საქმე №ას-208-2024 23 ივნისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.მ–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.ა.ს–ს“ (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის და დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა.მ–ნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შპს „ჯ.ა.ს–ს“ დირექტორის 2023 წლის 24 თებერვლის №89 ბრძანება.
1.2. დაევალოს შპს „ჯ. ა. ს–ს“ ა.მ–ნის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა 6 თვის შრომის ანაზღაურების - 7500 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
1.3. დაევალოს შპს „ჯ.ა.ს–ს“ ა.მ–ნისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 1250 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით, 2023 წლის 24 თებერვლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.4. 2022 წლის 28 თებერვლიდან ა.მ–ნი დასაქმებული იყო შპს „ჯ.ა.ს“-ში კომერციული დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედიოდა და ფაქტობრივად ახორციელებდა კომერციული დეპარტამენტის ადმინისტრირებას, კერძოდ, კომერციული დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, ელ. ფოსტით კორესპონდენციის უზრუნველყოფა, 1C პროგრამაში მუშაობა, კონტრაჰენტების ბარათების გასწორება, შესაბამისი სტატუსის სწორად მინიჭება, სწორად დარეგისტრირება, მონაცემების შესაბამის ველებში შეყვანა მიღებული წესის მიხედვით, გაყიდვების მენეჯერების მიერ კონტრაჰენტის ბარათების სწორად შევსების კონტროლი- ზედამხედველობა, აღნიშნულის ფარგლებში გაყიდვების ინვოისების გადამოწმება. ასევე, სამშენებლო ფუნქციონალში მუშაობა, სამშენებლო ეტაპებისა და პარამეტრების შევსება რაც გულისხმობდა თითოეული კონტრაჰენტისა და სამშენებლო ობიექტის tas.ge-დან (თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდი) ამოღებული სამშენებლო პროექტების ანალიზის საფუძველზე აღნიშნული სამშენებლო ფუნქციონალის პარამეტრებისა და ეტაპების შევსებას, რათა ამის საფუძველზე, სამომავლოდ შესაძლებელი ყოფილიყო, სამშენებლო მასალის პოტენციური რაოდენობის განსაზღვრა/დათვლა და შეთავაზების გაკეთება კლიენტებისთვის. შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, პრეზენტაციების გაკეთება (გაყიდვების მენეჯერს უწყობდა power point- ში პრეზენტაციებს).
1.5. მოსარჩელე თავის მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად, მთელი შრომით ურთიერთობის მანძილზე როგორც მენეჯმენტი, ასევე ა.მ–ნის უშუალო ხელმძღვანელი კმაყოფილი იყო მის მიერ შესრულებული სამუშაოთი, რაც არაერთხელ გამოუცხადებიათ მისთვის ვერბალურად. მოსარჩელის მიმართ დამსაქმებელს არასდროს გამოუყენებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი.
1.6. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, კომპანიამ ა.მ–ნს მიაწოდა ინფორმაცია და დაარწმუნა, რომ რეორგანიზაცია იდგა დღის წესრიგში, ამდენად უქმდებოდა კომერციული დირექტორის პოზიცია და შესაბამისად, კომერციული დირექტორის თანაშემწის პოზიციაც. 2023 წლის 10 იანვარს, შპს „ჯ.ა.ს–სთან‘’ დადებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა, რის შედეგადაც ა.მ–ნმა მიიღო კომპენსაცია 2500 ლარის ოდენობით, დამსაქმებელმა მოსარჩელეს მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმად შესთავაზა ხელშეკრულების შეთანხმებით შეწყვეტა შესაბამისი კომპენსაციის გადახდის გათვალიწინებით, რასაც ა.მ–ნი დათანხმდა. 2023 წლის 10 იანვარს გამოიცა ბრძანება ა.მ–ნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სადაც გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი. 2023 წლის 11 იანვარს დაიდო შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეთანხმებით შეწყვეტის შესახებ.
1.7. შპს „ჯ.მ–ში“ მუშაობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის თავზე, 2023 წლის 16 თებერვალს, ა.მ–ნს დაუკავშირდა შპს „ჯ.ა.ს–ს“ თანამშრომელი, საოპერაციო დირექტორი გ.ჟ–ნი და შესთავაზა ახლადშექმნილ დეპარტამენტში დასაქმება, კერძოდ, წარმოების ოპერატორის პოზიცია. ვინაიდან ა.მ–ნის ძველი პოზიცია მოიცავდა იმავე პროგრამაში 1C მუშაობას და ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რაც ახალ პოზიციაზე იყო მოთხოვნილი, ძალიან გამოადგებოდა აღნიშნულ პოზიციაზე. ამასთან, შემოთავაზებული პოზიცია და შესასრულებელი სამუშაო შეესაბამებოდა ა.მ–ნის კვალიფიკაციასა და უნარებს, შესაბამისად, მოსარჩელემ მიიღო შემოთავაზება.
1.8. მოსარჩელისა და მოპასუხე კომპანიის ერთწლიანი თანამშრომლობისა და ხსენებული მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გათვალისწინებით, ა.მ–ნმა სამართლიან ჟესტად მიიჩნია მოპასუხისგან ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში მისი როგორც შემცირებული კვალიფიციური თანამშრომლის კანდიდატურის განხილვა.
1.9. 2023 წლის 17 თებერვალს მოსარჩელემ დატოვა შპს „ჯ.მ–ში“ იმ დროისთვის არსებული სამსახური და 2023 წლის 21 თებერვლიდან გამოცხადდა შპს „ჯ.ა.ს–ში“, აღნიშნულ დღეს იმუშავა სრული დღე, იმავე თარიღით დაიდო შრომითი ხელშეკრულება ა.მ–ნსა და შპს „ჯ.ა.ს–ს“ შორის 1 წლის ვადით, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, პირველი 6 თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას, შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 1250 ლარი (დარიცხული თანხა).
1.10. 1C ოპერატორის პოზიციაზე მოსარჩელის ფუნქცია მოვალეობებში შედიოდა: შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია და შეთავაზების გაკეთება; დაკვეთიდან ან მოთხოვნიდან გამომდინარე ინვოისის ფორმირება და გამოწერა; ინვოისის საფუძველზე საწყობიდან გატანილ მასალაზე ზედნადების გამოწერა. მომხმარებლისგან თანხის მიღება, ზედნადების გამოწერა და ხელშეკრულებების გაფორმება; ინვოისებისა და ზედნადებების ყველა საჭირო თანმხლებიდოკუმენტაციის გამზადება და კონტროლი; საწარმოო პროცესების დოკუმენტირება (დაკვეთებისა და ინვოისების ფორმირება; საწარმოო პროცესების შედეგად წარმოქმნილი პროდუქციის დოკუმენტირებადაპროგრამული გატარება; შიდა გადაზიდვების კონტროლიდაელექტრონული დოკუმენტირების დადასტურება; ფილიალში წარმოებული პროდუქციის დოკუმენტირება და პროგრამული გატარება და მარკირება; ფილიალში შექმნილი დოკუმენტირების წესების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში არქივთან მუშაობა; საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დატვირთვის ზედამხედველობა; კომპანიის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა; უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება.
1.11. 2023 წლის 21 თებერვალს სამუშაოზე გამოცხადებულ მოსარჩელეს დახვდა გ.ჟ–ნი, რომელმაც განუმარტა მას, რომ მის პოზიციაზე ამჟამად მუშაობდა ს.ლ–ძე, რომელიც სულ მალე დატოვებდა შპს „ჯ.ა.ს–ს“ და გადადიოდა სხვა კომპანიაში, ს.ლ–ძეს უნდა გადაებარებინა ა.მ–ნისთვის მიმდინარე საქმეები, სიღრმისეულად განემარტა პოზიციის სპეციფიკა და კომპანიაში დადგენილი სამუშაო პროცესის პრაქტიკული მხარე, მოსარჩელე 2023 წლის 21 თებერვლიდან - 23 თებერვლის ჩათვლით ს.ლ–ძის ზედამხედველობით და ერთად მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
1.12. 2023 წლის 23 თებერვალს სამუშაო დღის ბოლოსკენ, სრულიად მოულოდნელად, ა.მ–ნს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ კუპრეიშვილმა დაურეკა რომ მისულიყო მასთან სამუშაო ოთახში. ა.მ–ნი გამოცხადდა მასთან მითითებისამებრ, რომელმაც შეიყვანა გვერდით მდებარე შეხვედრების ოთახში პროექტ მენეჯერ/ტრენერ ნ.ო–ძესთან ერთად. მოსარჩელეს მისთვის მოულოდნელად განუმარტეს, რომ ის ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას, რადგან ა.მ–ნის დასაქმების შესახებ შეთანხმებული არ ყოფილა მათთან, ძალიან გაკვირვებული იყვნენ თვითონაც, როდესაც გაიგეს რომ ის დასაქმდა შპს „ჯ.ა.ს–ში“ და მიუთითეს სამუშაოს დატოვებისკენ. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა გ.ჟ–ნს საკითხში გარკვევისთვის, რომელმაც განუმარტა, რომ გაარკვევდა აღნიშნულ საკითხს და დაუკავშირდებოდა, რის შემდეგაც მოსარჩელემ დატოვა სამუშაო ადგილი.
1.13. 2023 წლის 23 თებერვალს 21:00 საათზე პირად მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გ.ჟ–ნი, რომელმაც ბოდიში მოუხადა აღნიშნულის გამო, რადგან მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს ფაქტი, ასევე განუმარტა, რომ აღნიშნული კომპანიაში არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია და არა მისი მხრიდან დაშვებულმა რაიმე შეცდომამ. 2023 წლის 28 თებერვალს შპს „ჯ.ა.ს–მ“ ა.მ–ნს ჩაურიცხა ნამუშევარი სამი დღის ხელფასი 147 ლარის ოდენობით.
1.14. მოსარჩელემ ითხოვა კომპანიისგან გათავისუფლების მიზეზის განმარტება. 2023 წლის 06 მარტს მიიღო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია გამოსაცდელი ვადა (შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი).
1.15. მოსარჩელეს მიჩნია, რომ მისი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, შესაბამისად, ითხოვს ბრძანების ბათილად ცნობას, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ჯ.ა.ს.“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ ცნობს.
2.2. მოპასუხის განმარტებით, მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა 2023 წლის 21 თებერვლის ხელშეკრულება მხარესთან დადო გამოსაცდელი ვადით, რომელიც მოქმედებდა სამი დღის განმავლობაში და შეწყდა. ის გარემოება, რომ ა.მ–ნი ადრე დასაქმებული იყო შპს „ჯ.ა.ს–ში“ კომერციული დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე და მუშაობის პერიოდში რაიმე ადმინისტრაციული სახდელი არ დაკისრებია, მოპასუხისთვის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება რეორგანიზაციის შესახებ მოულოდნელ შეტყობინებას, აღნიშნულთან დაკავშირებით განიმარტა, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო დიდი ხნით ადრე, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ამასთან, მისი დასაქმებიდან გასული იყო 11 თვე და ერთი თვის შემდეგ ისედაც გასდიოდა ხელშეკრულებას ვადა. მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია, ამდენად, მხარეთა შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მოსარჩელის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი მოპასუხეს არ ჰქონია და არც შემდგომ გამხდარა სადავოდ აღნიშნული გარემოება.
2.3. მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2023 წლის თებერვალში მას მართლაც დაუკავშირდა საოპერაციო დირექტორი და შესთავაზა ახლად შექმნილი საშტატო ერთეულზე დასაქმება. მოპასუხის განმარტებით, კომპანია მუდამ ცდილობს ვაკანტური თანამდებობა შეავსოს საწარმოს შიგნით დასაქმებული ან კომპანიიდან წასული თანამშრომლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა მოსარჩელის უპირატესი დასაქმება, რადგან მანამდე, ერთი თვის წინ, 2023 წლის დეკემბრისთვის ბოლოს ჰქონდა მოპასუხე კომპანიასთან შეთანხმებით შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობა, თუმცა ახალი საშტატო ერთეულის სამუშაო აღწერილობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ა.მ–ნის წინა სამუშაო პოზიციაზე არსებული მოვალეობებისგან, იყო თვისობრივად სხვა სახის და სხვა სპეციფიკის სამუშაო, რაც მოსარჩელესაც განემარტა და ამის შემდეგ, 2023 წლის 21 თებერვალს, დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2.4. მოპასუხის განმარტებით, ა.მ–ნის მიერ ახალ პოზიციაზე სამუშაოს დაწყებისთანავე გამოიკვეთა, რომ იგი ვერ გაართმევდა თავს იმ სამუშაოებს რაც მის სამუშაო აღწერილობაში შედიოდა, დასაქმებულის უნარების გამოვლენას თუ რამდენად შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს (კომპიუტერული პროგრამის ცოდნის უნარ-ჩვევებს) აღნიშნულ პოზიციაზე სჭირდება სულ 1-5 დღემდე, დამსაქმებელმა შეაფასა ის რისკები
2.5. რაც შესაძლებელია გამოეწვია მოსარჩელის ამ საშტატო ერთეულზე დატოვებას და მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება, ამასთან განემარტა, რომ სხვა ვაკანტური საშტატო ერთეულის გამოჩენის შემთხვევაში, კომპანია უპირველესად მის კანდიდატურას განიხილავდა. მოსარჩელის აღნიშნულ პოზიციაზე დარჩენა კომპანიისთვის წარმოადგენდა გარკვეულ რისკს, ვინაიდან პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის შეცდომით შედგენის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრებოდა შესაბამისი საგადასახადო სანქციები. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ თითქოს გათავისუფლების მიზეზად მას დაუსახელეს მისი დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების დირექტორთან შეუთანხმებლობა მოპასუხის განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან დასაქმების შესახებ სწორედ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
2.6. მოპასუხე უთითებს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტავს, რომ გათავისუფლების საფუძვლების მითითებისგან კანონი ათავისუფლებს დამსაქმებელს, მასზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 47-48-ე მუხლები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ სარჩელი წარმოდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ვინაიდან თავად მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაბარდა 2023 წლის 06 მარტს, ხოლო მოცემული სარჩელი ერთ თვიანი ვადის დარღვევითაა წარმოდგენილი.
2.7. მოპასუხეს მოსარჩელის დასაქმების სურვილი ჰქონდა, აღნიშნულით იყო განპირობებული მისი შეთავაზებაც იმ თანამშრომელზე, რომელთანაც ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით ჰქონდა შეწყვეტილი, აღნიშნული გარემოებები დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზე მეტყველებს და გამორიცხულია მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ მსჯელობის დაშვება.
2.8. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, უდავოა რომ მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელესთან არსებული შრომითი ურთიერთობის მაქსიმალური ვადა იქნებოდა ექვსი თვე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოსაცდელი ვადითბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ.ა.ს–ს“ დირექტორის 2023 წლის 24 თებერვლის ბრძანება ა.მ–ნის გათავისუფლების შესახებ; შპს „ჯ.ა.ს–ს“ ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო ა.მ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2500 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); შპს „ჯ.ა.ს–ს“ ა.მ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 1250 (დასაბეგრი) ლარის ოდენობით 2023 წლის 24 თებერვლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუმცა არაუმეტეს 2023 წლის 24 აგვისტოსა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდი).
2.9. დადებული ხელშეკრულება მესამე დღეს შეწყდა, რაც გამორიცხავს 6 თვის შემდგომ ამ ვადის გაგრძელებისა და უვადო შრომითი ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას, შესაბამისად, ამ მსჯელობითაც მოთხოვნილი კომპენსაცია ვერ უნდა გასცდეს 6 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.მ–ნის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ.ა.ს–ს“ დირექტორის 2023 წლის 24 თებერვლის ბრძანება ა.მ–ნის გათავისუფლების შესახებ; შპს „ჯ.ა.ს–ს“ ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის გამო ა.მ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2500 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა).
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ჯ.ა.ს–ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილების 1.1, 1.2, 1.3, 1.4 და მე-2 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ა.მ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა და განსაზღვრა ფაქტორივი გარემოებები, თუმცა, სააპელაციო პალატა მხოლოდ არასრული სამი დღის გარემოებით უსაფუძვლოდ აუქმებს გადაწყვეტილებას.
6.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების პერიოდი - არასრული სამი დღე ვე რიქნებოდა საკმარისი პერიოდი სამსახურის სპეციფიკასთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენისთვის. სააპელაციო პალატა არასწორად იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომლის თანახმად, შსკ-ის 17-ე მუხლით დამსაქმებელს თითქოს მინიჭებული აქვს დისკრეცია სრულად გაათავისუფლოს დასაქმებული, ხოლო როდის არის გათავისუფლება მართლზომიერი, აღნიშული გაუგებარია.
6.4. სააპელაციო პალატა შეეცადა დაესაბუთებინა, რომ სამ დღიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა თითქოს წარმოადგენდა ვადის სიმცირეს. აღნიშნულ ვადაში თუნდაც შესაძლებელი იყო თანამშრომლის შესაბამისობის დადგენა, ცხადია, რომ გიორგი ჯორჟოლიანი, კასატორის უშუალო ხელმძღვანელი სწორად და დადებითად აფასებდა კასატორს. ამავდროულად, დადგენილია, რომ შრომით ხელშეკრულებას ხელი 2023 წლის 22 თებერვალს მოეწერა, გამოსაცდელ ვადად კი განისაზღვრა 6 თვე. ამიტომ, გაუგებარია, თუ კი შეუთავსებელი იყო მოსარჩელის კანდიდატურა შესაბამის პოზიციაზე, მაშინ რატომ არ მოხდა მისი გათავისუფლება თუნდაც პირველ დღეს. ასევე გაუგებარია მოპასუხის დასაბუთება, რომ თითქოს ა.მ–ნის მიერ პროგრამაში ატვირთულ საბუთებს შორის არსებობდა პაუზა, რც არ იყო მათთვის მისაღები.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება ექვს თვიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი დასაქმებულის სამსახურიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლების შესახებ მიღებული ბრძანების კანონიერებას, როდესაც თავად ხელშეკრულება ერთი წლით იყო დადებული, ხოლო გამოსაცდელი ვადა შეწყდა ხელშეკრულების დადებიდან 3 დღეში.
15. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-928-2023, 16.11.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.).
16. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ს 37-38-ე მუხლები) მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1404-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).
18. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).
19. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).
20. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რა ღონისძიებები გაატარა დამსაქმებელმა, რათა უზრუნველეყო დასაქმებულისათვის დაკავებული პოზიციის შენარჩუნება, ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა. (იხ. სუსგ-ები: Nას-941-891-2015, 29.01.2016 წ Nას-224-224-2018, 18.05.2018წ; N ას-361-2022, 10.06.2022 წ.) (იხ. სუსგ საქმე №ას-1493-2022, 21 აპრილი, 2023 წელი).
21. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
22. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
23. შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).
24. სშკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.
25. უზენაესმა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შრომის კოდექსის 47-ე მუხლი უთითებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე არა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, არამედ ამ ვადის წარმატებით გავლის შემდგომ მხარეთა შორის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით წარმოშობილი ურთიერთობისას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს უშუალოდ შრომის კოდექსის მე-17 მუხლის შინაარსიდანაც, რომელიც საუბრობს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სამომავლო შრომის ხელშეკრულების დადება - არდადებაზე და იქვე აკონკრეტებს, რომ არსებობს შრომის ხელშეკრულების არდადების მხოლოდ ერთი საფუძველი - პირის შეუსაბამობა შესასრულებელ სამუშაოსთან, რაც გულისხმობს დაკავებულ თანამდებობასთან პირის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეუსაბამობას (შდრ. იხ. საქმე Nას-142-134-2017, 2018 წლის 18 აპრილი).
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თუ დამსაქმებელს დავაკისრებდით შრომის კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთს დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულების არდადების შემთხვევაშიც, მაშინ გამოსაცდელი ვადა საერთოდ დაკარგავდა თავის დანიშნულებას. გამოსაცდელი ვადა კი ის ერთადერთი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც კანონმდებელმა დამსაქმებელს თავისუფლება მიანიჭა, არ გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, თუ მიაჩნია, რომ იგი არ შეესაბამება შესასრულებელ სამუშაოს (შდრ. იხ. საქმე Nას-142-134-2017, 2018 წლის 18 აპრილი).
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის შესაბამისობის დადგენაა (სშკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით). გამოსაცდელი ვადა, ეს ის ვადაა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებულმა უნდა შეაფასოს მომავალი მუშაკის უნარები, კომპეტენცია, სამუშაოსადმი შესაბამისობა. ამავე დროს, ამ ვადაში კანდიდატმა უნდა გამოავლინოს კვალიფიკაცია, პროფესიული ქცევა, სამუშაო ადგილისათვის ადეკვატური ყოფაქცევა, პროფესიული მორალი, რათა მოიპოვოს დასაქმებულის, ანუ შრომითი ხელშეკრულების მონაწილე მხარის სტატუსი. ამდენად, გამოსაცდელი ვადა დამსაქმებელ-დასაქმებულის ურთიერთშეცნობისა და შეფასების ვადაა (სუსგ Nას-17-2021, 20.05.2021წ.).
28. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის #158-ე კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, საქართველოს არ აქვს რატიფიცირებული, მაგრამ ხშირად გამოიყენება საქართველოს სასამართლოების მიერ შრომის კოდექსის ნორმების განმარტების პროცესში, როგორც არაპირდაპირი წყარო, სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს კონვენციის მოქმედების სფეროდან გამორიცხონ გამოსაცდელი ვადით დასაქმებულთა შრომით ურთიერთობაში ყოფნის პერიოდი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ პერიოდში კონვენციით გათვალისწინებული გარანტიები (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება) არ მოქმედებს (იხ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, მუხლი 2.2.ბ).
29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2023 წლის 21 თებერვალს, ა.მ–ნსა და შპს „ჯ.ა.ს–ს“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელე დასაქმდა 1C ოპერატორის პოზიციაზე, 1 წლის ვადით, 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით, შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 1250 ლარი (კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
30. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-145-2019, 05.07.2019წ.).
31. 24.02.2023 წლის ბრძანებით, დეკორატიული ხელნაკეთი წყალსაწრეტი სისტემის წარმოების (ფეიქრები) 1C ოპერატორი მ.ა. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე.
32. ზემოაღნიშნული სამართლებრივი არგუმენტაციისა და დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების სუბსუმირების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დამსაქმებელი არ არის ვალდებული მიუთითოს და დაასაბუთოს შეწყვეტის საფუძვლები. აღნიშნული კანონისმიერი დათქმის შეზღუდვის შემთხვევაში, სასამართლო დაუსაბუთებლად ჩაერევა დამსაქმებლის იმ კომპეტენციაში, რაც იმპერატიულადაა შეზღუდული. შესაბამისად, რადგან დამსაქმებელს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს დაუსაბუთებლად აქვს, მის მიერ ამ უფლების გამოყენების შემოწმება სასამართლოს კომპეტენცია ვერ იქნება.
33. მოსარჩელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, გამოსაცდელი ვადა სწორედ იმ მიზნით იდება, რომ დამსაქმებელმა შეძლოს დასაქმებულის პრაქტიკულ საქმიანობაში შეფასება, რადგან მისი კვალიფიციურობა შესაძლოა არ ჩათვალოს საკმარისად გამოსაცდელი ვადის გარეშე შრომითი ხელშეკრულების დადებისთვის. შპს „ჯ.ა.ს–ს“ დირექტორის 2023 წლის 24 თებერვლის ბრძანება ა.მ–ნის გათავისუფლების შესახებ კანონიერია და მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან პალატამ მართლზომიერად მიიჩნია ა.მ–ნთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება, საფუძველი ეცლება იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის მოპასუხისთვის დაკისრებას.
35. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.მ–ნს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 4492, გადახდის თარიღი: 02.02.2024) 300 ლარის 70% -210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი