საქმე №ას-286-2025 30 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - თ.ღ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, სს „ხ.ბ.ს–ოს“ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი თ.ღ–ისა (შემდეგ - პირველი მოპასუხე, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, აპელანტი, კასატორი) და მ.ნ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მსესხებელი) მიმართ დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 71 140.1 ევროს გადახდა, საიდანაც საბანკო კრედიტის ძირითადი თანხაა - 68 808.24 ევრო, პროცენტი - 1406.27 ევრო და პირგასამტეხლო - 925.59 ევრო; ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია; განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდაც დაეკისრათ.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება შეიცვალა მხოლოდ აპელანტისათვის სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში; აპელანტს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 2 500 ლარის გადახდა; განისაზღვრა, რომ მოპასუხეებისათვის ბანკის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატოს 5 000 ლარს; დანარჩენ ნაწილში აპელანტის სააპელციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული განჩინება პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
5. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას სესხის პროცენტის - 1406.27 ევროსა და პირგასამტეხლოს 925.59 ევროს დაკისრების ნაწილში, ასევე, სადავოდ ხდის მისთვის დაკისრებულ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს ნაცვლად პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი 5 000 ლარისა დააკისრა სახელმწიფო ბაჟი - 2 500 ლარი, ხოლო მეორე მხრივ მიუთითა, რომ მოპასუხეებისათვის დაკისრებულმა ბაჟის ოდენობამ არ გადააჭარბოს 5 000 ლარს, რისი გათვალისწინებითაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ აპელანტსაც, მეორე მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
6. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, რაც მისთვის ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ, რა დროსაც აღარ ჰქონდა სააპელაციო საჩივრის დაზუსტების შესაძლებლობა. ამასთან, საქმეს არ ერთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), მეტიც, გადაწყვეტილება არ არის გასაჩირებული შინაარსობრივი თვალსაზრისით, არამედ შედავებულია მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილით კასატორზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის აღსრულების შესაძლებლობა.
12. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
12.1 2021 წლის 7 დეკემბერს, მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N000101.5163 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, იმავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის N000101.5163/1 ხელშეკრულება. კრედიტის თანხა განისაზღვრა - 70 400 ევროთი, გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა კი 97 065.44 ევროთი, კრედიტის ვადად განისაზღვრა - 180 თვე. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ს, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა (2.15 ქვეპუნქტი).
12.2 კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი კრედიტის მოქმედების პირველი - 18 თვის განმავლობაში შეადგენს 4.5%-ს, ხოლო, პირველი 18 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კრედიტის მოქმედების ვადა ბოლომდე კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრება 5%-ს დამატებული 6 თვიანი EURIBOR განაკვეთი და იგი შეიცვლება თვეში ერთხელ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეიცვლება EUROBOR-ის 6 თვიანი განაკვეთი.
12.3 ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ: ....... ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხ(ებ)ის ტოლი ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დანაკლისი თანხის (შეუსრულებელი ვალდებულების) გადახდა კლიენტს მოსთხოვოს.
12.4 იპოთეკით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე პირველი მოპასუხეა.
12.5 მსესხებელს ბანკისათვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა - 539.25 ევრო. ყოველთვიური შენატანიდან მოხდებოდა საპროცენტო სარგებელისა და სესხის ძირი თანხის დაფარვა, გრაფიკში მითითებული ყოველთვიურად განსაზღვრული ოდენობით. სესხზე ბოლო გადახდა - 16.07.2022 წელს ფიქსირდება - 155.17 ევროს ოდენობით, რომლითაც დაიფარა დარიცხული პროცენტის ნაწილი.
12.6 მსესხებლის მიერ ჯამში გადახდილია 3 422.30 ევრო, საიდანაც დაიფარა ძირითადი თანხა - 1 591.76 ევროს ოდენობით, პროცენტი - 1 798.91 ევრო, პირგასამტეხლო - 31.63 ევრო.
13. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის (ბანკის) მოთხოვნის - სესხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს მსესხებლისათვის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის საფუძველია საქართვლოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები შესრულებულია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული თანხა მეორე მოპასუხეს არ დაუბრუნებია და მისი დავალიანება წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული თანხას შეადგენდა. ამასთან, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოყენებული იპოთეკით. მხარეთა შეთანხმებით, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, აღსრულება მიექცეოდა მსესხებლის სხვა ქონებაზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ასევე სარგებელი სესხით სარგებლობისათვის, ხოლო ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების დარღვევისათვის - პირგასამტეხლო.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან, რასაც ვერ შეარყევს კასატორის ერთადერთი პრეტენზია, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. აღნიშნული წარმოადგენს კასატორის სუბიექტურ პოზიციას, რომელიც არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას (მტკიცებულებას) და იმ პირობებში, როცა დადგენილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, არ არის საკმარის საფუძველი, რომ ბანკის პირადი მოვალე გათავისუფლდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
16. რაც შეეხება მითითებას, რომ სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა სააპელაციო საჩივარი და მას მოთხოვნის დაზუსტების საშუალება არ ჰქონდა პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე „...... აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით“, უფლებამოსილი იყო, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და, რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (იხ.: სუსგ №ას-270-2023, 31 მაისი, 2023 წელი). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“
18. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი ეხება საბანკო დაწესებულების მიერ კრედიტის გაცემის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავას, რაც როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატას აღჭურავდა უფლებით, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განეხილა. ამასთან, უდავოა, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე სააპელაციო საჩივრის 2024 წლის 16 დეკემბერს განხილვის თაობაზე ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლისათვის (განჩინება ჩაბარდა 2024 წლის 11 დეკემბერს), რისი გათვალისწინებითაც, ამ უკანასკნელის სააპელაციო საჩივრის განხილვამდე შეეძლო მისი დაზუსტება, რაც მას არ განუხორციელებია.
19. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს ნაცვლად პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი 5 000 ლარისა დააკისრა სახელმწიფო ბაჟი - 2 500 ლარი, ხოლო მეორე მხრივ მიუთითა, რომ მოპასუხეებისათვის დაკისრებულმა ბაჟის ოდენობამ არ გადააჭარბოს 5 000 ლარს, რისი გათვალისწინებითაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ აპელანტსაც, მეორე მოპასუხესთან ერთად მაინც სოლიდარულად 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულსაც პალატა ვერ მიიჩნევს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად და მიუთითებს, რომ ნათლად არის განსაზღვრული კასატორისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და სასამართლოს მითითება, რომ მოპასუხეებისათვის დაკისრებულმა ბაჟის ოდენობამ არ გადააჭარბოს 5 000 ლარს, ვერ გახდება სრულად ამ თანხის კასატორისათვის დაკისრების წინაპირობა. ამასთან, კასატორის მითითება, რომ საქმეში არ მოიპოვება პირველი ინსტანციის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი, დაუსაბუთებელია, რასაც საქმეში არსებული 2024 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი ადასტურებს (იხ. ტ.1, ს.ფ 205-208).
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ღ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ.ღ–ს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გია დარჩიას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 365 ლარის (საგადასახადო დავალება №1744805115/ გადახდის თარიღი 16.04.2025) 70% - 255.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა