¹ბს-1105-1067 (2კ-08) 24 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ნ.-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი –საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა და ავტომანქანის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. ნ.-მა 2007 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ¹001927 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და 2007 წლის 14 აგვისტოს ¹2607 საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ი. ნ.-ის სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” 2007 წლის 14 აგვისტოს ¹2607 შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” ¹001927 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა წარმოება იმ მოტივით, რომ იგი დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენდა და განიხილებოდა როგორც ზემოხსენებული აქტის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” 2007 წლის 14 აგვისტოს ¹2607 საბაჟო შეტყობინება ავტომანქანის უსასყიდლოდ ჩამორთმევის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიაჩია, რომ 2007 წლის 29 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტიდან გამოვიდა ი. ნ.-ის კუთვნილი ავტომანქანა (სახ.¹MAღ-991), რომელსაც იგი თავადვე მართავდა; შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამ ავტომანქანაში დაფიქსირებული ე.წ. ,,ბულგარული წიწაკიდან” 9,3 კგ იყო მხოლოდ დეკლარირებული, ხოლო დანარჩენი საქონელი კი აღურიცხავი იყო. ამ ფაქტის თაობაზე ეცნობა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის” ხელმძღვანელს და მოხდა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. ხოლო მოგვიანებით, 2007 წლის 14 აგვისტოს, ზემოხსენებული 2007 წლის 29 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ¹001927 ოქმის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო ,,აღმოსავლეთის” უფროსის მიერ გამოიცა საბაჟო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც ი. ნ.-ს საბაჟო წესების დარღვევით, საქართველოს ტერიტორიაზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანისათვის სანქციის სახით განესაზღვრა 2000 ლარიანი ჯარიმა. ამასთან, დადგინდა არადეკლარირებული საქონლის 85 კგ წიწაკისა და მერსედესის მარკის ავტომანქანის (სახ.¹MAღ-991) უსასყიდლოდ ჩამორთმევაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ასევე 2007 წლის 14 აგვისტოს ¹2607 საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთებაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ვინაიდან ი. ნ.-ის მხრიდან დარღვეული იყო საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, სგპ ,,ლაგოდეხის” უფლებამოსილი პირის მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად გამოტანილ იქნა საბაჟო შეტყობინება და საქართველოს მოქალაქე ი. ნ.-ს ხსენებული სამართალდარღვევისათვის შეეფარდა სანქცია ჯარიმის სახით 2000 ლარი, არადეკლარირებული საქონლის 85 კგ წიწაკისა და მერსედესის მარკის ავტომანქანის (სახ.¹MAღ-991) უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-8 ნაწილი და 242-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არც საქმეში წარმოდგენილ საბაჟო შეტყობინების წერილობითი დასაბუთებასა და არც თავად საბაჟო შეტყობინებაში განმარტებული და დასაბუთებული არ არის, რატომ იქნა მიჩნეული აუცილებლად თუ მიზანშეწონილად 85 კგ წიწაკის არადეკლარირებული სახით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანისათვის ასეთი მკაცრი სანქციის გამოყენება, რაც გამოიხატა 2000 ლარიანი ჯარიმით, თავად საქონლის – 85 კგ. წიწაკისა და მერსედესის მარკის ავტომანქანის უსასყიდლოდ ჩამორთმევით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო “აღმოსავლეთმა”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და თელავის რეგიონალური ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 აპრილის განჩინებაზე.
კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში ი. ნ.-მა სატრანსპორტო საშუალება გამოიყენა სამართალდარღვევის იარაღად, კერძოდ, ზემოაღნიშნული საქონელი მოათავსა ავტომობილის სალონში და საბარგულში, რითაც შეეცადა პირადი სარგებლობის მიღების მიზნით შეცდომაში შეეყვანა საბაჟო ორგანო, მისგან მალულად და გვერდის ავლით გადმოეტანა არადეკლარირებული საქონელი და ამით თავი აერიდებონა საბაჟო გადასახადების გადახდისაგან.
კასატორს მიაჩნია, რომ ი. ნ.-სათვის შეფარდებული სანქცია შესაბამისობაშია მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომასთან, სამართალდარღვევის სახის და ხასიათის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.