საქმე №ას-1522-2024 08 სექტემბერი, 2025 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორისათვის ინფორმაციის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ–მ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „ბ-ს“ (შემდეგში: საზოგადოება ან მოპასუხე ან კასატორი) საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018წ. საზოგადოების კაპიტალის 49%-იანი წილის მესაკუთრე და პარტნიორია, არაერთხელ მოსთხოვა საზოგადოების დირექტორს ინფორმაციის გადაცემა საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც უარყოფილი იქნა, ამიტომაც იძულებულია მისი, როგორც პარტნიორის უფლება, საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების შესახებ დაიკმაყოფილოს სასარჩელო წარმოების გზით.
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით უარყო მოსარჩელის პრეტენზია, რომ საზოგადოების საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის გაცნობის უფლება არ მიეცა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიზანი საზოგადოების საბუღალტრო პროგრამასა და ოფიციალურ ვებ.გვერდებზე თავისუფალი წვდომაა, რაც საზოგადოების ხელმძღვანელის ფუნქციაა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2024 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეს გადასცეს 2018 წლიდან მომზადებული დოკუმენტები და შემდეგი ინფორმაცია:
4.1 ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე წვდომის მისაღებად (მათ შორის დაშვების მისაღებად საზოგადოების საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციებზე, შეტყობინებებზე, განცხადებებზე, ზოგად ინფორმაციაზე, თანამშრომელთა რეესტრზე, სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე);
4.2 ინფორმაცია საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად;
4.3 ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ. გვერდზე წვდომის მისაღებად;
4.4 საზოგადოების სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი, რომელიც მონაწილეობს მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის, ბალანსის, საგადასახადო დეკლარაციების შედგენაში, ასევე ყველა ხელშეკრულება);
4.5 ინფორმაცია კომპანიის საბუღალტრო პროგრამაზე წვდომის მისაღებად.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1.მოპასუხე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 49%-იანი წილის მესაკუთრე მოსარჩელეა;
7.2.მოპასუხე აშენებს საცხოვრებელ კორპუსს და ახდენს უძრავი ქონების რეალიზაციას, მისამართზე: ქ. თბილისი, ....... საკადასტრო კოდი N........;
7.3.17.05.2023წ. მოპასუხის საქმიანობაზე ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით მოპასუხეს წერილით მიმართა მოსარჩელემ;
7.4.მოპასუხეს წერილი 19.05.2023წ. ჩაჰბარდა;
7.5.მოსარჩელეს მოპასუხემ 23.05.2023წ. წერილით უპასუხა, რომელშიც აღნიშნა, რომ მოსარჩელე ხელს უშლის საზოგადოების საქმიანობას, თუმცა, თანხმობა გამოთქვა, მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებასა და დოკუმენტების გაცნობაზე. წერილის მიღების შემდეგ შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ 29.05.2023წ. 15:00სთ.ზე საზოგადოების ოფისში შეხვედრაზე, თუმცა, მოგვიანებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეხვედრა გადაიდო და ახალი შეხვედრის დროისა და ადგილის თაობაზე აცნობებდნენ დამატებით; მოსარჩელემ 30.05.2023წ. განმეორებითი წერილით მიმართა მოპასუხეს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის მოთხოვნით, თუმცა - უშედეგოდ;
7.6.მოპასუხე მოსარჩელეს არ აწვდის მისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პარტნიორის უფლებაზე მოითხოვოს საწარმოს ფინანსური ინფორმაცია, რაც განმტკიცებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში - სპეციალური კანონი), კერძოდ, 146-ე მუხლით და აღნიშნა, მოპასუხის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი მალხაზ ქვრივიშვილია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხის ხელმძღვანელმა ფინანსური დოკუმენტაცია არ გადასცა. მოპასუხე საზოგადოების მითითება, მზადაა გადასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია პარტნიორს/მოსარჩელეს და მათი მხრიდანპარტნიორის ეს უფლება უარყოფილი არ ყოფილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა და მოპასუხის მზაობა, უზრუნველყოს პარტნიორის უფლება, შეისწავლოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია მხოლოდ ზეპირი მითითებაა, რაც ვერ შეცვლის დავის ფაქტობრივ ვითარებას.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/აპელანტმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. საკასაციო პრეტენზია სპეციალური კანონის 146-ე მუხლის არასწორ განმარტებას ეფუძნება. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა პარტნიორს არ ანიჭებს უფლებას მიიღოს ინფორმაცია ვებ გვერდზე, საბუღალტრო პროგრამასა და საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად, არამედ ნორმის დანაწესი პარტნიორის უზრუნველყოფს საზოგადოების საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის გაცნობის უფლებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ - საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული განსაზღვრული ინფორმაციის გადაცემის დავალდებულების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე გამოკვლეული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი) სავსებით საკმარისია შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად.
15. დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოება წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც აწარმოებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას და უძრავი ქონების რეალიზაციას მისამართზე: ქ.თბილისი, .......
16. დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხე სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალის 49%-იანი წილის მესაკუთრეა.
17. მოსარჩელეს სურვილი აქვს გაეცნოს მოპასუხე საზოგადოების საქმიანობის ამსახველ ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
18. ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მხარეთა შორის მოლაპარაკებები, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ მოპასუხე შესაგებელსა და საკასაციო საჩივარშიც უთითებს, რომ არ უზღუდავს მოსარჩელეს საჭირო ინფორმაციის გაცნობას, ამ საკითხზე მხარეთა შორის კომუნიკაცია საკითხის მოგვარებით ვერ დასრულდა და წინადებარე დავა წარმოიშვა.
19. მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეს გადასცეს 2018 წლიდან მომზადებული დოკუმენტები და ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე წვდომის მისაღებად (მათ შორის, დაშვების მისაღებად საზოგადოების საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციებზე, შეტყობინებებზე, განცხადებებზე, ზოგად ინფორმაციაზე, თანამშრომელთა რეესტრზე, სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე); ინფორმაცია საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ. გვერდზე წვდომის მისაღებად; საზოგადოების სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი, რომელიც მონაწილეობს მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის, ბალანსის, საგადასახადო დეკლარაციების შედგენაში, ასევე ყველა ხელშეკრულება); ინფორმაცია კომპანიის საბუღალტრო პროგრამაზე წვდომის მისაღებად. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მოიხმობს სპეციალური კანონის 146.1 მუხლს, საიდანაც მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს. მითითებული ნორმის დანაწესით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი ინფორმაციის/საბუთების გაცნობის საშუალება.
20. განსახილველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა იმსჯელებს საწარმოს პარტნიორის მიერ მოპასუხე საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/საბუთების გამოთხოვის საფუძვლიანობაზე.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად შეიძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორებს უპირობოდ აქვთ უფლება, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი ადგენს მისი დაცვის ფარგლების სავალდებულო მინიმუმს, რაც ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული პარტნიორის უფლებების შეზღუდვა დაუშვებელია, შიდაკორპორაციული რეგულაციის ფარგლებში, საზოგადოების წესდებით, მხოლოდ მათი გაზრდაა შესაძლებელი. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს აქვთ როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებები. არაქონებრივი უფლება კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებაა. საზოგადოების საქმიანობაზე მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ საბუთებზე, ხოლო პარტნიორისათვის საზოგადოების საბუთების გაცნობის შესაძლებლობის მიცემაში მოიაზრება როგორც მათი ადგილზე გაცნობა, ისე მათი ასლების (მატერიალური თუ ელექტრონული სახით) გადაღება.
22. პარტნიორის ზემომითითებული უფლების რეალიზების წინააღმდეგ საზოგადოების ხელმძღვანელის უარი ინფორმაციის პარტნიორისთვის გადაცემის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული და ემყარებოდეს რელევანტურ და ლოგიკურ ფაქტობრივ მოცემულობას, კერძოდ, ინფორმაციის გაცემით საწარმოს ინტერესების ხელყოფის რისკი უნდა ატარებდეს რეალურ ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმებას და სარჩელის უარყოფას, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით სრულად ვერ უკუაგდო მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება, რამეთუ, პარტნიორის უფლება შეამოწმოს და აკონტროლოს საზოგადოების საქმიანობა სპეციალურ კანონშია განმტკიცებული.
23. ამასთან, კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძვლად ვერ გამოდგება მითითება, რომ საზოგადოებას არასოდეს უთქვამს უარი მოსარჩელისთვის ინფორმაციის გაცნობაზე (იხ., საკასაციო პრეტენზია - ს.ფ. 153). ამ გადაწყვეტილების მე-7 პარაგრაფით დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა კომუნიკაცია ინფორმაციის მიწოდებაზე, თუმცა უშედეგოდ; მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელისათვის ინფორმაციის გადაცემა კასატორს არ წარმოუდგენია, რაც სადავო საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის საშუალებას მისცემდა საკასაციო პალატას.
24. თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია მხოლოდ იმ ნაწილშია გასაზიარებელი, რომლითაც იგი მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია მოსარჩელისათვის, როგორც პარტნიორისათვის შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდება: ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, ინფორმაცია საზოგადოების საბუღალტრო პროგრამასა და ინფორმაცია საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ, კასტორმა წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება).
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge გამოყენებით. აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება“ (იხ. სუსგ №ბს-308(კ-21), 30.09.2021წ.).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალზე ავტორიზებული მომხმარებლის - გადასახადის გადამხდელის გარდა, სხვა არაუფლებამოსილი პირის დაშვებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის ინტერესებს, იგივე შეიძლება ითქვას კომპანიის საბუღალტრო პროგრამასა და საბანკო ანგარიშებზე წვდომის დაშვების კუთხითაც.
27. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონი საზოგადოების პარტნიორ ანიჭებს როგორც საბუთების გაცნობის, ასევე შესაბამისი ასლების მიღების უფლებას. ანალოგიურად არის განვითარებული სასამართლო პრაქტიკაც. შესაბამისად პარტნიორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, როგორც გაეცნოს, ასევე ასლები გადაიღოს სურვილის შესაბამისად. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს პარტნიორის აბსოლუტურ უფლებას მიიღოს ყველა სახის და ფორმის განუსაზღვრელი ინფორმაცია (იხ., სუსგ Nას-205-2023, 16.11.2023წ.). მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე არ უთითებს თუ რა ტიპის და რა შინაარსის ინფორმაციის მიღება სურს შესაბამის ვებ გვერდებსა და პროგრამებზე დაშვების გზით. შესაძლოა პარტნიორისთვის სასურველი კონკრეტული ინფორმაცია საერთოდ არ არის შესაბამის ვებ. გვერდზე და მისი მიწოდება დირექტორის მიერ განხორციელდეს დამოუკიდებლად წვდომის შესახებ ინფორმაციის მიწოდების გარეშე.
28. საკასაციო პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციების, შეტყობინებებისა და განცხადებების, თანამშრომელთა რეესტრის, სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მატერიალური ან არამატერიალური ფორმით მოსარჩელისათვის გადაცემის საკითხზე, რადგან განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელეს მოთხოვნა, ამ სახით, არ დაუყენებია (იხ., სარჩელის მოთხოვნა - ს.ფ. 6), მოსარჩელის მოთხოვნა მხოლოდ ამ ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად/დაშვებისათვის საჭირო რეკვიზიტის/ინფორმაციის გადაცემას შეეხებოდა, სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას მიაკუთვნოს მხარე, ის რაც მარ უთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხ.).
29. სპეციალური კანონით დადგენილი წესის მიზანია პარტნიორისთვის ინფორმაციის მიწოდება და არა მისთვის კომპანიის მართვისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო მონაცემების გადაცემა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელი პირი იყენებს საზოგადოების საქმიანობის ყოველდღიური მართვის ფარგლებში და ამ მხრივ, მისი პარტნიორისათვის გადაცემა, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ საფრთხეებთან.
30. შემოსავლების სამსახურის პლატფორმა, საბანკო ანგარიშები, საბუღალტრო პროგრამა კომპანიის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოიყენება, შესაბამისად, მესამე პირზე (თუნდაც პარტნიორზე) აღნიშნული მართვის ბერკეტების გადაცემამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიას, ხოლო დამდგარ ზიანზე, როგორც მესამე პირების მიმართ აგრეთვე კომპანიის სხვა პარტნიორების მიმართ პასუხისმგებელი იქნება კომპანია და მისი ხელმძღვანელი კანონით დადგენილი წესით.
31. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებანი და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
32. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
33. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).
34. აქვე, საკასაციო პალატა განუმარტავს მოსარჩელს, რომ ამ განჩინების პ.28-ში მითითებული დოკუმენტაციის (მატერიალური ან არამატერიალური ფორმით) გადაცემის საჭიროებისას, მას არ ერთმევა, უფლება მოთხოვნა საერთო სასარჩელო წესით დაიკმაყოფილოს.
35. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
36. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის შემდეგი ინფორმაციის გადაცემის ნაწილში: ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე წვდომის მისაღებად (მათ შორის დაშვების მისაღებად საზოგადოების საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციებზე, შეტყობინებებზე, განცხადებებზე, ზოგად ინფორმაციაზე, თანამშრომელთა რეესტრზე, სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე); ინფორმაცია საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ. გვერდზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია კომპანიის საბუღალტრო პროგრამაზე წვდომის მისაღებად და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2024წ. განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
38. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
39. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე მის ავტორს გადახდილი აქვს 150 და 300 ლარი (ს.ფ 117, 180), გაღებული ხარჯის ნახევარი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ, რაც 225 ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ბ-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2024 წლის განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2024 წლის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის შემდეგი ინფორმაციის გადაცემის ნაწილში: ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე წვდომის მისაღებად (მათ შორის დაშვების მისაღებად საზოგადოების საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციებზე, შეტყობინებებზე, განცხადებებზე, ზოგად ინფორმაციაზე, თანამშრომელთა რეესტრზე, სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე); ინფორმაცია საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ. გვერდზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია კომპანიის საბუღალტრო პროგრამაზე წვდომის მისაღებად და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „მ–ის“ სარჩელი, დაევალოს შპს „ბ-ს“, გადასცეს შპს „მ–ის“ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე წვდომის მისაღებად (მათ შორის დაშვების მისაღებად საზოგადოების საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციებზე, შეტყობინებებზე, განცხადებებზე, ზოგად ინფორმაციაზე, თანამშრომელთა რეესტრზე, სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე); ინფორმაცია საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებ. გვერდზე წვდომის მისაღებად; ინფორმაცია კომპანიის საბუღალტრო პროგრამაზე წვდომის მისაღებად, არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.10.2024 წლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
5. შპს „მ–ის“ (ს.კ: ......) შპს „ბ-ს“ (ს.კ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 225 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე