Facebook Twitter

ბს-1110-1062(კ-07) 8 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ირაკლი სურმანიძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს “ბ. დ-ე”, წარმომადგენლები _ ბ. ხ-ი, ვ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 1 ივლისს შპს “ბ. დ-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 8 აპრილს მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად, გასაყიდად იყო გამოტანილი ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,31 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად და იგი მითითებულ იქნა მე-13 ლოტად. შპს ,,ბ. დ-ის” მიერ წინასწარ, ბეს სახით გადახდილ იქნა 60600 ლარი. იმდენად, რამდენადაც ხსენებულ სააუქციონო ვაჭრობაში ¹..... ლოტთან, ანუ ზემოაღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ,,ბ. დ-ემ” და სხვა მსურველი ამ ქონების შეძენისა არ ყოფილა, შესაბამისად, გამარჯვებაც დარჩა მას. 2005 წლის 11 აპრილს შპს “ბ. დ-ის” დირექტორს გადასცეს დოკუმენტი სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹...... “ და ამ დოკუმენტის შინაარსიდან ჩანდა, რომ იგი დამტკიცებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის ¹115 ბრძანებით და ხელმოწერილი იყო თავმჯდომარის მოადგილის, აუქციონის წამყვანის, მდივნისა და მყიდველის _ შპს “ბ. დ-ის” დირექტორის მიერ. ამ დოკუმენტზე შპს ,,ბ. დ-ის” დირექტორის მიერ ხელმოწერა განხორციელდა მისთვის დასახელებული დოკუმენტის გადაცემის დღეს. 2005 წლის 20 აპრილს ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების, არასაცხოვრებელი ფართების და ობიექტების პრივატიზების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესებით, მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედ კომისიასა და აუქციონში გამარჯვებულ შპს ,,ბ. დ-ის” წარმომადგენელს შორის გაფორმდა აუქციონზე გატანილი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი. 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება აღნიშნულ ქონებაზე. 2005 წლის 18 მაისს შპს ,,ბ. დ-ის” დირექტორის მიერ გადახდილ იქნა 64585 ლარი, რითაც სრულად დაიფარა ხსენებული ობიექტის აუქციონზე დაფიქსირებული ღირებულება. 2005 წლის 27 მაისს შპს ,,ბ. დ-ის” დირექტორის წარმომადგენლისათვის მოულოდნელად ცნობილი გახდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანების თაობაზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილში მითითებული იყო, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორს 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ¹....... ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლოის გამო, ამ სამინისტროს მიერ ცალმხრივად უნდა მოშლილიყო ზემოაღნიშნული ხელშეკრულება; ცნობად იქნა მიღებული, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ¹...... ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ამ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველს არ ენიჭებოდა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდებოდა შეტანილი ბე და არ აუნაზღაურდებოდა დანახარჯები.

მოსარჩელის მტკიცებით, მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა ასევე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანების თაობაზეც, რომლის სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული იყო, რომ 2005 წლის 18 მაისს შპს ,,ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარი უნდა ჩათვლილიყო არასწორად ჩარიცხულ თანხად; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეთხოვა, უზრუნველეყო 64585 ლარის შპს ,,ბ. დ-ის” ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხვა. ამდენად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ცალმხრივად მოშალა ამ სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ¹..... ხელშეკრულება ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა და 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე, თითქოსდა შპს ,,ბ. დ-ის” მხრიდან ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,ბ. დ-ის” მიერ 2005 წლის 18 მაისს ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარის ამავე საწარმოსათვის დაბრუნების თაობაზე, ხოლო 60600 ლარის დაბრუნებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ იგი ბეს წარმოადგენდა.

მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებები იყო უკანონო. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული იყო მყიდველის ვალდებულებაზე, აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი გადაეხადა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. გაუგებარი იყო, რატომ მიიჩნია ხსენებულმა სამინისტრომ აღნიშნული ხელშეკრულების მოცემული მოთხოვნა დარღვეულად, მაშინ, როდესაც სააუქციონო ვაჭრობის ოქმი მყიდველს არ ჩაჰბარებია და თუკი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი სააუქციონო ვაჭრობის ოქმად მიიჩნევდა დოკუმენტს სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....... “, აღნიშნული არასწორი იყო, რადგან მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ ტერმინი _ ,,ლოტი” არ ცვლიდა ტერმინს _ ,,ოქმი” და მათ სხვადასხვა სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა. შესაბამისად, თუკი ხსენებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველს _ შპს ,,ბ. დ-ეს” აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი უნდა გადაეხადა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, შესაბამისად, მოცემული ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც მას ჩაჰბარდებოდა დოკუმენტი სახელწოდებით _ “სააუქციონო ვაჭრობის ოქმი” და გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ჩაჰბარებია ამ სახელწოდების დოკუმენტი, შესაბამისად, არც იმავე ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული ვადის ათვლა დაწყებულა და ვერც ამ მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობას ექნებოდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულება ,,საქმის წარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ”. ხსენებული წესების პირველ მუხლში მითითებული იყო, რომ “საქმის წარმოების ერთიანი წესები” იყო ნორმატიული ხასიათის დოკუმენტი და სავალდებულო შესასრულებლად სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა. ამ წესების პირველი თავის მიხედვით კი, ოქმი იყო მმართველობითი დოკუმენტი და ხსენებულ თავში განთავსებული მე-20 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული იყო, რომ ოქმის ტექსტი შედგებოდა შესავალი და ძირითადი ნაწილებისაგან, შესავალ ნაწილში კი შეივსებოდა შემდეგი რეკვიზიტები: თავმჯდომარე, მდივანი, ესწრებოდნენ, დღის წესრიგი, ოქმის ბლანკზე ეს რეკვიზიტები შეიძლებოდა დაბეჭდილი ფორმით ყოფილიყო. იმავე წესების 28-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იყო ყველა სისტემის დოკუმენტის აუცილებელ რეკვიზიტებზე: დოკუმენტის ავტორი დაწესებულების დასახელება, დოკუმენტის ავტორი დაწესებულების კოდი, დოკუმენტის სახეობის ან დოკუმენტის უნიფიცირებული ფორმის (მათ შორის, სათაურის) სახელწოდება, ტექსტის სათაური, დოკუმენტის სახეობის კოდი და თარიღი. ამ წესების 27-ე მუხლში კი მითითებული იყო, რომ, როგორც წესი, დოკუმენტი უნდა გაფორმებულიყო ბლანკზე, რომელიც შეესაბამებოდა სახელმწიფო სტანდარტს, მას უნდა ჰქონოდა აუცილებელი რეკვიზიტების კომპლექსი და მათი განლაგების სტაბილური წესი. დასახელებული წესების 26-ე მუხლში აღნიშნული იყო, რომ დოკუმენტების გაფორმებისას საჭირო იყო წესების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფდა მათ იურიდიულ ძალას.

მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შპს ,,ბ. დ-თვის” გადაცემული დოკუმენტი სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹......” არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმად, რადგან მის სახელწოდებაში არ იყო მითითებული, რომ იგი იყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, მას საერთოდ არ გააჩნდა შესავალი ნაწილი, რადგან მასში არ იყო აღნიშნული თავმჯდომარე, მდივანი, ვინ ესწრებოდა, დღის წესრიგი, ასევე მასში არ იყო მითითებული დოკუმენტის ავტორი დაწესებულების სახელწოდება, ანუ მასში არ იყო მითითებული, რომ მოცემული დოკუმენტი შედგენილი იყო სააუქციონო კომისიის მიერ (,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ,,გამყიდველი” ღია აუქციონის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, ქმნიდა მუდმივმოქმედ კომისიას). აღნიშნულ დოკუმენტზე თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ისე აწერდნენ ხელს, რომ მასში არ იყო მთითებული, რისი თავმჯდომარის მოადგილე ან რისი მდივანი აწერდა მას ხელს. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების” 26-ე მუხლის მიხედვით, დოკუმენტის გაფორმებისათვის საჭირო იყო წესების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფდა მათ იურიდიულ ძალას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტი სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.....” არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად და მით უმეტეს, სააუქციონო ვაჭრობის ოქმად.

მოსარჩელის განმარტებით, ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/150 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის თანახმად, დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან ,,მყიდველს” ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეეტანა ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისებოდა მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს, ხოლო ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საბოლოო თანხა უნდა დაეფარა არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადისა. გაუგებარი იყო, დოკუმენტში სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹......” სად მიეთითა, რომ იგი იყო აუქციონის შედეგების ოქმი, რომლის ჩაბარების დღიდანაც აითვლებოდა ფასის სრულად დაფარვის ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ მოსარჩელის მარწმუნებლისთვის გადაცემული დოკუმენტი სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹......” არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო არც სააუქციონო ვაჭრობის და არც აუქციონის შედეგების ოქმად და ასეთად იგი არც მის მარწმუნებელს მიუჩნევია, რაც იმას ნიშნავდა, რომ (არც ხელშეკრულებით და არც კანონით გათვალისწინებული) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადის ათვლა მისი მარწმუნებლის მიმართ არასოდეს დაწყებულა. შესაბამისად, მის მიერ დროულად იქნა დაფარული ნაყიდი ობიექტის ფასი და არ არსებობდა საფუძველი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებების გამოცემისა და ზემოხსენებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლისათვის. აღნიშნული კი ნიშნავდა იმას, რომ დასახელებული ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, იყო მათი ბათილობის საფუძველი. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანება გამოიცა მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მარწმუნებლის მიერ დაფარულ იქნა ნაყიდი ქონების მთლიანი ღირებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებების ბათილად ცნობა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალდებულება, შპს ,,ბ. დ-ზე” გაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართსა და 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 ივლისის განჩინებით მოსარჩელე შპს “ბ. დ-ის” განცხადება დაკმაყოფილდა; შეჩერდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებების მოქმედება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ბ. დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებები; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა შპს ,,ბ. დ-ზე” გაეცა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართსა და 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 8 აპრილს შპს ,,ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად, გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. შპს ,,ბ. დ-ის” მიერ წინასწარ, ბეს სახით იქნა გადახდილი 60600 ლარი. რადგან ამ სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობდა მხოლოდ შპს ,,ბ. დ-ე”, გამარჯვებაც დარჩა მას. 2005 წლის 11 აპრილს შპს ,,ბ. დ-ეს” გადაეცა დოკუმენტი სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....”. 2005 წლის 20 აპრილს ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების, არასაცხოვრებელი ფართებისა და ობიექტების პრივატიზების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესებით, მიღება-ჩაბარების მუდმივმოქმედ კომისიასა და შპს ,,ბ. დ-ის” წარმომადგენელს შორის გაფორმდა აუქციონზე გატანილი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2005 წლის 28 აპრილს აღნიშნულ ქონებაზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი და მოპასუხეს, თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, უნდა მიეცა მისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2005 წლის 18 მაისს შპს “ბ. დ-ის” მიერ სრულად დაიფარა ხსენებული ობიექტის აუქციონზე დაფიქსირებული ღირებულება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანებით მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლისF,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო, ხოლო იმავე მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებით შპს ,,ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარი ჩაითვალა არასწორად გადარიცხულ თანხად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეთხოვა აღნიშნული თანხის მისთვის უკან დაბრუნება. დასახელებულ ბრძანებებს არ დაეთანხმა შპს ,,ბ. დ-ის” წარმომადგენელი და მოითხოვა მათი გაუქმება.

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2005 წლის 28 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა იყო უკანონო, ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელისთვის სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სახეზე არ იყო ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევა. რაც შეეხებოდა მის მიერ ჩაბარებულ დოკუმენტს, რომლის სახელწოდება იყო _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....”, იგი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ხსენებულ ხელშეკრულებაში მითითებულ ოქმად, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა ასეთი ოქმის შედგენისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტს საერთოდ არ გააჩნდა შესავალი ნაწილი, მასში არ იყო აღნიშნული თავმჯდომარე, მდივანი, დამსწრეები და სხვა, ასევე მასში არ იყო მითითებული, რომ იგი შედგენილი იყო სააუქციონო კომისიის მიერ და იგი იყო ის დოკუმენტი, ანუ ოქმი, რომლის ჩაბარებიდანაც უნდა მომხდარიყო ვადის ათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლებოდა, თუკი ვალდებულება არ შესრულდებოდა ისეთი გარემოების გამო, რაც მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული.

საქალაქო სასამართლო ასევე დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ 2005 წლის 20 და 30 მაისს გამოცემული ¹184 და ¹197 ბრძანებები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნებსაც, კერძოდ, თუ მოპასუხე ფიქრობდა, რომ შპს ,,ბ. დ-ემ” არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაიხადა ზემოხსენებული ობიექტის საბოლოო ღირებულება, იგი ვალდებული იყო, იმავე ხელშეკრულების მოშლამდე მიეცა მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადა ან გაფრთხილება, რაც არ გაუკეთებია. როგორც საქმის მასალებით იყო დადგენილი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება მოშალა მას შემდეგ, რაც ვალდებულება უკვე შესრულებული იყო, რითაც დაარღვია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა კი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამდენად, სავსებით მართებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 18 მაისის შემდეგ, როცა მან გადაიხადა ობიექტის საბოლოო ღირებულება, მოპასუხე ვალდებული იყო გაეცა მასზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი, ნაცვლად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა, მოშალა შესაბამისი ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან შესაბამის ხელშეკრულებაში მითითებული იყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ობიექტის საბოლოო ფასის გადახდაზე და მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა აღნიშნული მოთხოვნა, ამიტომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვალდებული იყო მოეშალა შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნულს საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა თუნდაც იმ მოტივით, რომ თუ მოპასუხე მიიჩნევდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა დადგა 2005 წლის 11 მაისს და მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა საბოლოო ფასი დადგენილ ვადაში, მაშინ ხელშეკრულება უნდა მოეშალა მაშინვე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ხელშეკრულება მოშალა მხოლოდ 2005 წლის 20 მაისს, როცა ვალდებულება შესრულებული იყო და შპს ,,ბ. დ-ეს” უკვე გადახდილი ჰქონდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქონების საბოლოო ფასი. გარდა ამისა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ ამ ხნის განმავლობაში მან განიცადა რაიმე ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელი იყო, თუ ვალდებულების დარღვევა იყო უმნიშვნელო, მით უმეტეს, ამ შემთხვევაში დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგებოდა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანდა გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბ. დ-ის” მოთხოვნა იყო კანონიერი და არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო: ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებები და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალებოდა, გაეცა შპს ,,ბ. დ-ზე” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართსა და 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 8 აპრილს შპს “ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო აუქციონში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად, გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. სააუქციონო ვაჭრობაში მხოლოდ შპს “ბ. დ-ე” მონაწილეობდა და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც წინასწარ, ბეს სახით გადაიხადა 60600 ლარი. გასაყიდი ობიექტის ფასმა შეადგინა 68554 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2005 წლის 11 აპრილს შპს “ბ. დ-ის” დირექტორმა ჩაიბარა დოკუმენტი სახელწოდებით _ “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.....”, ანუ აუქციონის ოქმი. 2005 წლის 20 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი. შპს “ბ. დ-ემ” კი სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან დარჩენილი თანხა, სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი _ 64585 ლარი გადაიხადა 2005 წლის 18 მაისს, ანუ 1 თვის დაგვიანებით. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანებით მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ამ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველს არ ეძლეოდა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდებოდა შეტანილი ბე და არ აუნაზღაურდებოდა დანახარჯები. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებით შპს “ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარი ჩაითვალა არასწორად გადარიცხულ თანხად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეთხოვა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები და განმარტა, რომ მოცემული დავა უნდა გადაწყვეტილიყო სპეციალური კანონის _ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო ქონების აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი მიყიდვის წესებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტზე და განმარტა, რომ აუქციონი ჩატარდა 2005 წლის 8 აპრილს. ამდენად, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო 2005 წლის 8 მაისამდე, იმის მიუხედავად, სააუქციონო ოქმი იქნებოდა თუ არა ჩაბარებული მყიდველისთვის, რაც წარმოადგენდა ხსენებული კანონის იმპერატიულ მოთხოვნას და ამ ვადის დარღვევა არ წარმოშობდა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც აუქციონის ჩატარებას უკავშირდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სააუქციონო ვაჭრობის ლოტი ¹.... შეიცავდა ყველა იმ სავალდებულო მონაცემს, რაც აუცილებელი იყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმისათვის. იგი გაფორმებული იყო სპეციალურ ბლანკზე, რომელიც შეიმუშავა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ, რადგან “სააუქციონო ვაჭრობის ოქმს” ეწერა “ლოტი”, იგი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმად, იყო უსაფუძვლო. ამ სამინისტროს მიერ სიტყვა “ლოტი” გამოიყენებოდა, როგორც სპეციალური ტერმინი, რომელიც არ ცვლიდა სიტყვა “ოქმის” დანიშნულებას, მით უფრო, რომ 2005 წლის 11 აპრილს შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერისას შპს “ბ. დ-ის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩაიბარა სააუქციონო ვაჭრობის ოქმი.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შპს “ბ. დ-ის” მიერ დარღვეული იყო “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტისა და 2005 წლის 28 აპრილის ზემოხსენებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ. დ-ემ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს “ბ. დ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული იყო მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ეI” ქვეპუნქტის მოთხოვნები. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და დადგენილი ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება იყო შეუძლებელი.

საკასაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი იყო დასაბუთებული, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მოწესრიგებისათვის სპეციალურ კანონთან _ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონთან ერთად, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო ქონების აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი მიყიდვის წესებს, შესაბამისი სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად დაადგინა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება, რომელიც აწესრიგებდა პრივატიზების შედეგად მიღებული ქონების ხელშეკრულების ფორმით გადაცემის უფლებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიღებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა მოცემული დავა, რომ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საბოლოო თანხა უნდა დაეფარა არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. მითითებული ნორმით დადგენილი არ იყო პირობა, თუ საიდან უნდა მომხდარიყო თანხის საბოლოო დაფარვისათვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ათვლა. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორებისათვის მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განისაზღვრა 30-დღიან ვადაში თანხის საბოლოო დაფარვა, რომლის ათვლა იწყებოდა მყიდველისათვის სააუქციონო ოქმის ჩაბარებიდან.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განიხლვისას უნდა ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით და მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დაედგინა: თუ როდის გახდა ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის შპს “ბ. დ-ის” მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდის ფაქტი, კერძოდ, როდის აისახა ამ სამინისტროს ანგარიშზე შპს “ბ. დ-ის” მიერ შეძენილი ქონების ღირებულების გადახდის საბოლოო თანხა, რამდენადაც, ამ საქმის მასალების თანახმად, შპს “ბ. დ-ის” მიერ აღნიშნული თანხა გადახდილი იყო 2005 წლის 18 მაისს, ხოლო ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, სამინისტროს მიერ ხელშეკრულება ცალმხრივად მოიშალა იმავე წლის 20 მაისს. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოეკვლია, 2005 წლის 20 მაისს, როცა გამოიცა ბრძანება ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, ამ სამინისტროსათვის ცნობილი იყო თუ არა მყიდველის მიერ შეძენილი ქონების საბოლოო ღირებულების გადახდის ფაქტი, ასევე უნდა ემსჯელა, იმ პირობებში, თუ აღნიშნული სამინისტრო თვლიდა, რომ შპს “ბ. დ-ის” მიერ ვალდებულების შესრულების ათვლის მომენტი დაიწყო დოკუმენტის _ “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹......” ჩაბარებიდან, ანუ 2005 წლის 11 მაისიდან, რატომ განხორციელდა იმავე სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა 2005 წლის 20 მაისს _ მხოლოდ 9 დღის შემდეგ.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა იმ გარემოებაზე, თუ როდის იძენდა პირი ქონების მყიდველის და როდის აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსს, რამდენადაც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებით” აღნიშნული ტერმინები გამიჯნული იყო და მათ სხვადასხვა სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა, კერძოდ, ამ დებულების 4.5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონება ითვლებოდა გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვინც გამყიდველს შესთავაზებდა ყველაზე მაღალ ფასს, ხოლო 7.6 მუხლის მიხედვით, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ “გამყიდველის” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში “გამარჯვებული” ვალდებული იყო “გამყიდველთან” გაეფორმებინა ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით) ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ხსენებული დებულების 7.9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება “გამყიდველიდან” “მყიდველს” გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

საკასაციო სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა “ლოტი ¹....-ის” სააუქციონო ვაჭრობის ოქმად მიჩნევის თაობაზე, არასაკმარისი მოტივაციის გამო. სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა მტკიცებულებისთვის _ “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....-თვის” _ იგი ფორმალურად წარმოადგენდა თუ არა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 4.6 მუხლით რეგლამენტირებულ სააუქციონო ვაჭრობის ოქმს, რომლის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგებოდა ოქმი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, ამასთან, ოქმი ინომრებოდა ქრონოლოგიური მიმდევრობით, მას ხელს აწერდა მყიდველი, “მეაუქციონე”, მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე.

საკასაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა კასაციის მოტივი იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომ სარეზოლუციო ნაწილში არ ჩამოაყალიბა, დაკმაყოფილდა თუ არა შპს “ბ. დ-ის” სარჩელი, მაშინ, როცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა ყოფილიყო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად, ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იყო.

ამასთან, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასაციის მოტივი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოუყენებლობის თაობაზე სადავო აქტის გამოცემისას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტა, რომ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს წარმოადგენდა წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენდა მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამასთან, იმავე კოდექსის 342-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭებოდა სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 5.1 მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან “მყიდველს” “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეეტანა ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისებოდა მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგინდა პირობა, რომლითაც მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასის გადახდა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების კონტრაჰენტებს შორის შეთანხმების შედეგად განსაზღვრულ პირობას. იმავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემოდა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ უბრუნდებოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორც სპეციალური კანონმდებლობით _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 5.1 მუხლით, ასევე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობით, აუქციონზე გასაყიდი ქონების ღირებულების გადახდის ვადად განისაზღვრა სააუქციონო ოქმის ჩაბარებიდან 30 დღე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, მყიდველისთვის _ შპს “ბ. დ-თვის” ვალდებულების შესრულებისათვის მიეცა დამატებითი ვადა ან გაფრთხილება ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, სახეზე იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება იყო შეუძლებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოეკვლია ზემოთ მითითებული გარემოებები და დავა გადაეწყვიტა მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 8 აპრილს შპს ,,ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად, გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. სააუქციონო ვაჭრობაში მხოლოდ შპს ,,ბ. დ-ე” მონაწილეობდა და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც წინასწარ, ბეს სახით გადაიხადა 60600 ლარი. გასაყიდი ობიექტის ფასმა შეადგინა 68554 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2005 წლის 11 აპრილს შპს ,,ბ. დ-ემ” ჩაიბარა დოკუმენტი სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.....”. 2005 წლის 20 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში გადაეხადა აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი. შპს ,,ბ. დ-ემ” კი, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან, დარჩენილი თანხა, სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი _ 64585 ლარი გადაიხადა 2005 წლის 18 მაისს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანებით მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. იმავე ხელშეკრულების 2.1 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველს არ ენიჭებოდა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდებოდა შეტანილი ბე და არ აუნაზღაურდებოდა დანახარჯები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მოწესრიგებისათვის სპეციალურ კანონთან _ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონთან ერთად, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო ქონების აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი მიყიდვის წესებს, შესაბამისი სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად დაადგინა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება, რომლებიც აწესრიგებდა პრივატიზების შედეგად მიღებული ქონების ხელშეკრულების ფორმით გადაცემის უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში უშუალოდ მხარეთა შორის ჩამოყალიბდა წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულების შეთახმებული პირობები, რასაც უპირატესობა ენიჭებოდა სტანდარტულ პირობებთან შედარებით. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 5.1 მუხლის მიხედვით, დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან ,,მყიდველს” ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეეტანა ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისებოდა მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით დადგინდა პირობა, რომლითაც მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასის გადახდა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების კონტრაჰენტებს შორის შეთანხმების შედეგად განსაზღვრულ პირობას. იმავე დებულების მე-6 მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა ქონების გამოსასყიდ თანხას, მას არ გადაეცემოდა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ უბრუნდებოდა. შესაბამისად, როგორც სპეციალური კანონმდებლობით _ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 5.1 მუხლით, ასევე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობით, აუქციონზე გასაყიდი ქონების ღირებულების გადახდის ვადად განისაზღვრა სააუქციონო ოქმის ჩაბარებიდან 30 დღე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.......” არ აკმაყოფილებდა ოქმისათვის სავალდებულო მოთხოვნებს და ამასთან, ხსენებული ოქმი შპს ,,ბ. დ-ეს” არ ჩაჰბარებია, რადგან საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების 4.6 მუხლით რეგლამენტირებული სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგებოდა ოქმი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, იგი ინომრებოდა ქრონოლოგიური მიმდევრობით, მას ხელს აწერდა მყიდველი, ,,მეაუქციონე”, მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის 2007 წლის 7 ივნისის წერილიდან ირკვეოდა, რომ შპს ,,ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარი სახელმწიფო ხაზინის ერთიანი შემოსავლების ანგარიშზე აისახა 2005 წლის 18 მაისს. აქედან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ამ სამინისტროსათვის შპს ,,ბ. დ-ის” მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდის ფაქტი ცნობილი იყო 2005 წლის 18 მაისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ბ. დ-ეს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან სპეციალური კანონების მოთხოვნები არ დაურღვევია და ყველა პირობა შესრულებული ჰქონდა ნაკლის გარეშე, ამასთან, მას აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ფასი გადახდილი ჰქონდა ოქმის ჩაბარების გარეშე, რის გამოც ,,ლოტი ¹....-ის” ხელმოწერიდან ვადის ათვლა იყო უკანონო.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება მოშალა მას შემდეგ, რაც ვალდებულება შესრულებული იყო, რითაც დაარღვია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადიოდა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა კი გაიცემოდა თანხის მთლიანად გადახდის დადასტურებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ამდენად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებები და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალებოდა, შპს ,,ბ. დ-ზე” გაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვმ არასაცხოვრებელ ფართსა და 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, ,,მყიდველმა” აიღო ვალდებულება, გადაეხადა ობიექტის საბოლოო გამოსასყიდი ღირებულება სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შპს ,,ბ. დ-ეს” სააუქციონო ვაჭრობის ოქმი ჩაჰბარდა 2005 წლის 11 აპრილს. მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილ იქნა 2005 წლის 18 მაისს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანებით ცალმხრივად იქნა მოშლილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ბ. დ-ეს” შორის 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. მყიდველს არ გადაეცა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ დაუბრუნდა შეტანილი ბე და არ აუნაზღაურდა გაწეული დანახარჯები. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებით შპს ,,ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარი ჩაითვალა არასწორად გადახდილ თანხად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეთხოვა თანხის დაბრუნების უზრუნველყოფა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ, როგორც ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტითა და ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებით”, ასევე მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებით, პრივატიზებული ობიექტის ღირებულების გადახდის ვადად განისაზღვრა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,მყიდველს” არ გადაეცემოდა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდებოდა ბე და არ უნაზღაურდებოდა გაწეული ხარჯები. კასატორი სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ძირითად სადავო მომენტს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოება _ სააუქციონო ვაჭრობის ოქმი არ ჩაჰბარებია შპს ,,ბ. დ-ეს”, ვინაიდან ,,სააუქციონო ვაჭრობის ლოტი ¹.....” არ აკმაყოფილებს სააუქციონო ვაჭრობის ოქმის სავალდებულო, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

კასატორის მტკიცებით, შპს ,,ბ. დ-ის” მიერ ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹40-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის შესყიდვის შესახებ განაცხადის წარდგენისას განმცხადებლის მიერ ხელმოწერით იქნა დადასტურებული, რომ იგი გაეცნო ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებით” დადგენილ სანქციებს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უნდა მოეხდინა ობიექტის საბოლოო გამოსასყიდი ღირებულების გადახდა. ამასთან, იგი ასევე გაეცნო ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ აუქციონში გამარჯვებულმა საჯარო ვაჭრობის დამთავრების შემდგომ უნდა წარუდგინოს აუქციონის მდივანს ,,მონაწილის ბილეთი” და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. ასევე, იგი ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო ამ დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ თუკი აუქციონის შედეგების ოქმზე ხელს არ მოაწერს გამარჯვებული, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე არ უბრუნდება. კანონშეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სააუქციონო ვაჭრობის ამსახველი დოკუმენტი ვერ ჩაითვლება სააუქციონო ვაჭრობის ოქმად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მოთხოვნებს და შესაბამისად, ამ დასკვნიდან გამომდინარე, შპს ,,ბ. დ-ეს” არ ჩაჰბარებია აღნიშნული დოკუმენტი. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს ,,ბ. დ-ეს” სადავოდ არ გაუხდია სააუქციონო ვაჭრობის ამსახველი დოკუმენტის კანონშესაბამისობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა სააუქციონო ვაჭრობის ამსახველი დოკუმენტის კანონიერებაზე და უფლებამოსილი იყო მხოლოდ დაედგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, ჩაიბარა, თუ არა შპს ,,ბ. დ-ემ” შეთანხმებული სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, დოკუმენტი, რომელსაც, როგორც ,,გამყიდველმა”, ასევე ,,მყიდველმა” უწოდეს _ სააუქციონო ვაჭრობის ოქმი ¹....... . აღნიშნულის გასარკვევად კი, უნდა გამოკვლეულიყო ,,მყიდველის” დამოკიდებულება მის მიერ ჩაბარებულ აქტთან. ამასთან, ,,ბ. დ-ის” წარმომადგენელმა 2005 წლის 11 აპრილს შესაბამის ჟურნალში ხელმოწერით დაადასტურა და დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ მის მიერ ჩაბარებული დოკუმენტი წარმოადგენდა სააუქციონო ვაჭრობის ¹...... ოქმს.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ შეაფასა ის გარემოება, რომ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹..... “ დამტკიცებულია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 11 აპრილის ¹115 ბრძანებით, რომლის პირველი პუნქტით დამტკიცდა 2005 წლის 8 აპრილს ჩატარებული სააუქციონო ვაჭრობის ¹...... ოქმი. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს, რომ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.... “ სააუქციონო ვაჭრობის ოქმია. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ხსენებული ოქმი არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლოს კონკრეტულად არ მიუთითებია, კანონის რა მოთხოვნას არ აკმაყოფილებს აღნიშნული ოქმი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, მას ხელს აწერს ,,მყიდველი”, ,,მეაუქციონე”, მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. თუკი სასამართლო გულისხმობდა იმ მომენტს, რომ ამ ოქმს ხელს არ აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, პრივატიზების მუდმივმოქმედი კომისიის რეგლამენტის 2.2 მუხლის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯომარის მოადგილე. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ხსენებულ დოკუმენტს ოქმი ¹......-ის ნაცვლად, აწერია ლოტი ¹..... , აღნიშნული ვერ შეცვლის მის დანიშნულებას.

კასატორის მტკიცებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება მოშალა მას შემდეგ, რაც შესაბამისი ვალდებულება უკვე შესრულებული იყო, რითაც დაარღვია ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების”, ასევე მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ,,მყიდველის” ვალდებულებას წარმოადგენდა, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა ობიექტის საბოლოო გამოსასყიდი ღირებულება. სააუქციონო ვაჭრობის ოქმი ,,მყიდველს” ჩაჰბარდა 2005 წლის 11 აპრილს. შესაბამისად, შპს ,,ბ. დ-ის” ვალდებულებას წარმოადგენდა, ნასყიდობის საგნის საბოლოო გამოსასყიდი ღირებულება გადაეხადა 2005 წლის 11 მაისამდე, აღნიშნული ვალდებულება კი არ შესრულებულა. ,,მყიდველის” მიერ თანხის გადახდა მოხდა მხოლოდ 2005 წლის 18 მაისს. აქედან გამომდინარე, არ შესრულებულა აღებული ვალდებულება ნასყიდობის საგნის ღირებულების სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარულ დღეში გადახდის შესახებ. მოპასუხე სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლა იმიტომ კი არ მოხდა, რომ შესაბამისი თანხა არ იყო გადახდილი, არამედ იმიტომ, რომ 30 დღეში არ მოხდა თანხის გადახდა.

კასატორის მტკიცებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დასაშვებად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 21 თებერვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 3 აპრილს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2005 წლის 8 აპრილს შპს “ბ. დ-ემ” მონაწილეობა მიიღო აუქციონში, სადაც სხვა ქონებასთან ერთად, გასაყიდად გამოტანილი იყო ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹40-ში მდებარე 259,9 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 378,41 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. სააუქციონო ვაჭრობაში მხოლოდ შპს “ბ. დ-ე” მონაწილეობდა და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც წინასწარ, ბეს სახით გადაიხადა 60600 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 18). გასაყიდი ობიექტის ფასმა შეადგინა 68554 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 2005 წლის 11 აპრილს შპს “ბ. დ-ის” დირექტორმა ჩაიბარა დოკუმენტი სახელწოდებით _ “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹...... “ (ტ. 1, ს.ფ. 10). 2005 წლის 20 აპრილს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. 1, ს.ფ. 11), ხოლო 2005 წლის 28 აპრილს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 13-17). შპს “ბ. დ-ემ” სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან დარჩენილი თანხა, სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასი _ 64585 ლარი გადაიხადა 2005 წლის 18 მაისს (ტ. 2, ს.ფ. 18-19). აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 ბრძანებით (ტ. 2, ს.ფ. 20) ამ სამინისტროსა და შპს “ბ. დ-ეს” შორის 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება მოიშალა ცალმხრივად, ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო. ამავე ხელშეკრულების 2.1 მუხლის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, ამ სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, მყიდველს არ ეძლეოდა საკუთრების უფლება ობიექტზე, არ უბრუნდებოდა შეტანილი ბე და არ უნაზღაურდებოდა დანახარჯები. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებით შპს “ბ. დ-ის” მიერ ბიუჯეტში გადახდილი 64585 ლარი ჩაითვალა არასწორად გადარიცხულ თანხად და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეთხოვა აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება (ტ. 2, ს.ფ. 21).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს, ჩაიბარა თუ არა შპს “ბ. დ-ემ” სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, ხოლო “სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....” წარმოადგენს თუ არა სააუქციონო ვაჭრობის ოქმს და შესაბამისად, დაიცვა თუ არა შპს “ბ. დ-ემ” თანხის გადახდის ერთთვიანი ვადა. ძირითად სადავო მომენტს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოება _ სააუქციონო ვაჭრობის ოქმი არ ჩაჰბარებია შპს ,,ბ. დ-ეს”, ვინაიდან ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹.....” არ აკმაყოფილებს სააუქციონო ვაჭრობის ოქმის სავალდებულო, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდებოდა საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. ამდენად, კანონმდებელმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მოწესრიგებისათვის სპეციალურ კანონთან _ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონთან ერთად, რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო ქონების აუქციონის, კონკურსისა და პირდაპირი მიყიდვის წესებს, შესაბამისი სამართალურთიერთობის გადასაწყვეტად დაადგინა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება. ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საბოლოო თანხა უნდა დაეფარა არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადისა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” მე-7 მუხლის მიხედვით, დამტკიცებული აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან ,,მყიდველს” ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში უნდა შეეტანა ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისებოდა მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენდა სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დაფარვას არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადისა, მაგრამ იმავე კანონით არ იყო განსაზღვრული, თუ რა მომენტიდან უნდა მომხდარიყო ამ 30-დღიანი ვადის ათვლა სააუქციონო ვაჭრობის გამართვის დღიდან, სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან თუ სხვა პერიოდიდან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” 4.5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონება ითვლებოდა გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვინც გამყიდველს შესთავაზებდა ყველაზე მაღალ ფასს, ხოლო 7.6 მუხლის მიხედვით, აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ “გამყიდველის” გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში “გამარჯვებული” ვალდებული იყო, “გამყიდველთან” გაეფორმებინა ხელშეკრულება (რომელიც უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით), ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ხსენებული დებულების 7.9 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება “გამყიდველიდან” “მყიდველს” გადაეცემოდა სახელმწიფო ქონების ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო უძრავი ქონების პრივატიზებისას საკუთრების უფლება გადადიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. იმავე დებულების 4.6 მუხლით რეგლამენტირებული იყო სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, რომლის თანახმად, სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგებოდა ოქმი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, ამასთან, ოქმი ინომრებოდა ქრონოლოგიური მიმდევრობით, მას ხელს აწერდა “მყიდველი”, “მეაუქციონე”, მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით დადგინდა პირობა, რომლითაც მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების საბოლოო ფასის გადახდა სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, რაც წარმოადგენდა ამ ხელშეკრულების კონტრაჰენტებს შორის შეთანხმების შედეგად განსაზღვრულ პირობას.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტში სახელწოდებით _ ,,სააუქციონო ვაჭრობა ლოტი ¹....... “, საერთოდ არ არის მითითებული, რომ ხსენებული დოკუმენტი არის სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, მასში არც კი არის ნახსენები სიტყვა _ “ოქმი”, რომლის ჩაბარების დღიდანაც აითვლებოდა აუქციონზე რეალიზებული ობიექტის ფასის სრულად დაფარვის ვადა, ანუ აღნიშნული დოკუმენტის ჩაბარებისას, იმავე დოკუმენტით კასატორისთვის გარკვევით და ნათლად არ განუმარტავთ, რომ ამავე დოკუმენტის ჩაბარებიდან (თუ იგი მიიჩნეოდა საერთოდ სააუქციონო ვაჭრობის ოქმად) უნდა გადაეხადა დანარჩენი თანხა ერთი თვის ვადაში, მით უმეტეს, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით არ იყო დადგენილი დანარჩენი თანხის გადახდის ვადის ათვლის მომენტი, ხოლო მხარეთა შორის 2005 წლის 28 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით განისაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლის მომენტი არ იყო განსაზღვრული ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კანონშეუსაბამოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სააუქციონო ვაჭრობის ამსახველი დოკუმენტი ვერ ჩაითვლება სააუქციონო ვაჭრობის ოქმად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მოთხოვნებს და შესაბამისად, ამ დასკვნიდან გამომდინარე, შპს ,,ბ. დ-ეს” არ ჩაჰბარებია აღნიშნული დოკუმენტი. კასატორი აღნიშნავს, რომ შპს ,,ბ. დ-ეს” სადავოდ არ გაუხდია სააუქციონო ვაჭრობის ამსახველი დოკუმენტის კანონშესაბამისობა და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არ ჰქონდა უფლება, ემსჯელა სააუქციონო ვაჭრობის ამსახველი დოკუმენტის კანონიერებაზე და უფლებამოსილი იყო მხოლოდ დაედგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, ჩაიბარა თუ არა შპს ,,ბ. დ-ემ” შეთანხმებული სააუქციონო ვაჭრობის ოქმი, დოკუმენტი, რომელსაც, როგორც ,,გამყიდველმა”, ასევე ,,მყიდველმა” უწოდა _ სააუქციონო ვაჭრობის ოქმი ¹....

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 3 აპრილის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს “ბ. დ-ეს” გააჩნია სუპერმარკეტი, ასევე, კაფე-ბარები, ახორციელებს სხვა საქმიანობასაც, მასში დასაქმებულია უამრავი ადამიანი და იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას მის ფუნქციონირებას, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმის შედეგს და იგი მზადაა საქმე დაასრულოს მორიგებით, რა მიზნითაც 100000 ლარსაც კი სთავაზობს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ შპს “ბ. დ-ე” ყველანაირად ცდილობდა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან მოცემული დავის მორიგებით დასრულებას, რათა იგი გადაწყვეტილიყო უშუალოდ მხარეთა მიერ დამოუკიდებლად და არა სასამართლოს მეშვეობით.

კასატორი მიუთითებს, რომ ,,მყიდველის” მიერ თანხის გადახდა მოხდა მხოლოდ 2005 წლის 18 მაისს და აქედან გამომდინარე, არ შესრულებულა აღებული ვალდებულება ნასყიდობის საგნის ღირებულების სააუქციონო ვაჭრობის ოქმის ჩაბარებიდან 30 კალენდარულ დღეში გადახდის შესახებ, მოპასუხე სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლა იმიტომ კი არ მოხდა, რომ შესაბამისი თანხა არ იყო გადახდილი, არამედ იმიტომ, რომ 30 დღეში არ მოხდა ამ თანხის გადახდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს “ბ. დ-თან” დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა უდავოა განხორციელდა სწორედ იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დანარჩენი თანხა _ 64585 ლარი, ანუ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს “ბ. დ-ეს” გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გამოცემისას უკვე სრულად ჰქონდა გადახდილი აუქციონზე შეძენილი სახელმწიფო ქონების მთლიანი ღირებულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა) მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლებების შექმნა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით რეგლამენტირებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რაც იმაში გამოიხატა, რომ, ჯერ ერთი, კონკრეტული შემთხვევისთვის განისაზღვრა საკმაოდ დიდი ოდენობით ბეს თანხა _ 60600 ლარი (თითქმის გასაყიდი ობიექტის ღირებულების ნახევარი), მეორეც, კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ რა საჯარო ინტერესი იყო ჩადებული იმაში, რომ შპს “ბ. დ-ეს” ცალმხრივად შეწყვეტოდა მასთან დადებული ხელშეკრულება, ანუ რატომ მიანიჭა მან უპირატესობა საჯარო ინტერესს კერძო ინტერესთან შედარებით და ამის შესახებ საერთოდ არ აღუნიშნავს გასაჩივრებულ აქტებში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამის შედეგად საჯარო ინტერესს დაუსაბუთებელი უპირატესობა მიენიჭა კერძო ინტერესთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში მყიდველს ბე არ უბრუნდება. გარდა ამისა, გაუგებარია, თუ რა ზიანი მიადგება საჯარო ინტერესს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შესრულებით, მით უმეტეს, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით იხდის 100000 ლარს მორიგების პირობით, რაც ჯამში შეადგენს 225185 ლარს. აღნიშნული თანხა გაცილებით მეტია კონკრეტული პრივატიზებული სახელმწიფო ქონების მთლიან ღირებულებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადოდ არ შეუფასებია ისინი, რის შედეგადაც გამოსცა დაუსაბუთებელი აქტები. კასატორმა _ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკასაციო სასამართლოს სხდომებზეც ვერ დაასაბუთა აღნიშნული საკითხი და ვერ დაადასტურა შესაბამისი საჯარო ინტერესის არსებობა, რომელიც გაამართლებდა დასახელებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას, ანუ დაამტკიცებდა კასატორის მოქმედების მართლზომიერებას და გასაჩივრებული აქტების კანონიერებას, რაც ამავე აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. ამდენად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გამოიკვლია ის ძირითადი გარემოებები, რომელთა შეფასებაც მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რის გამოც მან აღნიშნულის გარდა, ასევე უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს იმავე უფლებამოსილებაში შემავალი, მოსარჩელეზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზეც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მოთხოვნის შესასრულებლად და იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს ამ პირს და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვიტოს სადავო საკითხი, რის გამოც გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ბ. დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ _ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნება ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებები და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მათ შორის შესაძლოა მან გასცეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს “ბ. დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 20 მაისის ¹184 და 2005 წლის 30 მაისის ¹197 ბრძანებები და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.