Facebook Twitter

№ ა-2792-შ-70-2025 17 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ქ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ქ. (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ.ქ. და თ.ქ. განქორწინდნენ.

თ.ქ–მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების მხოლოდ განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, თ.ქ. არის საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

გადაწყვეტილება, რომლის ცნობასაც მოითხოვს მხარე, შესულია კანონიერ ძალაში.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ქ–ს შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის გირესუნის საოჯახო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ ნაწილში: გირესუნის პროვინციის, მერქეზის რაიონის, აქქოის უბნის/სოფლის, 21 ტომი, 67 კომლში სამოქალაქო აქტების ჩანაწერის და პიროვნების რიგის ნომერის 62 მქონე მონაცემებით ჩაწერილი, 20/09/1987 წელს დაბადებული, გალიფისა და სევგის ვაჟიშვილი ბ.ქ–ა, თ.რ. მოქალაქის პირადი ნომერი: ......., რომელიც არის მოსარჩელე და ასევე 29/12/1990 წელს დაბადებული, ა. და მ–ას ქალიშვილი, საქართველოს მოქალაქე თ.ქ., თურქეთის სამოქალაქო კანონის 166/3 მუხლის შესაბამისად (შეთანხმების საფუძველზე) განქორწინებულნი იქნენ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი