Facebook Twitter

საქმე №ას-416-2025 15 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა(ა)იპ „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდეგში: მიმწოდებელი ან სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს ა(ა)იპ „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის“ (შემდეგში: შემსყიდველი ან მოსარჩელე) სასარგებლოდ, დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი - 1120 ლარი. დანარჩენ ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 28 000 ლარის გადახდა დაეკისრა, დარჩა უცვლელად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 07.09.2020წ. მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, შემსყიდველს მიაწოდოს ლაგოდეხის, მტირალას და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, საფეხმავლო ბილიკების მოწყობის შესაძლებლობების კვლევისა და ბილიკების მოწყობის სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, ხოლო შემსყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიიღოს მოთხოვნილი მომსახურება და გადაიხადოს მისი ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით (შემდეგში-ხელშეკრულება);

2.2 ხელშეკრულების ღირებულება 34 999 ლარით განისაზღვრა;

2.3 28.01.2022წ. მხარეთა უფლებამოსილ პირებს შორის მიღება - ჩაბარების აქტი UNDP-1 გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველს კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის შესაძლებლობების კვლევისა და ბილიკების მოწყობის სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება მიაწოდა. მისი ღირებულება 6999 ლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენს;

2.4 აკრედიტაციის მქონე ორგანოს - შპს „რ–ის“ 21.01.2021წ. დადებითი საექსპერტო დასკვნის (ინსპექტირების ანგარიში) მიხედვით მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება, მათ შორის, ხელშეკრულების დანართი N2-ში (ტექნიკური დავალება) ასახულ პირობებს (იხ. ტ.1. ს.ფ. 40-268).

3. სააპელაციო სასამართლომ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე, 639-341-ე მუხლებით მოაწესრიგა და მიიჩნია, რომ მიმწოდებელს შემსყიდველისაგან შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შემსყიდველის პრეტენზია, რომ მიმწოდებელმა ნაკლიანი შესრულება მიაწოდა და გაფრთხილების მიუხედავად, ნაკლი არ აღმოფხვრა, რაც შემსყიდველს ათავისუფლებს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. აღნიშნული პრეტენზიის მართლზომიერებას შემსყიდველი აფუძნებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის 2020 წლის 21 დეკემბრის N13851 და 2021 წლის 28 იანვრის N662 მოხსენებით ბარათებს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის 2021 წლის 26 იანვრის N530 წერილსა და სააგენტოს 2020 წლის 31 დეკემბრის N3153 წერილს. შემსყიდველის მითითებების საპირისპიროდ, ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით დგინდება, რომ მიმწოდებელმა საბოლოო საპროექტო-სახარჯათრიცხვო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის ნაწილი უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნით.

5. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა აკრედიტაციის მქონე ორგანოს - შპს „რ–ის“ 21.01.2021წ. დადებითი საექსპერტო დასკვნა (ინსპექტირების ანგარიში), რომლითაც ირკვევა, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, ხელშეკრულების დანართი N2-ში (ტექნიკური დავალება) ასახულ პირობებს (იხ. ტ.1. ს.ფ. 40-268).

6. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დასტურდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამ შესრულების შემკვეთისათვის გადაცემის ფაქტი, შესრულების ნაკლის მტკიცების ტვირთი შემსყიდველს ეკისრება; ნაკლიანი შესრულების სამტკიცებლად შემსყიდველი უთითებს მის მიერ მიმწოდებლისათვის გაგზავნილ წერილებზე, რაც არ იქნა მიჩნეული ვარგის მტკიცებულებად, რადგან მათში აღწერილია თავად შემკვეთის სუბიექტური მოსაზრებები სამუშაოთა შესრულებისას დაშვებული ხარვეზების შესახებ. შესაბამისად, ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოების სპეციფიკური ხასიათისა და სირთულის გათვალისწინებით, ეს წერილები, ვერ აქარწყლებს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, საექსპერტო დასკვნას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (შემსყიდველმა) საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

8. კასატორი აღნიშნავს, თანხის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად - ხარვეზით შეასრულა, რომლის სრულად აღმოფხვრა დამატებით ვადაშიც ვერ შეძლო. ამ გარემოებას ადასტურებს მოხსენებითი ბარათები და წერილები, რომლებიც მოსარჩელეს გაეგზავნა და მისი შინაარსი სადავოდ არ გაუხდია. ამიტომაც, კასატორი დარღვეულად მიიჩნევს სსკ-ის 629-ე და 641-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქცევის წესს, რომელიც მენარდეს შემკვეთისათვის ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემას ავალდებულებს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევა მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების თაობაზე, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

16. სსკ-ის 629-ე მუხლის პიეველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი.

17. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზე მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, შემსყიდველს მიაწოდოს ლაგოდეხის, მტირალას და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, საფეხმავლო ბილიკების მოწყობის შესაძლებლობების კვლევისა და ბილიკების მოწყობის სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება, ხოლო შემსყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიიღოს მოთხოვნილი მომსახურება და გადაიხადოს მისი ღირებულება, რაც თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს (იხ.,სუსგ №ას-1233-2023 30 მაისი, 2025წ.).

18. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ხელშეკრულების ფარგლებში მენარდის (მიმწოდებელი) მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 28 000 ლარის შემკვეთისათვის (შემსყიდველი) დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

20. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

21. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება 28 000 (შესრულებული ღირებულების დარჩენილი ნაწილი) ლარი დაეკისრა, რაც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაც კასატორი არ ეთანხმება. იგი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებელმა შემსყიდველს ნაკლიანი შესრულება მიაწოდა, რაც დამატებით ვადაშიც არ აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, შემსყიდველს მისი ღირებულების ანაზღაურების მოვალეობა არ წარმოეშობა.

22. შემსყიდველის ზემომითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 28.01.2022წ. მხარეთა უფლებამოსილ პირებს შორის მიღება - ჩაბარების აქტი UNDP-1 გაფორმდა, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველს კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობის შესაძლებლობების კვლევისა და ბილიკების მოწყობის სრული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება მიაწოდა. მისი ღირებულება 6999 ლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენს. ამასთან, აკრედიტაციის მქონე ორგანოს - შპს „რ–ის“ 21.01.2021წ. დადებითი საექსპერტო დასკვნის (ინსპექტირების ანგარიში) მიხედვით მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, ხელშეკრულების დანართი N2-ში (ტექნიკური დავალება) ასახულ პირობებს შეესაბამება.

23. იმ გარემოებათა დადგენილად ცნობის პირობებში, რომ მიმწოდებელმა წარმოადგინა მტკიცებულება მის მიერ შესრულებული სამუშოების ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისობის ფაქტის დასადასტურებლად, საპირისპირო ტვირთი მტკიცებისა, რომ შემსყიდველისათვის ჩასაბარებლად წარდგენილი შესრულება იყო ნაკლიანი, და არ იყო შესაბამისობაში სატენდერო პირობებთან გადაინაცვლა შემსყიდველის მხარეზე.

24. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

26. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად მხარეები თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა.

27. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

28. მტკიცების ტვირთი კი, დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე.

29. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

30. დადგენილ ფაქტობრივ მოცემულობაში, შემსყიდველის პრეტენზია, რომელიც ეფუძნება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის 2020 წლის 21 დეკემბრის N13851 და 2021 წლის 28 იანვრის N662 მოხსენებით ბარათებს, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის 2021 წლის 26 იანვრის N530 წერილსა და სააგენტოს 2020 წლის 31 დეკემბრის N3153 წერილს, გაზიარებული ვერ იქნება. აღნიშნული ვერ აქარწყლებს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებლი სამუშაოების შესრულებას და შემსყიდველის მიერ მისი მიღების ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ამ უკანასკნელს შესრულებულის სამუშაოების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

33. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით 1400 ლარის ნაცვლად 1456 ლარი გადაიხადა, 56 ლარი გადახდილი აქვს ზედმეტად. აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პირობებში დასაბრუნებელ 980 ლართან ერთად.

34. ამდენად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს (980+56) 1036 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს (ს.კ .........) დაუბრუნდეს 19.03.2025წ.-ს №07129 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1456 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 56 ლარი და 1400 ლარის 70% - 980 ლარი, სულ 1036 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე