Facebook Twitter

საქმე №ას-944-2023 17 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),

გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ნ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ბ–ძე (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ.მ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ბ–ძის (შემდეგში: მსესხებელი ან მოპასუხე ან აპელანტი) დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.10.2022წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ (1-ლი პუნქტი) შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ნ–იას“ (შემდეგში: გამსესხებელი ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი, თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 17.02.2017წ. მხარეთა შორის „N2055 სალომბარდო ხელშეკრულება“ გაფორმდა, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელეს სესხად 3300 ლარი გადასცა, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვით (შემდეგში - N2055 ხელშეკრულება);

2.2 გამსესხებლის სახელზე აღირიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალება TRAILER TEBS4, რომელიც მსესხებელს მართვის უფლებით გადაეცა;

2.3 N2055 ხელშეკრულების 3.6 პუნქტის მიხედვით გამსესხებელი არ გასცემს ანაზღურებას დაზიანებულ ავტომობილზე. გამსესხებელი სესხზე იღებს სესხის რისკის დაზღვევის საკომისიოს, რომლის გადახდა მსესხებელს ეკისრება ყოველ მესამე თვეს. ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია სრულად გადაუხადოს გამსესხებელს სესხი (პროცენტი, ჯარიმა, ძირი თანხა), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამსესხებელს რეგრესის სახით მიჰყავს დაზიანებული ავტომობილი, რის შედეგადაც გამსესხებელი თავისუფლდება სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან;

2.4 გამსესხებელმა დაარღვია N2055 ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვადებულება. მისი დავალიანება 4455 ლარს შეადგენს;

2.5 მხარეთა შორის 14.02.2017წ. მეორე ხელშეკრულებაც გაფორმდა - „N2054 სალომბარდე ხელშეკრულებით“ მოპასუხემ მოსარჩელეს სესხად 12 000 ლარი გადასცა, სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვით (შემდეგში - N2054 ხელშეკრულება);

2.6 გამსესხებლის სახელზე აღირიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალება MAN TGA18.430 (უნაგირა საწევარი), რომელიც მსესხებელს მართვის უფლებით გადაეცა;

2.7 N2054 ხელშეკრულების 3.6 პუნქტის მიხედვით გამსესხებელი არ გასცემს ანაზღურებას დაზიანებულ ავტომობილზე. გამსესხებელი სესხზე იღებს სესხის რისკის დაზღვევის საკომისიოს, რომლის გადახდა მსესხებელს ეკისრება ყოველ მესამე თვეს. ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია სრულად გადაუხადოს გამსესხებელს სესხი (პროცენტი, ჯარიმა, ძირი თანხა), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამსესხებელს რეგრესის სახით მიჰყავს დაზიანებული ავტომობილი, რის შედეგადაც გამსესხებელი თავისუფლდება სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან;

2.8 გამსესხებელმა დაარღვია N2054 ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება. მისი დავალიანება 14175 ლარს შეადგენს;

3. გამსესხებელი წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვდა, როგორც თანხის დაკისირებას, ასევე, ნივთების (ავტოსატრანსპორტო საშუალება TRAILER TESBS4 (ფურგონი, ნახევრადმისაბმელი) და MAN TAGS 18.430 (უნაგირა საწევარი) მსესხებლისაგან გამოთხოვას და გამსესხებლისათვის გადაცემას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.10.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა როგორც თანხის დაკისრების, ასევე, მითითებული სატრანსპორტო საშულებების გამოთხოვის და გამსესხებლისათვის გადაცემის ნაწილში. გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხემ თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა. მისი ძირითადი პრეტენზია იმაში გამოიხატა, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სახელშეკრულებო შეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამსესხებლისათვის გადაცემის შემთხვევაში, მსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ.

4. სააპელაციო პალატამ დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 623-ე, 625-ე 417-418-ე, 254.1, 258-ე, 2601 და 276.2 მუხლებით მოაწესრიგა და მიიჩნია, რომ ვინაიდან მსესხებელმა სესხის გადახდის შესახებ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, გამსესხებელს წარმოეშვა უფლება მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლისაგან გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით.

5. სააპელაციო პალატის მითითებით ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამსესხებლის სახელზე „გაფორმების“ თაობაზე შეთანხმება, გირავნობის შესახებ წერილობით შეთანხმებას წარმოადგენს, რომელიც მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა.

6. ამდენად, წარმოშობილია რეგისტრირებული გირავნობა და გამსესხებელს უფლება აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემით. ამასთან, ვინაიდან გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ გირავნობის საგნის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილებულია და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსესხებელს არ გაუსაჩივრებია, ამით კრედიტორის მოთხოვნას მოვალეს დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა, საფუძველი გამოეცალა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელე მსესხებელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტლება დაუსაბუთებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია სალომბარდე ხელშეკრულებათა პირობები, არ მიუთხოვია ამ პირობების ბათილობა, არამედ ხელშეკრულების პირობების თავისი ინტერპრეტაცია შესთავაზა სასამართლოს, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც და დაუსაბუთებლად უარყო კრედიტორის მოთხოვნა თანხის დაკისრების ნაწილში (იხ., დეტალურად საკასაციო საჩივარი).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა.

13. საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ N2055 და N2054 სალომბარდე ხელშეკრულებების საფუძველზე გამსესხებლის სახელზე აღირიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალებები: TRAILER TEBS4 (ნახევრადმისაბმელი) და MAN TGA18.430 (უნაგირა საწევარი), რომელიც მსესხებელს მართვის უფლებით გადაეცა. გამსესხებელმა დაარღვია ორივე სახელშეკრულებო ვალდებულება ვალის გადახდის შესახებ და წინამდებარე საქმეზე გამსესხებლის მიერ აღძრული სარჩელი მსესხებლის მიმართ გირავნობის საგნების - TRAILER TEBS4 (ნახევრადმისაბმელი) და MAN TGA18.430 (უნაგირა საწევარი), გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილებულია. ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსესხებელს არ გაუსაჩივრებია - დაეთანხმა გირავნობის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას. მსესხებელი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს 02.06.2023წ. გადაწყვეტილების კანონიერებას და სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მსესხებელი (მოვალე) გათავისუფლდა თანხის გადახდის ვალდებულებისაგან, რადგან გამსესხებლის (კრედიტორი) მოთხოვნა მსესხებლის მიმართ გირავნობის საგნის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილებულია, ამით კრედიტორის მოთხოვნას, მოვალეს დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო, საფუძველი გამოეცალა.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 254.1 მუხლით გათვალისწინებულ გირავნობის არსზე, რომლის თანახმადაც, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის გადაცემაც სხვა პირისათვის დასაშვებია, შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით - მის საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

15. გირავნობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებას. იგი მთლიანად არის დამოკიდებული უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე და მის გარეშე არ არსებობს. გირავნობის შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოვალის მხრიდან უზრუნველყოფს მოძრავი ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მოძრავია ყველა ნივთი, რომელიც არ მიეკუთვნება სსკ-ის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ნივთებს. ამასთან, დაგირავება დაიშვება მხოლოდ ისეთი მოძრავი ნივთების, რომელთა გადაცემაც შეიძლება სხვა პირისათვის.

16. საქართველოს კანონმდებლობა განასხვავებს გირავნობის რამდენიმე სახეს: სახელშეკრულებო გირავნობა; კანონისმიერი გირავნობა; მფლობელობითი გირავნობა; რეგისტრირებული გირავნობა. მათ შორის განსხვავებების მიუხედავად, გირავნობის ყველა ნაირსახეობას აქვს ერთი საერთო: ისინი წარმოადგენენ უზრუნველყოფის აქცესორულ საშუალებას ცალკეულ მოძრავ ნივთებზე თუ უფლებებზე.

17. რეგისტრირებული გირავნობა უზრუნველყოფს დამგირავებლისათვის მფლობელობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საგნის რამდენჯერმე დაგირავების შესაძლებლობას (სსკ-ის 267-ე მუხ.), განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან.

18. ამასთან, მფლობელობითი გირავნობისაგან განსხვავებით, რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოგირავნის დაკმაყოფილება გირავნობის საგანზე საკუთრების მოპოვებით (სსკ-ის 2601 მუხ.).

19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება (“Ius est ars boni et aequi”, იხ. Corpus Juris Civilis, დიგესტები, 1.1.). სამართალმა უნდა უზრუნველყოს სადავო საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ეს მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში.

20. საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში (იხ., რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა, 2009, 73, 74). სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრირებული გირავნობის დროს გირავნობის საგანი რჩება დამგირავებლის მფლობელობაში, მაგრამ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ამ ნივთის (თუ უფლების) დატვირთვა გირავნობით ფორმდება მარეგისტრირებელ ორგანოში (შსს მომსახურების სააგენტო) რეგისტრაციით.

22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ N2055 და N2054 ხელშეკრულებების საფუძველზე, გამსესხებლის სახელზე აღირიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც მსესხებელს მართვის უფლებით გადაეცა.

23. ამასთან, N2055 და N2054 ხელშეკრულებების 3.6 პუნქტების მიხედვით „გამსესხებელი არ გასცემს ანაზღურებას დაზიანებულ ავტომობილზე. გამსესხებელი ხელშეკრულების დადებისთანავე ავტომობილზე გაცემულ სესხზე იღებს სესხის რისკის დაზღვევის საკომისიოს, რომლის გადახდა მსესხებელს ეკისრება ყოველ მესამე თვეს. ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია სრულად გადაუხადოს გამსესხებელს სესხი (პროცენტი, ჯარიმა, ძირი თანხა), წინააღმდეგ შემთხვევაში, გამსესხებელს რეგრესის სახით მიჰყავს დაზიანებული ავტომობილი, რის შედეგადაც მსესხებელი თავისუფლდება სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან“.

24. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები დავობენ ვალის გადახდის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, იმ მოცემულობაში, როდესაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წინამდებარე დავის ფარგლებში, ავტომობილები, როგორც გირავნობის საგანი კრედიტორს გადაეცა.

25. საკითხის სიცხადის მიზნით, საკასაციო პალატა ხელშეკრულებათა განმარტების აუცილებლობაზე მიუთითებს, რომლის თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

27. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა.

28. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

29. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

30. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ.

31. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს (სუსგ №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015წ.).

32. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს ხელშეკრულებათა განმარტების თაობაზე მსჯელობას და დასკვნებს, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა გამსესხებლის სახელზე „გაფორმების“ თაობაზე შეთანხმება, წარმოადგენს გირავნობის შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელიც მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილია რეგისტრირებული გირავნობა. სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული გირავნობის სახით სესხის უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული და ვინაიდან უდავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამსესხებლის უფლება, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემით, წარმოშობილია. ამასთან, ვინაიდან გამსესხებლის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ გირავნობის საგნის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილებულია, უსაფუძვლოა მოვალისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ნ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ნ–იას“ (ს.კ ........) დაუბრუნდეს 04.08.2023წ.-ს №481 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 857 ლარის 70% – 599.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. მარსაგიშვილი

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

ლ. ქოჩიაშვილი