Facebook Twitter

საქმე №ას-1124-2022 07 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ყ......“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ყ......“-ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „უ–ის“ მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულების, 89'350,95 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2016 წლიდან 2019 წლამდე მოსარჩელე შესაბამისი ზედნადებების საფუძველზე, მოპასუხეს აწვდიდა სხვადასხვა სახის პროდუქტს. ამ პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ჯამი შეადგენდა 3'822'590.6 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 3'733'239.65 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 89'350,95 ლარი.

2.2. 2019 წლის 19 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რაც წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებას 101'240.95 ლარზე. შემდგომ პერიოდში მოპასუხემ ეტაპობრივად გადაიხადა 11'890 ლარი, დარჩენილი დავალიანების გადახდაზე კი, უარი განაცხადა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი 4070.80 ლარის ნაწილში ცნო, დავალიანების მიმართ კი, დავალიანების ხანდაზმულობის გამო, წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი.

3.2. მოპასუხე მხარემ შედარების აქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვერ მიიჩნეოდა ვალის არსებობის აღიარებად და ხანდაზმულობის ვადის დინების შემწყვეტ დოკუმენტად, რადგან გაფორმებული იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით: შპს „ყ......“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „უ–ს“ დაეკისრა შპს „ყ......-ის“ სასარგებლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების - 4070.80 ლარის გადახდის ვალდებულება, ხოლო სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ყ......“-მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. ქუთაისის სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავალიანებიდან 85'280,15 ლარი იყო ხანდაზმული.

5.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 89'350,95 ლარის დავალიანების არსებობა, მხარეები მხოლოდ აღნიშნული დავალიანების წარმოშობის პერიოდზე დავობდნენ.

5.4. სააპელაციო პალატამ დავალიანების წარმოშობის დროის დადგენის მიზნებისთვის არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ბ.ა–ის“ 2020 წლის 15 ივნისის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა. პალატამ მიიჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულება ზოგადი ხასიათის იყო და არ აზუსტებდა სადავო დავალიანება უშუალოდ 2016 წლის 16 მარტიდან იყო წარმოშობილი თუ ადრიდან. ამასთან, დასკვნის შემაჯამებელი ნაწილი მხოლოდ ზოგადად მიუთითებდა მხარეთა შორის 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით არსებული დავალიანების ოდენობას.

5.5. სააპელაციო პალატამ განჩინება დააფუძნა შპს „ა-პ–ის“ მიერ 2019 წლის 28 მაისს გაფორმებულ დამოუკიდებელ აუდიტორულ დასკვნას, რომლითაც კონკრეტულად დადგინდა, რომ შპს „უ–ის“ კრედიტორული დავალიანება შპს „ყ......“-ის მიმართ, 2016 წლის 19 მარტიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში, შეადგენდა მხოლოდ 4070.80 ლარს. შესაბამისად, პალატის განსჯით, სადავო დავალიანება და, შესაბამისად, მისი მოთხოვნის უფლებაც წარმოიშვა 2016 წლის 19 მარტამდე.

5.6. სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და დაასკვნა, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილი იყო, სარჩელი სასამართლოში წარედგინა არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა, რაც მოცემულ შემთხვევაში იყო დარღვეული (განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2019 წლის 10 მაისს).

5.7. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე იმსჯელა მხარეთა შორის 2019 წლის 19 მარტს გაფორმებული შედარების აქტის სამართლებრივ ბუნებაზე და აღნიშნა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 144(3)-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგისთვის აუცილებელ პირობებს. ამასთან, გაფორმებული შედარების აქტი არ შეიცავდა აღიარებული ვალის გადახდის თაობაზე დაპირებას (სამოქალაქო კოდექსის 341-ე), რის გამოც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის წინაპირობა ვერ გახდებოდა.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ყ......“-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. საკასაციო საჩივარი ძირითადად ორ პრეტენზიას ეფუძნება, კერძოდ, კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის არსი და მოთხოვნის ნაწილი არასწორად ცნო ხანდაზმულად. თავისი მოსაზრებების დასასაბუთებლად, კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა მუდმივი/უწყვეტი ურთიერთობა, რის გამოც თავად მოვალე იყო ვალდებული, ყოველ ჯერზე მიეთითებინა, თუ რომელ ვალდებულებას ასრულებდა (სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი).

6.2. კასატორი მსჯელობს ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტზეც და ასკვნის, რომ რადგანაც მხარეთა შორის ურთიერთობა 2009 წლიდან დაიწყო და უწყვეტად გრძელდებოდა 2019 წლამდე, ამასთან, არ არსებობდა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც გამყიდველს შეეძლო ევარაუდა, რომ მყიდველი იხდიდა მხოლოდ მიმდინარე საქონლის ღირებულებას, მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა იყო გაუგებარი, რადგან მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2019 წელს - ურთიერთობის შეწყვეტისთანავე.

6.3. კასატორის მეორე ძირითადი პრეტენზია მიემართება მოპასუხის არაკეთილსინდისიერების ფაქტს, რაც, მისივე აზრით, დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი 2019 წლის 19 მარტის შედარების აქტითა და 2019 წლის 7 მაისის წერილით. მხარის განმარტებით, მოხმობილ დოკუმენტაციაში მოპასუხის მიერ აღიარებულია ვალდებულების არსებობა, თუმცა სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდგომ მხარემ, ხანდაზმულობის მოტივით, უარი განაცხადა აღიარებული ვალდებულების შესრულებაზე. კასატორის მტკიცებით, ამ პირობებში, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არაკეთილსინდისიერი მხარის უპირობო წახალისებას ნიშნავს.

6.4. შპს „ყ......“-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რადგან სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არამედ სადავოდაა გამხდარი სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- 2009 წლის 12 თებერვალს შპს „ყ......“-სა (გამყიდველი) და შპს „უ–ს“ (მყიდველი) შორის დაიდო გამყიდველის მიერ ნაწარმოები პროდუქციის მიწოდების თაობაზე ერთწლიანი ხელშეკრულება. მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა გამყიდველისათვის პროდუქციის ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, არაუგვიანეს შვიდი დღისა (იხ. ტომი 3, ს/ფ 21-22);

- 2014 წლის 28 მარტს შპს „ყ......“-სა (გამყიდველი) და შპს „უ–ს“ (მყიდველი) შორის დაიდო გამყიდველის მიერ ნაწარმოები პროდუქციის მიწოდების თაობაზე ერთწლიანი ხელშეკრულება. მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა გამყიდველისათვის პროდუქციის ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, არაუგვიანეს შვიდი დღისა (იხ. ტომი 3, ს/ფ 23-24);

- შპს „ყ......“ და შპს „უ–ი“ თანამშრომლობდნენ 01.01.2016-24.04.2019 წლებშიც, ამ დროის მანძილზე შპს „ყ......“ რეალიზაციის მიზნით, უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის პროდუქციის მიწოდებას, რაზეც იწერებოდა ზედნადებები (იხ. ტომი 1, ს/ფ 31-360; ტომი 2, ს/ფ 1-251);

- 2019 წლის 19 მარტს, შპს „ყ......“-ის დირექტორ ი.თ–ძესა და შპს „უ–ის“ დირექტორ თ.ჯ–ძეს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 19 მარტის მონაცემებით, შპს „უ–ის“ დავალიანება შპს „ყ......-ის“ მიმართ შეადგენდა 101'240.95 ლარს (იხ. ტომი 2, ს/ფ 271);

- 2019 წლის 3 მაისს, შპს „ყ......-ის“ წარმომადგენელმა „დივიზიორ კომპანიმ“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიმართა შპს „უ–ს“ და მიუთითა, რომ შპს „ყ......-ისა“ და შპს „უ–ს“ შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, 2019 წლის 3 მაისის ვითარებით მიმდინარე დავალიანება შეადგენდა 89'350 ლარს, როგორც მისთვის ცნობილი იყო 2019 წლის 19 მარტის შედარების აქტით, სადაც ფიქსირებული ფულადი ვალდებულება იყო ამავე წლის აპრილში შპს „უ–ის“ მიერ შპს „ყ......-ის“ ანგარიშზე 101'240,95 ლარის ნაწილი თანხის ჩარიცხვა. შესაბამისად, სთხოვა მათი პოზიციის დაფიქსირება დარჩენილ დავალიანებაზე გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით (იხ. ტომი 2, ს/ფ 272- 273);

- 2019 წლის 7 მაისის საპასუხო წერილით, მოპასუხემ გაანალიზა მხარეთა ბიზნესურთიერთობის უარყოფითი მხარეები, თავად მოსარჩელის საქმიანობის ნაკლოვანებები და მიუთითა ზარალზე, რაც ამ საქმიანობის შედეგად განიცადა შპს „უ–მა“. ამავე დროს, მოსარჩელეს შესთავაზა, ვინაიდან მას ჰყავდა დისტრიბუტორები და სავაჭრო ობიექტები, რომელთა დავალიანება დისტრიბუციის სფეროში აჭარბებდა 94'500 ლარს, მესამე პირს „დივიზიორ კომპანის“, გადასცემდა ამ ობიექტების სიას და თანხმობას აცხადებდა, ამოღებული თანხა სრულად მიმართულიყო შპს „ყ......-ის“ სასარგებლოდ, საიდანაც თავად ერთ თეთრსაც არ მოითხოვდა (იხ. ტომი 2, ს/ფ 274-279);

- 2019 წლის 22 მაისს შპს „ყ......“-მა მომსახურების ხელშეკრულება დადო შპს „ა-პ–თან“ და დაუკვეთა შპს „უ–თან“ შესრულებული სასაქონლო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების სისწორის დამოწმება 2016 წლის 16 მარტიდან 2019 წლის პირველ მაისამდე პერიოდში დამკვეთის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (იხ. ტომი 3, ს/ფ 25-26);

- შპს „ყ......“-ის მიერ წარმოდგენილი შპს „ბ.ა–ის“ 2020 წლის 15 ივნისის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის თანახმად: შპს „ყ......“-მა წარმოადგინა საბუღალტრო ჩანაწერები ელექტრონული სახით, კერძოდ, შპს „უ–ის“ მყიდველის ბარათები, 2009 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის 30-ლიტრიანი ლითონის კასრების მოძრაობის ამსახველი ბარათი, მონაცემებით დგინდება, რომ შპს „უ–ს,“ 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, შპს „ყ......“-სათვის დასაბრუნებელი აქვს 687 ცალი 30-ლიტრიანი ლითონის კასრი, ერთი ცალი ლითონის კასრის ღირებულება განსაზღვრულია 92 ლარით, ე.ი. დავალიანება შეადგენს 63'204,0 ლარს. წარმოდგენილია საბუღალტრო ბარათებიც, სადაც ასახულია შპს „ყ......-ის“ მიერ შპს „უ–ზე“ ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიწოდებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნული ბარათებით დგინდება, რომ 2009 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში შპს „ყ......“-ის მიერ მიწოდებულია სხვადასხვა დასახელების საქონელი, მთლიანი ღირებულებით 16'769'708,08 ლარი, ხოლო გადახდილია ან დაბრუნებულია საქონელი, მთლიანი თანხით - 16'680'520,45 ლარი. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, შპს „უ–ის“ დავალიანება შპს „ყ......“-ის მიმართ შეადგენს 89'187,95 ლარს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „უ–ის“ დავალიანება, 30-ლიტრიანი კასრების დაუბრუნებლობის გამო, შეადგენს 63'240,0 ლარს, ხოლო მიღებული საქონლის დაუბრუნებლობის ან გადაუხდელობის გამო – 89'187.95 ლარს, სულ – 152'391.95 ლარს (იხ. ტომი 3, ს/ფ 220-229).

- მოპასუხე შპს „უ–ის“ მიერ წარმოდგენილი შპს „ა-პ–ას“ მიერ 2019 წლის 28 მაისს შედგენილი დამოუკიდებელი აუდიტორიული დასკვნის მიხედვით, შემოწმდა 2016 წლის 19 მარტიდან 2019 წლის 1 მაისამდე პერიოდში ურთიერთშორის შესრულებული სასაქონლო და ფულადი საკრედიტო ოპერაციების სისწორე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. გაანგარიშება უტყუარად და სამართლებრივად ასახავს შპს „უ–სა“ და შპს „ყ......“-ის მიერ 2016 წლის 19 მარტიდან 2019 წლის მაისამდე ურთიერთშორის შესრულებული სასაქონლო და ფულად საკრედიტო ოპერაციების რეალობას და შედგება მონაცემებისაგან, ესენია: შპს „ყ......“-ის მიერ შპს „უ–ისთვის“ მიწოდებული სასაქონლო პროდუქციის ღირებულება, სულ 3'634'962,50 ლარი, მათ შორის, სასყიდლის გარეშე მიწოდებული სასაქონლო პროდუქციის ღირებულება - 62'210,70 ლარი სასყიდლით მიწოდებული სასაქონლო პროდუქციის ღირებულება, სულ 3'572'751,80 ლარი; შპს „უ–ის“ მიერ შპს „ყ......“-სათვის უკან დაბრუნებული ტარის (ცარიელი ბოთლი) ღირებულება - 107'264,55 ლარი; შპს „უ–ის“ მიერ შპს „ყ......“-სათვის უკან დაბრუნებული წუნდებული პროდუქციის ღირებულება - 27'774,45 ლარი; შპს „უ–ის“ მიერ შპს „ყ......“-სათვის გაწეული მომსახურების ღირებულება - 1750 ლარი; შპს „უ–ის“ მიერ შპს „ყ......“-სათვის მოწოდებული სასაქონლო პროდუქციის ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით - 3'431'892 ლარი. შედეგად, შპს „უ–ის“ კრედიტორული დავალიანება შპს „ყ......-ის“ მიმართ 2016 წლის 19 მარტიდან 2019 წლის მაისამდე შეადგენდა 4070.80 ლარს (იხ. ტომი 3, ს/ფ 35-37).

12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა თავისი არსით იყო მუდმივი/უწყვეტი, რის გამოც თავად მოვალე იყო ვალდებული, ყოველ ჯერზე მიეთითებინა, თუ რომელ ვალდებულებას ასრულებდა, ასეთი მითითების არარსებობის პირობებში კი, გამყიდველს არ შეეძლო ევარაუდა, რომ მყიდველი იხდიდა მხოლოდ მიმდინარე საქონლის ღირებულებას, ხოლო ძველი დავალიანება რჩებოდა დაუფარავი.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის წესი ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ აკისრია რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება (იხ. სუსგ. საქმე Nას-984-2018, 1 აპრილი, 2020 წელი). მეტიც, 387-ე მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავს რამდენიმე შესრულების თანმიმდევრობას და იგი არ ადგენს ერთი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების გაანგარიშებისა და დადგენის პრინციპს (იხ. სუსგ საქმე N3კ/321-02, 13 მარტი, 2002 წელი). საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით ნათელია, რომ მხარეთა შორის 2006-2019 წლებში არსებობდა ერთგვაროვანი ურთიერთობა, კერძოდ, კასატორი (გამყიდველი) შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარეს (მყიდველს) აწვდიდა პროდუქციას, ამიტომ რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულების არსებობის ფაქტი არ იკვეთება. მოხმობილი მსჯელობა ეწინააღმდეგება კასატორის არგუმენტს, თითქოს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა იყო მუდმივი/უწყვეტი, რის გამოც მოპასუხე იყო ვალდებული, ყოველთვის გადაეხადა შესაბამისი შესრულებული ვალდებულების მითითებით.

14. კასატორის არგუმენტის უსაფუძვლობას ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებებიც, სადაც მხარეები ექსპლიციტურად თანხმდებიან გადახდის წესზე, კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია, რომ მყიდველი ვალდებული იყო, გადაეხადა გამყიდველისათვის პროდუქციის ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, არაუგვიანეს შვიდი დღისა (იხ. ტომი 3, ს/ფ 21-22, ტომი 3, ს/ფ 23-24); ტომი 1, ს/ფ 31-360; ტომი 2, ს/ფ 1-251). შესაბამისად, კასატორს არა მხოლოდ შეეძლო ევარაუდა, არამედ უნდა სცოდნოდა, რომ პროდუქციის რეალიზაციიდან შვიდი დღის გასვლის შემდეგ მოპასუხეს წარმოეშობოდა დავალიანება, ხოლო ახალი პროდუქციის მიწოდებისა და მისი რეალიზაციიდან თანხის გადახდით, ხელშეკრულების შესაბამისად, დაიფარებოდა ახალი ვალდებულება.

15. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორადვე განმარტა ხანდაზმულობის საკითხი. კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივ გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, მართებულად ცნო სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმულად. საგულისხმოა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა უპირატესად დაუკავშირდა საქმის მასალებში წარმოდგენილ 2019 წლის 19 მარტს, შპს „ყ......“-ის დირექტორსა და შპს „უ–ის“ დირექტორს შორის გაფორმებულ შედარების აქტს, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 19 მარტის ვითარებით, შპს „უ–ის“ დავალიანება შპს „ყ......“-ის მიმართ შეადგენდა 101'240.95 ლარს (იხ. ტომი 2, ს/ფ 271).

16. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს შედარების აქტის სამართლებრივი ბუნების თაობაზე სააპელაციო პალატის მსჯელობას და, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დასძენს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი (ამავე კოდექსის 341-ე მუხლის კონტექსტით) ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო არ გაითვალისწინება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მოვალის მიერ შედარების აქტში გამოხატული ნების სწორი შეფასების გზით (სსსკ-ის 105-ე მუხლი) დაადგინა ის გარემოება, რომ მას დავალიანების ანაზღაურებაზე მზაობა არ გამოუთქვამს, ხოლო მიმდინარე ვალდებულების ნაწილის გადახდა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვალდებული პირის მიერ სრული ვალდებულების აღიარებად ცნობას (იხ. სუსგ-ებები: №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). გარდა ამისა, მოპასუხის უარი ხანდაზმული ვალდებულების გადახდაზე არ წარმოადგენს მისი არაკეთილსინდისიერად ცნობის უცილობელ წინაპირობას (როგორც ამას საკასაციო საჩივარში აპელირებს მხარე), როგორც ამას კასატორი აცხადებს, არამედ შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) მხარისთვის მინიჭებული უფლების რეალიზაციად იქნეს განხილული.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ქმედება (შედარების აქტზე ხელმოწერა) ასევე ვერ შეფასდება ვალდებულების „სხვაგვარად აღიარებად“, რადგან სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი მასში მოიაზრებს მოვალის იმგვარი ქმედებას, როდესაც იგი არაორაზროვნად ადასტურებს ვალდებულების შესრულების მზაობას, ანუ მოვალე გაცნობიერებულად გამოთქვამს ნებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნას შეასრულებს. დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად მიიჩნევა აშკარად გამოკვეთილი პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ-ებები: №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი; №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). ვინაიდან საქმის მასალებში მოვალის ამგვარი აშკარად გამოკვეთილი ნება ვალდებულების შესრულების მზაობასთან დაკავშირებით არ არსებობს, მიიჩნევა, რომ ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა.

18. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის სადავო დავალიანება წარმოშობილია უშუალოდ 2016 წლის 16 მარტიდან და არა უფრო წინა პერიოდიდან, შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის (სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლები) გათვალისწინებით, მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებამოსილი იყო, სარჩელი სასამართლოში წარედგინა არაუგვიანეს 2019 წლის 20 მარტისა, რაც მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 10 მაისს. ამიტომ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის მსჯელობას.

19. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ყ......“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.შპს „ყ......“-ს (საიდ. კოდი ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 28/06/2022წ. №1466447 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 4265,0 ლარის 70% – 2985,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი