Facebook Twitter

საქმე №ას-356-2025 17 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს ,,უ–ი’’, ჯ.ბ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ფ.ჰ–ი’’ (შპს ,,F. H.”) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

დავის საგანი – უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მხარეებს შორის ჯამში დაიდო სამი: 2018 წლის 16 თებერვლის N03/16, 2018 წლის 14 მარტის N03/24 და 2018 წლის 20 მარტის N03/26 ქირავნობის ხელშეკრულებები. ზემოთ აღნიშნული სამივე ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა გამქირავებლისათვის დათქმული ქირა.

2. ფიზიკური პირი ჯ.ბ–ძე სოლიდარულად კისრულობდა პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, შპს „უ–თან“ ერთად, შპს ,,F. H."-ზე დავალიანების გადაუხდელობის ან სხვა ფორმით ვალდებულებების წარმოშობის შემთხვევაში სოლიდარულად ეგო პასუხი დამქირავებელთან ერთად კრედიტორის წინაშე.

3. შპს ,,უ–ი“, როგორც დამქირავებელი და ფიზიკური პირი გ.ს–ძე სოლიდარულად კისრულობდნენ ვალდებულებას, დამქირავებლის მიერ ქირავნობის ან/და სხვა თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით გადაეხადათ გამქირავებლისათვის გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ნებაყოფლობით გადახდამდე ან/და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. 20.03.2018-22.04.2018წ. პერიოდში, შპს ,,უ–მა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამქირავებელი) შპს ,,ფ.ჰ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამქირავებელი) დაუბრუნა 58 ფანერა დაწებებული ფირით, 35 ძელაკი და 423 არმატურის სამაგრი. დარჩენილი მოძრავი ნივთები ნაწილი (78 ცალი ფანერა დაწებებული ფირით, 77 ცალი არმატურის სამაგრი) კი ვერ დააბრუნა. იმ დასაბუთებით, რომ ისინი ფიზიკურად აღარ არსებობს, განადგურდა, რის გამოც დაბრუნებას ვერ დაექვემდებარება.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.10.2023წ. N007409323 ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელმოწერები, ჯ.ბ–ძის სახელით, განლაგებული, ქირავნობის ხელშეკრულებებზე - N03/24 14.03.2018წ., N03/36 20.03.2018წ., N03/16 16.02.2018წ. თარიღებით, მათზე თანდართულ იმავე თარიღების N1 დანართებსა და მიღება- ჩაბარებების აქტებზე, ნაბეჭდი ტექსტების ბოლოს, მარჯვენა მხარეს, შესაბამისად, გრაფებში ,,დირექტორი“ და ,,ხელმოწერა“ შესრულებულია ჯ.ბ–ძის მიერ.

6. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ცენტრის 25.03.2024წ. მიუღებელი შემოსავლის შესახებ აუდიტორული N024-004 დასკვნის თანახმად: შპს "F. H."-ს შპს დადებული ხელშეკრულებების ძირითადმა დავალიანებამ, შპს ,,F. H."-ს მიმართ, შეადგინა 142 643 ლარი; შპს ,,უ–ი"-ს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან, ხელშეკრულებების მე-4 მუხლის 4.2 ქვეპუნქტით, პირგასამტეხლოს სახით დარიცხულმა დავალიანებამ, შპს F. H."-ს მიმართ, შეადგინა 476 640 ლარი; შპს ,,უ–ი"-ს დავალიანებამ, იჯარით გაცემული მასალებიდან გამომდინარე, რომელიც დარჩენილი იყო შპს ,,უ–ი"-ს მფლობელობაში, ხელშეკრულებების დანართების მიხედვით, შპს ,,F. H."-ს მიმართ შეადგინა 10 668 ლარი; სულ, შპს ,,უ"-ს დავალიანება, შპს "F.H"-ს მიმართ, შეადგენდა 629 951 (142643+476640+10 668) ლარს. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, 2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, შპს "F. H."-სათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 629 951 ლარი. აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა საბუღალტრო მონაცემებს და ხელშეკრულებების დანართებში მითითებულ მოძრავი ქონების ღირებულებებს.

7. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური აუდიტორის ა.ბ–ძის 24.01.2024წ. აუდიტორული დასკვნის თანახმად: დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ 78 ცალი ფანერა დაწებებული ფირით მისი ვარგისიანობის გათვალისწინებით საიჯარო ვადა განისაზღვრება 36 თვით. შპს ,,უ"-ს მიერ შპს ,,F. H."-სიდან იჯარით აღებული 78 ცალი საყალიბე ფანერა დაწებებული ფირით, 2018 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 24 იანვრამდე პერიოდში, საიჯარო ქირა შეადგენს 42 696 ლარს. შპს ,,უ"-ს მიერ შპს ,,F. H." -სიდან იჯარით აღებული 78 ცალი საყალიბე ფანერა დაწებებული ფირით, 2024 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, სრულად ამორტიზირებულია, არ გააჩნია გამოყენების ვადა, არ გააჩნია ნარჩენი საბალინსო ღირებულება, ექვემდებარება ჩამოწერას. შპს ,,უ"-ს მიერ შპს ,,F. H."-სიდან იჯარით აღებული 77 ცალი ყალიბის სამაგრი ჩამკეტის (ე.წ. ,,ჟიმოკი"), 2018 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 24 იანვრამდე პერიოდში, საიჯარო ქირა შეადგენს 554.40 ლარს. შპს ,,უ"-ს მიერ შპს ,,F. H."-სიდან იჯარით აღებული 77 ცალი ყალიბის სამაგრი ჩამკეტის (ე.წ. ,,ჟიმოკი"), 2024 წლის 24 იანვრის მდგომარეობით სრულად ამორტიზირებულია, არ გააჩნია გამოყენების ვადა, გააჩნია ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რაც შეადგენს - 11.70 (29.26 * 0.40) ლარს. 77 ცალი ყალიბის სამაგრი ჩამკეტის (ე.წ. ,,ჟიმოკი") ექვემდებარება ჩამოწერას.

8. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ აუდიტორი დაეყრდნო დამკვეთის შპს ,,უ–ის“ მიერ მიწოდებულ როგორც ზეპირ, ასევე წერილობით და დოკუმენტალურ ინფორმაციას, რომლის სისწორეზე, ობიექტურობაზე, ნამდვილობაზე და სხვა რაიმე ფარული ფაქტების კორექტირების არ არსებობაზე პასუხისმგებელი იყო თავად დამკვეთი.

9. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს: 1) ძირითადი დავალიანება 142 643 ლარი; 2) პირგასამტეხლო - 476 640 ლარი; 3) იჯარით გაცემული მასალებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანება, რომელიც დარჩენილია შპს ,,უ–ის’’ მფლობელობაში, - 10 668 ლარის გადახდა.

9.2. შპს ,,უ–მა’’ დაარღვია ქირის საფასურის გადახდის ვალდებულება, ამასთან არ დაუბრუნა აღებული საქონლის ნაწილი. შპს ,,უ–ი" და ფიზიკური პირი ჯ.ბ–ძე ვალდებულები იყვნენ გადაეხადათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირა, რაც არ სრულდება მათ მიერ დღემდე. ასევე ვალდებულები იყვნენ დაებრუნებინათ ქირავნობის საგანი ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ და გადაეხადათ არსებული დავალიანება, რაც არ იქნა შესრულებული. მოპასუხეები ასევე ვალდებულნი არიან გადაიხადონ ქირავნობის საგნის დაყოვნების განმავლობაში არსებული ქირა, როგორც მიუღებელი შემოსავალი.

10. წარდგენილი შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი ცნო 21 134 ლარის ნაწილში. დანარჩენ ნაწილზე მიუთითა, რომ დაუბრუნებელ საქონელზე ქირის საფასურის დარიცხვა არაგონივრულია, რადგან ნაქირავები იყო მოხმარებადი საქონელი და გარკვეული დროით გამოყენების შემდეგ, მას სამეურნეო დანიშნულება დაეკარგა. ჯ.ბ–ძემ ასევე მიუთითა, რომ ის არ წარმოადგენდა თავდებს, შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, პირგასამტეხლო კი შეუსაბამოდ მაღალი.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი: მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ: 1) ძირითადი დავალიანების 142 643 ლარის გადახდა; 2) პირგასამტეხლოს 79 440 ლარის გადახდა; (ეს შეამცირა აპელაციამ 39 723 ლარამდე.) 3) ქირით გაცემული მასალებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანება (იმ მასალებისა, რომელიც დარჩენილი იყო შპს ,,უ–ის’’ მფლობელობაში), 10 668 ლარის გადახდა.

12. სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლო 79 440 ლარი შეამცირა 39 723 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

14.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14.2. კასატორის მითითებით, დამქირავებელს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით ვიდრე მიყენებულია რეალურად არის დაუსაბუთებელი. სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია მტკიცებულებები. აუდიტორ ა. ბ–ძის დასკვნით დადგენილია, რომ იჯარით აღებული სამშენებლო მასალებისრულად ამორტიზებულია და არ აქვს საბალანსო ღირებულება.

14.3. კასატორი მიუთითებს, რომ მეორადი ფანერის (ქირავნობის ობიექტის) განადგურების შემდგომ 2018 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდზე მოსარჩელესთვის ქირის ფასის გადახდა წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას.

14.4. ახალი ლამინატის სარგებლობის ვადაა 36 თვე. 2018 წლის აპრილიდან 2024 წლის იანვრამდე საიჯარო ქირა 21348 ლარს შეადგენს. იჯარით აღებული 77 ცალი ყალიბის სამაგრი ჩამკეტის საიჯარო ქირა იყო 252,2 ლარი. მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებული იყო 20 დღით, შესაბამისად, ვადის გასვლის გამო შეწყდა, ხოლო საიჯარო ქონების გაბრუნება ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ სამშენებლო საქმიანობის პროცესში განადგურდა ნაქირავები ნივთები.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. განსახილველ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება ქირავნობის ხელშეკრულების ობიექტის დამქირავებლის მიერ დაუბრუნებლობისას თანხის დაკისრების საფუძვლიანობას, როდესაც დამქირავებლის მითითებით, ობიექტი გამოყენების შედეგად გახდა უვარგისი. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ხელშეკრულების პირობების დარღვევას. კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში, დამქირავებელმა სრულად შეთანხმებული ქირა არ გადაიხადა, რის გამოც მას წარმოექმნა დავალიანება და ამგვარად, ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული თანხა გამქირავებლის მიმართ. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ქირავნობის ობიექტის ნაწილი არ დაუბრუნებია გამქირავებლისთვის, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევას წარმოადგენს. ხელშეკრულების თანახმად, მისი ვადის გასვლის ან მისი ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში, დამქირავებელს ევალებოდა ქირავნობის ობიექტის დაბრუნება გამართულ მდგომარეობაში და შესაბამისი ღირებულებით, რაც დადგენილი იყო ხელშეკრულების დანართში.

22. დაყოვნების შემთხვევაში, დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს ქირის თანხა იმ პერიოდისთვის, რომლის განმავლობაშიც ქონება არ დაუბრუნებია, რაც მიჩნეულია გამქირავებლისთვის მიყენებულ ზიანად (მიუღებელ შემოსავალად). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ქონება არ იქნებოდა დაბრუნებული ხელშეკრულების დანართში მითითებულ ვადასა და მდგომარეობაში, დამქირავებელი ვალდებული იქნება გადაიხადოს ქონების ღირებულება დანართში განსაზღვრული ოდენობით და დამატებით ქირის თანხა დაყოვნების პერიოდისთვის. ასევე, ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელს ეკისრებოდა ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულება ქირავნობის საგნის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.

23. სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. 532-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა. 547-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან, დამქირავებელი ხდება ნივთის პირდაპირი მფლობელი, ხოლო გამქირავებელი თავისთავად მესაკუთრე და არაპირდაპირი მფლობელი. ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დამქირავებელი ნივთის მართლზომიერი მფლობელია, რომლის მიმართაც მესაკუთრეს ვერ ექნება ნივთის ვინდიკაციურად მოთხოვნის უფლება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კი დამქირავებელი ხდება ნივთის არამართლზომიერი მფლობელი, რომელსაც აღარ აქვს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. სწორედ ასეთ შემთხვევაში ხდება შესაძლებელი ნივთის დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილება. შესაბამისად, აღნიშნულ საქმის ფარგლებშიც, თუ დამქირავებელი ნივთს არ უბრუნებს გამქირავებელს, ამ უკანასკნელს წარმოეშობა ნივთის დაბრუნების უფლება. თუ კი ნივთი დამქირავებლის მოქმედების შედეგად განადგურდება, გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

25. ამავდროულად, ნივთის გამოთხოვისა და მისი ღირებულების ანაზღაურების გარდა, გამქირავებლის მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნას დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. ე.ი. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამქირავებლის მიერ ნივთის დაუბრუნებლობის გამო, გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და არა ქირის გადახდა, რადგანაც ქირის გადახდას ადგილი აქვს მაშინ, როცა ქირავნობის ურთიერთობა ჯერ კიდევ არსებობს. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კი გამქირავებელმა შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დაყოვნებისათვის იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოხდებოდა ქირის გადახდა დაყოვნების განმავლობაში დამქირავებლის მიერ.

26. სსკ-ის 567-ე მუხლის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.

27. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობის შემთხვევისას, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების წესზე და ოდენობაზე მხარეები სრულიად ნათლად და ერთმნიშვნელოვნად იყვნენ შეთანხმებულები; კერძოდ, ისინი ყოველგვარ დათქმათა გარეშე იყვნენ შეთანხმებულები მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომლის ოდენობაც ქირავნობის საგნის დაბრუნებამდე ე.ი დაყოვნების განმავლობაში ქირის ოდენობით განისაზღვრა.

28. ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების წესებზე, ასევე, დამქირავებლისთვის წინასწარ სავარაუდო იყო აღნიშნული, რაც მიუთითებს მასზე, რომ მხარეებმა დაიცვეს სსკ-ის 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლი.

29. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ამავე მუხლითაა განმარტებული მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

30. განსახილველ შეთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ, დამქირავებელმა ვერ შეძლო ქირავნობის ობიექტის სრულად დაბრუნება. მისი დასაბუთება კი დაფუძნებულია იმას, რომ ქირავნობის ობიექტი იყო უვარგისი, რის გამოც გაანადგურა ნივთები. თავის მხრივ, დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნული ობიექტების გაქირავებით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მოსარჩელე, ობიექტების დაუბრუნებლობით კი ვერ შეძლო საკუთარი საქმიანობის სათანადო განხორციელება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე ქირის თანხის დავალიანებისა და ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის, ჯამში - 142 643 ლარისა და ამ საგნების ღირებულების 10 669 ლარის, ზიანის სახით დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების არსებითი პირობა სწორედ ნივთის დროებით გამოყენებას და მესაკუთრისთვის გადაცემას გულისხმობს. თავისთავად, აღნიშნული ინსტიტუტის შინაარსი ნივთზე არამესაკუთრის ფაქტობრივი ბატონობის დროებითი გავრცელებაა, რომლის მართლზომიერებაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადითაა შებოჭილი. ვადის გასვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ქირავნობის ობიექტის დაბრუნება დამქირავებლის არა მხოლოდ სახელშეკრულებო, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაა. აღნიშნული მას არ ანიჭებს უფლებამოსილებას თავად განსაზღვროს ნივთის მდგომარეობის შეფასებით დამქირავებლისთვის გადაცემის საკითხი და არც ნივთის ნებისმიერი სახით განკარგვის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოპასუხე როგორც ხელშეკრულების პირობებიდან, ისე კანონისმიერი დანაწესიდან გამომდინარე ვალდებული იყო დაებრუნებინა ნაქირავები ნივთი მისი კონდიციის მიუხედავად.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებული იყო დაებრუნებინა ამორიტიზებული ან ცვეთაგანცდილი ნივთები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მას არც კანონით, არც ხელშეკრულებით არ ქონდა უფლება თავად შეეფასებინა ნივთის ვარგისიანობის ან უვარგისობის საკითხი და აქედან გამომდინარე გაენადგურებინა და გადაეყარა ნაქირავები ნივთები (თანაც ისე, რომ ამაზე არანაირი შეთანხმება გამქირავებელთან არ ქონდა).

33. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ნაწილს, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.

34. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).

35. საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს შეფასების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, თუმცა, დაკისრებული თანხების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული და ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განახევრება და მისი 39 723 ლარით განსაზღვრა- ამ ნაწილში დავის სამართლიანი გადაწყვეტა იქნება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს გამქირავებლის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ დამქირავებელს დაეკისროს ვალდებულების დარღვევისათვის ერთგვარი სანქცია, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, 0,3%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება კი არაგონივრულია და გამოიწვევს გამქირავებლის უსაფუძვლო გამდიდრებას.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 200 ლარის 70% - 140 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,უ–ისა“ და ჯ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,უ–სა“ (ს.კ. ..........) და ჯ.ბ–ძეს (პ.ნ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 9724, გადახდის თარიღი: 02.04.2025) 8000 ლარის 70% - 5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი