საქმე № ა-78-შ-4-2025 1 აგვისტო, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ვა
განხილვის საგანი – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება (№2-4055/2024)
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ს. ასულ გ–ას ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრუწლოვან შვილებთან ა.ე. ასული შ–ძის, დაბადებული 25.02.2007წ., მ.ე. ძე შ–ძის, დაბადებული 13.10.2010წ., მ.ე. ასული შ–ძის, დაბადებული 03.08.2012წ. და მ.ე. ძე შ–ძის, დაბადებული 05.09.2020წ., მიმართებით.
ამასთანავე, ი.ს. ასულ გ–ას ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ე.შ–ძის სასარგებლოდ მცირეწლოვანი შვილების ა.ე. ასული შ–ძის, დაბადებული 25.02.2007წ., მ.ე. ძე შ–ძის, დაბადებული 13.10.2010წ., მ.ე. ასული შ–ძის, დაბადებული 03.08.2012წ. და მ.ე. ძე შ–ძის, დაბადებული 05.09.2020წ., რჩენისთვის ფიქსირებული 9 793,00 რუბლი თითოეულ ბავშვზე.
2025 წლის 15 იანვარს ე.შ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების (№2-4055/2024) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში.
შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ე.შ–ძე საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების (№2-4055/2024) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი, მოპასუხისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში, შემდეგშია: შუამდგომლობის ავტორს სურს მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა მეორე მშობლის თანხმობის გარეშე მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.
რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებიდან (№2-4055/2024) ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე გამოცხადდა სხდომაზე და არ აღიარა სარჩელი.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2024 წლის 27 აგვისტოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პაალტის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის - ი.გ–ვას მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები: ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ მითითებულო მისამართზე მაგრამ ვერ მოხერხდა მისთვის ჩაბარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის, ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარებს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პაალტის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის - ი.გ–ვას მისამართი და სხვა საკონტაქტო მონაცემები: ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა ორჯერ, მის მიერ მითითებულო მისამართზე მაგრამ ვერ მოხერხდა მისთვის ჩაბარება. სასამართლოში მობრუნებული კორესპოდენციით დგინდება, რომ ე.შ–ძე ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.შ–ძისათვის, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულოად უნდა ჩაითვალოს კურიერის განმეორებით ვიზიტის დღეს - 2025 წლის 8 ივლისს (იხ.უკუგზავნილი).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 9 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 11 ივლისს - პარასკევს.
დადგენილ ვადაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 55-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.შ–ძის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის გაგარინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მირანდა ერემაძე