საქმე №ას-623-2025 18 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - გ.ვ–ძე, მ.ვ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ნ-ვ–ძე (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების შეზღუდვა (სარჩელში), არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ნ-ვ–ძემ (შემდეგში - ძირითადი სარჩელით მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გ.ვ–ძის (შემდეგში - ძირითადი სარჩელით მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.გ.ვ–ძეს არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის 24 მაისს დაბადებული თ.ვ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით;
1.2.გ.ვ–ძეს არასრულწლოვან შვილთან - თ.ვ–ძესთან მიმართებით, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
2. ძირითადი სარჩელით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ; კერძოდ, იგი დაეთანხმა ალიმენტის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას 200 ლარის ფარგლებში, ხოლო, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში, სარჩელი არ ცნო.
3. გ.ვ–ძემ მ.ნ-ვ–ძის მიმართ, შეგებებული სარჩელი წარადგინა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
3.1.არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის, განესაზღვროს შემდეგი დღეები და საათები: ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე - 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ბავშვის წაყვანის უფლებით; ყოველი წლის გამოტოვებით, დაბადების დღე, ახალი წელი, აღდგომა, 26 მაისი და 01 ივნისი, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე; ასევე ყოველი წლის 12 ოქტომბერი, დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე; ყოველ ზამთარს, 05 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდი, ასევე, ყოველი ზაფხულს, 05 აგვისტოდან 20 აგვისტომდე პერიოდი.
4. ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნა გ.ვ–ძესთან ერთად წარმოდგენილი აქვს მ.ვ–ძეს (არასრულწლოვნის ბებია).
5. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ცნო ნაწილობრივ; კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოპასუხე თანახმაა, მამასა და ბებიას შვილიშვილთან ურთიერთობა ჰქონდეთ ბავშვის ჩვეული რეჟიმის დარღვევის გარეშე, ყოველი კვირის პარასკევს - 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთში, დედის, მ.ნ-ვ–ძის ან მხარეთა შეთანხმებით, გარეშე პირის თანდასწრებით, თბილისის „სითი მოლში“ ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე - პარკში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობითა და დაკვირვებით.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მ.ნ-ვ–ძის სარჩელი გ.ვ–ძის მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.ვ–ძეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2022 წლის 11 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე; გ.ვ–ძეს არასრულწლოვან შვილთან - თ. ვ–ძესთან მიმართებით, შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მისი მკურნალობის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან წარმომადგენლობითი ფუნქციის განსახორციელებლად. დანარჩენ ნაწილში მ.ნ-ვ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გ.ვ–ძის შეგებებული სარჩელი მ.ნ-ვ–ძის მიმართ, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მ.ვ–ძის სარჩელი მ.ნ-ვ–ძის მიმართ შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.ვ–ძეს არასრულწლოვან შვილთან, ხოლო მ.ვ–ძეს არასრულწლოვან შვილიშვილთან ურთიერთობისათვის, 4 წლის ასაკამდე, ბავშვის ჩვეული რეჟიმის დარღვევის გარეშე, ერთად ან ცალ-ცალკე განესაზღვრათ ყოველი კვირის პარასკევს - 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, ასევე შაბათს - 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთი, დედის, მ.ნ-ვ–ძის ან მხარეთა შეთანხმებით, გარეშე პირის თანდასწრებით, თბილისის „სითი მოლში“ ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკში, ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ადგილზე; 4 წლის ასაკის შესრულების შემდეგ, მხოლოდ ბავშვის მამასთან და ბებიასთან მიჯაჭვულობის გაჩენის შემთხვევაში, გ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს (ერთად ან ცალ-ცალკე) არასრულწლოვან თ.ვ–ძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრათ - ყოველი კვირის პარასკევს და შაბათს - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთი მათ საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. დანარჩენ ნაწილში გ.ვ–ძის და მ.ვ–ძის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. გ.ვ–ძე და მ.ნ 2020 წლის 04 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მხარეებს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი - 2021 წლის 24 მაისს დაბადებული თ. ვ–ძე.
6.1.2. მხარეები 2021 წლის 01 ივნისიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია 2022 წლის 25 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილების საფუძველზე.
6.1.3. არასრულწლოვანი თ. ვ–ძე დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს მოსარჩელესთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, თ. ვ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მ.ნს საცხოვრებელი ადგილი.
6.1.4. მხარეებს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა, ისინი ვერ თანხმდებიან არასრულწლოვათან დაკავშირებულ საკითხებზე. გ.ვ–ძის მიმართ, 2022 წლის 05 ნოემბერს გაცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ.ვ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს მე-5 სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრის მიერ, 2022 წლის 5 ნოემბერს გამოცემული №028340 შემაკავებელი ორდერი გაუქმდა ეკონომიკური ძალადობის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა შემაკავებელი ორდერი ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში.
6.1.5. მ.ვ–ძე არის გ.ვ–ძის დედა და არასრულწლოვანი თ. ვ–ძის ბებია. მ.ვ–ძე პერიოდულად იძენს შვილიშვილისთვის სამოსს და შესაბამის სააფთიაქო საკვებს, მოსარჩელის მითითებით.
6.1.6. მ.ნ დასაქმებულია და იღებს შემოსავალს ყოველთვიურად დაახლოებით 1500-2000 ლარის ოდენობით.
6.1.7. გ.ვ–ძე და მ.ვ–ძე არ არიან ნასამართლევი და არ იმყოფებიან ძებნაში.
6.1.8. გ.ვ–ძემ წარმომადგენლის მეშვეობით, მ.ნ–ს 2022 წლის აგვისტოს თვეში ჩაურიცხა 150 ლარი; მოგვიანებით, მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა ასევე 200 ლარი.
6.1.9. სასამართლომ რამდენჯერმე შეცვალა 2022 წლის 29 სექტემბრის დროებითი განკარგულება მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის დროებითი განკარგულებით, გ.ვ–ძეს და მ.ვ–ძეს მიეცათ უფლება, იქონიონ ურთიერთობა არასრულწლოვან თ.ვ–ძესთან (დაბ.: 24.05.2021წ.) ბავშვის ჩვეული რეჟიმის დარღვევის გარეშე, ყოველი კვირის პარასკევს - 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთში, დედის, მ.ნ-ვ–ძის ან მხარეთა შეთანხმებით გარეშე პირის თანდასწრებით, თბილისის სითი მოლში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლის მონაწილეობითა და დაკვირვებით. სააგენტოს წარმომადგენელი შეხვედრას დაესწრო პირველ ორ პარასკევს. დროებითი განკარგულებების აღსრულების პირველი ეტაპი მიმდინარეობდა კონფლიქტურად, თუმცა, ბოლო დროებითი განკარგულების ფარგლებში, მხარეები ცდილობდნენ მშვიდად წარემართათ კომუნიკაცია არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საკითხებზე.
6.2.პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოება:
6.2.1. გ.ვ–ძე დასაქმებულია ფიტნეს-ინსტრუქტორად, ჰყავს მოსწავლეები და აქვს შემოსავალი. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებისა და მოწმის სახით დაკითხული პირის ჩვენების ერთობლიობაში, შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების შედეგად, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, სასამართლომ არადამაჯერებლად მიიჩნია მოპასუხის განმარტება მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერ შეაფასებდა ავტომანქანისა და უძრავი ქონების მოპასუხისათვის კუთვნილების ფაქტს, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა ამ თვალსაზრისით არ იყო ფორმულირებული, თუმცაღა, მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა, რომ მოპასუხის მითითება მისი შემოსავლების შესახებ, არ ასახავდა რეალობას იმდენად, რამდენადაც მძიმე ფინანსური მდგომარეობის პირობებში, თუნდაც მანქანით გადასაადგილებლად მისი საწვავით უზრუნველყოფა, ასევე ძვირადღირებული ტელეფონით სარგებლობა 500 ლარიანი შემოსავლის პირობებში, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო.
6.3. ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება:
6.3.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 31.2-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე, 1237-ე, ასევე, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 27-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.3.2. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, სასამართლო დაეთანხმა მოპასუხეს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი არ იყო დასაბუთებული ბავშვის ინტერესებით. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, მშობელი, რომელიც ითხოვდა ალიმენტის დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით, არ თავისუფლდებოდა თავისი წილი მტკიცების ტვირთისაგან და უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ ბავშვის რჩენა-აღზდისათვის საჭირო ხარჯი სულ მცირე, თვეში 2000 ლარს შეადგენდა, რამეთუ მშობლები თანაბრად იყვნენ ვალდებული ეზრუნათ შვილზე. სასამართლოს განმარტებით, ძირითადი სარჩელით მოსარჩელეს არასრულწლოვნის განსაკუთრებულ საჭიროებებზე არ მიუთითებია და მარტოოდენ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლა, მაშინ, როცა ბავშვისათვის ადეკვატური, აუცილებელი ხარჯის ზღვარს ზემოთ საჭიროება შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხემ სარჩელი ცნო 200 ლარის ოდენობით, აღნიშნული სასამართლომ სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლების შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად მიიჩნია, თუმცა, იმავდროულად, განმარტა, რომ ძირითადი სარჩელით მოპასუხის მიერ მითითებული ალიმენტის ოდენობა ბავშვის მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფდა. არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების, მისი ასაკის, მოთხოვნილებების, მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად, სასამართლომ მიიჩნია 500 ლარი.
6.3.3. არასრულწლოვანი ბავშვის პირადობის მოწმობისა და პასპორტი აღების ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხთან მიმართებით, სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ ბავშვი ცხოვრობდა და იზრდებოდა ძირითადად დედასთან. შესაბამისად, გასაზიარებელი იყო დედის სურვილი, თან ჰყოლოდა არასრულწლოვანი თუკი მას ქვეყნის დატოვება მოუწევდა. საყურადღებოდ მიიჩნია სასამართლომ ის გარემოებაც, რომ მოპასუხის განმარტებები არ გამორიცხავდა ქვეყნის დატოვების ალბათობას. ამასთან, არსებითი შედავება ამ საკითხზე მოპასუხეს არ ჰქონდა განხორციელებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაუშვებელი იყო, თავად მოსარჩელეს შეზღუდვოდა თავისუფალი განვითარების, დასვენების, გადაადგილების უფლება, ხოლო რამდენადაც არასრულწლოვანზე უმეტესად სწორედ დედა ზრუნავდა, სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მოსარჩელეს მოუწევდა, თავადაც დარჩენილიყო ქვეყანაში ან ბავშვი დაეტოვებინა სხვა პირთან. არასრულწლოვანის ქვეყნიდან გასვლის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, ან გარემოება მოპასუხეს არ ჰქონდა მითითებული და ზოგადი შედავებით შემოიფარგლა, რაც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საფუძვლიანად. რაც შეეხება, მშობლის უფლების შეზღუდვას სამედიცინო, მკურნალობის, დაზღვევისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბავშვის მშობლებს შორის ურთიერთობა ამ ეტაპზე დაძაბული იყო, ისინი დროებითი განკარგულების აღსრულებასაც ვერ ახერხებდნენ სოციალური მუშაკის ჩართულობისა და „ზედამხედველობის“ გარეშე; უჭირდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია თუნდაც ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესაბამისად, არსებობდა იმის გონივრული მოლოდინი, რომ მათი შეუთანხმებლობა დააზიანებდა თ.ვ–ძის ინტერესებს მისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლის, შესაბამისი საბავშვო ბაღის არჩევის კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სამომავლო დავის პრევენციის მიზნით, რისი გონივრულო მოლოდინიც არსებობდა მხარეებს შორის გამწვავებული კონფლიქტის ფონზე, მოპასუხეს ნაწილობრივ შეზღუდვოდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვნის მიმართ მისი მკურნალობის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ნაწილში.
6.3.4. რაც შეეხება არასრულწლოვანთან ურთიერთობის დადგენის შესახებ ინიცირებულ შეგებებულ სარჩელს, სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი თომა ვ–ძე მცირე ასაკის იყო, უჭირდა დედის გარეშე ყოფნა და არ იყო ჩამოყალიბებული სანდო მიჯაჭვულობა ბავშვსა და მამას შორის, გ.ვ–ძესა და მ.ვ–ძეს (ერთად ან ცალცალკე) არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის განესაზღვრათ 4 წლის ასაკამდე, ბავშვის ჩვეული რეჟიმის დარღვევის გარეშე, ერთად ან ცალ-ცალკე, ყოველი კვირის პარასკევს - 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, ასევე შაბათს - 12:00 საათიდანპ 15 საათამდე დროის მონაკვეთი, დედის, მ.ნ-ვ–ძის ან მხარეთა შეთანხმებით გარეშე პირის თანდასწრებით, თბილისის სითი მოლში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკში, ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ადგილზე. 4 წლის ასაკის შემდეგ კი, მხოლოდ ბავშვის მამასთან და ბებიასთან მიჯაჭვულობის გაჩენის შემთხვევაში, ყოველი კვირის პარასკევს და შაბათს - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთი მათ საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. რაც შეეხება ღამე დარჩენის უფლებასა და ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ურთიერთობას, სასამართლომ ამ ეტაპზე აღნიშნულ ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მიზანშეუწონლად მიიჩნია, იმდენად, რამდენადაც ბავშვი მცირე ასაკის იყო. ასევე, მამას არ ჰქონდა ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება და მხოლოდ სასამართლოს განჩინების ფარგლებში დაიწყო მამა-შვილის ურთიერთობის აღდგენის პროცესი (რაც მიუხედავად სასამართლოს მხრიდან არაერთი რეკომენდაციისა, მცდელობისა, რომ მშობლებს შორის ურთიერთობა დარეგულირებულიყო, პრობლემებით მიმდინარეობდა, რაც გამოიხატებოდა ურთიერთ ბრალდებებში, ერთმანეთის აზრის, მათ შორის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გაუთვალისწინებლობაში, უნდობლობასა და ფარული ჩანაწერების განხორციელებაში, რამაც რა თქმა უნდა შეაფერხა მიღწეულიყო სასამართლოს მიზანი მამაშვილს შორის ჩამოყალიბებულიყო სანდო მიჯაჭვულობა), ბავშვს დედის მიმართ ჰქონდა მიჯაჭვულობა და სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ ეტაპზე, რთული იყო პროგნოზირება, როგორ განვითარდებოდა მამა-შვილის, ასევე ბებია-შვილიშვილის ურთიერთობა.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.და მ.ვ–ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
8. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, აპელანტების ერთობლივი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1.ძირითადი სარჩელით მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის შეფასების ნაწილში, სააპელაციო პალატა ნაწილობრივ დაეთანხმა აპელანტს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა გ.ვ–ძის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობა. საქმის მასალების კვლევით დგინდებოდა ისიც, რომ მოპასუხეს არ უფიქსირდებოდა რეგისტრირებული შემოსავალი; ასევე, მოპასუხე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში სამი სააღსრულებო საქმის ფარგლებში; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 04 თებერვლის მონაცემებით, გ.ვ–ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ იყო. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე სარგებლობდა დავის გადაწყვეტის დროისთვის ერთ-ერთი ბრენდული ტიპის უახლესი მოდელის მობილურითა და ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო მარკის მქონე საშუალებით, რომელიც რეგისტრირებული იყო სხვა პირის საკუთრებად, ხოლო მოგვიანებით მოიხსნა რეგისტრაციიიდან. სააპელაციო პალატის მითითებით, მიუხედავად სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ნამდვილობისა და წონადობისა, ბუნებაში მაინც შესაძლებელი იყო, რომ ადამიანს ჰქონოდა ქონებრივი აქტივი, რომელიც რეგისტრირებულ მონაცემებში ასახული არ იქნებოდა. ამასვე ადასტურებდა მხარის აღიარება, რომ მისი ანაზღაურება თვეში დაახლოებით 500 ლარს შეადგენდა, თუმცა, ხელფასი არ იყო ასახული შემოსავლების სამსახურში. ზოგადად, ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარე ძვირადღირებული ნივთებით სარგებლობდა ან მასზე წვდომა ჰქონდა, მხოლოდ მის ქონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებდა.
9.2.არასრულწლოვანი შვილის მიმართ მამის საალიმენტო ვალდებულების მოცულობასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი 3 წლის თ. ვ–ძე მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელესთან (დედასთან). პალატის მითითებით, მართალია, კონკრეტული საჭიროებები სარჩელის შინაარსიდან არ ირკვეოდა, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ არასრულწლოვანი ბავშვი საჭიროებდა სპეციალურ ჰიგიენურ, თავის მოვლის საშუალებებს, ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს, რაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხმარებადი და საჭირო იყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტებს ძირითადი სარჩელით მოპასუხე არ ეთანხმებოდა, თუმცა დავის პირველ ინსტანციაში დასრულების დროისთვის, მხოლოდ 150 და 200 ლარის ჩარიცხვის შესახებ ფაქტები დგინდებოდა. ამ მოცულობის თანხები კი, არამც თუ საკმარისი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესით აღზრდისთვის, არამედ საარსებო მინიმუმის სტანდარტსაც ვერ ფარავდა. რაც შეეხება სხვა ოდენობის თანხების გადაცემაზე მითითებას, მისი სინამდვილესთან შესაბამისობის დადგენა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, შეუძლებელი იყო. დადასტურებულიც რომ ყოფილიყო, თანხების საკუთარი არასრულწლოვანი შვილისათვის ნებაყოფლობით ჩუქება არ გამორიცხავდა ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში, მშობლების ფინანსური და სხვა შესაძლებლობების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა თვეში 500 ლარის ოდენობით.
9.3.მშობლის უფლების შეზღუდვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობებთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დედის სასარგებლოდ მამისათვის მშობლის უფლების ნაწილის შეზღუდვა ნაკარნახევი იყო ბავშვის საცხოვრებელი ადგილითა და მასთან მუდმივად ცხოვრების ფაქტით, რაც გადაწყვეტილების მიღების იმწუთიერებას, დაუყოვნებლივ საჭიროებასა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს ზრდიდა და მოქნილს ხდიდა. პალატის მითითებით, სასამართლო, როგორც სახელმწიფოში მარლმსაჯულების განმახორცილებელი ერთადერთი ორგანო - ვერ მიანდობდა ბავშის უფლებების განხორციელებას ერთობლივად ორივე მშობელს, რომლებით კონსენსუსს ვერ აღწევედნენ საკითზე. პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილებების დროულ მიუღებლობას კრიტიკულ დროს, შეეძლო დაეზარალებინა არასრულწლოვნის ინტერესები. ამასთან, პალატამ საგანგებოდ შენიშნა, რომ შეზღუდვის ნაწილში, დავის ამგვარად გადაწყვეტა არ ნიშნავდა მამის უფლების სრულ უგულვებელყოფას. დედა ვალდებული იყო ყოველი სამედიცინო ვიზიტი, საჭიროება თუ მანიპულაცია ყოველ ჯერზე ეცნობებინა მეორე ბიოლოგიურ მშობლისათვის და მუდმივად საქმის კურსში ჰყოლოდა იგი.
9.4.არასრულწლოვანი შვილისა და შვილიშვილის მამასთან და ბებიასთან დამოუკიდებლად დარჩენაზე უარის თქმის ნაწილში კი, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ მოცემულობაზე, რომ არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელესთან და ბავშვს მუდმივი მიჯაჭვულობა ჰქონდა დედისადმი. ამასთან, მეურვეობის ორგანოს წარმომადგენელიც არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილებას და განმარტა, რომ ბავშვის ასაკის, მისი მიჯაჭვულობის ხარისხის გათვალისწინებით, არ იქნებოდა მიზანშეწონილი ბავშვის ხანგრძლივი დროით დედისგან მოწყვეტა, თუნდაც ზამთარსა და ზაფხულის პერიოდში. ამასთან, ამ ნაწილში მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი პირების მიერ შედგენილი მეორე სიტუაციური ანალიზის შინაარსი, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა დროებითი განკარგულებით დადგენილი წესის აღსრულების პროცესს და რომლის საფუძველზეც, პალატამ მიიჩნია, რომ მამასა და შვილს არ ჰქონდა იმდენად ინტენსიური ურთიერთობა, რომ მამას სცოდნოდა არასრულწლოვნისთვის გამაღიზიანებელი ან მოსაწონი სათამაშოების კატეგორიაც კი. აღნიშნულის საპირისპიროდ, დედისადმი განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მისკენ მუდმივი ახლოს ყოფნითა და ხელის ჩაკიდებითაც დასტურდებოდა. ასეთ პირობებში, პალატა დაეთანხმა ქვემდგომ ინსტანციას, რომ არასრულწლოვნის დამოუკიდებლად დარჩენა მამასა და ბებიასთან, მიჯაჭვულობის დონის გაძლიერებამდე, დროებით მიზანშეუწონელი იყო.
10. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. და მ.ვ–ძეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
11. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11.1. კასატორების მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, შეუსაბამოა გადამხდელის ფინანსურ შესაძლებლობებთან; თავის მხრივ, მამის წარმომადგენლობითი უფლებების შეზღუდვაც, უსამართლოა და არ შეესაბამება მცირეწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვის პიროვნული და ფსიქოლოგიური განვითარებისათვის, აუცილებელია ორივე მშობლის ჩართულობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო მოთხოვნას წარმოადგენს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა და ბავშვის მამის ოჯახში წაყვანასთან დაკავშირებით, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 07 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლით საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407.1 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის, მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვისა და არასრულწლოვან შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება.
16. საკასაციო პალატა პირველ რიგში, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის საკითხზე იმსჯელებს და ამ ნაწილში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული, სამართლებრივი შედეგის მართლზომიერებას შეაფასებს.
17. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება), 1202.1 (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებზე და განმარტავს, რომ მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესები მშობლების მიერ შვილების რჩენის - ალიმენტის გადახდის კანონისმიერ ვალდებულებას აწესებს. არასრულწლოვნის რჩენის მოვალეობა ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა, თუმცა ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ ადგენს. მისი გონივრული და სამართლიანი ოდენობა, სასამართლომ თავისი დისკრეციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით უნდა დაადგინოს.
18. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს, ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-58-49-2011, 27/06/2011წ; №ას-1141-1061-2017, 17/10/2017წ.; №ას-ას-1301-2019, 13/03/2020წ.; №ას-878-2021, 27/10/2021წ. Nას-1262-2023, 08/11/2023წ.; Nას-1328-2023, 07/03/2024წ.; Nას-1606-2023, 10/04/2024წ.). ამდენად, სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-829-2019, 11/07/2019წ.). ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს (იხ. სუსგ №ას-159-2024; 23/01/2025წ.). როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს. ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ Nას-341-2022, 14/06/2022წ.).
19. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01/07/1994წ.) მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
20. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
21. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად კი, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს (იხ. სუსგ №ას-334-2024; 16/05/2024წ.).
22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
23. ამდენად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვსა და მის ინტერესებზე ზრუნვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობაა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას. შესაბამისად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში, უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა.
24. რაც შეეხება კონკრეტულ სადავო საკითხს, უდავოა, რომ მ.ნ–ს და გ.ვ–ძეს თანაცხოვრებისას შეეძინათ ერთი შვილი - 2021 წლის 24 მაისს დაბადებული თ. ვ–ძე; მხარეები 2021 წლის 01 ივნისიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად; მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია 2022 წლის 25 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილების საფუძველზე; არასრულწლოვანი თ. ვ–ძე დაბადებიდან ცხოვრობს მოსარჩელესთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 აგვისტოს ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, თ. ვ–ძის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მ.ნს საცხოვრებელი ადგილი; ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა არასრულწლოვანის მამისათვის (მოპასუხე), არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრება 1000 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ბავშვისათვის 200 ლარის გადახდაზე, თუმცა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 500 ლარი მიიჩნიეს, რასაც არ იზიარებს კასატორი (ალიმენტვალდებული მამა) და შედავება წარმოადგინა იმ თვალსაზრისით, რომ ალიმენტის ოდენობა შეუსაბამოა მის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან.
25. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებას და აღნიშნულის საპირისპიროდ მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, ისე დედის შემოსავლები და არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საჭიროებები. ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, მშობლების მატერიალური მდგომარეობისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის (1197-ე და 1212-ე მუხლები) გათვალისწინებით კი, გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მართებულად განსაზღვრეს ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.
26. ზემოაღნიშნულ დასკვნას საკასაციო პალატას ვერ გაუქარწყლებს კასატორის მითითება მასზედ, რომ ალიმენტვალდებული მამის ფინანსური მდგომარეობის შეფასებისას, სასამართლოებმა უგულვებელყვეს მისი ახსნა-განმარტება, საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც ნათლად ადასტურებდა მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტვალდებული მამის მატერიალური მდგომარეობის შეფასების მიზნით, დეტალურად შეისწავლეს მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულები, მათ შორის, სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან წარმოდგენილი ინფორმაცია, მომსახურების სააგენტოს ცნობა; ასევე, მოწმის სახით დაკითხული პირის ჩვენება, რომელიც ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა არასრულწლოვნის ბებიის ახსნა-განმარტებასთან; იმავდროულად, სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოებებიც, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის მიუხედავად, 500 ლარიანი შემოსავლის პირობებში, მოპასუხე ძვირადღირებული ავტოსატრანსპორო საშუალებითა და უახლესი თაობის მობილური ტელეფონით სარგებლობდა; სასამართლოები დაეყრდნენ იმ ფაქტსაც, რომ მოპასუხის მხრიდან აღიარებული 500 ლარიანი შემოსავლის მიუხედავად, ხელფასი შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდებოდა და საბოლოო ჯამში, დასახელებულ გარემოებათა და მტკიცებულებათა ერთობლიობაში, შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების შედეგად, არასარწმუნოდ მიიჩნიეს ძირითადი სარჩელით მოპასუხის განმარტება მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის თაობაზე (მამის მატერიალური მდგომარეობის შეფასების ნაწილში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა ვრცლად იხ. წინამდებარე განჩინების 6.3.1.-9.1. აბზაცები), რასაც სრულად იზიარებს საკასაციო პალატაც.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22/01/2010წ.). ამასთან, გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რომელიც სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს აწესებს. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
28. მოცემულ შემთხვევაშიც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა - ალიმენტვალდებული მამის მატერიალური შესაძლებლობების თაობაზე, სწორედ მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებათა, საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა და მოწმის ჩვენების ერთობლიობაში, გონივრულმა შეფასებამ განაპირობა, რომლის საწინააღმდეგოდაც, ძირითადი სარჩელით მოპასუხეს/კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მშობელს აწევს იმ გარემოებების მითითებისა და დამტკიცების ტვირთი, რომლებსაც იგი ალიმენტის ოდენობის შესამცირებლად ეყრდნობა (იხ. სუსგ №ას-51-2021, 30/06/2022წ.). ამ კუთხით, დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე ძირითადი სარჩელით მოპასუხემ, საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა, რომ დაკისრებულ ალიმენტის ოდენობასა და მის მატერიალურ მდგომარეობას შორის, შეუსაბამობა არსებობდა, რაც ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე კასატორის მიერ წარმოდგენილი შედავების გაზიარებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია, თუმცა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ისიც აღნიშნოს, რომ ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სარჩელის წარდგენის დროისათვის საშუალო მომხმარებლისათვის 200.4 ლარს, გასული წლის ბოლოს კი, 230.5 ლარს შეადგენდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით და მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმში არ შედის სხვა მრავალი ხარჯი, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. სასამართლოს მიერ ალიმენტის გადახდევინება კი, როგორც უკვე აღინიშნა, მიზნად ისახავს ბავშვისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა ან მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში ექნებოდა.
30. ალიმენტის ოდენობის ნაწილში წარმოდგენილი შედავების მსგავსად, საკასაციო პალატა უარყოფს არასრულწლოვან შვილთან/შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში, კასატორთა შედავებას და მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებების დაცვის მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობის სისტემური ანალიზი იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ბავშვის უფლებების უზრუნველყოფა არ გულისხმობს ერთი რომელიმე უფლების სხვა უფლებასთან შედარებით უპირატესად რეალიზების, ან დაცვის უფრო მაღალი პრივილეგიით სარგებლობის შინაარსს. ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ყველა უფლებას სახელმწიფო გარანტიებით/ინსტრუმენტებით ერთნაირად სარგებლობის უფლება და ხარისხი გააჩნია, მათ შორის ბავშვისაგან განცალკევებით მცხოვრებ მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებასაც. თუმცა, ეს უფლება აბსოლუტურ უფლებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მშობლისა და ბავშვის უფლებათა შეწონადობის თვალსაზრისით. ბავშვის უფლება უპირატესად ითვლება და მშობელს, გარკვეული პირობების არებობისას, შესაძლოა ჩამოერთვას კიდეც ბავშვთან ურთიერთობის უფლება (სსკ-ის 1205-1206 მუხლები). ამ უფლების შემზღუდავი სახელმწიფო ინსტრუმენტი მოქმედებს მხოლოდ მაშინ და მშობლის უფლება არარეალიზებადია, თუკი მშობლის მოვალეობის არასათანადო შესრულება წინააღმდეგობაშია ბავშვის თუნდაც ერთ რომელიმე ინტერესთან (ჯანმრთელობა, ემოციური განვითარება, სწავლა და ა.შ.), ე.ი. მშობლის ბუნებითი უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად და, ამა თუ იმ პირობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ კონტროლს ექვემდებარება (შდრ. სუსგ Nას-434-2021, 30/07/2021წ.).
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეულ და დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან და ბებიასთან დამოუკიდებლად დარჩენაზე უარის თქმის საფუძველი გახდა და რომელთა საწინააღმდეგოდაც, კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ არასრულწოვანი ბავშვი მცირე ასაკისაა; არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს დედასთან; მამას არ ჰქონია ბავშვთან ურთიერთობის გამოცდილება და მხოლოდ სასამართლოს განჩინების ფარგლებში დაიწყო მამა-შვილის ურთიერთობის აღდგენის პროცესი; ბავშვს დედის მიმართ აქვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა, უჭირს დედის გარეშე ყოფნა, ხოლო მამის მიმართ, არ არის ჩამოყალიბებული სანდო მიჯაჭვულობა. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორს დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, ამასთან, არ მიუთითებია რაიმე ისეთ არსებით გარემოებაზე, რაც მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოების, საქმის მასალებში წარმოდგენილი დროებითი განკარგულების აღსრულების პროცესის ამსახველი სიტუაციური ანალიზების, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკისა და ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც არ დაეთანხმა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის სრული მოცულობით დაკმაყოფილებას, გადაწყვეტილება არასრულწლოვანი ბავშვის მამასთან და ბებიასთან დამოუკიდებლად დარჩენაზე უარის თქმის ნაწილში, სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის.
32. რაც შეეხება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
33. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, გ.ვ–ძეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ, მისი მკურნალობის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღების, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ნაწილში (იხ., პირველი ინსტანციის სასამართლოს 25.05.2023წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი - ტ.2. ს.ფ 236). აღნიშნულის წინააღმდეგ კასატორები მიუთითებდნენ თავიანთ სააპელაციო პრეტენზიის სამართლებრივ უსწორობებში (იხ., სააპელაციო საჩივარი - ს.ფ. 19, 20, ტ.3) და სადავოდ ხდიან საკასაციო საჩივარშიც, იმ მოტივით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რაც მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის აუცილებელი წინაპირობების არსებობას დაადასტურებდა.
34. სადავო საკითხის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე (სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად) და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას, მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის დამტკიცების ვალდებულება (იხ. სუსგ Nას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი).
35. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ერთი მხრივ, იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ დაადასტურებდა მამის მხრიდან მშობლის უფლებით მანიპულირებას, უფლების ბოროტად გამოყენებას ან/და ბავშვის ინტერესების საზიანოდ, საზღვრის კვეთის მოთხოვნაზე უარის თქმას, თუმცა, მეორე მხრივ, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ მოცემულობას, რომ არასრულწლოვნის მშობლებს ერთმანეთის მიმართ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, იმდენად, რამდენადაც ერთხელ უკვე შემაკავებელი ორდერი იყო გამოყენებული; ამასთან, მხარეები დროებითი განკარგულების აღსრულებასაც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 6.2.4 და 6.2.9. ქ/პუნქტები). შესაბამისად, ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც თავის მხრივ, მოითხოვს მყისიერ რეაგირებასა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღების საჭიროებას, გასაზიარებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაცია მასზედ, რომ ბავშის უფლებების განხორციელება ერთობლივად არ უნდა მიენდოს ორივე მშობელს, რამეთუ კრიტიკულ დროს გადაწყვეტილებების დროულ მიუღებლობას, შეუძლია დააზარალოს არასრულწლოვნის ინტერესები. ამდენად, მშობლებს შორის კონფლიქტისა და დესტრუქციული ურთიერთობის არსებობის ფონზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მკურნალობისა და სახელმწიფო დაწესებულებებთან წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას, სახეზეა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საფუძველი და ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
36. რაც შეეხება პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა არამხოლოდ სასამართლოს ან სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, არამედ ამაზე ზრუნვა ევალებათ ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებსაც. შესაბამისად, ისეთ ვითარებაში, როდესაც სხვა ქვეყნების მონახულების, ტურისტული ვიზიტების განხორციელების, სხვა ქვეყნის ღირშესანიშნაობებისა და გასართობი დაწესებულებების მონახულების, სხვა კულტურასთან ზიარების ან უბრალოდ, კურორტზე დასვენების მიზნით, ბავშვის საზღვარგარეთ დროებით გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოითხოვს მყისიერ რეაგირებას, დედამ, ბავშვის საკეთილდღეოდ, უნდა ითანამშრომლოს ბავშვის მამასთან.
37. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მისი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, არ მიუთითებია ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრების კონკრეტული პერიოდები, ხანგრძლივობა, ქვეყნები. შესაბამისად, მამისათვის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა იმგვარად, რომ დედას მიეცეს განუსაზღვრელი ვადითა და პერიოდულობით, ბავშვის საზღვარგარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში წაყვანისა და ყოველდღიურობისაგან მოწყვეტის უფლება, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი ვერ იქნება.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც, მათ შორის, სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განსაზღვროს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის პირობები, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა დასაბუთებულია და ამავდროულად, გამოკვეთილი და დადგენადია მისი გაყვანის პერიოდულობა, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები, რაც, როგორ უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე, თავად მოსარჩელის მიერაც ვერ იქნა განსაზღვრული.
39. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მამის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ზოგადი სახით დაკმაყოფილებას, არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი დაეთანხმა.
40. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღების ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთმა კასატორმა - მამამ გ.ვ–ძემ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და ამ ნაწილში, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული).
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი და საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღებაზე თანხმობის გაცემის საკითხზე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში და ამ ნაწილში, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
43. მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელით მოსარჩელე - მ.ნ-ვ–ძე, ასევე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები - მ.ვ–ძე და გ.ვ–ძე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რომელთა თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე და მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
44. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 150 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მხოლოდ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო, გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებაზე კასატორს უარი ეთქვა, საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
აკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257.1-ე, 264.3-ე, 372-ე, 399-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გ.ვ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მ.ნ-ვ–ძის სარჩელი მოპასუხე გ.ვ–ძის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის - თ.ვ–ძის (დაბ.: 24.05.2021წ.) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის აღებაზე თანხმობის გაცემის საკითხზე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეორანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე