვა თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ამგვარი აქტი ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ესაა ძველი ხელშეკრულების ფარგლებში განხორცილებეული გარკვეული მოქმედება და იგი ვერ გამოიწვევს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს.

19.14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დაცული ცნობები სსკ 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან მათში მითითებულია მხოლოდ მოსარჩელის აუღებელი ხელფასების ოდენობა, სამომავლოდ ვალდებულების შესრულების მოვალეობის კისრების გარეშე.

19.5. აღნიშნულის მიუხედავად, წარმოდგენილ ცნობებს მაღალი მტკიცებულებითი ძალა გააჩნიათ დავალიანების არსებობის დასადასტურებლად, რასაც არც კასატორი უარყოფს.

19.16. უდავო ფაქტია დავალიანების დანიშნულებით მოსარჩელის ანგარიშზე საბანკო ჩარიცხვების შესრულება, სახელდობრ: 24.04.2019 წელს „ხელფასის დავალიანების 4%“-ის დანიშნულებით 1053.78 ლარის, 16.05.2019 წელს იმავე დანიშნულებით 1011 ლარის, 18.06.2019 წლის „დავალიანების ნაწილობრივი დაფარვის“ დანიშნულებით 714 ლარის, 28.02.2020 წელს „დავალიანების დაფარვის“ მიზნობრიობით ჩარიცხული 214 ლარის და 30.06.2020 წელს „ხელფასი მაისი და 10% დავალიანების“ 1670.97 ლარის, 29.06.2021 წელს „სახელფასო დავალიანების დაფარვის“ დანიშნულებით 500 ლარის ჩარიცხვა.

19.17. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ არსებული შინაარსით გადარიცხვების დანიშნულებას თავად დამსაქმებელი განსაზღვრავდა; ამასთან, პალატისთვის დამაჯერებლობას მოკლებულია მტკიცება, თითქოს დავალიანების ცნებაში დამსაქმებელი გულისხმობდა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებას, ვინაიდან წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერით ნათელია, რომ დამსაქმებელი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გამომუშავებულ ხელფასს სხვა გასაცემლებისაგან სწორედ დანიშნულებით მიჯნავდა და ასეთ თანხებს რიცხავდა არა დავალიანების, არამედ „ასაკობრივისა და მიზნობრივის ხელფასის“ სტატუსით.

19.18. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ 2018 წლის სახელფასო დავალიანების გარდა დამსაქმებელს სხვა რაიმე დავალიანებაც გააჩნდა დასაქმებულის მიმართ, შესაბამისად საკასაციო პალატის განსჯით, დავალიანების დანიშნულებით შესრულებული ჩარიცხვები მიემართებოდა სწორედ 2018 წლის გადაუხდელი ხელფასის ოდენობის შემცირებას, რაც სსკ 137-ე მუხლის მნიშვნელობით ხანდაზმულობის შემწყვეტ მოქმედებას წარმოადგენს. ის გარემოება, რომ ერთი მხრივ, წარმოდგენილი ცნობით არ იდენტიფიცირდება რომელი კონკრეტული თვის ხელფასმა შეადგინა სახელფასო დავალიანების ჯამი (ასეთი მტკიცებულებები დამსაქმებელს არც სამართალწარმოების მიმდინარეობისას წარუდგენია სასამართლოსთვის), ხოლო მეორე მხრივ, დავალიანების დანიშნულებით თანხის გადარიცხვისას დამსაქმებელი არ განსაზღვრავდა, რომელი კონკრეტული თვის სახელფასო დავალიანების გადახდას ემსახურებოდა ტრანზაქცია, დამსაქმებლის მტკიცების ნაკლია, რაც ვერ განიმარტება დასაქმებულის საწინააღმდეგოდ, რადგან სსკ 129.2 მუხლი მოვალის საშეღავათო ნორმაა, რამეთუ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის გამოთვლის წესი სწორედ მას აძლევს შესაძლებლობას, ვალდებულების შესრულებისგან თავი გაითავისუფლოს იმაზე ადრე, ვიდრე ამას სსკ 129.1 მუხლის შესაბამისად ვადის ათვლის შემთხვევაში შეძლებდა. შესაბამისად, თუკი მოვალეს სურს ვალდებულების ხანდაზმულობა შეფასდეს სსკ 129.2 მუხლით დადგენილი წესით, მანვე უნდა ასაბუთოს პერიოდულად შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულების წარმოშობის, დარღვევისა და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი.

19.19. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ შედგენილი ცნობებითა და საბანკო ამონაწერებით ნათელი ხდება, რომ 2018 წლის ხელფასიდან გადაუხდელ ნაწილს კასატორი ერთიან ვალდებულებად განიხილავდა და ეტაპობრივად ამცირებდა მის საერთო ოდენობას, შესაბამისად, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს ხანდაზმულობის სსკ 129.2 მუხლის შესაბამისად ინდივიდუალურად ათვლის შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისად, ცნობაში ასახული დავალიანება მართებულად იქნა განხილული ერთიან ვალდებულებად და მის მიმართ ხანდაზმულობის განსასაზღვრად გამოყენებული იქნა სსკ 129.1 მუხლი.

19.20. ამრიგად, დავალიანების დანიშნულებით ეტაპობრივად (2019 წლის აპრილის თვიდან მოყოლებული) განხორციელებული გადახდებით მთელი დავალიანების ხანდაზმულობის ვადის დენა ყოველ ჯერზე წყდებოდა და სსკ 141-ე მუხლის შესაბამისად, თავიდან იწყებოდა. დავალიანების დანიშნულებით მოვალის მიერ კრედიტორისთვის თანხის ჩარიცხვის ბოლო თარიღია 29.06.2021 წელი, შესაბამისად, 3 წლიანი ვადის ხელახალი დენა დაიწყებოდა 30.06.2021 წლიდან, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ 20.02.2023 წელს წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ ჩაითვლება.

20.1. პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ 2020 წლის 30 აგვისტოდან ამავე წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული 5 გადახდა უნდა გამოკლებოდა სარჩელით მოთხოვნილ დავალიანების ოდენობას. ხსენებული ტრანზაქცები, როგორც დანიშნულებიდან ვლინდება, წარმოადგენს ხელფასისა და დავალიანების კომბინაციას ისე, რომ გამიჯნული არ არის, კონკრეტულად რა ოდენობა შეადგენს ხელფასს და რა ოდენობა მიემართა დავალიანებისაკენ.

20.2. საკასაციო პალატა კვლავ განმარტავს, რომ მოთხოვნის შემაფერხებელი თუ შემწყვეტი შესაგებლის დასაბუთება მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

20.3. არც წარმოდგენილი შესაგებელი და არც მასზე თანდართული რაიმე მტკიცებულება მითითებას არ შეიცავს, თუ 2020 წლის 30 აგვისტოდან ამავე წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული ტრანზაქციებიდან რა ნაწილი მიემართებოდა მიმდინარე ხელფასის დაფარვას და რა ნაწილი 2018 წლის დავალიანებას, ესე იგი, წარდგენილი შესაგებელი არაკვალიფიციურია, რადგან ვერ მიუთითებს, სასარჩელო მოთხოვნიდან რა ნაწილია შესრულების გზით შეწყვეტილი. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნდა ფაქტობრივი საფუძველი, დავალიანების მოცულობიდან გამოეკლო გადახდები, რომლებიც, როგორც დანიშნულებიდან დგინდება, ხელფასისა და დავალიანების ნაერთს წარმოადგენდა. რაც შეეხება წმინდად დავალიანების დანიშნულებით ჩარიცხულ თანხებს, მათი ოდენობა ცნობაში ასახულ დავალიანების მოცულობას მოსარჩელემ თავადვე გამოაკლო სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრისას, ამდენად, საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.

21.1. ვინაიდან დადგენილია სახელფასო დავალიანების არსებობა, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, საფუძვლიანია, მოთხოვნა მასზე კანონით გათვალისწინებული საურავის დარიცხვის შესახებ დაკმაყოფილებადია. კასატორი მოითხოვს მის შემცირებას სსკ 420-ე მუხლზე დაყრდნობით.

21.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისგან მიჯნავს კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია კონკრეტული შემთხვევისათვის, თავად კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის კონკრეტულ ოდენობას, ან წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას იგი განსაზღვრული... შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი, კანონისმიერი პირგასამტეხლოს კლასიკური მაგალითია.

21.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, ჩაერიოს მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში და შეთანხმებული პირგასამტეხლო გონივრულობისა და სამართლიანობის საწყისებთან შესაბამისობაში მოიყვანოს მისი შემცირების გზით. კანონმდებლის ნორმატიული ნებით დადგენილ პირგასამტეხლოს კი გონივრულობისა და სამართლიანობის ტესტი გავლილი აქვს საკანონმდებლო პროცესის შედეგად და მასზე სასამართლოს დამატებითი ზედამხედველობა შეუსაბამოა ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლები მიემართება სახელშეკრულებო შეთანხმების ძალით წარმოშობილ პირგასამტეხლოს და მისი ანალოგიის წესით გამოყენება კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ დაუშვებელია (იხ. სუსგ. №ას-1171-1116-2014, 02.02.2015წ.; №ას-1284-1226-2013, 24.03.2014წ.).

22.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.5 მუხლს, რომლის თანახმადაც, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა; სსსკ 103.4 მუხლის შესაბამისად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.

22.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მტკიცების საგანს სამოქალაქო პროცესში ქმნის სარჩელი და შესაგებელი, სახელდობრ, ის გარემოებები, რომლებზედაც აგებულია დასახელებული საპროცესო დოკუმენტები. მხარე, რომელიც პროცესუალური მოწინააღმდეგის წერილობითი პოზიციის გაქარწყლებას ისახავს მიზნად, მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში წარდგენას უნდა ახორციელებდეს სწორედ იმ წესების დაცვით, როგორც ამას საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს - საკუთარ სარჩელში/შესაგებელში უთითებდეს საპატიო მიზეზზე, რის გამოც არ შეუძლია სარჩელთან/შესაგებელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, და ითხოვდეს გონივრულ ვადას მტკიცებულებათა წარდგენისათვის ან, სულ მცირე, მოსამზადებელ სხდომაზე უზრუნველყოფდეს მისთვის ხელსაყრელი ყველა მტკიცებულების სასამართლოში მიტანას. სასამართლო სხდომის გადადება მტკიცებულების წარდგენის მოტივით დასაბუთებულია მხოლოდ მაშინ, თუკი სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა ახალი არსებითი გარემოება, რომლის დასადასტურებლად/გასაქარწყლებლად მხარეს ესაჭიროება იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლის საქმეზე დართვის აუცილებლობაც მანამდე არ არსებობდა.

22.3. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა 2018 წლის სახელფასო დავალიანების გადახდა, რასაც მოპასუხე უპირისპირებდა ხანდაზმულობის შესაგებელს. მოპასუხე მხარე შესაგებელშივე ასაბუთებდა, რომ სადავო ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ მოვალეობას წარმოადგენდა, შესაბამისად, ხანდაზმულობის მტკიცების მიზნებისათვის, მას მოეთხოვებოდა სახელფასო დავალიანების მდგენელი ვალდებულებების წარმოშობის თარიღებზე მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, თუმცა ამ მიმართულებით მას მტკიცებითი საქმიანობა არ წარუმართავს - არც შესაგებელში მიუთითებია, რომ ამგვარი მტკიცებულებების წარსადგენად დრო ესაჭიროებოდა და არც მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულა შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად.

22.4. მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზად კასატორი ასახელებს ბუღალტრის ავადმყოფობას; სსსკ 215.3 მუხლის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

22.5. საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად ავადმყოფობაზე მითითებისას კანონი ზუსტად განსაზღვრავს მტკიცებულების სახეს, რომლითაც საპატიო მიზეზის არსებობა უნდა დადასტურდეს. საქმეში კასატორის ბუღალტრის ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარდგენილი არ არის; ამასთან, ავადმყოფობის ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულადაც რომ ჩაითვალოს, მოპასუხისთვის სარჩელის ასლის ჩაბარებიდან მოსამზადებელი სხდომის გახსნამდე მოპასუხეს პრაქტიკულად 50 დღე ჰქონდა, შესაბამისად, საწარმოში დაცული სახელფასო უწყისების შეგროვებისა და სასამართლოში წარდგენის გონივრული შესაძლებლობა მხარეს არ წართმევია. ამრიგად, ამ მოტივით სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უარყო.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1434.5 ლარის ოდენობით, საიდანაც კასატორს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, უნდა დაუბრუნდეს 70%, რაც შეადგენს 1004.15 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „თ.№..ს.ს.ც–ი“-ს (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს გ.ქ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1434.5 ლარის (გადამხდელის ბანკი „ს.ს. „საქართველოს ბანკი“, საგადახდო დავალება №18894517577, გადახდის თარიღი: 09.10.2023წ.) 70% – 1004.15 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი