Facebook Twitter

საქმე №ას-272-2024 10 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.მ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ო–ი, ხ.გ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 03 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდროს

ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, ხელშეკრულების ნაწილობრივ

ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.მ–ძემ სარჩელი აღძრა მ.ო–სა და ხ.გ–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: ნოტარიუს ი.ჩ–ის მიერ 2010 წლის 14 სექტემბერს გაცემული N100919093 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა ½ ნაწილში; მოსარჩელე ნ.მ–ძის მიერ გარდაცვლილი მამკვიდრებლის ბ.მ–ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა; ნოტარიუს რ.ზ–ის მიერ 2020 წლის 08 იანვარს მ.ო–სა და ხ.გ–ს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების (N200009960) ბათილად ცნობა ½ ნაწილში; მოსარჩელე ნმ–ძის მესაკუთრედ ცნობა უძრავი ქონებების მდებარე ქ.თბილისი, ........, ს/კ ........ და ქ.თბილისი, ........ ს/კ .....½ წილზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის საასმართლოს გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გაჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.მ–ძემ, რომელმაც წარმოადგინა კასატორის, ნ.მ–ძის გარდსაცვალების მოწმობა, რომლის თანახმად, ნ.მ–ძე გარდაიცვალა 2024 წლის 7 მაისს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისისა და 12 ნოემბრის განჩინებებით საქმის წარმოება წინამდებარე საქმეზე წარმოება შეჩერდა და შეჩერების ვადა გაგრძელდა 2025 წლის 7 მაისამდე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილია ინფორმაცია ნ.მ–ძის სამკვიდრო ქონების მემკვირეების მიერ მიღების შესახებ, რომლის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ნ.მ–ძის სამკვიდრო ქონების შესახებ 2025 წლის 17 თებერვლის მონაცემებით.

10. საქმის წარმოების შეჩერებისა და შეჩერების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის განჩინება ნ.მ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეებს ფოსტით გაეგზავნა, რაც ჩაბარდა ნ.მ–ძის შვილს ე.მ–ძეს და რძალს - ნ.გ–ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა განახლდეს და ამავდროულად უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

12. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ ნმ–ძე გარდაიცვალა 2024 წლის 7 მაისს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისისა და 12 ნოემბრის განჩინებებით კი, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილის უფლებამონაცვლის დადგენამდე არა უმეტეს 2025 წლის 7 მაისისა.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.

15. ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულობის ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.

16. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ნმ–ძე გარდაიცვალა 2024 წლის 7 მაისს, პალატა თვლის, რომ მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 7 ნოემბერს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2024 წლის 12 ივნისიდან გასულია 1 წელი და 3 თვე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა და ჩაბარდა ოჯახის წევრს, თუმცა სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

17. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს მიმართვის საფუძველზე სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილია ინფორმაცია ნ.მ–ძის სამკვიდრო ქონების მემკვირეების მიერ მიღების შესახებ, რომლის თანახმად, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი ნმ–ძის სამკვიდრო ქონების შესახებ 2025 წლის 17 თებერვლის მონაცემებით.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

19. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, რადგანაც უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოსათვის ნმ–ძის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს და არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე უნდა განახლდეს წარმოება და მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. წინამდებარე საქმეზე - №ას-272-2024 განახლდეს წარმოება;

2. განუხილველად დარჩეს საკასაციო საჩივარი უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა.კოჭლამაზაშვილი