საქმე №ა-1718-შ-44-2025 19 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ჩ.გ.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს – სი (ე-ა.)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინება (გაკოტრების საქმე №9-8)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინებით (გაკოტრების საქმე №9-8) დადასტურდა კრედიტორის - სს „ჩ.გ.ბ–ის“ ქონებით უზრუნველყოფილი 4 961 026 090.95 იუანის ღირებულების სასარჩელო მოთხოვნები ასევე დადასტურდა კრედიტორის - სს „ჩ.გ.ბ–ის“ 4 262 400.00 იუანის ღირებულების ჩვეულებრივი სასარჩელო მოთხოვნა.
სს „ჩ.გ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ს.რ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინების (გაკოტრების საქმე №9-8) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების დღიდან - 2020 წლის 8 სექტემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სს „ჩ.გ.ბ–ის“ შუამდგომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინების (გაკოტრების საქმე №9-8) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
აღნიშნული განჩინება და სს „ჩ.გ.ბ–ის“ შუამდგომლობა თანდართული მასალით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე შპს ს–სის (ე-ა–ი) საქმეში არსებულ და ასევე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირთა რეესტრში არსებულ მისამართზე – ქ.თბილისი, ..... და სასამართლო კურიერების აქტებით ირკვევა რომ აღნიშნულ მისამართზე შპს ს–სი (ე-ა–ი) არ მდებარეობს.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებისა და სს „ჩ.გ.ბ–ის“ შუამდგომლობის თანდართული მასალებით შპს ს–ის-ათვის (ე-ა–ი) ჩაბარება.
ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მართლწესრიგის ოფიცერის - გ.ს–ის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, რომ ადრესატის მოძიება ვერ მოხერხდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე შპს ს–ის (ე-ა–ი) თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „ჩ.გ.ბ–ის“ შუამდგომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინების (გაკოტრების საქმე №9-8) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინებით (გაკოტრების საქმე №9-8) დადასტურდა კრედიტორის - სს „ჩ.გ.ბ–ის“ ქონებით უზრუნველყოფილი 4 961 026 090.95 იუანის ღირებულების სასარჩელო მოთხოვნები ასევე დადასტურდა კრედიტორის - სს „ჩ.გ.ბ–ის“ 4 262 400.00 იუანის ღირებულების ჩვეულებრივი სასარჩელო მოთხოვნა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების დღიდან - 2020 წლის 8 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სს „ჩ.გ.ბ–ის“ შუამდგომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინების (გაკოტრების საქმე №9-8) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, 2025 წლის 5 აგვისტოს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინება (გაკოტრების საქმე №9-8) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ჩ.გ.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ.შანხაის მესამე შუალედური სახალხო სასამართლოს 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინება (გაკოტრების საქმე №9-8), რომლითაც დადასტურდა კრედიტორის - სს „ჩ.გ.ბ–ის“ ქონებით უზრუნველყოფილი 4 961 026 090.95 იუანის ღირებულების სასარჩელო მოთხოვნები ასევე დადასტურდა კრედიტორის - სს „ჩ.გ.ბ–ის“ 4 262 400.00 იუანის ღირებულების ჩვეულებრივი სასარჩელო მოთხოვნა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი