Facebook Twitter

საქმე №ას-534-2025 7 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოპასუხე,მერია, დამკვეთი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „მ-ს“ (შემდგომში მოსარჩელე, მენარდე ან შემსრულებელი) (შემდეგში მიმწოდებელი, მენარდე ან მოსარჩელე,) სარჩელი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 88 881.09 ლარის, ასევე შემცირებული პირგასამტეხლოს სახით, 2000 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში კი წარდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად დაასკვნეს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადაგადაცილება გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეულობით. მართალია, მხარეთა შორის მუდმივად მიმდინარეობდა კომუნიკაცია საპროექტო დოკუმენტაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს აქტები არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების სხვა პუნქტების ცვლილებას, კერძოდ, სამუშაო ეტაპების ვადების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების ნაწილში. შესაბამისად, ვინაიდან სადავო არ არის, რომ შემსრულებელს დარღვეული აქვს სამუშაოთა შესრულების ვადები, მას ეკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სანქციის - ჯარიმის სახით 88 881.09 ლარის გადახდის ვალდებულება.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2020 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №97 ხელშეკრულება, რომლითაც მერიამ შემსრულებელს დაუკვეთა სოფელ ......... საბავშვო ბაღის მშენებლობა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 222 222 ლარს. 2020 წელს ასათვისებელი თანხა შეადგენდა 302043 ლარს, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული იყო 1 920 179 ლარის ათვისება;

7.2. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოების წარმოება უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში და უნდა დასრულებულიყო 2021 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით;

7.3. ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, 2020 წელს სამუშაოების შესრულება დაიყო 2 ეტაპად:

I ეტაპი - 45 კალენდარული დღის ჩათვლით, 2020 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 50 %-ის სამუშაოების შესრულება;

II ეტაპი -2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2020 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 50 %-ის სამუშაოების შესრულება.

7.4. 2021 წელს სამუშაოების შესრულება დაიყო - 5 ეტაპად:

I ეტაპი - 70 კალენდარული დღის ჩათვლით, 2021 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 20 %-ის სამუშაოების შესრულება;

II ეტაპი - 50 კალენდარული დღის ჩათვლით, 2021 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 20 %-ის სამუშაოების შესრულება;

III ეტაპი - 50 კალენდარული დღის ჩათვლით, 2021 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 20 %-ის სამუშაოების შესრულება;

IV ეტაპი - 50 კალენდარული დღის ჩათვლით, 2021 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 20 %-ის სამუშაოების შესრულება;

V ეტაპი - 50 კალენდარული დღის ჩათვლით, 2021 წელს სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხის არანაკლებ 20 %-ის სამუშაოების შესრულება;

7.5. ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა, რომ თუ მიმწოდებელი სამუშაოებს არ დაიწყებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა ეტაპის დასრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცლებულ დღეზე დაერიცხებოდა შესაბამისი ეტაპის ღირებულების 0.1 %. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებაზე უარის თქმის და ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ჩამოერთმეოდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2,5 % და ასევე მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2,5 %;

7.6. ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება, ან/და თუ არღვევს ხელშეკრულების 5.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას ან/და 7.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპების გეგმა-გრაფიკს, ასევე თუ მიმწოდებელმა სამუშაოები შეაჩერა 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით და ასეთი შეჩერება არ გამომდინარეობდა დაუძლეველი ძალის გარემოებებიდან და არ იყო შეთანხმებული შემსყიდველთან;

7.7. 2020 წლის I ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების თაობაზე შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა 2020 წლის 29 ოქტომბრის №20/0087 წერილით და წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება მოითხოვა;

7.8. 2020 წლის 15 დეკემბრის №20/0115 წერილით შემსრულებელმა აცნობა დამკვეთს, რომ სამშენებლო მოედანზე საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაც ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება. 2020 წლის 18 დეკემბრის №20/0128 წერილით კი აცნობა, რომ აღმოფხვრილია 2020 წლის 17 დეკემბრის №05/8725 წერილში მითითებული ხარვეზი და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება მოითხოვა;

7.9. 2020 წლის 21 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2020 წლის II ეტაპის შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 286 745,43 ლარს;

7.10. 2020 წლის 28 დეკემბრის №20/0131 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ სამშენებლო მოედანზე საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაც ხარჯთაღრიცხვით არ იყო გათვალისწინებული, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.11. 2021 წლის 8 თებერვლის №21/007 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა მე-III ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შესახებ და წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.12. 2021 წლის 9 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2021 წლის I ეტაპის შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 118 333,29 ლარს;

7.13. 2021 წლის 11 მარტის №21/014 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა IV ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.14. 2021 წლის 12 მარტის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2021 წლის II ეტაპის შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 142 630,02 ლარს;

7.15. 2021 წლის 15 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2021 წლის I ეტაპის შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 122 762,82 ლარს;

7.16. მე-V ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შესახებ შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა 2021 წლის 12 აპრილის №21/033 წერილით, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.17. 2021 წლის 13 მაისის №21/050 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა VI ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.18. 2021 წლის 19 მაისის №21/056 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა VI ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების კორექტირებული ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.19. 2021 წლის 20 მაისის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2021 წლის II ეტაპის შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 99 329,32 ლარს;

7.20. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის 21 ივნისს, 6 აგვისტოს, 14 სექტემბერს, 7 ოქტომბერს, 25 ნოემბერს და 2022 წლის 27 იანვარს, ცვლილებები შევიდა 2020 წლის №97 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ეტაპების ვადებში და, საბოლოოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით;

7.21. 2021 წლის 20 სექტემბრის №21/141 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა VIII ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების კორექტირებული ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.22. 2021 წლის 12 ნოემბრის №21/169 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა IX ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების კორექტირებული ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტები, ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.23. 2021 წლის 15 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2021 წლის შუალედური შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 231 938,25 ლარს;

7.24. 2021 წლის 27 დეკემბრის №21/210 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა X ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების კორექტირებული ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტების და ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.25. 2021 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო 2021 წლის შუალედური შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 300 635,74 ლარს;

7.26. 2022 წლის 9 მარტის №22/42 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ დასრულდა XI ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების კორექტირებული ფორმა №2, ფარული სამუშაო აქტების და ექსპერტიზის დასკვნა და მოითხოვა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების დაფინანსება;

7.27. 2022 წლის 15 მარტის №11 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო სხვადასხვა სახის შესრულებული სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 580 457,37 ლარს;

7.28. 2022 წლის 28 იანვრის, 2021 წლის 8 თებერვლის და 2022 წლის 22 თებერვლის წერილებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიუთითა საპირფარეშოში ტიხრების მოწყობის აუცილებლობაზე, რასაც პროექტი არ ითვალისწინებდა;

7.29. 2021 წლის 29 ივნისს, 16 სექტემბერს, 27 დეკემბერს და 2022 წლის 24 თებერვალს, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა 2020 წლის №97 ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებაში და საბოლოოდ ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 2 201 211,86 ლარით, 2020 წელს გათვალისწინებული თანხა - 302 043 ლარით, 2021 წელს გათვალისწინებული თანხა - 1 336 881,96 ლარით, ხოლო 2022 წელს გათვალისწინებული თანხა - 562 286,90 ლარით;

7.30. 2022 წლის 15 მარტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსრულებელმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა მიიღო სხვადასხვა სახის შესრულებული სამუშაოები, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 2 201 211,86 ლარს;

7.31. 2022 წლის 22 მარტის №3309 წერილით დამკვეთმა აცნობა შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ეტაპების ვადების დარღვევის შესახებ, რის გამოც დააჯარიმა 88 881,09 ლარით. შემსრულებელს თანხა დაუკავდა საბოლოო ანგარიშსწორების დროს და ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში;

7.32. 2022 წლის 21 მარტის №22/47 წერილით შემსრულებელმა დამკვეთს აცნობა, რომ მერიის მიერ 2021 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შესრულებული და ასანაზღაურებელი 300 635,74 ლარი, ხელშეკრულების თანახმად, უნდა ანაზღაურებულიყო 10 დღის ვადაში. ასანაზღაურებელი თანხა ჩაირიცხა 2022 წლის 14 თებერვალს, 48 კალენდარული დღის გადაცილებით;

8. თავდაპირველად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი წარდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემცირებული პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისთვის 2000 ლარის (დამკვეთის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის შემსრულებლისთვის 48 კალენდარული დღის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო) დაკისრების შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია, გამოწვეული იყო თუ არა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილება შემსრულებლის ბრალით და ეკისრებოდა თუ არა ამისთვის შემსრულებელს პასუხისმგებლობა.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად, ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (იხ. სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).

11. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა ეტაპების შესრულების დარღვევის არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შემსრულებელმა 2021 წლის 20 დეკემბრამდე ჯამურად აითვისა 200 468,95 ლარის ღირებულების სამუშაოები. ასათვისებელი დარჩა 200 742,91 ლარის სამუშაოები. აქედან 196 502,78 ლარის სამშენებლო სამუშაოები შესრულდა 2022 წლის 4 იანვრამდე და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. სამუშათა შეფასებისას ხარვეზად იქნა მიჩნეული ვინილის იატაკი, რომელიც ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული იყო 20 მმ სისქის ფორმით. რადგანაც ბუნებაში არ არსებობდა პოლივინილქლორიდის 20 მმ სისქის იატაკი, მოსარჩელემ მერიას მოსთხოვა ამ ნაწილში პროექტი მოეყვანა შესაბამისობაში. დამკვეთი დათანხმდა 8 მმ სისქის პოლივინილქლორიდის საფარის მოწყობას, რამაც საბოლოო ჯამში სამუშაოთა შეფერხება გამოიწვია.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ისიც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოთა დასრულების ხელშემშლელი იყო სხვა ფაქტორებიც, კერძოდ: სახურავის ბურვილის და მოფიცვრის პროექტის შეუსამაბობა არსებულ სიტაუციასთან, სამშენებლო ბლოკების არასწორი დათვლა პროექტში, პროექტით გაუთვალისწინებელი სხვა აუცილებელი სამუშაოები. გარდა ამისა ხარვეზიანი იყო პროექტი, მოსაწყობი საპირფარეშოს სამუშაოების ნაწილშიც, რადგან არ შეიცავდა ტიხრებს, რამაც სამუშაოს დასრულების ვადების გაჭიანურება გამოიწვია. საბოლოოდ კი, ამ ხარვეზებმა გამოიწვია ის, რომ 2022 წლის 27 იანვარს, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სამუშაოების შესრულების ეტაპების ვადებში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით.

15. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან ვადების ცვლილებების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტები არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების სხვა პუნქტების ცვლილებას, მათ შორის, სამუშაო ეტაპების ვადების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციების ნაწილში, შემსრულებელს მართებულად დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულების გამო.

16. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო პროექტის უზუსტობებით, ხოლო შემსრულებელმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა - დროულად აცნობა შემკვეთს ის ხარვეზები, რაც საფრთხეს უქმნიდა მომავალში შესასრულებელი სამუშაოების ხარისხსა და ვარგისიანობას, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო არა შემსრულებლის ბრალეულობით, არამედ წარდგენილი პროექტის ხარვეზებით, რაც მართებულად არ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. შესაბამისად, მართებულად დაკმაყოფილდა წარდგენილი სარჩელი ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

18. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი