Facebook Twitter

საქმე №ას-364-2023 04 აპრილი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „პ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „გ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „გ–ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ.ს–ოს“ მიმართ დავალიანების - 110896.03 ლარისა და იურიდიული მომსახურების ღირებულების, 4411,84 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. სს „გ–სა“ და შპს „პ.ს–ოს“ შორის 2015 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდების ხელშეკრულება, მიმღების ვალდებულებად განისაზღვრა დადგენილ ვადაში მიღებული პროდუქციის საფასურის გადახდა.

2.2. სს „გ–ამ“ სხვადასხვა დროს მიაწოდა მიმღებს პროდუქცია, ხოლო მიმღებმა მიიღო და წარმოეშვა ანგარიშსწორების ვალდებულება. ხელშეკრულებით ანგარიშსწორების მაქსიმალურ ვადა განისაზღვრა პროდუქციის მიწოდებიდან 60 დღით.

2.3. 2019 წლის 31 დეკემბერს მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 110'296.03 ლარი, რომელიც არ გადაუხდია.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის აზრით, პროდუქცია ეწოდებოდა 2015-2016 წლებში, რის გამოც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადა სარჩელის აღძვრის დროისთვის, ამოწურული იყო.

3.3. მოპასუხემ ასევე, განაცხადა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იურიდიული ხარჯის საფასური იყო შეუსაბამოდ მაღალი, რადგან განსახილველი დავა არ მიეკუთვნებოდა რთულ ან თუნდაც საშუალო კატეგორიის სამართლებრივ დავას.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით – შპს „პ.ს–ოს“ მოსარჩელის სს „გ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 110296.03 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების საფასურის, 4411.84 ლარის, დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს „გ–ამ“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული ხარჯების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და შპს „პ.ს–ოს“ სს „გ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 4411.84 ლარის ანაზღაურება.

5.2. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებულ დავალების ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს წარმომადგენელთა მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო დავა დასრულდებოდა მის სასარგებლოდ. პალატის აზრით, ამ დანაწესის მიხედვით, მართალია, „კლიენტს“ საქმის განხილვის დროისათვის, ადვოკატის ხარჯის სახით, სასამართლოს გარეშე ხარჯი ფაქტობრივად გაწეული არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევა მას სასამართლო დავის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით მოუწევდა.

5.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სხვაგვარი შეფასება შექმნიდა იმგვარ რეალობას, რომ თუ მხარემ ადვოკატისათვის ანაზღაურების გადახდა, წარმომადგენელთან შეთანხმებით, საქმის საბოლოო შედეგს დაუკავშირა, ასეთ შემთხვევაში, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლითა და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაკარგავდა, რაც საპროცესო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო შედეგამდე მიიყვანდა სასამართლოს.

5.4. მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა მოსარჩელის სასარგებლოდ დამთავრდა, ხელშეკრულების პირობა კი მხარეს დავის მოგების, ნაწილობრივ მოგების ან მორიგებით დასრულების შემთხვევაში, წარმომადგენლისთვის დავის საგნის 4%-ის გადახდას ავალდებულებდა, ამიტომ, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული მომსახურების საფასურის - 4411.84 ლარის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

5.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „პ.ს–ომ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ მხარეს დააკისრა ადვოკატისთვის სამომავლოდ გადასახდელი თანხა, ანუ ხარჯი, რომელიც, მხარეს რეალურად არ გაუწევია, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-54-ე მუხლებით დადგენილ წესებს.

6.2. კასატორის აზრით, საპროცესო კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებისათვის ორ კუმულაციურ პირობას ითვალისწინებს, სახელდობრ, მხარემ უნდა მოიგოს პროცესი და მას უნდა ჰქონდეს ადვოკატისთვის გადახდილი ხარჯის დამამტკიცებელი მტკიცებულება, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვება.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ, გარდა დაუსაბუთებლობისა, დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯი არაგონივრულიცაა, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რომ საქმე არ ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით, ასევე, უყურადღებოდ დატოვა მოწინააღმდეგე მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც, თუ სასამართლო იურიდიული ხარჯის ანაზღაურებას საფუძვლიანად მიიჩნევდა, უნდა დაკმაყოფილებული მინიმალური განაკვეთით.

6.4. კასატორის მითითებითვე, საქმეზე არასწორად გამოითვალა სახელმწიფო ბაჟი, რადგან დავის საგნის ღირებულება (4411.84 ლარი) არ აღემატებოდა მაგისტრატი სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა კატეგორიას, რიგ გამოც სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟის ოდენობა, 176,47 ლარის ნაცვლად, 88,23 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.

6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „პ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2020 წლის 7 დეკემბერს, სს „გეფას“, ნ.კ–ასა და თ.ბ–ას შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება წარმომადგენლის მიერ მოგებული საქმის დავის საგნის ღირებულების 4%-ით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, კომპანია ვალდებულია, გაწეული მომსახურება აანაზღაუროს მხოლოდ დავის მოგებით დასრულების, ნაწილობრივი მოგების ან მორიგების დამტკიცების შემთხვევაში (ტომი I, ს.ფ. 32);

- 2020 წლის 7 დეკემბერს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლებზე განუსაზღვრელი ვადით გაიცა მინდობილობა (იხ. ს.ფ. 33).

- მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა ადვოკატის ხარჯების სახით მოპასუხისათვის 4411.84 ლარის დაკისრებას (იხ. სარჩელი, ს.ფ. 8).

12. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში და აცხადებს, რომ დაკისრებული 4411,84 ლარი უკანონო და არაგონივრულია.

13. საკასაციო პალატა, უპირველესად, განმარტავს, რომ საპროცესო ხარჯებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს - სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს მიეკუთვნება სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოს გარეშე ხარჯებია - ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე – მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

14. გარდა ამისა, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ადვოკატით წარმომადგენლობის შესაძლებლობა საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლით დადგენილი უფლებაა, რომლით სარგებლობაც მხარის მიხედულების სფეროში ექცევა. აღნიშნული უფლების ჯეროვნად აღსრულების მიზნით, პროცესში მონაწილე მხარე, რომლის სასარგებლოდაც გადაწყდა დავა, უფლებამოსილია, მოითხოვოს წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მას არ წარმოეშობოდა, რომ არა სასამართლოში საქმისწარმოება.

15. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

16. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, სამართალწარმოების წესით, მოწინააღმდეგე მხარისთვის თანხის გადახდის დაკისრება, ერთმნიშვნელოვნად საქმეში შესაბამისი მტკიცებულების არსებობასთან, როგორც ამას კასატორი აცხადებს, დაკავშირებული არ არის, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, აღიარებულია, რომ საადვოკატო მომსახურება არ არის უსასყიდლო (იხ. სუსგ-ები: №ას-1161-1116-2016, 12.10.2017წ; №ას-1448-2020, 5.02.2021წ.). ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმადაც, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა, არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება, სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად, მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული სამოქალაქო უფლების დარღვევის აღსაკვეთად(ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ, ასევე. იხ. სუსგ. №ას-1123-2021, 1.12.2021 წ.). შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო საჩივრის ის პათოსი, რომ კასატორს ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში დაეკისრა.

17. საკასაციო პალატა ვერც იმ არგუმენტს გაიზიარებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება არ ითვალისწინებს ადვოკატისთვის ჯერ კიდევ გადაუხდელი (მომავალში გადასახდელი) თანხის დაკისრებას. ამ მიმართებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ კარგად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო (შესაგებლის) მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი). მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომლის თანახმად, მხარისთვის ისეთი ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმა, რომელიც ე.წ. „წარმატების ჰონორარს“ წარმოადგენს და მიბმულია საქმის წარმატების დასრულებასთან, გამოიწვევდა ამ თანხის მოპასუხისთვის ცალკე სამართალწარმოების გზით მიღების შეუძლებლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებიდან არ გამომდინარეობს.

18. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას, რომელიც დაკისრებული თანხის არაგონივრულობას მიემართება, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ იმ პრაქტიკის თანახმად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას მხარე სამართლიანად უნდა დააკმაყოფილოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ. №ას-444-423-2015, 30.10.2015 წ). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულება გაფორმებულია ორ მარწმუნებელთან ნ.კ–ასა და თ.ბ–ასთან, ამავე დღეს ორივე წარმომადგენელზე, მოსარჩელის მიერ განუსაზღვრელი ვადით გაიცა მინდობილობა, საპროცესო დოკუმენტები სხვადასხვა დროს შედგენილია ორივე წარმომადგენლის მიერ (იხ. სარჩელი და სააპელაციო საჩივარი) ამასთან, სასამართლო სხდომებშიც მონაწილეობას იღებდა ორივე წარმომადგენელი (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელი და მთავარი სხდომის ოქმები), რაც ნიშნავს, რომ დაკისრებული თანხა რეალურად ორი წარმომადგენლისთვის გადასახდელი თანხაა, ამიტომ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ არგუმენტსაც, რომელიც დაკისრებული თანხის არაგონივრულობას შეეხება.

20. საკასაციო პალატის აზრით, ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს კასატორის არც იმ არგუმენტს, რომლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად განაწილდა სასამართლო ბაჟი. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 და 39-ე მუხლების თანახმად, მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც თავდაპირველი დავის საგანი და არა გასაჩივრებული მოთხოვნის ოდენობა, არ აღემატება 5 000 ლარს, განსახილველ საქმეზე კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო იყო 110'296,03 ლარის დაკისრება, რაზეც არ ვრცელდება მაგისტრატი სასამართლოს განმგებლობის სფერო.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „პ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; შპს „პ.ს–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ვ.ჯ–ას მიერ 12.04.2023წ. №3186 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი