საქმე № ას-1352-2024 17 ივლისი, 2025 წელი
თბილისი სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - უცხოური საწარმოს ფილიალი “ა.ი-ნის ს.რ.ფ–ი” (აპელანტი, მოპასუხე)
მეორე კასატორი - ფ.ნ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების არსებითი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2015 წლის 2 ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, ფ.ნ–ვი (შემდეგში: მოსარჩელე, მეორე კასატორი, დასაქმებული) დასაქმებული იყო შპს ,,ა.ი-ნ“ ს.რ.ფ–ში (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, პირველი კასატორი, დამსაქმებელი) პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 3500 აშშ დოლარს.
2. დამსაქმებელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში, 2015 წლის 2 ნოემბრიდან 2020 წლამდე, კეთილსინდისიერად ურიცხავდა მოსარჩელეს შრომით გასამრჯელოს. 2020 წლიდან კი დამსაქმებელი ვეღარ უზრუნველყოფდა მოსარჩელისათვის შრომითი ანაზღაურების ჯეროვნად გადახდას, რის გამოც დასაქმებულმა 2021 წლის იანვრიდან დატოვა სამსახური.
3. საქმეში წარმოდგენილია არაერთი წერილობითი განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ დასაქმებული ფ.ნ–ვი, სთხოვდა დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების დაფარვას, თუმცა უშედეგოდ. დამსაქმებელი საპასუხო წერილებში არ უარყოფდა მის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობას, თუმცა მისი დაყოვნების მიზეზად მიუთითებდა კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე. საქმეში წარმოდგენილია იგივე შინაარსის არაერთი წერილი, ამ მიმოწერებით დგინდება, რომ მოპასუხე არასოდეს უარყოფდა ფ.ნ–ვის მიმართ დავალიანების არსებობას, თუმცა ბოლო მიმოწერაში, წერილში დამსაქმებელი მიუთითებდა, რომ მათი ბუღალტრული გაანგარიშებით ფ.ნ–ვის სახელფასო დავალიანება ჯამში შეადგენდა 20 884 აშშ დოლარს.
4. სასარჩელო მოთხოვნები
მოსარჩელე ფ.ნ–ვმა სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალი ,,ა.ი-ნ“-ს ს.რ.ფ–ის მიმართ, შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების დაკისრების მოთხოვნით, კერძოდ: მოსარჩელემ მოითხოვა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - მიუღებელი შრომის ანაზღაურება 11 253,35 აშშ დოლარის ექვივალენტის და მისი გადახდის დაყოვნების 0,07%-ის 15 510,70 აშშ დოლარის ექვივალენტის ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში, ასევე საპროცესო ხარჯების 3177,67 აშშ დოლარის ექვივალენტის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში, პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 3500 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, 2020 წლის განმავლობაში არ ერიცხებოდა კუთვნილი ხელფასი სრულად, რის გამოც მოპასუხეს ერიცხება სადავო სახელფასო დავალიანება მის წინაშე. სწორედ ანაზღაურების დაგვიანებების გამო, 2021 წლის იანვრიდან მან დატოვა სამსახური. ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
5. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ კომპანიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებაც სწორედაც რომ მოსარჩელის ვალდებულებებში შედიოდა, რაც მან ვერ უზრუნველყო. ხელფასების დაგვიანებით გაცემა და საწარმოს ფინანსური პრობლემები იმითაც იყო გამოწვეული, რომ მოსარჩელე ჯეროვნად არ ასრულებდა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, მათ ხელთ არსებული ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 20 884 აშშ დოლარს, რასაც გადაიხდიან ფინანსური პრობლემების მოგვარების შემდგომ.
6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით: 1. სარჩელი დაკმაყოფილდა; 2. უცხოური საწარმოს ფილიალი ,,ა.ი-ნ"-ის ს.რ.ფ–ს ფ.ნ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შრომის ანაზღაურება ძირი თანხა 11253,35 აშშ დოლარის ექვივალენტი, დაყოვნების 0,07%-ის 15510,70 აშშ დოლარის ექვივალენტი და საპროცესო ხარჯი 3177,67 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
7. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალი ,,ა.ი-ნ“-ის ს.რ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ფ.ნ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალი ,,ა.ი-ნ“-ის ს.რ.ფ–ს, ფ.ნ–ვის სასარგებლოდ, დაეკისრა ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 29 941,72 აშშ დოლარისა, 22 420 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ასევე, მოპასუხე უცხოური საწარმოს ფილიალი ,,ა.ი-ნ“-ის ს.რ.ფ–ს ფ.ნ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა, მოსარჩელის მიერ ადვოკატის მიერ გაღებული ხარჯი 1500 ლარის ოდენობით;
8.2. 2024 წლის 12 ივნისის უსწორობით გასწორების შესახებ განჩინებით გასწორდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში უსწორობა და 22 420 აშშ დოლარის ნაცვლად მიეთითა 23 821 აშშ დოლარი.
9. დამსაქმებლის (პირველი კასატორის) საკასაციო მოთხოვნა
9.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები სწორედ მოსარჩელის ბრალეულობით, მან დროულად არ შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაო და ამის გამო, არ ჩაერიცხა ხელფასი. ფინანსური პრობლემების მოგვარება გარკვეულწილად შედიოდა მოსარჩელის ფუნქციებში. ამდენად, მოსარჩელეს ერიცხებოდა იმ მოცულობის ხელფასი, რისი შესაძლებლობაც კომპანიას ჰქონდა.
9.3. კომპანიას არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ არანაირი ვალდებულება, რასაც ადასტურებს მის მიერ დაწერილი განცხადება და სესხის ხელშეკრულებები, რომლის გაქვითვაც მოხდა სახელფასო დავალიანებაში.
10. დასაქმებულის (მეორე კასატორის) საკასაციო მოთხოვნა
10.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის შეფასებით, ხელფასი დამსაქმებელს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 30 რიცხვში, სააპელაციო პალატამ თითოეულ მოთხოვნაზე დათვალა ვადაგადაცილების და შესაბამისი პროცენტის ოდენობები, რაც არ შეესაბამება რეალობას და არის აცდენები კალკულაციაში, რამაც საბოლოოდ, არასწორი თანხის ოდენობის გამოთვლა გამოიწვია.
10.3. მოთხოვნა დაყოფილია სულ რვა სხვადასხვა ეპიზოდად, შრომითი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მოთხოვნაზე სასამართლომ არასწორად გადათვალა სახელფასო დავალიანების ოდენობა, ვადაგადაცილებული დღეების ოდენობები, დაყოვნების პროცენტის თანხა, რაც აუცილებელია, რომ ხელახლა იქნეს დათვლილი. კერძოდ, 2020 წლის აპრილიდან 06.12.2023 მდე არის 1314 დღე და არა 1290 დღე, 2020 წლის 1 ივლისიდან 2921 წლის 16 სექტემბრამდე 442 დღეა და არა 435; 2020 წლის 1 აგვისტოდან 17.12.2021 მდე არის 496 დღე; 2020 წლის სექტემბრიდან 06.12.2023 წლამდე არის 1191 დღე; 2020 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 6 დეკემბრამდე არის 1161 დღე და არა აპელაციის დათვლილი 1140 დღე; 2020 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე არის 607 და არა 600 დღე.
10.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 გვერდებზე მითითებულია, რომ 2020 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება 1800 აშშ დოლარი დამსაქმებელმა გადაუხადა 570 დღის დაგვიანებით - 01.07.2022წ. ხოლო მეორე ნაწილი - 1700 დოლარი ჯერ კიდევ გადასახდელია. კასატორი უთითებს, რომ სასამართლოს 1800 დან კიარ უნდა დაეთვალა პროცენტი, არამედ 3500 დან, რადგან მართალია 1800 დამსაქმებელმა გადაიხადა 1 ივლისს (570 დღის დაგვიანებით), მაგრამ მისი სრული ვალდებულება 3500 დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება გადასახდელ ნაშთს- 1700 დოლარს, ამ ნაწილშიც, კასატორი უთითებს, რომ აპელაციას 510 დღე აქვს გადაცილება დათვლილი, მაშინ, როცა 2022 წლის 01.06 დან 06.12.2023-მდე დღეების ოდენობა 523 დღეა.
10.5. კასატორის მითითებით, დამსაქმებელმა ხელფასის ნაწილი - 1800 დოლარი გადაიხადა დაგვიანებით, სასამართლომ დავალიანება 1800 დან დათვალა, მაშინ, როდესაც საერთოდ არ იყო გადახდილი არაფერი 3500 დან. ამიტომ, პროცენტის გადახდა არა 1800 დან, არამედ 3500 დან უნდა მოხდეს ამ ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, დღეების ოდენობაც არასწორად აქვს აპელაციას დათვლილი, 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე სასამართლოს მიერ მითითებული 540 კიარა 546 დღეა.
10.6. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის შედავება მოიცავს მისაღები ხელფასის დაყოვნების 0.07%-ის ფარგლებში წარმოშობილი დავალიანების არა 12 567,65 აშშ დოლარად, არამედ 14 353.8 აშშ დოლარად განსაზღვრას (საკასაციო მოთხოვნის ოდენობა დაზუსტდა 2025 წლის 19 მაისს წარმოდგენილი განცხადებით). ასევე, საპროცესო ხარჯების სწორად განსაზღვრას, რაც გულისხმობს მოპასუხისთვის არა 1500 აშშ დოლარის, არამედ 3 177,67 აშშ დოლარის დაკისრებას.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრისა და 23 დეკემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად. ხოლო 2025 წლის წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დასაქმებულის - ნაწილობრივ შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
14. სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, სსკ-ის 394.1ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
15. განსახილველ შემთხვევაში დავაც სწორედ შრომითსამართლებრივია, რამდენადაც ის გამომდინარეობს შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. მოსარჩელის მიზანია სახელფასო დავალიანებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. რაც მისი მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა, ხოლო მოპასუხის მოსაზრებით მას არ აქვს მოსარჩელის მიმართ რამე სახის აღნიშნული ვალდებულება შესასრულებელი, რადგან ვალდებულება გაიქვითა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისგან აღებული სესხით.
16. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს მოპასუხის საკასაციო საჩივარზე, რადგან მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, უარყოფილ იქნება სასარჩელო მოთხოვნები, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის კასაციის - რეკალკულაციის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
17. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
18. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი უთითებს, რომ მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ვერ შეეძლო დავალიანების ანაზღაურება. საკასაციო პალატა ამ ნაწილში ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომლის მიხედვითაც, თუნდაც არსებობდეს კომპანიის ფინანსური პრობლემები, ეს არ უნდა გახდეს საფუძველი იმისათვის, რომ დასაქმებულმა ვერ აიღოს საკუთარი შრომის ნაყოფი - ხელფასი.
20. კასატორის მითითებით, მას არ აქვს დავალიანება მოსარჩელესთან, რადგან შრომის ანაზღაურება დასაქმებულმა მიიღო ურთიერთგაქვითვის საფუძველზე, რის შემდგომაც დამსაქმებელს აღარ აქვს რამე ვალდებულება მის წინაშე შესასრულებელი. ამ კუთხით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ კი ასეთი სახის ურთიერთგაქვითვა მოხდა და მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული დავალიანება ამ გზით დაიფარა, მოპასუხე ვალდებული იყო წარედგინა შესაბამისი სახის მტკიცებულებები, რათა დადგენილიყო ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემდგომში გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მოსარჩელემ შეძლო დაესაბუთებინა ფინანსური ვალდებულებების არსებობა, თუმცა, მოთხოვნის შეწყვეტის მტკიცების ტვირთის დაცვა ვერ უზრუნველყო მოპასუხემ. ამ კუთხით იმპერატიულია სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი, რომელიც სავალდებულო ფორმის დაცვაზე უთითებს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება სწორედ დამსაქმებელს ჰქონდა, თუმცა ვერ შეძლო ვერანაირი მტკიცებულების წარდგენა, შესაბამისად, ვერ შეძლო დავალიანების ან მისი გარკვეული ნაწილის ურთიერთგაქვითვის გზით გადახდის ფაქტი, ამიტომ მისი პოზიცია მტკიცების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
21. რადგან საკასაციო პალატა დამსაქმებლის კასაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ეთანხმება, პირველი კასატორის საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება. შესაბამისად, სასამართლო შეაფასებს დასაქმებულის კასაციას, რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის არასწორ კალკულაციას.
22. საკასაციო პალატა აქცენტირებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 7.7. და 7.8. პუნქტებზე, სადაც გამოთვლილია სახელფასო დავალიანებისა და დაყოვნების შედეგად რვა ეპიზოდზე ცალ-ცალკე არსებული დავალიანებები. ამ კუთხით, პალატა (რვიდან) თითოეულ მოთხოვნაზე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას ცალკეულ შემთხვევებში ვადები უნდა დაეთვალა შემდეგი წესით:
22.1. 2020 წლის აპრილის თვის სახელფასო დავალიანების განსასაზღვრად 06.12.2023-მდე არის 1314 დღე და არა 1290 დღე;
22.2. 2020 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების განსასაზღვრად 2021 წლის 16 სექტემბრამდე 442 დღეა და არა 435 დღე;
22.3. 2020 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების განსასაზღვრად 17.12.2021-მდე 498 დღეა და არა 496 დღე. (ამ ნაწილში უნდა აღინიშნოს, რომ რეალური სხვაობა თარიღებს შორის 503 დღეა, თუმცა პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულია 498 დღე, რასაც სასამართლო ვერ გასცდება).
22.4. 2020 წლის აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანების განსასაზღვრად 06.12.2023 წლამდე არის 1191 დღე და არა 1170 დღე.
22.5. 2020 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების განსასაზღვრად 2023 წლის 6 დეკემბრამდე არის 1161 დღე და არა 1140 დღე.
22.6. 2020 წლის ოქტომბრიდან სახელფასო დავალიანების განსასაზღვრად 2022 წლის 1 ივლისამდე არის არა 600 დღე, არამედ 607 დღე.
22.7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 გვერდებზე მითითებულია, რომ 2020 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანება 1800 აშშ დოლარი დამსაქმებელმა გადაუხადა 570 დღის დაგვიანებით - 01.07.2022წ. ხოლო მეორე ნაწილი - 1700 დოლარი ჯერ კიდევ გადასახდელია. კასატორი უთითებს, რომ სასამართლოს არა თუ 1800-დან უნდა დაეთვალა პროცენტი, არამედ 3500-დან, რადგან, მართალია, 1800 დოლარი დამსაქმებელმა გადაიხადა 1 ივლისს (570 დღის დაგვიანებით), მაგრამ მისი სრული ვალდებულება 3500 დოლარს შეადგენდა. ამ ნაწილშიც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს თუ რა ოდენობიდან უნდა მოხდეს პროცენტის გამოთვლა, რადგან თუ კი არ იყო გადახდილი მთლიანი თანხა, შესაბამისად, პროცენტიც ამავე თანხიდან უნდა იქნეს დათვლილი. ამავდროულად, ამ ნაწილში, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე არა 570 დღეა, არამედ 577 დღე. რაც შეეხება გადასახდელ ნაშთს - 1700 დოლარს, ამ ნაწილშიც, კასატორი დასაბუთებულად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ 510 დღე მიუთითა გადაცილებად, მაშინ, როდესაც 2022 წლის 01.06 დან 06.12.2023-მდე ვადა 523 დღეა.
22.8. როგორც ზემოაღნიშნულ შემთხვევაშიც, დამსაქმებელმა ხელფასის ნაწილი - 1800 დოლარი გადაიხადა დაგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ დავალიანება 1800-დან დათვალა, მაშინ, როდესაც არ დგინდება, რომ დამსაქმებელმა ამ თვის ხელფასი 3500 ნაწილობრივ მაინც გადაიხადა. ამიტომ, პროცენტის გადახდა არა 1800-დან, არამედ 3500-დან უნდა მოხდეს ამ ნაწილში. რაც შეეხება დღეების რაოდენობას, 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე მითითებულია 540 დღე, მაშინ, როდესაც რეალური სხვაობა 546 დღეა. რაც შეეხება დარჩენილ 1700 დოლარს, დაყოვნების დროდ 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 6 დეკემბრამდე გასაჩივრებული გადაყვეტილებაში მითითებულია 480 დღე, მაშინ, როდესაც რეალური სხვაობა 523 დღეა ამიტომ, ამ ნაწილშიც, ხელახლა უნდა მოხდეს პროცენტის დათვლა.
22.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში დაყოვნების დღეებთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები ხელახლაა დასადგენი, რაც მოიცავს შესაბამისი დღეების განსაზღვრას და აქედან გამომდინარე დაყოვნების პროცენტის რეკალკულაციას. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დასაქმებულის საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რაც საკმარისი საფუძველია საქმის ხელახლა განსახილველად დასაბრუნებლად.
22.10. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უცხოური საწარმოს ფილიალი “ა.ი-ნის ს.რ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი