Facebook Twitter

საქმე №ას-616-2024 17 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს ,,რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–ია’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სს ,,მ-ლ–ი’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით სს ,,რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას’’ (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება რომლითაც სს „მ-ლ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 8 672.15 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, დარჩა უცვლელად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2021 წლის თებერვალსა და მარტში, მოსარჩელეს მოპასუხემ მიმართა მისივე დაზღვეულთა სასარგებლოდ, ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, COVID-19-ის მიმართ PCR კვლევათა ჩატარების მოთხოვნით;

2.2. მოსარჩელემ, როგორც COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისების მიმწოდებელმა დაწესებულებამ უზრუნველყო შესაბამისი PCR კვლევების ჩატარება;

2.3. გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“ მიმართა;

2.4. მოსარჩელისათვის გადამისამართებულ პაციენტთა გარკვეული ნაწილი სსიპ ,,ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ კორექტორების შედეგად, არ დაექვემდებარა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას, რადგან ცალკეულ შემთხვევაში PCR კვლევამდე არ ფიქსირდებოდა სწრაფი ანტიგენ ტესტი;

2.5. სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 11.08.2021წ. N06/3087 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა სახელმწიფო პროგრამის „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში მოსარჩელის მიერ 2021 წლის თებერვლის თვეში გაწეული მომსახურებისათვის მოთხოვნილი თანხიდან ნაწილი დაექვემდებარა კორექტირებას „კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID 19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.06.2020წ. N975 განკარგულების შესაბამისად და Covid Lab ელექტრონულ სისტემაში არსებული ვალიდაციების, საფუძველზე. მ.შ. კორექტირების ერთ-ერთ მიზეზად დაფიქსირებულია, რომ PCR კვლევამდე არ ფიქსირდება ანტიგენ ტესტი. „კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID 19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N975 განკარგულების შესაბამისად, განსაზღვრულია გარკვეული სამიზნე ჯგუფები, რომლებიც ექვემდებარებიან უპირატესად ანტიგენით სწრაფ-მარტივ ტესტირებას. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს, რომ სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, უნდა გამოყენებულ იქნას კვლევის სწრაფი-მარტივი მეთოდი. სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების პაციენტების პირდაპირ PCR ტესტირებაზე გადამისამართება დასაბუთებულია აღნიშნული კომპანიების ექიმების არაინფორმირებულობით ან პაციენტების კატეგორიული უარით ჩაეტარებინათ სწრაფი-მარტივი ანტიგენით კვლევა. ხსენებული არგუმენტი არაა საკმარისი საფუძველი კორექტირებული თანხების ანაზღაურებისათვის“;

2.6. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პასუხის შესაბამისად, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს აუნაზღაურებელი თანხის გადახდის მოთხოვნით;

2.7. 27.08.2021წ. NMEGA-LAB-003859 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობამ 4 152.50 ლარი შეადგინა;

2.8. 24.09.2021წ. NMEGA-LAB-003975 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობამ 4 519.65 ლარი შეადგინა;

2.9. ჯამში, მოსარჩელის მიერ გაწეული და აუნაზღაურებელი მომსახურების ღირებულებამ - 8 672.15 ლარი შეადგინა;

2.10. 23.02.2023წ. N23/02/2219-წ წერილის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა რომ მისი მხრიდან პაციენტების გადმომისამართება ხორციელდებოდა „კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 15.06.2020წ. N975 განკარგულებით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის საფუძველზე, გადაუმოწმებლად;

2.11. მოსარჩელეს მოპასუხემ უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 629-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისი ანაზღაურების ვალდებულება.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მხარეები კომუნიკაციას ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე ახორციელებდნენ, კერძოდ მოპასუხე ელექტრონული ფორმით წარადგენდა შესაბამის მიმართვებს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე სამედიცინო დაწესებულება უზრუნველყოფდა სათანადო მომსახურების გაწევას.

5. საქმეზე წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერების შინაარსის გაცნობის შედეგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხის 19.05.2021წ. წერილის თანახმად, მოსარჩელეს გაეგზავნა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „ტესტირებასთან დაკავშირებით ჩვენ ვსარგებლობთ ჯანდაცვის მინისტრის 20.12.2020წ. ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, სწრაფი და PCR ტესტირების შედეგები გათანაბრებულია. უპირატესია (არა სავალდებულო) სწრაფი ტესტის ჩატარება და 72სთ.ის განმავლობაში ჩივილების გახანგრძლივების შემთხვევაში დამატებით ტარდება PCR ტესტი, პროცედურა ასეთია: ჩივილებს აფასებს ექიმი სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით; კონსულტაციას ექიმი აფიქსირებს პროგრამულად; დაზღვეულთა ნაწილი თავად იტარებს ტესტირებას სახლში, ნაწილის სხვა ახლომდებარე კლინიკებში, ნაწილი იტარებს კომერციულ ტესტირებას; ჩივილების გახანგრძლივების შემთხვევაში კვლავ უკავშირდება პირად ექიმს და ის ამისამართებს PCR ტესტზე; ექიმი აფრთხილებს დაზღვეულს, თან იქონიოს ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი; კომპანია ვერ ამოწმებს აქვთ თუ არა ჩატარებული, ან სად ჩაიტარეს ანტიგენის სწრაფი ტესტი აღნიშნულმა დაზღვეულებმა; ტესტის შედეგები კონფიდენციალურია და აქვს მხოლოდ იმ პირს, ვინც იტარებს ტესტს. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია, სრულიად დამოკიდებულია პაციენტის კეთილსინდისიერებასა და ექიმის მიერ პაციენტის სატელეფონო შეფასებაზე. NCDC წვდომა აქვთ კლიენტებს და ლაბორატორიებს და ტესტის ჩატარებამდე ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება.“

6. მოპასუხის 31.05.2021წ. წერილის თანახმად, მოსარჩელეს გაეგზავნა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „თებერვალში გადმოგზავნილ არცერთ წერილში არ არის დაკონკრეტებული სწრაფი ან PCR ტესტის საჭიროება. ლაბორატორია ეყრდნობა პაციენტის მიწოდებულ ინფორმაციას. ექიმი აფრთხილებს დაზღვეულს თან იქონიოს უარყოფითი ტესტის პასუხი, თუ ასეთი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ადგილზე გადამოწმება და ტესტირება არ ჩაუტარდება (რისი პრეცედენტიც დაფიქსირდა არაერთხელ)...’’აღნიშნულის პასუხად, მოსარჩელის 01.06.2021წ. მიწერილობის შესაბამისად, „ჰქონდა თუ არა დანიშნული პაციენტს კვლევა კონტროლის საშუალება კვლევის შემსრულებელ ლაჰორატორიას არ აქვს. ლაბორატორიის კომპეტენცია არ არის ოჯახის ექიმის საქმიანობის კონტროლი. ის ვალდებულია პაციენტს შეუსრულოს დანიშნული კვლევა.“ მოპასუხის 2.06.2021წ. (15:31:25 სთ) წერილობითი პასუხის შესაბამისად კი, „სადაზღვევო კომპანიის მიერ მოწოდებულ პაციენტებზე, არსად დაფიქსირებულა, რომ COVID-19 ის დიაგნოსტიკა უნდა მომხდარიყო PCR მეთოდით. მოსარჩელისათვის ხელმისაწვდომი არ არის NCDC-ის COVID-19-ის ბაზა, სადაც გადამოწმდებოდა კონკრეტული პაციენტები. ბაზაში პაციენტების აღრიცხვა ხდებოდა პროგრამით მოსარგებლების მიერ. სადაზღვევო კომპანიების ვალდებულება იყო, რომ დაზღვეულები გადაემისამართებინა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში კოვიდ-19-ის პროგრამით მოსარგებლე სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო სამედიცინო დაწესებულება, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა დიაგნოსტირებას. დიაგნოსტირების ფორმა ასევე განისაზღვრებოდა სამედიცინო დაწესებულების მიერ, დადგენილებით განსაზღვრული წესით.“ იმავე დღეს (02.06.2021წ.) მოსარჩელემ წერილობით უპასუხა მოპასუხეს: „ურთიერთობა იმთავითვე გულისხმობდა PCR კვლევების ჩატარებას, რაც თავის მხრივ, უნდა დაენიშნა ექიმს სწრაფი ტესტის პასუხის საფუძველზე...“ ? სწრაფ ტესტზე თითქმის არ იგზავნება პაციენტები, იმიტომ რომ კლინიკებში და აფთიაქებშიც კი, ხელმისაწვდომია სწრაფი ტესტი და არ საჭიროებს ლაბორატორიულ სივრცეში კვლევის გაკეთებას...’’

7. ,,კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 15.06.2020წ. N975 განკარგულების შესაბამისად, განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისათვის.

8. მხარეები არ უარყოფენ, რომ მათ შორის არსებობდა შეთანხმება PCR მეთოდით კვლევის ჩატარებაზე, ხოლო საქართველოს მთავრობის N975 განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რომლითაც საწყისს ეტაპზე, PCR კვლევამდე, ანტიგენით სწრაფი ტესტის ჩატარება განისაზღვრა, მხარეთა შორის შეთანხმებული წესის ცვლილება არ მომხდარა.

9. ასევე, უდავოა, რომ კვლევის ჩასატარებლად მოსარჩელესთან მისული პაციენტის მიმართვის საფუძველი სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებული ექიმის მიერ გაცემული მიმართვა (დანიშნულება) იყო, თუმცა, მასში არ იყო მითითებული კვლევის დასახელება.

10. მოპასუხე დავობდა, რომ მოსარჩელე ლაბორატორია იყო ვალდებული გადაემოწმებინა ადგილზე მისული პაციენტი რომელ კვლევას საჭიროებდა, ჰქონდა თუ არა მომხმარებელს სწრაფი ტესტი ჩატარებული და დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩაეტარებია PCR მეთოდით კვლევა. სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ელექტრონული მიმოწერის გაცნობის შედეგად, უარყო მოპასუხის მითითებული შედავების მართლზომიერება და აღნიშნა: იმ პირობებში როდესაც პაციენტის მიმართვის საფუძველი ექიმის დანიშნულება იყო, რომლითაც, ასევე არ იყო განსაზღვრული კვლევის სახე, მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების განაწილების სამართლიანი ბალანსი გამორიცხავს კვლევის ჩამტარებელი ლაბორატორიისათვის ჩასატარებელი კვლევის განსაზღვრის ვალდებულების დაკისრებას. დანიშნულებას გასცემს ექიმი, რომელიც თანახმად, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. ლაბორატორია ვერ უგულებელყოფდა ექიმის გადაწყვეტილებას და ვერ შეაფასებს მიღებული გადაწყვეტილების (მიმართვის) საფუძვლიანობას. მოსარჩელის, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის (მომსახურების გამწევი) მოვალეობა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და შემკვეთის შესაბამისი მითითების შესრულება იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო მკაფიო, ცხადი და განჭვრეტადი. წერილობითი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, რთულია გაივლოს ზღვარი თუ ვის ევალებოდა შემოწმებისა (იყო თუ არა ჩატარებული სწრაფი ტესტი) და კვლევის განსაზღვრის ვალდებულება. ამდენად, შესაბამისი შეთანხმების არარსებობის პირობებში და ასევე, ექიმის გადაწყვეტილების გარეშე, მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა ან/და ვალდებულება თავად განესაზღვრა ჩასატარებელი კვლევა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

12. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებებით უგულვებელყოფილია სახელშეკრულებო ვალდებულებათა ამოსავალი პრინციპი, რაც ვალდებულების იმ მოცულობით შესრულებას გულისხმობს, რასაც მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებს. პაციენტები საერთო ბაზაში მოსარჩელე ლაბორატორიას უნდა გადაემოწმებინა, მაგრამ ამას, გადატვირთული მიმართვიანობის გამო არ აკეთებდა. მოსარჩელე ლაბორატორიას საერთო ბაზაში უნდა გადაემოწმებინა პაციენტს ჰქონდა თუ არა ჩატარებული სწრაფი ტესტი და ამის შემდგომ უნდა ჩაეტარებინა PCR კვლევა. კასატორისათვის გაურკვეველია რატომ აკისრებს სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე ეს ხელშეკრულების საფუძველზე ევალებოდა (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მართლზომიერების საკითხს.

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევა მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოთხოვნა ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 648-ე (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას), მუხლებიდან გამომდინარეობს (შდრ: სუსგ №ას-1191-1151-2016, 24 თებერვალი, 2017წ.).

19. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

20. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა მომსახურების გაწევის ფაქტობრივი გარემოება და მის ღირებულებაზე (ოდენობა) მხარეები არ დავობენ, ხოლო მოპასუხე მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი მომსახურების გაწევა ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელე ლაბორატორიას არ ევალებოდა, მტკიცების ტვირთი წარმოშობილი მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურებისა ეკისრება ამ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს - მოპასუხეს (სსსკ-ის 102-ე მუხლი) (სუსგ №ას-188-177-2017, 21 აპრილი, 2017წ. პ. 42). მოპასუხის შედავების მიხედვით, მოსარჩელე იყო ვალდებული გადაემოწმებინა ადგილზე მისული პაციენტი რომელ კვლევას საჭიროებდა, ჰქონდა თუ არა სწრაფი ტესტი ჩატარებული და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩაეტარებინა PCR მეთოდით კვლევა.

21. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება PCR მეთოდით კვლევის ჩატარებაზე, ხოლო საქართველოს მთავრობის N975 განკარგულებით განხორციელებული ცვლილების შემდეგ, რომლითაც საწყისს ეტაპზე, PCR კვლევამდე, ანტიგენით სწრაფი ტესტის ჩატარება განისაზღვრა, მხარეთა შორის შეთანხმებული წესი არ შეცვლილა. უდავოდ დადგენილია, რომ კვლევის ჩასატარებლად მოსარჩელესთან მისული პაციენტის მიმართვის საფუძველი სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებული ექიმის მიერ გაცემული მიმართვა (დანიშნულება) იყო, თუმცა, მასში არ იყო მითითებული კვლევის დასახელება.

22. დადგენილია ისიც, რომ 27.08.2021წ. NMEGA-LAB-003859 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობამ 4 152.50 ლარი შეადგინა, ხოლო 24.09.2021წ. NMEGA-LAB-003975 ანგარიშფაქტურის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობამ 4 519.65 ლარი შეადგინა. საერთო ჯამში, მოსარჩელემ გასწია და მოპასუხეს არ აუნაზღაურებია 8 672.15 ლარის მომსახურების ღირებულება.

23. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და დასკვნებს მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს.

24. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

25. ამასთან, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ჭანტურია ლ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება, ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.

26. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, რომლის წინააღმდეგ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო შედავება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს ,,რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს ,,რ.მ. და ს.კ.გ.ბ.ჯ–იას’’ (ს.კ:......) დაუბრუნდეს სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტსის (ს.კ:.......) მიერ 07.06.2024წ.-ს №1717751623 საგადასახადო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 433.60 ლარიდან 303.52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე