საქმე №ას-499-2025 7 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ჯ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების ნატურით გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 1 აპრილს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.ჯ–ძემ (შემდგომში მოსარჩელე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) ა.გ–ის (შემდგომში მოპასუხე) მიმართ, ქ. ბოლნისში, ........ (ს/კ .......) მდებარე უძრავ ქონებაზე (შემდგომში სადავო უძრავი ქონება) საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. 2019 წლის 17 მაისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ.ჯ–ძემ მოპასუხეების, ნ.ჯ–ძისა და ა.ჯ–ძის მიმართ და მოითხოვა: ნოტარიუს ხ.ბ–ის მიერ 2017 წლის 26 აგვისტოს ა.ჯ–ძის სასარგებლოდ გაცემული №170977848 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნ.ჯ–ძესა და ა.ჯ–ძეს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების (ს/კ .......) ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოსარჩელე ზ.ჯ–ძის ცნობა.
4. ნატალია და ა.ჯ–ძეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ნ.ჯ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სადავო უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ზ.ჯ–ძემ - სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე, სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ზ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ნ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ნ.ჯ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ნ.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნ.ჯ–ძისა და ა.გ–ის საზიარო უფლება სადავო უძრავ ნივთზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის N004018019 დასკვნისა და მისი N2 და N3 დანართების შესაბამისად. ნ.ჯ–ძეს განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის 506 კვ.მ ფართიდან, როგორც ½ წილის მესაკუთრეს, გამოეყო კუთვნილი წილის შესაბამისი 253 კვ.მ ფართი (N3 დანართზე ყვითლად ნაჩვენები); ა.გ–ს განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის 506 კვ.მ ფართიდან, როგორც ½ წილის მესაკუთრეს, გამოეყო კუთვნილი წილის შესაბამისი 253 კვ.მ (N3 დანართზე ლურჯად ნაჩვენები); ნ.ჯ–ძეს N1 შენობის საერთო 74,8 კვ.მ ფართიდან, როგორც ½ წილის მესაკუთრეს, გამოეყო კუთვნილი წილის შესაბამისი 36,47 კვ.მ, რომელიც 0,93 კვ.მ-ით ნაკლებია მისი იდეალური ½ წილის შესაბამისი ფართისგან (N2 დანართზე ყვითლად აღნიშნული); ა.გ–ს N1 შენობის საერთო 74,8 კვ.მ. ფართიდან, როგორც ½ წილის მესაკუთრეს, გამოეყო კუთვნილი წილის შესაბამისი 38,33 კვ.მ, რომელიც 0,93 კვ.მ-ით მეტია მისი იდეალური ½ წილის შესაბამის ფართზე (N2 დანართზე ლურჯად აღნიშნული). მოსარჩელე ნ.ჯ–ძეს დაევალა ზემოთ მითითებული წესით უძრავი ნივთის (ს/კ N...........) გაყოფისათვის საჭირო ექსპერტიზის დასკვნაში N004018019 მითითებული კარის ღიობისა და ტიხრის მოწყობა-ამოშენება (როგორც ეს N2 დანართზეა ნაჩვენები) და, ასევე, ყვითლად გამიჯნულ ფართ(ებ)თან დამოუკიდებელი ასასვლელი კიბის მოწყობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის N004018019 დასკვნა ამ გადაწყვეტილების შემადგენელ ნაწილად განისაზღვრა.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ.ჯ–ძემ და ა.გ–მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ნ.ჯ–ძის სარჩელის უარყოფა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით ზ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ა.გ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების ნატურით გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით ნ.ჯ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ნ.ჯ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
11.1. ქ. ბოლნისში, ....... მდებარე უძრავი ქონების (შემდგომში სადავო უძრავი ქონება) (ს/კ ....... ) თანამესაკუთრეები არიან მოსარჩელე ნ.ჯ–ძე (მის საკუთრებაში არსებული წილი შეადგენს ½ იდეალურ ნაწილს) და მოპასუხე ა.გ–ი (მის საკუთრებაში არსებული წილი ასევე შეადგენს ½ იდეალურ ნაწილს);
11.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სადავო უძრავი ქონების გამიჯვნა ორ თანაბარ ნაწილად (½ და ½ წილების შესაბამისად) ტექნიკური თვალსაზრისით, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით ისე, რომ არ შემცირდეს უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულება, შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ #2-ზე და #3-ზეა ნაჩვენები; ასეთი გაყოფის შემთხვევაში განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთის 506 კვ.მ ფართიდან (შენობა #1-ის განაშენიანების ფართი დარჩება საერთო საკუთრებაში) ½ წილის მესაკუთრეს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 253 კვ.მ ფართი (იხ. დანართ #3-ზე ყვითელი ფერით ნაჩვენები), ხოლო მეორე ½ წილის მესაკუთრეს ასევე შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 253 კვ.მ (იხ. დანართ #3-ზე ლურჯი ფერით ნაჩვენები). შენობა #1-ის საერთო 74,8 კვ.მ ფართიდან ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 36,47 კვ.მ ფართი, რომელიც 0,93 კვ.მ-ით ნაკლებია მისი იდეალური ½ წილის შესაბამის ფართზე (იხ. დანართ #2-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული), ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 38,33 კვ.მ ფართი, რომელიც 0,93 კვ.მ-ით მეტია მისი იდეალური ½ წილის შესაბამის ფართზე (იხ. დანართ #2-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული). ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭირო იქნება კარის ღიობისა და ტიხრის მოწყობა-ამოშენება, როგორც ეს დანართ #2-ზეა ნაჩვენები და ასევე საჭირო იქნება ყვითელი ფერით გამიჯნულ ფართ(ებ)თან დამოუკიდებელი ასასვლელი კიბის მოწყობა.
11.3. სასამართლო სხდომაზე გამოიკითხა დასკვნის შემდგენელი ექსპერტი, ლ.კ–სი, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ შედგენილ დასკვნაში გამიჯნულ ლურჯად მონიშნულ ნაწილში შესაყვანია საკომუნიკაციო სისტემები, კერძოდ კი, ბუნებრივი აირი და წყალი. გარდა ამისა, ლურჯად დაფარულ ნაკვეთზე შესასვლელი სამანქანო გზა არის მოუწესრიგებელი. მისივე განმარტებით, გამიჯვნის შემდეგ, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება მესაკუთრეთა თანასაკუთრებაში.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე, 964-ე მუხლებით და საქმის ხელახალი მოსმენისა და უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ შეუძლებელია სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნივთის ნატურით გაყოფის გზით ისე, რომ წარმოიშვას სრულიად თანაბარი ფუნქციური ღირებულების მქონე ორი ნივთი. სასამართლომ დაასკვნა, რომ საერთო საკუთრების საგანი N1 შენობის ორ თანაბარ ფუნქციური ღირებულების საგნად გაყოფის შესაძლებლობა წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ასევე დასკვნაში მითითებული ფორმით გაყოფის შემთხვევაში, არ დგინდება, რომ ლურჯი ფერით მონიშნულ მიწის ნაკვეთს ფუნქციური დანიშნულება შეუნარჩუნდება. კერძოდ, არ ირკვევა, რომ მას სრულფასოვანი აუცილებელი გზა გააჩნია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, რომ დასკვნაში მითითებული გაყოფის შემთხვევაში, საჭირო იქნება შესაბამისი კომპლექსური დანახარჯების გაწევა, რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია სხვადასხვა ნებართვებთან, რომლის მოპოვება განჭვრეტადი არ არის, მათ შორის, ბუნებრივი აირის და წყლის მიყვანა ნატურით გამოყოფილ ფართთან, მისასვლელი გზის ნებართვის მოპოვება და კეთილმოწყობა და სხვა.
13. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
13.2. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო საკითხი, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 953-ე, 961-ე, 964-ე მუხლები და არასწორად არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მითითებები საზიარო საგნის გამიჯვნათან მიმართებით. სასამართლომ არასწორად შეაფასა მითითებულ საკითხზე ექსპერტის მიერ გაკეთებული განმარტებაც, რის გამოც, არასწორად დაასკვნა, რომ ქონების გამიჯვნისას უძრავი ნივთის ფუნქციური დანიშნულება შეიცვლებოდა.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით, სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი საგნები შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. განსახილველი დავის მონაწილე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან (სუსგ №ას-602-2019, 22 თებერვალი, 2022 წელი).
20. სსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება, სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.173, ველი 1).
21. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თავის მხრივ, სსკ-ის 963-ე მუხლის დისპოზიციური ანალიზი საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელ წინაპირობად ითვალისწინებს საგნის გაყოფას მხოლოდ ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებებია: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. ორივე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად და ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს წილების შესაბამისად ნატურით გაყოფით, თუ შესაძლებელია მისი გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. წილთა ერთგვაროვნება გულისხმობს მათ სამეურნეო დანიშნულებას (იხ. Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §752, Rn. 1,2,3).
22. საზიარო უფლების მქონეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. შეზღუდვა, რომელსაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, იმაში მდგომარეობს, რომ ამით არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლება. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად (სუსგ №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).
23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საექსპერტო დასკვნის შინაარსი, რის გამოც არასწორად დაასკვნა, რომ არ არსებობდა საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის წინაპირობა.
24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი 2019 წლის 12 ივნისის N004018019 საექსპერტო დასკვნის, ასევე ამ დასკვნის შემდგენელი პირის, ექსპერტის, გამოკითხვის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ისე, რომ გაყოფილმა ქონებამ არ დაკარგოს ფუნქციური დანიშნულება, შეუძლებელია. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, №2 და №3 დანართებზე ნაჩვენები გაყოფის შემთხვევაში, განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთის 506 კვ.მ ფართიდან (№1 შენობის განაშენიანების ფართი დარჩება საერთო საკუთრებაში) ½ წილის მესაკუთრეს შესაძლებელია გამოეყოს მისი კუთვნილი წილის შესაბამისი 253 კვ.მ ფართი (იხ. №3 დანართზე ყვითლად ნაჩვენები), ხოლო მეორე ½ წილის მესაკუთრეს ასევე შესაძლებელია გამოეყოს კუთვნილი წილის შესაბამისი 253 კვ.მ (იხ. №3 დანართზე ლურჯად აღნიშნული). №1 შენობის საერთო 74.8 კვ.მ ფართიდან ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს კუთვნილი წილის შესაბამისი 36.47 კვ.მ ფართი, რომელიც 0.93 კვ.მ-ით ნაკლებია მისი იდეალური ½ წილის შესაბამის ფართზე (იხ. №2 დანართზე ყვითლად აღნიშნული), ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს კუთვნილი წილის შესაბამისი 38.33 კვ.მ ფართი, რომელიც 0.93 კვ.მ-ი მეტია მისი იდეალური ½ წილის შესაბამისი ფართზე (იხ. №2 დანართზე ლურჯად აღნიშნული). ასეთი გაყოფის შემთხვევაში, საჭირო იქნება კარის ღიობისა და ტიხრის მოწყობა ამოშენება, როგორც ეს №2 დანართზეა ნაჩვენები და, ასევე, საჭირო იქნება ყვითელი ფერით გამიჯნულ ფართ(ებ)თან დამოუკიდებელი ასასვლელი კიბის მოწყობა. ექსპერტის განმარტებით კი დგინდება, რომ მის მიერ შედგენილ დასკვნაში გამიჯნულ ლურჯად მონიშნულ ნაწილში შესაყვანია საკომუნიკაციო სისტემები, კერძოდ კი, ბუნებრივი აირი და წყალი. გარდა ამისა, ლურჯად დაფარულ ნაკვეთზე შესასვლელი სამანქანო გზა არის მოუწესრიგებელი. მისივე განმარტებით, გამიჯვნის შემდეგ, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება მესაკუთრეთა თანასაკუთრებაში.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საექსპერტო დასკვნაში ასახული ჩანაწერი - „შენობა N1-ის განაშენიანების ფართი დარჩება საერთო საკუთრებაში“ (იხ. ტ. 2, ს.ფ 150) - თავისთავად გამორიცხავს საზიარო ქონების ნატურით გამიჯვნის თუნდაც თეორიულ შესაძლებლობას, ვინაიდან სადავო ქონების ნატურით გაყოფის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული კანონმდებლის რეალური მიზანი - მოდავე მხარეებს სამომავლოდ არ ჰქონდეთ ერთმანეთთან არანაირი ურთიერთობა და შეეძლოთ ნატურით გამოყოფილი საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობა. ამრიგად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მითითებული საექსპერტო დასკვნით არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთების ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, კასატორს (მოსარჩელეს) კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის ზემოთ მითითებული დასკვნის გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სადაც განმარტებულია საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ჯ–ძეს(პ.ნ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ვ.ხ–ვის (პ.ნ. .....) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 27191701167, გადახდის თარიღი: 08.05.2025) 150 ლარის 70% -105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი