Facebook Twitter

ბს-1106-1058(კ-07) 3 აპრილი, 2008წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი_ ე. მ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი – სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა_სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა_ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. მ-მა 2005 წლის 7 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 2000-2002 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 1993 წლიდან 2004 წლის აპრილამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისი განმარტებით, მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან მისაღები აქვს ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკისრებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 1008 ლარის გადახდა, ასევე, ორი წლის განმავლობაში მის კუთვნილ კომპენსაციაზე 2% დანამატის ანაზღაურება, რომელმაც 2 წლის განმავლობაში შეადგინა 480 ლარი და მიყენებული მორალური ზიანისათვის _ 520 ლარი, სულ _ 2000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, აგრეთვე სასურსათო ულუფა, ფორმის ტანსაცმელი და თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოზე პროცენტული დანამატი წელთა ნამსახურობის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2003 წლის 22 აპრილს გაცემული ¹72 ცნობის თანახმად, 2000-2002 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 1008,71 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა 2000-2001 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო მოთხოვნა 2002 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ფორმა-ტანსაცმლის შესაძენად საკუთარი დანახარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ შეიძლება დაეკისროს გასული პერიოდისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორად ვერ განსაზღვრა ხანდაზმულობის ვადის დაწყების სწორი მომენტი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მისი მოთხოვნის წარმოშობის მომენტი უნდა აითვალოს 2004 წლიდან, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომი პერიოდიდან, როდესაც ადმინისტრაცია ვალდებული იყო მასთან ყველა სახის დავალიანება სრულად გაესწორებინა. მას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ¹72 ცნობის გაცემით იქნა დადასტურებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების კომპენსაცია 336 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს 2000-2001 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. ამასთან, არ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება 2002 წლის სანივთე ქონების შესაძენად მოსარჩელის მხრიდან საკუთარი დანახარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობის გამო სარჩელის უსაფუძვლობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა შესაბამისი ფორმის ტანსაცმელი, ამიტომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ფორმა საკუთარი დანახარჯით შეეძინა და სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად დასახელებული მტკიცებულება სასამართლოსათვის წარედგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო

სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა 2002 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის 336 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ სამწლიან ხანდაზმულობის ვადაზე 2002 წლის სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა, მათი მოსაზრებით, სარჩელის შეტანის დროისათვის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ,,სამხედრო მოსამსახურის სატატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით, სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, ვისაც სამხედრო სამსახურის სტატუსი გააჩნია. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აღარ ჰქონდა, შესაბამისად აღარ ჰქონდა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, რადგან ზემოაღნიშნული კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომპენსაცია გაიცემა ფორმის შესაძენად იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა სამხედრო პირის ფორმით აღჭურვას. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ მან სამხედრო ფორმა საკუთარი ხარჯებით შეიძინა.

ე. მ-მა 2008 წლის 3 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. შეგებებული საკაკაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელის მოსაზრებით, შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მისი მოთხოვნის წარმოშობის მომენტი უნდა აითვალოს 2004 წლიდან, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომი პერიოდიდან, მაშინ როდესაც ადმინისტრაცია ვალდებული იყო მასთან ყველა სახის დავალიანება სრულად გაესწორებინა. მას ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის მიმართ აღიარებს მოთხოვნის არსებობას, რაც, ე. მ-ის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ¹72 ცნობის გაცემით იქნა დადასტურებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ე. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის და შეგებებული საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ე. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და ე. მ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.