Facebook Twitter

საქმე №ას-439-2025 30 მაისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.შ–ი (შემდეგ - მოპასუხე, მსესხებელი, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე სს „ს.ბ–ის“ (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 2022 წლის 31 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 28 206.55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 25 659.84 ლარი, პროცენტი – 2 410.71 ლარი, საკომისიო - 36 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი; მოპასუხეს 2022 წლის 31 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს.ბ–ის სასარგებლოდ გადასახდელად ასევე დაეკისრა სესხის ძირითად თანხაზე 25 659.84 ლარზე დასარიცხი სარგებელი წლიური 18.50% ხელშეკრულების შეწყვეტიდან (30.03.2023წ.) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველდღიურად 13 ლარია; მოპასუხეს 2019 წლის 7 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეც სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 564.16 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 531.62 ლარი, პროცენტი – 27.54, პირგასამტეხლო - 5 ლარი.

2. კასატორის მითითებით 2022 წლიდან დარჩა უმუშევარი, რის გამოც ვერ ახერხებს თანხის გადახდას. ამასთან, არის მარტოხელა დედა და ჰყავს მოხუცი მშობლები. სასამართლოს სთხოვა შეთანხმებულიყო გადახდის გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც მოხდებოდა დავალიანების გადახდა, თუმცა აღნიშნულზე სასამართლომ არ იმსჯელა, ისევე როგორც - მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1 ბანკსა და მსესხებელს შორის, 2022 წლის 31 მაისს, გაფორმდა №8380529 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი 26 640 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 48 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 18.50%-ით;

7.2 საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმდა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. ამასთან დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი;

7.3 2019 წლის 7 დეკემბერს, ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების №9156773 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ დაიშვა ლიმიტი 700 ლარი, წლიური - 26.00% განაღდების შემთხვევაში, ხოლო 18.00% - სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში. საკრედიტო ლიმიტის განაღდების/სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში ათვისებული თანხის ათვისებიდან 55 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში - 0%. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით;

7.4 მოპასუხემ 2022 წლის ოქტომბრიდან შეწყვიტა თანხის გადახდა №8380529 ხელშეკრულებაზე, რის გამოც სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2022 წლის 10 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

7.5 მოპასუხემ დაარღვია 2019 წლის 7 დეკემბერს ბანკთან დადებული საკრედიტო ბარათით მომსახურების №9156773 ხელშეკრულება და 2023 წლის 25 იანვრიდან დაერიცხა პირგასამტეხლო;

7.6 მოპასუხეს, 2023 წლის 30 მარტის მდგომარეობით, ბანკის მიმართ ერიცხება დავალიანება: 2022 წლის 31 მაისის საკრედიტო №8380529 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 29 867.99 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 25 659.84 ლარი, პროცენტი - 2 410.71 ლარი, საკომისიო - 36 ლარი და ჯარიმა - 1761.44 ლარი. 2019 წლის 07 დეკემბრის საკრედიტო №9156773 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 591.76 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 531.62 ლარი, პროცენტი - 27.54 ლარი და ჯარიმა - 32.60 ლარი.

8. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა (ძირი თანხა, სარგებლი, პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესებიდან გამომდინარეობს.

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობებთან, რასაც ვერ შეარყევს კასატორის ერთადერთი პრეტენზია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი უმუშევრობა, მძიმე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, შემცირებულია პირგასამტეხლო (მოპასუხეს, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირაგსამტეხლოს სახით დააკისრა 105 ლარის გადახდა), რომლის მართლზომიერებაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომაც გაიზიარა.

10. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისათვის თანხის დაკისრების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემულია სადავო თანხა. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, მსესხებელს ვალი არ აქვს გადახდილი. ამასთან, მოპასუხე სასესხო ვალდებულების არსებობას და მის მოცულობას სადავოდ არ ხდის, რის გამოც მხოლოდ უმუშევრობით გამოწვეულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითება, მოვალის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის. აღნიშნული შესაძლოა გავლენას ახდენდეს მსესხებლის გადახდის უნარზე, მაგრამ არა ვალდებულების არსებობაზე და ფინანსურ პასუხისმგებლობაზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებელი კისრულობს სესხის ფორმით მიღებული სასყიდლიანი კრედიტის დაბრუნების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიცვლება მისი ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავალი. აღსანიშნავია, რომ მოვალის უმუშევრად დარჩენა, მას ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს, თუ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პირობა ხელშეკრულებაში (მაგალითად, კლიენტის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა).

11. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სასამართლოს თანხის განაწილვადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე არ უმსჯელია, პალატა აღნიშნულსაც ვერ მიიჩნევს დასაბუთებულ პრეტენზიად და განმარტავს, რომ ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ სავსებით კანონიერად იმსჯელა (იხ. 16 პუნქტი, ტ. 2, ს.ფ. 108) სსსკ-ის 263.1 მუხლის (სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი) ფარგლებში და მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია მისი ქონებრივი ან სხვა პატივსადები გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებას გაამართლებდა. ამასთან, მოპასუხის სააპელაციო სასამართლოში დაფიქსირებული პოზიცია, რომ თანახმაა დაკისრებული თანხის 10 წლით განწილვადებაზე, ეწინააღმდეგება ამავე ნორმით დადგენილ დანაწესს - გადაწყვეტილების ერთ წლამდე განწილვადების შესახებ, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის საკასაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

12. საგულისხმოა, რომ მოპასუხის მიერ შეთავაზებული გრაფიკით ვალდებულების შესრულება და, ზოგადად, მხარეთა შორის დავის გადაწყვეტის ამა თუ იმ პირობაზე მოლაპარაკება, მხოლოდ მათი თავისუფალი ნების საფუძველზეა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია სსსკ-ის მე-3 მუხლის დანაწესი, რომელიც მიხედვითაც მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. საქმის წარმოების მორიგებით დამთავრება პროცესის მონაწილე მხარეთათვის კანონით მინიჭებული დისპოზიციური უფლებამოსილებაა, რომელიც მათი ნების თავისუფალი გამოვლინებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გარიგების სახით მიიღება (რასაც ადგილი არ ჰქონია) და სასამართლოს მხრიდან კანონიერების კონტროლის საფუძველზე მტკიცდება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიმართ არ დარღვეულა არც მორიგებით დავის დასრულების უფლება, ვინაიდან მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგების მიღწევა, მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც.

14. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

16. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ლ.შ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1913 ლარის (საგადახდო დავალება №1745325332/GEL / გადახდის თარიღი 22.04.2025) 70% - 1339 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა