საქმე №ას-401-2025 7 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ც.გ–ია, ი.გ–ა, მ.გ–ა, მ.გ–ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.გ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი), რომელიც დაბადებულია 1986 წლის 28 ნოემბერს, არის გ.გ–ას შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე (დედა ე.ბ–ვა). გ.გ–ა და ე.ბ–ვა არ იმყოფებოდნენ ქორწინებაში.
2. გ.გ–ა გარდაიცვალა 2020 წლის 14 ივლისს, მისი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილები: ი.გ–ა და მ.გ–ა, დედა - მ.გ–ა.
3. გ.გ–ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ც.გ–იასთან 1988 წლის 30 აგვისტოდან. რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა წარმოდგენილი არ არის.
4. გ.გ–ა 2002 წლის შემდგომ ცხოვრობდა საქართველოში, ქალაქ ფოთში დედასთან ერთად, ხოლო ც.გ–ია 2017-2018 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში (პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში). საქართველოში ც.გ–იას საცხოვრებლად გადმოსვლის შემდგომ, ც.გ–ია და გ.გ–ა ერთად კვლავ არ ცხოვრობდნენ.
5. 2021 წლის 12 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის N210109581 თანახმად, დ.გ–ამ, როგორც გ.გ–ას კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი), მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო მასიდან სავალდებულო წილის სახით მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი ქონების (სამკვიდრო მასის) 1/10 ნაწილი.
6. 2021 წლის 15 თებერვლის სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილების N210117329 თანახმად, დ.გ–ას უარი ეთქვა კონკრეტულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.
7. 2021 წლის 04 თებერვლის ანდერძის გამოქვეყნების ოქმის N2100805577 თანახმად, 2006 წლის 06 ივნისს ნოტარიული წესით დამოწმებული/შედგენილი ანდერძით მოანდერძე გ.გ–ამ მთელი თავისი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისთვის აღმოჩნდებოდა მის კუთვნილებაში, უანდერძა მ.გ–ას.
8. გ.გ–ას საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე, მდებარე: 1) ქ. ფოთი, ........, საკადასტრო კოდი ......., სართული 2, ბინა N47, ფართი: 50.34 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება N6470/1, დამოწმების თარიღი 2002 წლის 24 დეკემბერი; 2) ქ. ფოთი, ........ ქუჩა, საკადასტრო კოდი ........, დაზუსტებული ფართობი 35 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2008 წლის 21 ნოემბერი.
9. ც.გ–იას საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, (ნაკვ. ......), საკადასტრო კოდი: ........, (საკუთრების ტიპი: საკუთრება, მიწის ნაკვეთი N1756, ფართი, კვ.მ.). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29/01/2019. აღნიშნული ქონება წარმოადგენს სასაფლაოდან გამოყოფილ - გარდაცვლილის დაკრძალვისთვის განკუთვნილ ფართს. დაკრძალულია ც.გ–იას მამა - თ.გ–ია. ქალაქი თბილისი, ......, საკადასტრო კოდი: ....., (საკუთრება ფართი სართული N6, ბინა N2, ბლოკი "დ" 129.11 კვ.მ.). დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება Nკ15/1/2-0, დამოწმების თარიღი:21/12/2018. ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: ......., (საკუთრება ფართი სადარბაზო1,სართულიN7,ბინა N51, 85.40 კვ.მ.). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 21/09/2018. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი:24/09/2018. ქალაქი თბილისი, ქუჩა ....., საკადასტრო კოდი: ........, (თანასაკუთრების უფლებით 3 მესაკუთრე). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ქ. თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 მაისის დადგენილება. რაიონი ბორჯომი, ........, "დ–ი", საკადასტრო კოდი: ......., (საკუთრება ფართი ბინა N23, 29.10 კვ.მ.). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 08/09/2010. ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, საკადასტრო კოდი: ......., ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო დაზუსტებული ფართობი : 2600.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ......; ........ ; ........; .......; სხვა ფართი: მოშენების ფართი: 482.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი: 176.38 კვ.მ.; დამხმარე ფართი:239.40 კვ.მ.; საზაფხულო ფართი: 194.22 კვ.მ.; სასარგებლო ფართი: 415.78 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:01/06/2018. ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, საკადასტრო კოდი: ......., (არასაცხოვრებელი ფართი 12.40 კვ.მ.) - (თანასაკუთრების უფლებით 2 მესაკუთრე). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული 2004 წლის 5 აგვისტოს. მუნიციპალიტეტი ლანჩხუთი, სოფელი ........, საკადასტრო კოდი: ........, საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო დაზუსტებული ფართობი: 864.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ......; შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი: N1, N2. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:18/02/2020. ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, საკადასტრო კოდი: ........, (საკუთრება ფართი სართული1,ბინა N1, 160.11 კვ.მ. საკუთრება სარდაფი 44.68 კვ.მ.). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ბ..."-ის კრების ოქმი N18, რეესტრის ნომერი N190734428, დამოწმების თარიღი: 25/06/2019, ნოტარიუსი ქ.ძ–ი. უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 01/06/2018. ქალაქი თბილისი, ........, საკადასტრო კოდი: ....... უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის გაცვლის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 01/06/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ნივთის გაცვლის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 01/06/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რაიონი ბორჯომი, ......., "დ–ი", საკადასტრო კოდი: ......., (ბინა N22, 76.50 კვ.მ.). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:08/09/2010. ქალაქი თბილისი, ქუჩა ......, საკადასტრო კოდი: ......, (სადარბაზო N2, სართული N3, ბინა N4, 160.00 კვ.მ.). უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სანოტარო წესით 2003 წლის 12 ივლისს დამოწმებული ამხანაგობა "ფ....."-ის დაფუძნების ხელშეკრულება (რეესტრის N1-6171; ნოტარიუსი ნ. გ–ი). ბრძანება Nე-169, გაფორმების თარიღი:25/12/2006 ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური. სანოტარო აქტი უძრავი ქონების გაყოფის შესახებ. N1- 1474, გაფორმების თარიღი: 02/02/2007 ნოტარიუსი ნ. გ–ი.
10. რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეობდა დავა დ.გ–სა და ც.გ–იას შორის, დ.გ–ა ითხოვდა ნათესაური ურთიერთობების ფაქტის დადგენას, ქონების ფლობის ფაქტის დადგენას, მეუღლის წილის გამოყოფასა მემკვიდრეობის წესით საკუთრების უფლების აღიარებას. ქალაქ მოსკოვის ნიუკოლინსკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N2-2139/21), დადგინდა ნათესაური ურთიერთობების ფაქტი, დადგინდა, რომ დ.გ–ა არის გ.გ–ას ქალიშვილი. სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაში დ.გ–ას უარი ეთქვა.
11. 2022 წლის 28 თებერვალს ქალაქ მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე N2-1114/22 ც.გ–იას სარჩელის შესახებ დ.გ–ას მიმართ განქორწინების შესახებ სამოქალაქო სტატუსის აქტის ჩანაწერის აღდგენის შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, ც.გ–იას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის სააპელაციო განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა).
12. გ.გ–ას რეგისტრაცია უფიქსირდება საქართველოში, მისამართზე, მდებარე: ქალაქი ფოთი, ........., 2006 წლის 09 მაისიდან (რეგისტრაციიდან მოიხსნა გარდაცვალების გამო). გ.გ–ას რეგისტრაცია უფიქსირდება საქართველოში, მისამართზე, მდებარე: ქალაქი ფოთი, .........., 1998 წლის 20 იანვრიდან (რეგისტრაციიდან მოიხსნა სხვა მისამართზე რეგისტრაციის გამო 2006 წლის 09 მაისს).
13. ც.გ–იას რეგისტრაცია უფიქსირდება საქართველოში, მისამართზე: გაგრა, ს. ....., რეგისტრაციის თარიღი 2018 წლის 03 იანვარი. ც.გ–იას რეგისტრაცია უფიქსირდება საქართველოში, მისამართზე: ქალაქი ფოთი, ........., რეგისტრაციის თარიღი 1992 წლის 21 ოქტომბერი, გაუქმების თარიღი 2000 წლის 04 თებერვალი (მიზეზი - რეგისტრაცია სხვა მისამართზე). ც.გ–იას რეგისტრაცია უფიქსირდება საქართველოში, მისამართზე: გაგრა, ს. ......, რეგისტრაციის თარიღი 1999 წლის 24 სექტემბერი, გაუქმების თარიღი 2017 წლის 14 ნოემბერი (მიზეზი - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა). ც.გ–იას საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2017 წლის 09 ნოემბერს.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ 1995 წლიდან 1997 წლამდე ინფორმაცია შსს-ს არ გააჩნია. გ.გ–ას 1997 წლიდან 2020 წლამდე საზღვარი გადაკვეთილი აქვს შემდეგი მონაცემებით: 05.07.1999 მოფრენა, 12.06.2002 მოფრენა.
15. 2021 წლის 10 მარტის სამკვიდრო მოწმობის N210201175 თანახმად, 12.02.2021 წელს სამკვიდრო მოწმობით N210109581 დ.გ–ამ სავალდებულო წილის სახით მიიღო გ.გ–ას დანაშთი სამკვიდრო მასის 1/10 ნაწილი, 10.03.2021 წელს სამკვიდრო მოწმობით N210201061 მ.გ–ამ და ი.გ–ამ სავალდებულო წილის სახით მიიღეს გ.გ–ას დანაშთი სამკვიდრო მასის 1/10 ნაწილი თითოეულმა, მ.გ–ამ, როგორც მამკვიდრებლის დედამ და ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მიიღო გ.გ–ას დანაშთი სამკვიდრო მასის 3/5 ნაწილი.
16. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
16.1. დ.გ–ა ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ N ........, ლანჩხუთი, სოფ. .........., ს/კ N ........, ქ. თბილისი, ........., არასაცხოვრებელი ფართი, ს/კ N ........, - ქ. თბილისი, ბორჯომი, ......., „დ–ი“, ბინა N23, ს/კ N ........, ბორჯომი, ........, „დ–ი“, ბინა N22, ს/კ N ........, ქ.თბილისი, ........, ფართი, ს/კ N ........., (კუთვნილი წილის), ქ.თბილისი, ........, ს/კ N ........., ქ.თბილისი, .........., ბლოკი „დ“, ს/კ N ........, ქ. თბილისი, ........, სადარბაზო „პ“ (ნიშნული +43.80), ს/კ N ......, ქალაქი ფოთი, ........ - საკადასტრო კოდი ........ – 1/10 ნაწილის მესაკუთრედ.
16.2. დ.გ–ა არის გარდაცვლილი გ.გ–ას და ე.ბ–ვას ქალიშვილი. მოსარჩელე დაიბადა 1986 წლის 28 ნოემბერს, მამასთან ჰქონდა კარი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ 1988 წელს გ.გ–ა დაქორწინდა ხელმეორედ - მოპასუხე ც.გ–იაზე. გ.გ–ას გარდაცვალებამდე მოსარჩელე დ.გ–ას და მოპასუხე ც.გ–იასაც არ ჰქონდათ ცუდი ურთიერთდამოკიდებულება, რაც შეიცვალა გ.გ–ას გარდაცვალების შემდეგ. 4 წლის წინ დ.გ–ა, თავისი 2 მცირეწლოვანი ბავშვით, გადავიდა მოსკოვში საცხოვრებლად და მამის თანხმობით დასახლდა, გ.გ–ას მიერ მოსკოვში შეძენილ 2 ოთახიან ბინაში, რომელიც მდებარეობს ქალაქის გარეუბანში - ქ. მოსკოვი, ....... ქუჩა, სახლი 34, კორპ. 2, ბინა
16.3. მამა დაპირდა დ.გ–ას, რომ მის სიცოცხლეშივე გადაუფორმებდა ამ სახლს, სადავო რომ აღარ გამხდარიყო, აღნიშნულს შეესწრო ც.გ–ია, თუმცა ამჟამად ამ გარემოებას აღარ აღიარებს. გ.გ–ა ისე გარდაიცვალა 2020 წლის 14 ივლისს, რომ დანაპირების შესრულება ვერ შეძლო. დ.გ–ას კი ეგონა, რომ საცხოვრებლის პრობლემა მოგვარებული იყო და ეს ფაქტორი აღარ შეიცვლებოდა, გარანტირებულად იცოდა ასევე, რომ თბილისშიც ჰქონდა სახლი და წილი სხვადასხვა ქონებებიდან. თუმცა, დაახლოებით 4 თვის წინ, მოპასუხე ც.გ–იამ გამოუცხადა, რომ ძალიან ბევრი ვალი აქვს სხვა გამოსავალი არ არის, ის ბინა, რომელშიც დ.გ–ა ცხოვრობს 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად, უნდა გაყიდოს. დ.გ–ამ შეახსენა მოპასუხეს გ.გ–ას საუბარი, თუმცა ც.გ–იამ ყველაფერი უარყო და განმარტა, რომ ყველა ქონება არის მის სახელზე და პრეტენზიებით მიმართოს მოსარჩელის ბავშვების მამას. მოპასუხემ მოსთხოვა დ.გ–ას სახლის დაცლა და დაემუქრა, რომ ძალით გამიყვანდა ქონებიდან. მოსარჩელემ ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ მუქარა იყო, მაგრამ რამდენიმე დღეში დაიწყეს სიარული რწმუნებულებმა და რეალიზატორებმა, დ.გ–ას სახლში არ ყოფნის დროს ისინი კარებს უნგრევენ პატარა ბავშვებს და ყვირიან, რომ წავიდნენ სხვისი სახლიდან. ბავშვებს ეშინიათ, რაც აისახება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამას ემატება ც.გ–იას ესემეს შეტყობინებები არასრულწლოვნების კუთვნილ ტელეფონზე, რომ დროზე წავიდნენ მისი სახლიდან. ასეთი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მოსარჩელე და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.
16.4. ც.გ–იამ განცხადებაც კი შეიტანა პოლიციაში მათი გამოსახლების თაობაზე, რაც ვერ აღსრულდა, რადგან მოსარჩელემ წარადგინა განჩინება, რითაც დასტურდებოდა, რომ ის დავობს მემკვიდრეობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ყველა ქონება იყო მეუღლეთა თანასაკუთრება. ც.გ–იას ერგება სრული ქონების, რომლებიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი, წილი, ხოლო დანარჩენ მემკვიდრეებს, შვილებს: დ.გ–ას, ი.გ–ას, მ.გ–ას, მეუღლეს - ც.გ–იას და მამკვიდრებლის დედას - მ.გ–ას ერგებათ დარჩენილი ½ წილიდან 1/5 ნაწილი. დ.გ–ა არის ერთადერთი მემკვიდრე, რომელმაც კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მისი კუთვნილი წილის მიღება. 2021 წლის 12 თებერვალს ნოტარიუსმა ე.ჯ–ძემ გასცა სამკვიდრო მოწმობა დ.გ–ას სახელზე, ხოლო მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე 2021 წლის 15 თებერვალს გასცა უარი და განმარტა, რომ აღნიშნული სასამართლოს განსახილველია.
17. მოპასუხის შესაგებელი
17.1. მოპასუხეებმა ც.გ–იამ, ი.გ–ამ, მ.გ–ამ და მ.გ–ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა მითითებით, ც.გ–ია და გ.გ–ა ნამდვილად იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მათი ქორწინება შეწყდა 1998 წელს და ც.გ–ია დაქორწინდა სხვა პიროვნებაზე. თანაცხოვრების დროს გ.გ–ა არ მუშაობდა და არ ჰქონია რაიმე შემოსავალი, ც.გ–იას შრომით იქნა შეძენილი გარკვეული ქონებები, რომლებიც მასთან შეთანხმების გარეშე გაასხვისა გ.გ–ამ. ყველა ის ქონება, რაც მითითებულია სარჩელში, შეძენილია ც.გ–იას და გ.გ–ას დაშორების შემდეგ. გ.გ–ას მემკვიდრეებს მიღებული აქვთ მისი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობითაც და იურიდიულადაც. 1998 წლის შემდგომ ც.გ–იას და გ.გ–ას ოჯახი აღარ აღდგენილა. 2000 წლიდან გ.გ–ა საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში, ხოლო ც.გ–იამ მოღვაწეობა განაგრძო მოსკოვში. გ.გ–ამ გაასხვისა ც.გ–იას შრომით შეძენილი ქონებების ნაწილი, ნაწილი კი დატვირთა იპოთეკით და შემდეგ კვლავ ც.გ–იამ გაათავისუფლა ეს ქონებები ვალდებულებებისაგან. 1998 წელს ც.გ–ია დაქორწინდა რუსეთის მოქალაქეზე, რომელთანაც განქორწინდა 1999 წელს. 2004 წლიდან ც.გ–ია ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ზ.კ–ძესთან (2007 წელს მათ დაიწერეს ჯვარი მოსკოვში). დ.გ–ა გ.გ–ას შეეძინა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ აღიარებდა მას შვილად და არ ჰქონია დადებითი ურთიერთობა. ც.გ–იამ როდესაც შეიტყო დ.გ–ას არსებობის შესახებ, მაშინ ის იყო 10 წლის. ც.გ–იამ თავად მოძებნა დ.გ–ა, მიუხედავად გ.გ–ას წინააღმდეგობისა, 2020 წლამდე თავად ზრდიდა და ზრუნავდა თავის შვილთან ერთად. დ.გ–ას ბიოლოგიური დედა იყო ალკოჰოლდამოკიდებული და ვერ უზრუნველყოფდა შვილის აღზრდას. ც.გ–იამ გაურემონტა მას საცხოვრებელი ოთახი, შეუძინა ავეჯი, გაიღო მისი განათლებისათვის საჭირო ხარჯები, დაეხმარა ოჯახის შექმნაში, უზრუნველყო „მზითვით“, მხარი დაუჭირა მას, როდესაც სხვა მამაკაცთან ერთად გაიპარა მოსკოვში და შეუშვა საკუთარ ბინაში. ამ სიკეთეების მიუხედავად დ.გ–ამ აღძრა ამგვარი უსაფუძვლო სარჩელი. ყველა სადავო ქონება ც.გ–იას მიერ შეძენილი იქნა გ.გ–ასთან ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ც.გ–იას მხრიდან ქონებათა ნაწილი შეძენილი იყო საბანკო კრედიტის მეშვეობით.
17.2. მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას, მხოლოდ გ.გ–ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების ნაწილში: ქალაქი ფოთი, ......... - საკადასტრო კოდი .........
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.გ–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დ.გ–ა ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ......., ს/კ ......... - 1/10 ნაწილის მესაკუთრედ. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
19. სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.გ–ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ძალაში დარჩა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
21. საკასაციო საჩივარი
21.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითოხვა.
21.2. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. კერძოდ, დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გ. გ–ა იყო ავადმყოფი, არ შეეძლო საკთარი შრომით რამე სიკეთის შექმნა, რის გამოც ვერ გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაშიც. ამავდროულად, დასტურდება, რომ მას ც.გ–ია არჩენდა.
21.3. რადგან ც.გ–ა რუსეთში ცხოვრობდა, ლოგიკურია, რომ გ.გ–ასთან ერთად ვერ იცხოვრებდა და იმოგზაურებდა. ხოლო მეუღლეთა ერთად მოგზაურობის ან ფოტოსურატების არარსებობა არ შეიძლბა იმის დასტური იყოს, რომ ისინი არ ეწეოდნენ საერთო მეურნეობას.
21.4. თავად ც.გ–ია უთითებს, რომ საქართველოში მისი და გ.გ–ას საერთო შვილებს უვლიდა თავად გ.გ–ა და დედამთილი მ.ვ–ია, ხოლო მოსკოვში კი თავად უვლიდა გ.გ–ას შვილს, კასატორ დ.გ–ას საკუთარ სახლში. ამავდროულად, ც.გ–ია თანხებს უგზავნიდა როგორც გ.გ–ას, ისე დედამისს და არჩენს მათ დღემდე. მიუხედავად ამისა, სასამართომ ჩათვალა, რომვინაიდან გ.გ–ა არ მუშაობდა და არ ქმნიდა ოჯახისთვის დოვლათს, ის ვერ ჩაითვლება ქონების თანამესაკუთრედ, რომელიც ც.გ–იამ მასთან ქორწინების დროს შეისყიდა.
21.5. განჩინებაში მითითებული ფატობრივ გარემოებებში: 36-40 აბზაცებში, სასამართლომ მიუთითა, რომ გ.გ–ა და ც. გ–ია არ ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და ქონება, რომელიც შეიძინა ც.გ–იამ მის შეძენაში რაიმე წვილი გ.გ–ას არ მიუღია, რაც არ გამომდინარეობს სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიდან.
21.6. ყველა სადავო ბინა ც.გ–იამ შეისყიდა 2017 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მაშინ, როდესაც გ.გ–ა ც.გ–იას საკუთრებაში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც და ეს ფაქტი სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, გაურკვეველია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ გ.გ–ა ფოთში ცხოვრობდა.
22. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
29. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
30. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
31. განსახილველ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობების შეფასებას. თანასაკუთრებითი დავა წარმოშობილია მემკვიდრეობითი სამართლიდან.
32. სსკ-ის 1319–ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320–ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
33. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
34. სსკ-ის 1336–ე მუხლი განსაზღვრავს, თუ ვინ წარმოდგენს კანონით მემკვიდრეს. მითითებული ნორმის თანახმად, კანონით მემკვიდრეების პირველი რიგი მოიცავს გარდაცვლილის შვილებს, გარდაცვლილის შვილს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლეს, მშობლებს (მშვილებლებს), ნაშვილებს. ამავე წრეს მიეკუთვნებიან მამკვიდრებლის შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და ისინი თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
35. სსკ-ის 1344–ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
36. სსკ-ის 1357-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ. ამავე კოდექსის 1358-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.
37. სსკ-ის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
38. სსკ-ის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
39. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. ფოთი, ......., საკადასტრო კოდი ........., სართული 2, ბინა N47, ფართი: 50.34 კვ.მ. 1/10 ნაწილზე, როგორც სავალდებულო წილზე მესაკუთრედ ცნობას. ამ ნაწილში მოპასუხე მხარე დაეთანხმა მოთხოვნას და სასამართლომ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა.
40. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ დ.გ–ა, რომელიც დაბადებულია 1986 წლის 28 ნოემბერს, არის გ.გ–ას შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე. გ.გ–ა გარდაიცვალა 2020 წლის 14 ივლისს. 2021 წლის 12 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის N210109581 თანახმად, დ.გ–ამ, როგორც გ.გ–ას კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი), მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო მასიდან სავალდებულო წილის სახით მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი ქონების (სამკვიდრო მასის) 1/10 ნაწილი. 2021 წლის 15 თებერვლის სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ დადგენილების N210117329 თანახმად, დ.გ–ას უარი ეთქვა კონკრეტულ ქონებებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე. 2021 წლის 04 თებერვლის ანდერძის გამოქვეყნების ოქმის N2100805577 თანახმად, 2006 წლის 06 ივნისს ნოტარიული წესით დამოწმებული/შედგენილი ანდერძით მოანდერძე გ.გ–ამ მთელი თავისი ქონება, რომელიც მისი გარდაცვალების დღისთვის აღმოჩნდებოდა მის კუთვნილებაში, უანდერძა მ.გ–ას. გ.გ–ას საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე, მდებარე: 1) ქ. ფოთი, ........., საკადასტრო კოდი ......., სართული 2, ბინა N47, ფართი: 50.34 კვ.მ., უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება N6470/1, დამოწმების თარიღი 2002 წლის 24 დეკემბერი; 2) ქ. ფოთი, ..... ქუჩა, საკადასტრო კოდი ....., დაზუსტებული ფართობი 35 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2008 წლის 21 ნოემბერი.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 1328-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.
42. სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
43. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომელიც ადგენს მათ უფლებებს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისთვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ №ას-1558-2023, 09.02.2024წ.).
44. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ გ.გ–ას სამკვიდრო მასაში შედის მის მიერ მითითებული სადავო უძრავი ქონება, რომლებიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია ც.გ–იას სახელზე.
45. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ.გ–ა 2002 წლის შემდგომ (ივნისი) ჩამოვიდა საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ აღარ გასულა. ამასთან, მას რეგისტრაციის მისამართად, სწორედ სადავო პერიოდში - გარდაცვალებამდე, უფიქსირდება - ქალაქი ფოთი, ........, აღნიშნული ბინა მან შეიძინა საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში 2002 წლის 24 დეკემბერს. ც.გ–ია ამავე პერიოდში უდავოდ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა მხოლოდ 2017 წელს და მას შემდეგაც ცხოვრობს ქალაქ თბილისში. გ.გ–ას და ც.გ–იას ოჯახური თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო 2002 წლიდან და ის აღარ აღდგენილა გ.გ–ას გარდაცვალებამდე. ც.გ–ია ფაქტობრივ თანაცხოვრებაში და ქორწინებაში იმყოფება ზ.კ–ძესთან 2006 წლიდან.
46. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცების ტვირთის დაძლევა მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, კერძოდ, ვერ დადასტურდა, რომ სადავო ქონება შეძენილია გ.გ–ასა და ც.გ–იას საერთო შრომითა და სახსრებით.
47. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, დადასტურებულია უდავოდ, რომ ც.გ–ია 2002 წლიდან ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო გ.გ–ა 2002 წლის შემდეგ არც კი გამგზავრებულა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ფოთში. ც.გ–ია საქართველოში დაბრუნდა და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა 2017 წელს, ამ პერიოდიდანაც, უდავოა, რომ მის საცხოვრებელს წარმოადგენდა ქალაქი თბილისი, ხოლო გ.გ–ა კვლავ ცხოვრობდა ქალაქ ფოთში.
48. დადასტურებულია, რომ ც.გ–ია ფაქტობრივ ქორწინებაში დღემდე იმყოფება ზ.კ–ძესთან და თანაცხოვრებას ეწევიან 2006 წლიდან (ჯერ ქალაქ მოსკოვში, შემდგომ 2017 წლიდან საქართველოში, ქალაქ თბილისში).
49. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, ვერ იქნა დადასტურებული ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა გ.გ–ას და ც.გ–იას თანაცხოვრება - საერთო საოჯახო მეურნეობის არსებობა. მოსარჩელე მხარის მხრიდან ვერ იქნა მითითებული ვერცერთ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა გ.გ–ას მონაწილეობას ც.გ–იას ცხოვრებაში/მოღვაწეობაში (საერთო სურათები 2002 ან 2017 წლის შემდგომ, საერთო შესყიდვების ან გადახდების განხორციელება, საერთო მოგზაურობები და ა.შ.). არ ყოფილა მითითებული არც ის გარემოებები, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შემოსავალი გ.გ–ას და მიიღო თუ არა რაიმე სახის მონაწილეობა სადავო ქონებათა, არათუ შესყიდვაში, არამედ განკარგვაშიც კი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ.გ–ას მხრიდან სიცოცხლის განმავლობაში რაიმე (თუნდაც ირიბი) ფორმით გამოვლენილიყო ინტერესი 2002 წლის შემდგომ ც.გ–იას მიერ შეძენილი ქონების მიმართ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ გ.გ–ას დედა და მემკვიდრე მ.გ–ა მოცემულ დავაში გამოდის დ.გ–ას მოწინააღმდეგე მხარე, ერთობლივ შესაგებელში იზიარებს მოპასუხე ც.გ–იას პოზიციას და თავადაც არავითარ პრეტენზიას არ აცხადებს ც.გ–იას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებებზე. მ.გ–ამ ნოტარიუსს მიმართა მხოლოდ გარდაცვლილი შვილის საკუთრებაში რიცხული ქონების მისაღებად.
50. რაც შეეხება მოწმეთა განმარტებებს, მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებების გარდა, არცერთი გარემოება არ მიუთითებს, რომ გ.გ–ას და ც.გ–იას 2002 წლის შემდგომ ჰქონდათ რაიმე სახის ოჯახური კავშირი, ან საერთო ინტერესები (შვილების გარდა), თანაცხოვრება. ამის მიუხედავად, ასევე უნდა დადგენილიყო ც.გ–ას მიერ 2002 წლის შემდგომ შეძენილ ქონებაზე უნდა გავრცელებულიყო თუ არა თანასაკუთრება. ამისათვის აუცილებელი იყო დადასტურებულიყო საერთო საოჯახო მეურნეობაში მეუღლეების თანამონაწილეობა, რაც არ დასტურდება. გ.გ–ა არათუ არ ცხოვრობდა ც.გ–იასთან ერთად, გარდაცვალებამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში, არამედ არ ფიქსირდება, რომ მან რაიმე სახის მონაწილეობა მიიღო სადავო ქონებათა შეძენაში, ან მასთან ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები და უწევდა მათ აღზრდაზე ზრუნვა, საერთოდ არ იქნა მითითებული ინფორმაცია, გააჩნდა თუ არა რაიმე სახის შემოსავალი და ა.შ. ამასთან, საინტერესოა, რომ გ.გ–ას 2002 წლის შემდგომ არასდროს გამოუხატავს ინტერესი არც ქონების რაიმე ფორმით განკარგვის და არც მისი გაყოფის თაობაზე.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ც.გ–იას მიერ 2002 წლის შემდგომ შეძენილი და მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ნივთები ვერ იქნება შეყვანილი გ.გ–ას სამკვიდრო მასაში, დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს ამ კუთხით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
52. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
53. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. დ.გ–ას (პ.ნ. ......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ც.მ–ძის (პ.ნ. ......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 26639599014, გადახდის თარიღი: 02.04.2025) 6000 ლარის 70% -4200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი