ბს-11-11(კ-08) 4 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილება
მოწინააღმდეგე მხარე – უ. ჟ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საპენსიო დანამატის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 7 მარტს უ. ჟ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ საპენსიო დანამატის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1958 წლის 27 ნოემბერს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, სადაც სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს (პოსტზე ყოფნისას) შიშისაგან გახდა ავად. იგი გათავისუფლებულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ტრავმის გამო მას მიენიჭა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა და დაენიშნა სამხედრო პენსია. აღნიშნულ პენსიას მოსარჩელე ღებულობდა 1996 წლამდე. 1996 წლიდან სამხედრო პენსიის ნაცვლად დაენიშნა სოციალური დახმარება. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2002 წელს უ. ჟ.-ს მიენიჭა პირველი ჯგუფის ინვალიდის კატეგორია, რაც გამოწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესრულების დროს მიღებული ტრავმით.
მოსარჩელის განმარტებით, მას არასწორად დაენიშნა შრომის პენსიონერის პირველი ჯგუფის ინვალიდობის პენსია, ვინაიდან ეკუთვნის სამხედრო სამსახურის პირველის ჯგუფის ინვალიდობის პენსია, რადგან ინვალიდობის მიზეზი იყო სამხედრო სამსახურის გავლის დროს მიღებული ტრავმა. 2002 წელს საექიმო კომისიის დასკვნით, მას დაენიშნა მომვლელი. მოსარჩელის წერილობითი მიმართვის მიუხედავად, სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებამ არ გამოყო თანხა მომვლელის დანიშვნისათვის. უ. ჟ.-მ სამხედრო პენსიასთან ერთად მოითხოვა მოხუცებულობის პენსია სტაჟის დაანგარიშებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა პირველი ჯგუფის ინვალიდისათვის გათვალისწინებული სამხედრო პენსიის აღდგენას, განაცდურის ანაზღაურებას, მოხუცებულობის პენსიას სტაჟისა და ხელფასის გადაანგარიშებით და მომვლელის დანიშვნას.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის მოტივით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით უ. ჟ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსიის სხვა ოდენობას ან დანამატს არ ითვალისწინებს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამასახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლისას დაინვალიდებულ პირთათვის გათვალისწინებულია პირველი ჯგუფის ინვალიდებისათვის პენსიის დანიშვნის განსხვავებული გადაანგარიშება, რაც მოსარჩელის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან უ. ჟ.-ი არ განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომელიც დაინვალიდდა სამხედრო სამსახურის შესრულების დროს. ამასთან, სასამართლოს მითითებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მომვლელის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულს არ ითვალისწინებს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 1959 წლიდან არის სამხედრო სამსახურის გავლის გამო ჯერ მე-3, ამჟამად კი პირველი ჯგუფის ინვალიდი; სამხედრო პენსიას ღებულობდა 1996 წლამდე. 1996 წელს სოცუზრუნველყოფის სამსახურმა გააუქმა სამხედრო პენსია და გაათანაბრა საერთო ინვალიდების პენსიონერებთან. 2002 წელს საექიმო კომისიამ დაუნიშნა მომვლელი, რის შესახებაც აპელანტმა მიმართა სოცუზრუნველყოფის სამსახურს, რომელმაც უარი განუცხადა მომვლელისა და სამხედრო პენსიის დანიშვნაზე. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ დააკმაყოფილა სარჩელი და დაეყრდნო მოპასუხე მხარის განმარტებას, რომელსაც არ მიუთითებია სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ ეკუთვნოდა მას სამხედრო პენსია სამხედრო სამსახურის გავლის გამო მიღებული პირველი ჯგუფის ინვალიდობისათვის და მომვლელის დანიშვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით უ ჟ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მიეკუთვნება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს და ,,სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უნდა მიეღო საერთო პენსია 35 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მოთხოვნას მომვლელის თანხის ანაზღაურების შესახებ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონი აღნიშნულს არ ითვალისწინებდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ.-მ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის განჩინებით უ. ჟ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ. ჟ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება; უ. ჟ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის საქალაქო განყოფილებას დაევალა უ. ჟ.-თვის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.ა” ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამხედრო პენსიის დანიშვნა, ხოლო სასარჩელო განცხადება პენსიებს შორის სხვაობის ანაზღაურებისა და მომვლელის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი არ ითვალისწინებს სამხედრო სამსახურის გავლით ინვალიდების საპენსიო უზრუნველყოფას, ხოლო "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდდნენ სამხედრო ოპერატიული სამსახურის პერიოდში ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების, ანდა დაავადების გამო. ამავე კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ინვალიდობის მიზეზების გათვალისწინებით, ინვალიდობის კატეგორიას მიეკუთვნებიან ომის ინვალიდები, ინვალიდები სამხედრო ტრავმის შედეგად, თუ ინვალიდობა დაკავშირებულია საქართველოსა და სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის ან სხვა სამხედრო, ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებასთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ომებში მოვალეობათა შესრულებასთან.
უ. ჟ.-მ ტრავმა მიიღო სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, რაც შემდგომ გახდა ინვალიდობის მიზეზი. ზემოაღნიშნული კანონის 24-ე მუხლის თანახმად კი, ინვალიდობის ჯგუფის შეცვლა იწვევს ოდენობის შეცვლას. ამასთან, თუ ინვალიდს სამხედრო ტრავმის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება საერთო დაავადების შრომითი დასახიჩრების ან პროფესიული დაავადების გამო, მაშინ პენსიის დაანგარიშება ხდება ინვალიდობის ახალი ჯგუფის მიხედვით, ინვალიდობის გამომწვევი პირველადი მიზეზების შენარჩუნებით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უ. ჟ.-ს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დროს მიღებული ტრავმის შედეგად დაუდგინდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა, შემდეგ მე-2, ხოლო 2002 წლის სამედიცინო, სოციალური ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელე მიჩნეულ იქნა სამხედრო სამსახურის გავლით პირველი ჯგუფის ინვალიდად. შესაბამისად, მასზე სამხედრო პენსია უნდა გაიცეს 2002 წელს სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი ინვალიდობის ჯგუფის მიხედვით.
ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს მიეკუთვნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ სამხედრო სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები განისაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებულთათვის გათვალისწინებულია საპენსიო უზრუნველყოფა.
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და "სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ორი ან მეტი საფუძვლით პენსიის მიღების წარმოშობის შემთხვევაში, პირს პენსია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
სააპელაციო სასამართლოს მითითიებით, უ. ჟ.-მ მოითხოვა პენსიის დანიშვნა და უარი თქვა სხვა პენსიაზე. Aამ შემთხვევაში მას უნდა დაენიშნოს სამხედრო პენსია. უ. ჟ.-ი ითხოვს მომვლელის დანიშვნას, რაც უსაფუძვლოა, რადგან ასეთს არ ითვალისწინებს მოქმედი საპენსიო კანონმდებლობა. მართალია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური დაცვის შესახებ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო, საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე ან სტაციონალურ დაწესებულებაში, მაგრამ ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არის ადამიანი, რომელსაც დაავადების, ტრავმის, გონებრივი თუ ფიზიკური დეფექტის შედეგად დარღვეული აქვს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები, ჯანმრთელობის მეტ-ნაკლებად მოშლის გამო, რაც განაპირობებს პროფესიული შრომის უნარის სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას ანდა ყოფაცხოვრების არსებით გაძნელებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა.
ხოლო, რაც შეეხება უ. ჟ.-ის მოთხოვნას 1996 წლიდან საპენსიო განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ უ. ჟ.-ი შეუფერხებლად იღებს დანიშნულ პენსიას, მას აქვს ორი სახის პენსიის უფლება, ასეთ შემთხვევაში უნდა აირჩიოს ერთ-ერთი, მან აირჩია სამხედრო პენსია, რამდენადაც მოსარჩელე იღებდა კანონით გათვალისწინებულ ერთი სახის პენსიას, რის გამოც არ არსებობს განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის ¹2489 კანონით შეტანილ იქნა ცვლილებები, რის შემდეგაც ამ კანონიდან ამოღებულ იქნა მთელი რიგი მუხლები, მათ შორის მე-4 მუხლიდან მე-7 მუხლის ჩათვლით, 27-ე მუხლიდან 58-ე მუხლის ჩათვლით, მე-7 და მე-8 თავები მთლიანად. ცვლილებების შეტანის შემდეგ ამ კანონის 1-ლი მუხლის ,,ა” პუნქტი არეგულირებს იმ პირთა საპენისო უზრუნველყოფას, რომლებიც განეკუთვნებიან ოფიცერთა, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურისა და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეების შემადგენლობას. ამავე კანონის 1-ლი მუხლის ,,დ” პუნქტით სახელმწიფო კომპენსაციის (და არა სახელმწიფო პენსიის) დანიშვნას ექვემდებარებიან რიგითი შემადგენლობის ის პირები, რომლებიც მსახურობენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონი. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ” საქართველოს კანონის 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ”-,,ა” ქვეპუნქტებზე, რომლებიც ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის 84 ლარის, ხოლო III ჯგუფის ინვალიდებისა და 70 წელს გადაცილებული II მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის პენსიის სახით 70 ლარის გაცემას ითვალისწინებს. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს, უ. ჟ.-ს უნდა დაენიშნოს 84 ლარი თუ 70 ლარი. ამასთან, უ. ჟ.-ი არც ომის ინვალიდია და არც 70 წელს გადაცილებული II მსოფლიო ომის მონაწილე.Mმას საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ მიკუთვნებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ ,,სამხედრო ძალების ვეტერანის” სტატუსი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული არც ერთი კანონის შესაბამისად არ ითვალისწინებს გაზრდილი პენსიის დანიშვნას.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ადგილობრივი ორგანოები პენსიის დანიშვნას აწარმოებენ მხოლოდ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო პენისების დანიშვნას კი, როგორც წესი, აწარმოებს უშუალოდ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ძალოვანი სტრუქტურების საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტი. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ” საქართველოს კანონით.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლი შეზღუდული შესძლებლობის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურეებისათვის არა პენსიის, არამედ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ითვალისწინეს, რომელსაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ცენტრალური ოფისი და სააგენტოს ადგილობრივი ორგანოები. ზემოაღნიშნულ კანონში მითითებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეებს (იგულისხმება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე) შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების, ან დაავადების გამო.
Kკასატორის განმარტებით, აღსანიშნავია ის, რომ ასეთ შემთხვევაში პირს ენიშნება კომპენსაცია და არა პენსია, ამასთან, ინვალიდობა გამოწვეული უნდა იყოს სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში მიღებული ტრავმით ან დაავადებით. ¹1145 სამხედრო გარნიზონის სამხედრო საექიმო კომისიის 1959 წლის 29 მარტის დასკვნაში მითითებულია, რომ უ. ჟ.-ს დაავადება მიღებული აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში (და არა სამხედრო მოვალეობის შესრულების პერიოდში) და იგი ომის მონაწილის ან ომის ინვალიდის სტატუსს ვერ უთანაბრდება და ამდენად, ,,სამხედრო ძალების ვეტერანად ითვლება, ასეთი პირები მინიმალურ პენსიასთან ერთად (ამ შემთხვევაში 55 ლარი) მოიპოვებენ დახმარების სახით 22 - ლარიანი სოციალური სუბსიდიის დანიშვნის უფლებას.
ყოველიე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ჟ.-ის გაწვევა სამხედრო სამსახურში მოხდა 1958 წელს. სამსახურის პერიოდში უ. ჟ.-მ მიიღო ტრავმა. ავადმყოფობის შესახებ მოწმობის თანახმად, მოსარჩელე დაავადდა სამხედრო სამსახურის გავლისას. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2002 წლის 23 აგვისტოს დასკვნით, უ. ჟ.-ი მიჩნეულ იქნა I ჯგუფის ინვალიდად და ინვალიდობის მიზეზად მიეთითა სამხედრო ტრავმა. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უ. ჟ.-ი არის I ჯგუფის ინვალიდი სამხედრო სამსახურის გავლის გამო და მისი ინვალიდობა დადგენილია უვადოდ.
სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა "სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ.ა" ქვეპუნქტზე.
საკასაციო სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებისა და ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენება არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, კერძოდ, "სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის "დ.ა" ქვეპუნქტის საფუძველზე პენსიის ოდენობა ომის I და II ჯგუფის ინვალიდებისათვის განისაზღვრა 84 ლარის ოდენობით, ხოლო III ჯგუფის ინვალიდთა და 70 წელს გადაცილებულ II მსოფლიო ომის მონაწილეთათვის _ 70 ლარით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა ნორმის შინაარსს, ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებულ პუნქტში საუბარია ომის ინვალიდებზე.
ომის ინვალიდის განმარტებას იძლევა "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ" საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მე-2 მსოფლიო ომისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ინვალიდებს მიეკუთვნებიან:
ა) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოქმედი არმიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, სახმედრო სამსახურიდან დათხოვნილები, პარტიზანები, აგრეთვე საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული შესაბამისი კატეგორიის მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც დაინვალიდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ფრონტზე, სამხედრო მოქმედების პერიოდში, რკინიგზისა და საავტომობილო გზების ფრონტისპირა უბნებში, თავდაცვითი ზღუდეების, სამხედრო'საზღვაო ბაზებისა და აეროდრომების მშენებლობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრებისა და დაინვალიდების შედეგად;
ბ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ მე-2 მსოფლიო ომისა და შემდგომ პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
გ) შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, რომლებიც დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
დ) სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირები, გამანადგურებელი ბატალიონების, ოცეულებისა და სახალხო დაცვის რაზმეულის მებრძოლები და მეთაურები, რომლებიც დაინვალიდნენ მთავრობის საბრძოლო დავალების შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად;
ე) პირები, რომლებსაც ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა ომის წლებში დაავალეს საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეგროვება, ტერიტორიებისა და ობიექტების განაღმვა და დაინვალიდნენ ამ პერიოდში მიღებული ჭრილობის, კონტუზიის ან დასახიჩრების შედეგად;
ვ) მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებოდნენ სხვა სახელმწიფოში მოქმედ სამხედრო კონტინგენტს და დაინვალიდნენ საბრძოლო მოქმედების პერიოდში ჭრილობის, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად.
ამავე კანონის მე-12 მუხლი იძლევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაინვალიდებულ პირთა განსაზღვრებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში გამორიცხულია.
სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული კანონის მე-10 მუხლზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ჟ.-ი მიეკუთვნება სამხედრო ძალების ვეტერანს, თუმცა არ შეუმოწმებია და არ გამოუკვლევია, უ. ჟ.-ი აკმაყოფილებდა თუ არა ამავე კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ის გარემოება, რომ უ. ჟ.-ი წარმოადგენს სამხედრო ძალების ვეტერანს, არ ქმნის საკმარის საფუძველს, რათა ის ამავდროულად მიჩნეულ იქნეს ომის ინვალიდად, ხოლო ნორმა, რომელზეც აპელირებს სააპელაციო სასამართლო, შეიცავს ცალსახა მითითებას ომის ინვალიდობის თაობაზე.
მოსარჩელის სოციალური ინტერესების მაქსიმალური დაცის უზრუნველყოფის მიზნით და გამომდინარე იქიდან, რომ გამოკვლეული არ არის რა სახის პენსიას იღებს მოსარჩელე, ხომ არ არსებობს სხვა საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ან იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” პუნქტის საფუძველზე მისი მოთხოვნის გაზიარების შესაძლებლობა, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, საქმე ხელახალი შესწავლა-გამოკვლევის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.