Facebook Twitter

საქმე №ას-1157-2023 18 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს “G.R.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი - შპს “N.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.06.2023წ. განჩინებით შპს “G.R.“-ის (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2022წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სს „ა.დ–თვის“ (შემდეგში - მოპასუხე) თანხის დაკისრების და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :

2.1.11.04.2014წ. მოსარჩელეს და შპს ,,N.”-ს (შემდეგში - მესამე პირი) შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15 ხელშეკრულება გაფორმდა, ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის ტერიტორიაზე ექვსი ცალი სასტუმროს ტიპის კოტეჯის მშენებლობის სამუშაოების განხორციელებაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2 057 057 ლარს შეადგენდა (შემდეგში - N15 ხელშეკრულება);

2.2.N15 ხელშეკრულების მე-4 მუხლით ანგარიშსწორების ფორმა და პირობები განისაზღვრა: ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს: ა) ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში; ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულების მაქსიმუმ 20%-ის ოდენობის თანხის წინასწარი გადახდით, მიმწოდებლის მიერ იმავე თანხაზე წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე, წინასწარ გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდება ორ ეტაპად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულებიდან, პირველ ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის 40%-ის ოდენობით, ხოლო მეორე ეტაპზე 60%-ის ოდენობით; 15.03.2015წ. მოსარჩელეს და მესამე პირს შორის გაფორმდა შეთანხმება ზ/აღნიშნული ხელშეკრულების დამატება N4, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულების 4.2. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულების მაქსიმუმ 20%-ის ოდენობის თანხის წინასწარი გადახდით, მიმწოდებლის მიერ იმავე თანხაზე წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე, წინასწარ გადახდილი თანხის გამოქვითვა განხორციელდება სამ ეტაპად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულებიდან, პირველ და მეორე ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის 20%-ის ოდენობით, ხოლო მესამე ეტაპზე 60%-ის ოდენობით;

2.3.მოპასუხემ, მესამე პირის სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია, რომლითაც ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წინაშე, რომ მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნებდა მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილ თანხას.

2.4.საგარანტიო ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით. ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯაროსამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად;

2.5.მოსარჩელის მიერ მესამე პირის ანგარიშზე საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში FRI/14-048864 საბანკო გარანტიის საფუძველზე 13.06.2014წ.-დან 12.08.2015წ.მდე პერიოდში საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში სულ 890 000 ლარია გადახდილი;

2.6.30.06.2014წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა შესრულების ფარგლებში 155 242.25 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.7.22.07.2014წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მეორე შესრულების ფარგლებში 97 677.97 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.8.02.09.2014წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მესამე შესრულების ფარგლებში 176 678.99 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.9.17.09.2014წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მეოთხე შესრულების ფარგლებში 90 717.77 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.10. 06.10.2014წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მეხუთე შესრულების ფარგლებში 99 403.27 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.11. 12.01.2015წ. შედგენილი ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მეექვსე შესრულების ფარგლებში 127 100.82 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.12. 17.06.2015წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მეშვიდე შესრულების ფარგლებში 294 735.43 ლარის ოდენობის სამუშაოები შეასრულა;

2.13. 15.07.2015წ. ფორმა N2-ის თანახმად, მესამე პირმა მერვე შესრულების ფარგლებში 227 259.11 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა;

2.14. ჯამში, ფორმა N2-ის შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება 1 268 816.21 ლარს შეადგენს;

2.15. მოსარჩელემ მესამე პირს 20.10.2014წ. სს „თ.ბ–ის“ ანგარიშზე 620 967.28 ლარი ჩაურიცხა.

3. 14.09.2015წ. აქტის თანახმად, მესამე პირსა და ბ.პ–ძეს შორის, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის 11.04.2014წ. ხელშეკრულების ფარგლებში ზეპირი შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზე ბ.პ–ძეს დაევალა ხის მასალის შემოტანა.

4. ბ.პ–ძის მიმართ მესამე პირის დავალიანებამ 23 123 ლარი (საშემოსავლო გადასახადების გარეშე) შეადგინა. თანხმობის აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან ბ.პ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირის მხრიდან ბ.პ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 23 123 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ამავე აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ ბ.პ–ძისათვის გადარიცხული 23 123 ლარი - 28 903 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხად. მოსარჩელემ ბ.პ–ძეს 28.09.2015წ. 20 000 ლარი ჩაურიცხა.

5. 14.09.2015წ. თანხმობის აქტის თანახმად, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში ზეპირი შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზე ტ.ჯ–ძესა და მის ჯგუფს ქვის სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაევალა. სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 19 795 ლარი შეადგინა. ამავე აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან ტ.ჯ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირის მხრიდან ტ.ჯ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 19 795 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოსარჩელის მიერ ტ.ჯ–ძისათვის გადარიცხული 19 795 ლარი - 24 743 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე 11.04.2014წ. N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხად. 14.09.2015წ. თანხმობის აქტის თანახმად, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში ზეპირი შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზე ზ.შ–ძესა და მის ჯგუფს დაზგაზე ხის დამუშავება დაევალა. სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 16 247 ლარი შეადგინა. ამავე აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან ზ.შ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირის მხრიდან ზ.შ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 16 247 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოსარჩელის მიერ ზ.შ–ძისათვის გადარიცხული 16 247 ლარი - 20 308 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხად;

6. 14.09.2015წ. თანხმობის აქტის თანახმად, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში 11 ზეპირი შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზე გ.ბ–ძეს უნდა შეესრულებინა სამუშაოები. სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 34 014 ლარი შეადგინა. ამავე აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან გ.ბ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირის მხრიდან გ.ბ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 34 014 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოსარჩელის მიერ გ.ბ–ძისათვის გადარიცხული 34 014 ლარი - 42 517 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხად.

7. 14.09.2015წ. თანხმობის აქტის თანახმად, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში ზეპირი შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზე ა.ბ–ძეს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი დაევალა. მისი ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 22 662 ლარი (საშემოსავლო გადასახადების გარეშე) შეადგინა. ამავე აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული 12 სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან ა.ბ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირის მხრიდან ა.ბ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 22 662 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოსარჩელის მიერ ა.ბ–ძისათვის გადარიცხული 22 662 ლარი - 28 327 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხად.

8. 18.09.2015წ. თანხმობის აქტის თანახმად, მოსარჩელესა და მესამე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში ზეპირი შეთანხმება დაიდო, რომლის საფუძველზე ი.თ–ძემ 3 832 ლარის (საშემოსავლო გადასახადების გარეშე) ღირებულების სამუშაოები შეასრულა. ამავე აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან ი.თ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირის მხრიდან ი.თ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 3 832 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოსარჩელის მიერ ი.თ–ძისათვის გადარიცხული 3 832 ლარი - 4 790 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანხად. მოსარჩელის მიერ ი.თ–ძისათის 25.09.2015 წელს ჩარიცხულ იქნა 1 678 ლარი.

9. 18.09.2015წ. თანხმობის აქტის თანახმად, მოსარჩელესა და მესმე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში დაიდო ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზე ი.ზ–ძემ და მის მიერ დაქირავებულმა პირებმა 27 600 ლარის (საშემოსავლო გადასახადების გარეშე) ღირებულების სამუშაოები შეასრულეს. ამავე აქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელემ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულებიდან ი.ზ–ძეს ჩაურიცხოს მესამე პირისს მხრიდან ი.ზ–ძის მიმართ არსებული დავალიანება 27 600 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). მოსარჩელის მიერ ი.ზ–ძისათვის გადარიცხული 27 600 ლარი - 34 500 ლარი საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით ჩაითვლება მოსარჩელის მიერ მესამე პირზე N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების სახით ასანაზღაურებელ თანახად.

10. მოსარჩელემ მ.თ–ძეს 14.09.2015წ. თანხმობის აქტის საფუძველზე 25.09.2015წ. 2 400 ლარი ჩაურიცხა.

11. მოსარჩელე/აპელანტი მიუთითებდა, რომ №15 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე 31.08.2015წ. მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების საფუძველზე წინასწარ გადახდილი თანხებიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან ჯამურად გამოქვითული იყო სულ 487 000 (ოთხასოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარი, ხოლო გამოუქვითავი თანხის ნაშთი 403 000 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ/აპელანტმა მიმართა მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს და მოითხოვა გაცემული გარანტიის თანხის ჩარიცხვა, თუმცა უარი მიიღო.

12. მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ (1) მოსარჩელეს და მესამე პირს შორის N15 ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ს.კ.ა.ჯ“-ს სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების FRI/14-048864, FRI/14-049033, 1R1/14-51453, TRI/14-054206, FRI/14- 055029, FRI/15 - 1282, FRI/15 - 065014, TRI/15-066102, T'RI/15-070800, FRI/15-072870 და FRI/15-074566 საბანკო გარანტიების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მესამე პირზე 31.08.2015წ. მდგომარეობით წინასწარ გადახდილია სულ 890 000 ლარი. (2) N15 ხელშეკრულების ფარგლებში შპს დ.კ. ა.ჯ“-ს სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების FRI/14-048864, FRI/14 - 049033, FR1/14 -051453, FRI/14-054206, FRI/14- 055029, FRI/15 - 282, FRI/15-065014, TRI/15 - 066102, TRI/15 - 070800, FRI/15-072870 და FRI/15-074566 საბანკო გარანტიების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მესამე პირზე წინასწარ გადახდილი თანხიდან N15 ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის მიხედვით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან 31.08.2015წ. მდგომარეობით გამოქვითულია 487 000 ლარი. (3) N15 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ს.კ.ა.ჯ–“-ს სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების TRI/14-048864, FRI/14-049033, TRI/14-051453, FRI/14-054206, FRI/14 - 055029, FRI/15 282, FR1/15-065014, FRI/15-066102, FRI/15-07080, FR1/15 -072870 და FRI/15 - 074566 საბანკო გარანტიების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მესამე პირზე წინასწარ გადახდილი თანხიდან 31.08.2015წ. მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან გამოუქვითავი თანხის ნაშთი შეადგენს 17 403 000 ლარს. (4) N15 ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების საფუძველზე წინასწარ გადახდილი თანხის გამოქვითვის დროს მოსარჩელის მიერ სრულადაა დაცული N15 ხელშეკრულების მე-4 პუნქტით (ანგარიშსწორების ფორმა და პირობები) შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან წინასწარ გადახდილი თანხის პროპორციული გამოქვითვისათვის დადგენილი წესი (იხ. აუდიტის დასკვნა ტ.1. ს.ფ. 203-207).

13. საბანკო გარანტიების თანახმად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ბენეფიციარის მოსარჩელის წინაშე, რომ მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნებდა მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილ თანხას. გარანტიის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით. ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯაროსამართლებრივი სანქციის გარეშე. გარანტიის თანხა უნდა შემცირებულიყო პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად.

14. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 879, 887-ე და 888–ე მუხლებით.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საბანკო გარანტიის საფუძველზე მოსარჩელის მიერ ჯამში გადახდილია ავანსის სახით 890 000 ლარი. გარანტიის პირობების შესაბამისად კი საბანკო გარანტიის საფუძველზე ავანსის მოცულობა უნდა შემცირებულიყო პრინციპალის მიერ ბენეფიციარის საქონლის, მომსახურების და სამუშაოს ფაქტობრივი მიწოდების და სხვა მიზნობრივი ხარჯის პროპორციულად. დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 268 816.21 ლარი.

16. შეთანხმების აქტის საფუძველზე დგინდება, რომ N15 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ, მესამე პირების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 187 088 ლარს.

17. დადგენილია, რომ გარანტის უარი საავანსო ანგარიშსწორების შესახებ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის (403 000 ლარის) გადახდაზე დაეფუძნა ბენეფიციარის მოთხოვნის შეუსაბამობას გარანტიის პირობებთან. გარანტიის მეორე პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად,, ,გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის მომსახურებისა და სამუშაოს ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად“.

18. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ანდა თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

19. ამდენად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გაცემული ფულადი თანხის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა.

20. სსკ-ის 887-888-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს – წარდგენილია გარანტიაში მითითებული დოკუმენტები, მითითებულია ის, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია, და დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა, გარანტს წარმოეშობა ვალდებულება გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულადი თანხა.

21. დადგენილია, რომ პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 1 455 904.21 ლარს (1 268 816.21ლარს +187 088 ლარი), რაც აღემატება გაცემული ავანსის ოდენობას (890 000 ლარს).

22. აქედან გამომდინარე, გარანტის უარი, გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე, შეესაბამება საავანსო ანგარიშსწორების შესახებ საბანკო გარანტიის პირობებს. შესაბამისად, აპელანტმა (მოსარჩელე) თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის ფარგლებში გაუქვითავი ნაშთის 403 000 ლარის არსებობა, რამაც სარჩელის უარყოფა სწორად განაპირობა.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა/მოსარჩელე საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24. კასატორი აღნიშნავს, რომ N15 ხელშეკრულების საავანსო ანაგარიშსწორების გარანტად მესამე პირი იყენებდა მოპასუხის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებს. საბანკო გარანტიების საფუძველზე წინასწარ გადახდილია 890 000 ლარი. გაცელი თანხა მცირდებოდა ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით. მოსარჩელემ წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ანაზღაურებისას ავანსის სახით გადახდილი თანხა გამოიქვითა ხელშეკრულებით დადგენილი წესით და პროპორციით. კასატორი აღნიშნავს, მოპასუხე იმიტომ არ ეთანხმებოდა გამოქვითვის წესს, რომ საბანკო გარანტიები გაცემულია მოსარჩელესა და მესამე პირს შორის გაცემული ხელშეკრულების საფუძველზე, კერძოდ, საბანკო გარანტიებში ვალდებულების საფუძვლად მითითებულია N15 ხელშეკრულება. N15 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე 31.08.2015წ.-მდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან ჯამში გამოქვითულია 487 000 ლარი. გამოუქვითავი თანხის ნაშთი 403 000 ლარია.

25. მოსარჩელემ მოპასუხეს გაცემული გარანტიის თანხის ჩარიცხვა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. კასატორი აცხადებს, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის ფარგლებში გაუქვითავი თანხის ნაშთი - 403 000 ლარი გადაუხადოს.

26. კასატორი აღნიშნავს, მოპასუხე თანხის გადახდაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს N15 ხელშეკრულების მე-2 პუნქტს, რომლის შესაბამისად, გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად, რაც კასატორის მოსაზრებით, არ ეწინააღმდეგება N15 ხელშეკრულების მე-4 პუნქტის პირობებს, რომელშიც დაკონკრეტებულია შესრულებულის სამუშაოების პროპორცია და გულისხმობს ავანსად გადახდილი თანხის სამ ეტაპად გამოქვითვას. გარანტიებში არ წერია, გამოქვითვა უნდა განხორციელდეს შესრულებული სამუშაოების პირდაპირპროპორციულად, რაც არ გამორიცხავს, რომ ავანსი გამოიქვითოს სამ ეტაპად, როგორც ეს ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ამასთან, თუ მოპასუხე არ ეთანხმებოდა გამოქვითვის წესს, რატომ არ წერდა აღნიშნულს მოსარჩელეს წერილის პასუხად, რომელშიც მოსარჩელე უთითებდა თუ როგორ ახდენდა გამოქვითვას. შესაბამისად, მოპასუხე ეთანხმებოდა გამოქვითვის წესს, რომელიც N15 ხელშეკრუების მე-4 პუნქტში იყო მითითებული. მოპასუხე იმიტომ გაცემდა ახალ გარანტიებს, რომ მისთვის ცნობილი იყო გამოქვითვის პრინციპი.

27. კასატორი აღნიშნავს, ბოლო საბანკო გარანტია 403 000 ლარზე გაიცა მაშინ, როდესაც მოსარჩელეს მესამე პირისათვის გადარიცხული ჰქონდა 890 000 ლარი მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე, 45 000 ლარის სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე და შესრულებული სამუშაოებისათვის 620 967.28 ლარი. ე.ი ბოლო გაცემის დროისათვის (25.08.2015წ.) მოსარჩელეს მესამე პირისათვის ჯამში გადარიცხული ჰქონდა მითითებული თანხის ჯამი (155 967.28 ლარი). შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული მოპასუხის უარი გადაიხადოს სადავო თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

29. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 29.05.2024წ. განცხადებით მომართა მოპასუხემ, რომელმაც წარმოადგინა ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და აღნიშნა, რომ მოპასუხემ შეიცვალა საფირმო სახელწოდება და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს სს „ს.კ.ა–ს“ (ტ.3. ს.ფ. 226-232).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პ.2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

33. კასატორი პრეტენზიას აცხადებს, რომ N15 ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე 31.08.2015წ.-მდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან ჯამში გამოქვითულია 487 000 ლარი. გამოუქვითავი თანხის ნაშთი 403 000 ლარია. მოსარჩელემ მოპასუხეს გაცემული გარანტიის თანხის ჩარიცხვა მოსთხოვა, რაზეც უარი უსაფუძვლოდ მიიღო, შესაბამისად, მოპასუხე წინამდებარე დავის ფარგლებში ვალდებულია მოსარჩელეს საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის ფარგლებში გაუქვითავი თანხის ნაშთი - 403 000 ლარი გადაუხადოს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო სამართალში „საბანკო გარანტია“ დოკუმენტალური ოპერაციის სახითა ცნობილი. მისი იურიდიული ბუნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაშია განმარტებული (მრავალთა შორისაა: სუსგ-ები №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი; იხ., საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).

34. სსკ-ის 879-ე მუხლის მიხედვით საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

35. საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საგულისხმოა, რომ ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.

36. სსკ-ი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე.

37. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი.

38. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის 881-ე მუხლი).

39. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

40. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ.

41. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა.

42. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მოპასუხემ, მესამე პირის სასარგებლოდ N15 ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა პერიოდში გასცა საბანკო გარანტია, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წინაშე, რომ მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნებდა მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილ თანხას. საგარანტიო ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით. ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯაროსამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად.

43. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირის ანგარიშზე საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში FRI/14-048864 საბანკო გარანტიის საფუძველზე 13.06.2014წ.-დან 12.08.2015წ.მდე პერიოდში საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში სულ 890 000 ლარია გადახდილი.

44. სსკ-ის 887.I მუხლის თანახმად გარანტი უფლებამოსილი და ვალდებულიცაა შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესი სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია: „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ., სუსგ №ას-781-996-08, 17.03.2009წ.). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინა, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. თუკი, ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.II მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა.

45. სსკ-ის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია (შდრ: სუსგ №ას-782-739-2015, 19.10.2015წ.).

46. განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია, რომ პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება 1 455 904.21 ლარს (1 268 816.21ლარს +187 088 ლარი) შეადგენს, რაც აღემატება გაცემული ავანსის ოდენობას (890 000 ლარს) (იხ., სააპელაციო პალატის განჩინება პ.23 - ტ.3, ს.ფ. 84), მოპასუხის უარი გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე შეესაბამება საავანსო ანგარიშსწორების შესახებ საბანკო გარანტიის პირობებს.

47. შესაბამისად, საკასაციო პალატა იაზარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.

49. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “G.R.“ -ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს “G.R.“ (ს.კ:.......) დაუბრუნდეს 08.11.2023წ.-ს №5553401 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე