Facebook Twitter

საქმე №ას-702-2025 11 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ნი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკურედ ცნობა

საკითხი რომელზეც მიღებულია განჩინება - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „ა“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ოქტომბრის დამატებით გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული დაუშველობის გამო.

2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2024წ. დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ა“-ს შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 1800 ლარის ოდენობით;

2.2.დამატებით გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადაგინა შპს „ა“-მა, რომელმაც დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა;

2.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებით გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 365-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს. განსახილველ შემთხვევაში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.2024წ. დამატებითი გადაწყვეტილებით შპს „ა“-ს შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 1800 ლარის ოდენობით, რაც არ აღემატებოდა მითითებული მუხლით დადგენილ ზღვარს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა შპს „ა-“მა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

7. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ა“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებაზე იმ მოტივით დარჩა განუხილევლად რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რაც სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ 2000 ლარს არ აღემატებოდა.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული მსჯელობა არ შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, კერძოდ, საკასაციო პალატის განმარტებით, დავის საგნის ღირებულებაში, რაზეც სსსკ-ის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები). ჯერ ერთი, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივსამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს.

9. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და, ბუნებრივია, დავის საგნის ღირებულებაში ვერ შევა. იგი, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული, პროცესის ხარჯების ერთ-ერთი სახეა. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

10. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პროცესის ხარჯი დავის საგნის ღირებულებაში არ შედის და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულებას არ ემატება (იხ., სუსგ-ები: №ას-1331-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი, №ას-34-2023, 28 აპრილი, 2023 წელი).

11. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი არსებობს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).

12. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

13. ზემოთმოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალა განხილვისას, სააპელაციო პალატამ ხელახლა უნდა იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე საკასაციო პალატის ზემომითითებული მსჯელობის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა“ -ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე