Facebook Twitter

საქმე №ას-510-2025 7 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ი...“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჭ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დოკუმენტაციის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ი...“ წარმოადგენს 1997 წლის 19 მარტიდან ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის 25% წილის მესაკუთრე პარტნიორია ა.ჭ–ი, ხოლო 75 %-ის ნ.ჭ–ი. 2020 წლის მდგომარეობით საზოგადოების დირექტორს წარმოადგენდა ა.ჭ–ი.

2. საქმის განხილვის დროისათვის შპს „ი..“-ის ხელმძღვანელობა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი არის მ.ჭ–ი.

3. 2023 წლის 07 თებერვალს ა.ჭ–მა მიმართა შპს „ი...“-ის დირექტორს მ.ჭ–ს და მოითხოვა საწარმოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია. 2023 წლის 07 თებერვლის წერილი შპს ,,ი...“-ს არ მიუღია. ასევე არ მიუღია 2023 წლის 04 ივლისის წერილი.

4. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

4.1. ბათუმის დაევალოს შპს „ი...“-ს მოსარჩელე ა.ჭ–ისთვის, როგორც ამ საწარმოს პარტნიორისთვის, 2020 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე შპს „ი...“- ის საქმიანობასთან დაკავშირებით შემდეგი დოკუმენტაციის, როგორც მატერიალურად ისე ელექტრონულად გადაცემა: საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმები; ყოველწლიური საშტატო ნუსხა სახელფასო განაკვეთების მითითებით; საზოგადოების წლიურ ანგარიშები მოგება-ზარალის შესახებ (ინფორმაცია შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ წლების მითითებით); საგადასახადო დეკლარაციები (საშემოსავლო, დღგ ასევე დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციები); ძირითადი საშუალებების ნუსხა; სასაქონლო მატერიალური მარაგის ნაშთები და ბრუნვა; შედარების აქტები; საზოგადოების დებიტორ-კრედიტორთა ნუსხა; საზოგადოების მიერ დადებული ყველა ხელშეკრულება; აუდიტორული შეფასების აქტები; საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი დოკუმენტაცია; სალაროს ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია; კომპანიის www.rs.ge-ის პირადი პორტალის მომხმარებლის სახელი და პაროლი.

4.2. ა.ჭ–ი წარმოადგენს შპს „ი...“-ის 25% წილის მფლობელ პარტნიორს, წილის 75%-ის მფლობელია ნ.ჭ–ი, ხოლო საზოგადოების დირექტორია - მ.ჭ–ი.

4.3. მოსარჩელე 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 05 აპრილამდე იყო შპს „ი...“-ის დირექტორი. მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას და ამავდროულად მას ასევე არ ეძლევა დივიდენდი.

4.4. 2023 წლის 07 თებერვალს მოსარჩელემ წერილობით (ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მიმართა საზოგადოების დირექტორს და მოითხოვა საწარმოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია, რაზეც მოპასუხეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

4.5. მოსარჩელემ 2023 წლის 15 ივნისს მიმართა საზოგადოების დირექტორს და მოითხოვა პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევა, რომელზეც დღის წესრიგი იქნებოდა დივიდენდის განაწილება. აღნიშნული მოსაწვევი მოპასუხეს (მის დირექტორს) ჩაბარდა 2023 წლის 16 ივნისს. 2023 წლის 30 ივნისს გამართულ პარტნიორთა კრებაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა დივიდენდის გაცემაზე.

4.6. 2023 წლის 04 ივლისს მოსარჩელემ კიდევ ერთხელ მიმართა მოპასუხე შპს „ი...“-ის დირექტორს და კვლავ მოითხოვა საზოგადოების დოკუმენტაცია. წერილი მოპასუხეს ჩაბარდა, თუმცა მოსარჩელეს მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ გადასცემია.

4.7. მოსარჩელის განმარტებით, არაერთი სიტყვიერი თუ წერილობითი თხოვნისა, საზოგადოების ხელმძღვანელი არ გადასცემს მოსარჩელეს საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციას და მიზანმიმართულად არ აძლევს საშუალებას გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას, მათ შორის მოგება-ზარალის შესახებ, მოგების ნაწილების და სხვა ინფორმაციას, რაც შედის მოსარჩელის, როგორც საზოგადოების პარტნიორის კანონიერ ინტერესში.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფორმალური და არც მატერიალური საფუძველი. ამასთან, განმარტავს, რომ მოსარჩელე იმ პერიოდიდან, როდესაც მოხდა მისი გათავისუფლება, არცერთხელ არ გამოცხადებულა კომპანიაში და არც სურვილი არ გამოუთქვამს. ამის გარდა, ის ახორციელებს კომპანიის საზიანო საქმიანობას და დღემდე არ აწვდის კომპანიას მისი დირექტორობის პერიოდში არსებული საფინანსო თუ იურიდიული დოკუმენტაციის ნაწილს. დივიდენდის არ მიცემაში მოსარჩელე რას გულისხმობს ბუნდოვანია. 2023 წლის 07 თებერვლის წერილი საზოგადოებას არც მიუღია და არც გამოგზავნილი არ ყოფილა; 2023 წლის 30 ივნისს ჩატარდა პარტნიორთა კრება, სადაც დღის წესრიგით, მე-6 საკითხის დივიდენდის გაცემის თაობაზე, ინიციატორი იყო ა.ჭ–ი. ა.ჭ–ის წარმომადგენელმა კრებაზე განაცხადა, რომ ,,მიეცით ა.ჭ–ს დივიდენდი.“ თუ ეკუთვნის ა.ჭ–მაც და ნებისმიერმა სხვა პირმაც უნდა მიიღოს კუთვნილი დივიდენდი. თუმცა, ა.ჭ–ის წარმომადგენელმა კრებაზე ვერ განმარტა რა ოდენობის დივიდენდის გაცემა უნდა მომხდარიყო, რატომ უნდა მომხდარიყო მხოლოდ ა.ჭ–ის სასარგებლოდ დივიდენდის გაცემა, რის საფუძველზე ადგენდნენ, რომ უნდა მომხდარიყო დივიდენდის გაცემა. შესაბამისად, კრება ვერ მიიღებდა ისეთ საკითხზე გადაწყვეტილებას, სადაც არ იყო წარმოდგენილი არავითარი ინფორმაცია. აგრეთვე, 2023 წლის 04 ივლისის წერილი საზოგადოებას არც მიუღია და არც გამოგზავნილი არ ყოფილა; მოსარჩელეს არასოდეს მსგავსი საკითხით საზოგადოებისთვის არ მიუმართავს.

5.2. მოპასუხის განმარტებით, 2020 წლის 25 ივნისს ა.ჭ–მა და თ.ჭ–ის (ა.ჭ–ის მამა) წარმომადგენელმა მ.ჭ–მა (მოსარჩელის დედა) მიმართეს საჯარო რეესტრს და მოითხოვეს პარტნიორის და წილის ცვლილება საქმე #20047630, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, თ.ჭ–მა, რომელიც წარმოადგენდა შპს „ი...“-ის (ს/კ ........) ერთადერთ დამფუძნებელს, თავისი წილიდან 100%-დან 10% სასყიდლიანი ფორმით 10 000 (ათი ათასი) ლარად საკუთრებაში გადასცა ა.ჭ–ს. მოპასუხის განმარტებით, ა.ჭ–ს ერთი ლარიც არ გადაუხდია წილის სანაცვლოდ, მინდობილობის თანახმად, ოქმზე ხელს აწერდა თ.ჭ–ის მინდობილი პირი მ.ჭ–ი. 2020 წლის 03 ივლისს ა.ჭ–მა და თ.ჭ–ის წარმომადგენელმა მ.ჭ–მა მიმართეს საჯარო რეესტრს და მოითხოვეს პარტნიორის და წილის ცვლილება საქმე #20050690, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, თ.ჭ–მა, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,ი...“- ის 90% წილის მფლობელს, თავისი წილიდან 90%-დან 15% საკუთრებაში გადასცა ა.ჭ–ს, ოქმზე ხელს აწერდა თ.ჭ–ის მინდობილი პირი მ.ჭ–ი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ა.ჭ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „ი...“-ს დაევალა ა.ჭ–ს გადასცეს 2020 წლის 01 იანვრიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე შპს ,,ი...“-ის საქმიანობასთან დაკავშირებით სარჩელში მითითებული დოკუმენტაცია.

7. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ურის თქმა მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

9. საკასაციო საჩივარი

9.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

9.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ არ იმსჯელა საოქმო განჩინების კანონიერებაზე. სასამართლომ მოპასუხე მხარეს არ მისცა პროცესუალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მხარეს მტკიცებულებები შეესწავლა და შესაბამისი სახის შედავება წარედგინა. ასეთი ქმედებით სასამართლომ დაარღვია პროცესუალური თანასწორობის პრინციპი. შესაბამისად, საოქმო განჩინებები დაუსაბუთებელია.

9.3. სააპელაციო პალატამ ასევე არ იმსჯელა 2024 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა, როდესაც არსებობდა აცილების საფუძველი. პროცესის გადადების საფუძველი არსებობდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად.

9.4. 2024 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებით მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულად გამოცხადდა და სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში. აღნიშნული განჩინება კი არის უკანონო, რადგან სასამართლომ მოპასუხეს წაართვა საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. ასევე არ დასტურდება ის, თუ რა ეტაპები დააკმაყოფილა მოსამართლემ, რომ საქმე მომზადებულად ჩაეთვალა.

9.5. ასევე, კასატორი მიუთითებს, რომ თუ კი საწარმოს შიდა ინფორმაცია გაიცემა მოსარჩელეზე, არსებობს საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკი, რადგან ის გამოყენებული იქნება საზოგადოების საზიანო ქმედებებში, რაც ინფორმაციის გაცემაზე არის თქმის საფუძველია.

9.6. კასატორის მოსაზრებით, RS.ge-ზე არსებულ რეგისტრაციაზე (მომხმარებელი და პასვორდი) წვდომა აქვს მხოლოდ დირექტორს, შესაბამისად, ყველა პირს არ შეუძლია იქიდან მოითხოვოს ინფორმაცია. სასამართლო არ უნდა ენდოს მხარეს, რომელიც თვლის, რომ ასეთი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, მოსარჩელე მხოლოდ ინფორმაციას მოიძიებს და არ განახორციელებს სხვა სახის ცვლილებებს.

9.7. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილი საზოგადოებას ავალდებულებს, რომ პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს წარდგენიდან არანაკლებ სამი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ საფუძვლით ვერ შესრულდა, რადგან არსებობს საზოგადოების საწინააღმდეგოდ პარტნიორის ბოროტად მოქმედების საფრთხეები.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

17. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

18. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მთავარი შედავება გულისხმობს შემდეგს: მართალია, საზოგადოების პარტნიორს აქვს საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობის უფლება, თუმცა შესაძლებელია მისი შეზღუდვა პარტნიორისგან საწარმოს წინააღმდეგ მომდინარე საფრთხის სავარაუდოდ არსებობის შემთხვევაში.

21. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისგან დასაცავად. უარი წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ასევე დასაშვებია, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია. ინფორმაციის გაცემაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს საწარმოს ხელმძღვანელი, თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულება არ არის უპირობო, ხოლო პარტნიორის უფლება - გარანტირებული. დასახელებული ნორმით ინფორმაციის გაცემაზე უარი დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისგან დასაცავად.

22. პალატა განმარტავს, რომ კონტროლისა და შემოწმების, ასევე, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება პარტნიორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლებს სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. ამდენად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (სუსგ. Nას-1571-2018, 02.08.2019 წ. განჩინება).

23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ი...“ წარმოადგენს 1997 წლის 19 მარტიდან ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომლის 25% წილის მესაკუთრე პარტნიორია ა.ჭ–ი, ხოლო 75 %-ის ნ.ჭ–ი. 2020 წლის მდგომარეობით საზოგადოების დირექტორს წარმოადგენდა ა.ჭ–ი.

24. საქმის განხილვის დროისათვის შპს „ი..“-ის ხელმძღვანელობა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი არის მ.ჭ–ი.

25. 2023 წლის 07 თებერვალს ა.ჭ–მა მიმართა შპს „ი...“-ის დირექტორს მ.ჭ–ს და მოითხოვა საწარმოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია. 2023 წლის 07 თებერვლის წერილი შპს ,,ი...“-ს არ მიუღია. ასევე არ მიუღია 2023 წლის 04 ივლისის წერილი.

26. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომლის თანახმად, მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ 2023 წლის 07 თებერვალს და ამავე წლის 04 ივლისს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით მოპასუხეს მიმართა წერილით, რაც მოპასუხემ უარყო და მიუთითა, რომ აღნიშნული შეტყობინება არ მიუღია. ის გარემოება, რომ მოთხოვნა არ მიუღია საზოგადოებას, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან თანხმობის შემთხვევაში საზოგადოება უფლებამოსილი იყო, საკუთარი ნებით გადაეცა დოკუმენტები მოსარჩელისთვის, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სასამართლომ მართებულად დაკმაყოფილდა ის. შესაბამისად, მოსარჩელეს სრული კანონიერი უფლება ჰქონდა მოეთხოვა და მიეღო აღნიშნული ინფორმაცია.

27. რაც შეეხება კასატორის მტკიცებას საზოგადოების შიდა ინფორმაციაზე წვდომის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მისი ბოროტად გამოყენების ვარაუდს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თუ კი რაიმე საშიშროება ან პოტენციური საფრთხე არსებობს, ის უნდა იქნეს დადასტურებული თუნდაც გონივრულობის ფარგლებში და არ უნდა ემყარებოდეს ის სავარაუდო, ჰიპოთეტურ მსჯელობებს. თავის მხრივ, პარტნიორს შესაძლოა ჰქონდეს ბოროტი განზრახვა საწარმოს სამომავლო განვითარების მიმართ, რაშიც გამოიყენოს კიდეც მიღებული შიდა ინფორმაცია, თუმცა მოპასუხემ უნდა შეძლოს დადასტურება რის საფუძველზე, კონკრეტულად რა საფრთხეზე და რა ქმედებებზე მითითებით დგინდება პარტნიორის მხრირან უფლების ბოროტად გამოყენება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დადასტურდა. შესაბამისად, მოსარჩელეს კანონიერი უფლება - მიეღო ინფორმაცია დაირღვა, რაც მისი უფლებაში აღდგენის საფუძველია.

28. რაც შეეხება 2024 წლის 17 აპრილის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სხდომის გადადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვა მოცემულ სხდომაზე შეუძლებელია, თუ წარმოდგენილია იმგვარი შუამდგომლობა, რაც მეორე მხარისთვის განსაზღვრული დროის მიცემას საჭიროებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რაც მეორე მხარისთვის უცნობი იყო, ასევე სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა მინიმალური ცვლილებით, რაც მეორე მხარისთვის დამატებითი დროის მიცემას არ საჭიროებდა. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად არ გადადო საქმის განხილვა სხვა დროისთვის.

29. ამავე თარიღის მეორე განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

30. აღნიშნულ ნაწილში საკასაციო პალატა განსაზღვრავს, რომ კასატორმა ვერც ამ შედავებაში წარადგინა ისეთი სახის მტკიცებულება ან გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსამართლის აცილების გამართლებას. თავის მხრივ, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ განჩინების მიღებით დაყენებული შედეგი არ შეიძლება გახდეს აცილების საფუძველი. თუ კი ასეთი აცილების გარემოება არსებობს, ის განჩინების შედეგზე არ არის დამოკიდებული, არამედ თავისთავად არსებობს, ხოლო განჩინების შედეგი წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთ უფლებამოსილებას, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში. ასე რომ, კასატორი ვერ ამტკიცებს კონკრეტულად რაში გამოიხატა მიკერძოება.

31. ასევე გასაჩივრებულია 2024 წლის 17 აპრილის მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის განჩინება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.

32. ამ კუთხითაც, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის მიხედვით, რომ მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდა სასამართლოს პრეროგატივაა, თუ მიიჩნევს, რომ საქმე მომზადებულია განსახილველად, რისი საფუძველიც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი...“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ი...“-ს (ს/კ/ ........), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გ.ჟ–ის (პ.ნ. ......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 2236, გადახდის თარიღი: 13.05.2025) 300 ლარის 70% -210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი