Facebook Twitter

საქმე №ას-463-2025 7 ივლისი, 2025 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი....“ (აპელანტი,მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი შპს „ი....-ის“ (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 13 482.68 ლარის, ასევე, ავანსის, 224 ლარის გადახდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 548.27 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა. დადგენილია, ასევე, რომ, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მოპასუხეს გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა 10 დღით, თუმცა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება (რომლითაც აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 10 დღით) აპელანტის წარმომადგენელს პირადად ჩაბარდა 2025 წლის 19 თებერვალს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა აპელანტისთვის დაიწყო 20 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 4 მარტს, თუმცა აპელანტს არც ამ ვადაში შეუვსია ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-74-ე, 63-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განჩინებით დაწესებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც მისი შეუვსებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, მის მიმართ მიმდინარეობს არაერთი სააღსრულებო წარმოება, დაყადაღებულია საბანკო ანგარიშები, რის გამოც ითხოვს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ გაგრძელებას. კერძო საჩივრის ავტორი გამოთქვამს მზაობას, შესაძლებლობისთანავე გადაიხადოს დაწესებული სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. განსახილველ დავაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 548.27 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსიის სასამართლოსთვის წარდგენა (ს.ფ 184-186). დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა აპელანტს მისივე შუამდგომლობის საფუძვეძველზე გაუგრძელდა კიდევ 10 დღით 2025 წლის 18 თებერვლის განჩინებით (ს.ფ 191-192). სადავო არ არის ისიც, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა იმავე წლის 19 თებერვალს და განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადა ამოეწურა 2025 წლის 4 მარტს, თუმცა ამ ვადაში მას არ ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას საპროცესო მოქმედებების შესრულების წესი განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

13. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო განჩინებით დადგენილი გარემოებების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი....“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი