საქმე №ა-3743-გან-7-2025 31 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - კ.ს. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - სახელმიწფო ბაჟის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „პ.გ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი კ.ს–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, განმცხადებელი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 773 953.33 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 249 059.54 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 1568 ლარის გადახდა დაეკისრა; მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხა - 3432 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა - 3391 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ; მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხიდან - 1609 ლარიდან - 804.50 ლარი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი - 804.50 ლარი მოპასუხეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
6. 2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა კასატორის წარმომადგენელმა, წარმოადგინა მორიგების აქტი და ითხოვა მისი დამტკიცება ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდა; დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება.
8. საქმის წარმოების შეწყვეტის გამო გაუქმდა საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
9. 2025 წლის 28 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხე მხარემ და მიუთითა, რომ მორიგების გამო საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებული ჰქონდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. ამ თანხაზე უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებაში ნამსჯელი არ არის, რისი გათვალისწინებითაც, მხარე ითხოვს ახალი განჩინების მიღებით, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 249-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შემაჯამებელი აქტის შინაარსი და ამომწურავადაა განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოტანისას თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელოს და სამართლებრივად შეაფასოს სასამართლომ. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე.
12. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 773 953.33 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა; ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახდელი თანხა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 249 059.54 ლარით განისაზღვრა; ასევე, კანონის შესაბამისად განაწილდა სახელმწიფო ბაჟი, მათ შორის, განმცხადებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 804.50 ლარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა რა შეთანხმებული პირობებით მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება.
13. გასაჩივრებული განჩინებით, რომლითაც საქმისწარმოება დასრულდა, სასამართლომ საპროცესო ხარჯები განსაზღვრა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიდგებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნულის გათვალისწინებით) და კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 8 000 ლარი.
14. განმცხადებელი იმ საფუძვლით მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ განმცხადებლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებული სახელმწიფო ბაჟის თაობაზე, მაშინ როდესაც მორიგების გამო საქმისწარმოების შეწყვეტის გამო გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.
15. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: მხარეები მორიგდნენ.
16. ამასთან, თუ სარჩელზე წარმოება წყდება სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაშინ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით უნდა გაუქმდეს ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. მართალია, ასეთი ურთიერთობის მომწესრიგებელი სამოქალაქო საპროცესო ნორმა არ არსებობს, მაგრამ, ვინაიდან სარჩელზე წარმოების შეწყვეტით, სამოქალაქო საქმის წარმოება მთავრდება სარჩელის განხილვის გარეშე, ცხადია, ასეთ შემთხვევაში, ვერ იქნება შენარჩუნებული საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები. ზემოაღნიშნული მსჯელობის მართებულობას ადასტურებს სსსკ-ის 831 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვით, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას, სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. მართალია, სარჩელის გამოხმობისას მოსარჩელე იტოვებს უფლებას, კვლავ აღძრას იგივე სარჩელი, მაგრამ საქმის წარმოება ამ შემთხვევაშიც მთავრდება სარჩელის არსებითი განხილვის გარეშე (იხ.: სუსგ №ას-1022-957-2012, 10 მაისი, 2013 წელი).
17. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებულია დისპოზიციურობის პრინციპი (სსსკ-ის მე-3 მუხლი), რომელიც მხარეებს აძლევს სრულ შესაძლებლობას, დავა გადაწყდეს მათი შეხედულებისამებრ: მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მხარეებმა წარადგინონ მათ მიერ შეთანხმებული მორიგების აქტი. ამავე კოდექსის 49-ე მუხლით რეგულირებულია საკითხი, რომელიც შეეხება მხარეთათვის დისპოზიციურობის პრინციპით მინიჭებული უფლების რეალიზებისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.
18. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა მორიგების გამო საქმისწარმოების შეწყვეტის გათვალისწინებით, განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მორიგება წარმოადგენს მხარეების მიერ ახალ გარემოებებზე შეთანხმებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში წყდება სამართალწარმოება, უქმდება საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მტკიცდება მორიგება. ასეთი მორიგება უკვე მხარეთა შორის გამოხატული ახალი ნებაა, რაც ახალი გარიგების დადებას გულისხმობს. საქმის მასალებით დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 773 953.33 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხემ სარჩელი მისთვის 249059.54 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო (სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით), შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 804.50 ლარი დაუბრუნდა. მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შემდეგ კი, მხარეები საკასაციო სასამართლოში მორიგდნენ, რომლის შეთანხმების პირობებიც ეხება სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ სარჩელის ცნობის ნაწილს - 249059.54 ლარს. ამასთან, დგინდება, რომ მორიგების აქტი მხარეთა შეთანხმებას სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს, რაც სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე გამორიცხავს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და სააპელაციო სასამართლოში სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 249-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ს–ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
გიზო უბილავა