Facebook Twitter

საქმე №ას-305-2025 7 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ბ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.პ–ვა (მოპასუხე), ლ.გ––ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება; უძრავი ნივთების წილზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავი ქონების რეესტრში, 2018 წლის 3 აგვისტოს, სამ უძრავ ნივთზე: 1. ს.კ. .......; 2. ს.კ. .......; 3. ს.კ. ....... (ორ ნივთად დაყოფის შემდეგ: ს.კ. .......... და ს.კ. ........ შემდგომში - სადავო ქონება) დარეგისტრირდა ნ.ბ–ისა (შემდგომში - მოსარჩელე, მჩუქებელი) და მისი ოჯახის (კომლის) წევრების საერთო საკუთრების უფლება.

2. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული #2016018656-03 (15.03.2016 წელი) საარქივო ცნობის მიხედვით, სოფელ ...... 2000-2005 წლების საკომლო წიგნის მიხედვით, კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: 1. ლ.ბ–ი (ოჯახის უფროსი - მოსარჩელის ბებია) 2. შ.ბ–ი (ოჯახის უფროსის შვილი - მოსარჩელის მამა); 3. ნ.ბ–ი (ოჯახის უფროსის შვილიშვილი - მოსარჩელე); 4. ლ.ბ–ი (ოჯახის უფროსის შვილიშვილი - მოსარჩელის და, რომელიც გადახაზულია 2003 წელი) 5. გ.ბ–ი (შვილიშვილი - მოსარჩელის ძმა); გ.ბ–ი (შვილიშვილი - მოსარჩელის ნახევარძმა); 7. ა.პ–ვა (რძალი, შემდგომში - მოპასუხე, დასაჩუქრებული).

3. კომლის მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ უძრავ ნივთებზე (1. ს.კ. .......; 2. ს.კ. ........; 3. ს.კ. ......) საერთო საკუთრების უფლება მოიპოვეს კომლის აქტიურმა წევრებმა: 1. ნ.ბ–მა (მოსარჩელე); 2. გ.ბ–მა (მოსარჩელის ძმა); 3. გ.ბ–მა (მოსარჩელის ნახევარძმა); 4. ლ.ბ–მა (მოსარჩელის ბებია, გარდაცვლილია;) 5. შ.ბ–მა (მოსარჩელის მამა); და 6. ა.პ–ვამ (მოსარჩელის დედინაცვალი, დასაჩუქრებული, მოპასუხე).

4. თითოეულ თანამესაკუთრეს რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე წარმოეშვათ საკუთრების უფლება 1/6 ნაწილში.

5. საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციიდან დაახლოებით 1 თვეში, კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში, თანამესაკუთრეებმა, მათ შორის, ნ.ბ–მაც, თავიანთი კუთვნილი წილები ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში ა.პ–ვას და სწორედ ამ გზით გახდა ა.პ–ვა სამივე უძრავი ნივთის ინდივიდუალური მესაკუთრე.

6. ჩუქების საფუძველზე გადაცემული სადავო უძრავი ქონება: 1. მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......., ს.კ. ......., დაზუტებული ფართობი: 400 კვ.მ, შენობა-ნაგებობით N1; 2. მდებარე: მცხეთა, სოფელი ......., ს.კ. ......... დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ., დღეის მდგომარეობითაც რეგისტრირებულია დასაჩუქრებულის, ა.პ–ვას სახელზე.

7. რაც შეეხება მე-3 უძრავ ნივთს, რომლის საკადასტრო კოდია ........, აღსანიშნავია, რომ ა.პ–ვამ ........ საკადასტრო კოდზე მდებარე მიწის ნაკვეთი (მის: მცხეთა, სოფელი ........, დაზუსტებული ფართობი: 1400 კვ.მ.), 2020 წელს დაყო ორ უძრავ ნივთად, რომლებსაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიენიჭათ დამოუკიდებელი საკადასტრო კოდები: ს.კ. ....... და ს.კ. ....... დაყოფის შემდგომ ........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ქონება ა.პ–ვამ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა, ხოლო მეორე უძრავი ნივთი, რომლის საკადასტროს კოდია: ..... კვლავ მის საკუთრებაშია.

8. ნ.ბ–ს, 1997 წელს, გარდაეცვალა დედა, ლ.ბ–ი (ბ–ი). მამამ შ.ბ–მა, დედის გარდაცვალების შემდეგ, მალევე, შექმნა ახალი ოჯახი ა.პ–ვასთან ერთად. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი, გ. და გ. ბ–ები.

9. ნ.ბ–იც ვიდრე დაქორწინებოდა, ცხოვრობდა მამის ოჯახში. დაქორწინების შემდგომ ის მეუღლის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 2011 წელს მოსარჩელეს გარდაეცვალა მეუღლეც. მას ქორწინებიდან ჰყავს 3 შვილი; მის უფროსს შვილს აქვს განვითარების პრობლემები (გონებრივი ჩამორჩენა) და სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ თავად ნ.ბ–საც აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, აქვს წელის მალთაშუა დისკების დაზიანება, რადიკულოპათიით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე და მისი შვილები არიან სოციალურად დაუცველები.

10. ჩუქების ხელშეკრულებების დადების შემდეგ, 2018 წელს, მოსარჩელე შვილებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ნ.ბ–ი 2020 წელს დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნების შემდგომ იგი ცხოვრობდა თავისი გარდაცვლილი მეუღლის სახლში, მამამთილთან - მ.ფ–თან და შვილებთან ერთად. სახლის მესაკუთრე გახლავთ მ.ფ–ი (მამამთილი). მამამთილმა არაერთხელ იძალადა ნ.ბ–ზე ფსიქოლოგიურად, სიტყვიერად, რის გამოც პოლიციამ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

11. მოსარჩელის შვილის, მ.ფ–ის (პ.ნ. ........) სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: მცხეთა, სოფელი ....., ს.კ. ........ და ს.კ. .......

12. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

მოსარჩელე ნ.ბ–მა, მცხეთის რაიონულ სასამართლოს, 2022 წლის 6 ოქტომბერს, სარჩელით მიმართა ა.პ–ვას წინააღმდეგ და მოითხოვა: უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ...... ს/კ ........, დაზუსტებული ფართობი: 400 კვ.მ შენობა ნაგებობა N1) დადებული ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი: 07.09.2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ა.პ–ვასთვის (პ.ნ. ........) ნ.ბ–ის (პ.ნ. ........) კუთვნილი 1/6 წილის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში გაუქმება; უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......; ს/კ .......; დაზუსტებული ფართობი: 300 კვ.მ.) დადებული ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი: 07.09.2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ა.პ–ვასთვის ნ.ბ–ის კუთვნილი 1/6 წილის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში გაუქმება; უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......; ს/კ .....; დაზუსტებული ფართობი: 1400 კვ.მ.) დადებული ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი: 11.09.2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ა.პ–ვასთვის ნ.ბ–ის კუთვნილი 1/6 წილის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში გაუქმება; ნ.ბ–ის უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქი მცხეთა, სოფელი ......: ს.კ. ........ დაზუსტებული ფართობი: 400 კვ.მ, შენობა-ნაგებობა N1) 1/6 წილის მესაკუთრედ ცნობა; ნ.ბ–ის უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, ს.კ. ......; დაზუსტებული ფართობი: 300 კვ.მ) 1/6 წილის მესაკუთრედ ცნობა; ნ.ბ–ის უძრავი ნივთის (მდებარე ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, ს.კ. ........; დაზუსტებული ფართობი: 700 კვ.მ) 1/6 წილის მესაკუთრედ ცნობა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრება.

13. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

14. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ.ბ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ა.პ–ვას აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების 1/6 წილის გასხვისება და სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვა: უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი: ........, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ, შენობა- ნაგებობა: N1; უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი: ......, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ.; უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, საკადასტრო კოდი: ......, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 700.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი .......

15. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

17. საკასაციო საჩივარი

17.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითოხვა.

17.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო განხილვის ეტაპზე წარმოიშვა ახალი ფაქტობრივი გარემოება (გასხვისდა ერთ-ერთი სადავო უძრავი ქონება), რომლის საფუძველზეც დაზუსტდა სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა ჩამოყალიბდა ა.პ–ასა და ლ.გ–ძეს შორის 2024 წლის 19 მარტს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულების, როგoრც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა, რამაც მოწინააღმდეგე მხარედ ლ.გ–სის ჩართვა განაპირობა.

17.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მიეთითებინათ მტკიცებულებები ამ გარიგების ბათილად ცნობის ან მისი ბათილობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ. ლ.გ–ძემ სადავო ქონება მიმდინარე დავის დროს იყიდა, შესაბამისად, დასადგენია მისი კეთილსინდისიერების საკითხი. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლოს შეეძლო ა.პ–ვასა და ლ.გ–ძეს შორის 2024 წლის 19 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითად ეცნო.

17.4. სააპელაციო სასამართლომ დაკითხა მოწმეები, შესაბამისად თავად შეეძლო დაედგინა ფაქტობრივი გარემოებებიც, მაგრამ დაუსაბუთებლად არჩია საქმე ჩაებრუნებინა ხელახლა განსახილველად.

17.5. დაკითხულმა მოწმეება დაადასტურეს ის მძიმე შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რაც საფუძველი უნდა გამხდარიყო ჩუქების ბათილობისთვის. შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობდა.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

25. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დასაჩუქრებულების მხრიდან შეურაცხყოფაზე, შესაბამისად დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, რომელიც გამომდინარეობს სსკ-ის 524-ე (ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხობით) და 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანია ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (იხ. სუსგ-ები: Nას-221-213-2012, 24.07.2012წ; N ას-823-2021, 13.04.2022წ. N 1595-2022, 31.03.2023წ; ას- N ას-1448-2023, 20.05.2024წ.)

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქება, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად მორალურად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას (იხ. სუსგ-ები N ას-582-2021, 14.07.2021წ.; N ას-246-2022, 31.10.2022წ.; N ას-1603-2022, 20.04.2023წ.). მითითებული ნორმის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მთხოვნის წარმოშობისთვის აუცილებელ წინაპირობებს: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია გააუქმოს ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულისთვის შესაბამისი შეტყობინებით.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას მჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ-ები: Nას-1235-1176-2014, 24.02.2015წ.; N ას-246-2022, 31.10.2022წ.; N ას-1603-2022, 20.04.2023წ.; N ას-1500-2023, 27.06.2024წ.).

31. საკონსტიტუციო სასამართლომ 2003 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებაში ##/2/155, საქართველოს მოქალაქეები – გ.მ–ძე და ა.ს–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი შეურაცხყოფა და უმადურობა, რაც თავისთავად ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად ითვლება, არამედ დასაჩუქრებულის ისეთი ქცევა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოების არსებობის ზნეობრივ საფუძვლებს. ასეთად კი 529-ე მუხლის პირველი ნაწილი მიიჩნევს მძიმე შეურაცხყოფასა და დიდ უმადურობას. ამიტომაც არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც საკუთრება, როგორც სიკეთე, მეტ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე ზნეობრივი ქცევა, როგორც ღირებულება. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სამართალი ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას. ამ საფუძვლით ჩუქების გაუქმება ერთობ მიღებული წესია სამართლის სხვადასხვა სისტემებში. ის, თუ კონკრეტულად რითი გამოიხატება დასაჩუქრებულის მხრიდან სამართლებრივად მნიშვნელოვანი გასაკიცხი მოქმედების განხორციელება, ეს კონკრეტული ფაქტის საქმეა და, თითოეული გარემოების შეფასებით, სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე უნდა დადგინდეს.

32. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების გამართლება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაასაბუთებს მოსარჩელე, რომ სახეზე იყო უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის ფაქტი. ამ კუთხით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პროცესზე დაკითხული მოწმეებიდან სარწმუნოდ ვერც ერთმა დაასაბუთა ნ.ბ–ის მიმართ ა.პ–ვას მხრიდან უმადურობისა და მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება კი იმასთან დაკავშირებით, რომ მას დედინაცვალი - ა.პ–ვა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ არის საკმარისი და ჯეროვანი მტკიცებულება, მით უფრო, იმ ფონზე, რომ თავად მოსარჩელე მხარის მოწმეთა განმარტებით კონფლიქტის მონაწილე ორივე პირი აყენებდა ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

33. ასევე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, და სააპელაციო პალატამაც გაიზიარა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ.ბ–ს, დედინაცვალმა ა.პ–ვამ მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა ან ამ უკანასკნელმა უმადურობა გამოიჩინა მჩუქებლის მიმართ; სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

34. სააპელაციო პალატის ეტაპზე წარდგენილი საჯარო რეესტრის 2024 წლის 22 მარტის ამონაწერით დადგინდა, რომ უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, ს.კ. ......., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ.) მესაკუთრედ, ამჯერად, ლ.გ–ძეა მითითებული.

35. კასატორის პოზიციაა ის, რომ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების და სადავო უძრავი ნივთების წილზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა.

36. ნ.ბ–ის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის 19 მარტს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......, ს.კ. ......., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ.) მესაკუთრედ ლ.გ–ძე აღირიცხა. ნ.ბ–ი სარჩელით სწორედ ამ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი მცხეთა, სოფელი ......; ს/კ ......; დაზუსტებული ფართობი: 300 კვ.მ.) დადებული ჩუქების ხელშეკრულების (დამოწმების თარიღი: 07.09.2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ა.პ–ვასთვის ნ.ბ–ის კუთვნილი 1/6 წილის უსასყიდლოდ გადაცემის ნაწილში გაუქმებას ითხოვს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველად მიმართული იყო მხოლოდ იმ მოპასუხისკენ, რომლმაც გაასხვისა და აღარაა სადავო ნივთის მესაკუთრე.

37. მოცემულ საქმეში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება ფორმალურად დაიდო და მხარეებს რეალურად არ ჰქონდათ განზრახული მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ლ.გ–ძემ ქონება შეიძინა იმ დროს, როდესაც მასზე სასამართლო დავა უკვე მიმდინარეობდა. ამდენად, გასარკვევია, მოქმედებდნენ თუ არა ა.პ–ვა და ლ.გ–ძე კეთილსინდისიერად ნ.ბ–ის მიმართ, რომელიც სასამართლოს გზით ცდილობდა სადავო ქონების წილის უკან დაბრუნებას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს არის თუ არა სახეზე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამართლებრივად გაამართლებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილებას. აღნიშნული გარემოების დადგენა კი, თავის მხრივ, არის ჩუქების ხელშეკრულების (მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის სავარაუდო შემთხვევები) გაუქმების შემთხვევაში ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საქმის სამართლიანი და ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, მხარეებისთვის თავიანთი უფლებების თანაბარი რეალიზაციისთვის, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო აღნიშნული საქმე ხელახლა განსახილველად დაებრუნებინა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის, რაზეც მან დასაბუთებულად მიუთითა.

38. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი