Facebook Twitter

საქმე №ას-600-2025 7 ივლისი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ნ....“ (აპელანტი,მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 პრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სარჩელი შპს „ნ....“ -ის მიმართ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ნ....“-ის წარმომადგენელმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „ნ....“-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 3 665,6 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების 7 დღის ვადაში სასამართლოში წარმოდგენა.

4. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2024 წლის 24 მარტს, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო დღედ განისაზღვრა 2025 წლის 31 მარტი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დასახელებულ ვადაში აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

5. ზემოაღნიშნული საფუძვლით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 პრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ნ....“-მა, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ, მართალია, ხარვეზით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა ბაჟი, თუმცა, რადგან სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე შეიტანა თანხა, მიიჩნია, რომ სასამართლო ავტომატურად შეძლებდა ხარვეზის აღმოფხვრის გაგებას. ამიტომ, რადგან ვადაშია ბაჟი გადახდილი, ითხოვს ხარვეზის შევსებულად მიჩნევას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინების თანახმად, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

15. განსახილველ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი საკითხია შემდეგი: შესაძლებელია თუ არა განჩინებით დადგენილი ხარვეზის - ბაჟის გადახდის დავალების შესრულებულად მიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ კი მხარე ხარვეზის შევსების ვადაში გადაიხდის ბაჟს, თუმცა მას არ წარადგენს სასამართლოში შესაბამისი განცხადებით.

16. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ 2025 წლის 20 მარტის განჩინებაზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში ხარვეზის შინაარსი ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: „განჩინებაში მითითებულ ვადაში აპელანტმა უნდა წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის სახით 3,665.60 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი“. აღნიშნული ციტირებიდან ნათლად ჩანს, რომ აპელანტის ვალდებულება შედგებოდა სულ სამი კუმულაციური კრიტერიუმისგან: 1) ვადა - მოქმედების დროით შეზღუდვაში შესრულება; 2) მოქმედება - ბაჟის გადახდა; 3) განცხადების წარმოდგენა - წინა ორი კრიტერიუმის სასამართლოსთვის დადასტურება. ზემოაღნიშნულ განჩინებაში ნათლად ჩანდა დასახელებული სამივე კუმულაციური ნიშნის შესრულების მოთხოვნა. თუ კი რომელიმე მათგანი არ იქნება შევსებული, ხარვეზი თავისთავად არ მიიჩნევა გამოსწორებულად.

17. წინამდებარე შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ბაჟი ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრულ ვადაშია გადახდილი, ანუ დაკმაყოფილებულია პირველი ორი კრიტერიუმი, თუმცა მისი სასამართლოში წარმოდგენის გარეშე დასახელებული განჩინებით მითითებული ყველა მოთხოვნა ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ხარვეზის დადგენის განჩინება როგორც ექსპლიციტურად, ისე იმპლიციტურად გულისხმობს როგორც უშუალოდ ხარვეზის შევსებას, ასევე ამ ფაქტის შესახებ სასამართლოსთვის მიმართვას შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით. თუ კი მხარე სასამართლოს არ შეატყობინებს ხარვეზის შევსების ფაქტს, გამოდის, რომ მან არ შეასრულა ყველა ის კრიტერიუმი, რაც ხარვეზის შესახებ განჩინებით იყო მოთხოვნილი. აქედან გამომდინარე, ცხადია რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ შეასრულა განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი ჯეროვნად.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

19. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა. სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ.; №ას-1305-2019, 21.11.2019წ.; №1572-2019, 30.03.2020წ.; №ას-1566-2023, 30.01.2024წ.).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ნ....“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი