Facebook Twitter

საქმე №ას-1015-2025 5 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.“

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს შემცირება (თავდაპირველი სარჩელით) და პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ს–იმ“ სარჩელი აღძრა სასამრთლოში მოპასუხე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ თანხის დაკისრების, ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს „ს–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს–ის“ სარჩელი და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით ორივე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელეციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს–იმ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „ს–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5-დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ნ.გ–ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2025 წლის აგვისტოს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ ნ.გ–ძეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2025 წლის 1 აგვისტოს (ტ.11, ს.ფ.259). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 8 აგვისტოს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი