Facebook Twitter

27 ივნისი, 2025 წელი,

#ას-471-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „მ.ქ.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „მ.ქ.გ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მიმწოდებელი ან მენარდე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორმა ვრცლად წარმოადგინა საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების უსწოროდ დადგენის, ისე სამართლის ნორმების არასწორად გამოყენების თვალსაზრისით რასაც მხარის მოსაზრებით მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეებს შორის 2023 წლის 27 თებერვალს #№NAT230001041 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო №01.01.01/30/85 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 1-ლი ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის, კერძოდ, ..... ქუჩიდან სამტრედიის ........ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის (კლასიფიკაციის კოდი - ......... გზის შეკეთების სამუშაოები) სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ დავალებაში, თან ერთვის ხელშეკრულებას და მის განუყოფელი ნაწილია.

ხელშეკრულების ღირებულება - 11 844 540.47 ლარით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (27.02.2023წ.) - 50 კალენდარული დღით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 150 კალენდარული დღით, განისაზღვრა (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი).

4.4. მიმწოდებელი ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები - 24 საათიან რეჟიმში ეწარმოებინა (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტი).

4.5. მხარეებს შორის 2023 წლის 27 თებერვალს NAT230001042 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დაიდო №01.01.01/30/86 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მეორე ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის, კერძოდ, ..... ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის (კლასიფიკაციის კოდი - ....... გზის შეკეთების სამუშაოები) სამუშაოების შესყიდვა, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის ხარჯთაღრიცხვაში და ტექნიკურ დავალებაში, თან ერთვის ხელშეკრულებას და მის განუყოფელი ნაწილია.

ხელშეკრულების ღირებულება - 8 365 456.78 ლარით, საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (27.02.2023წ.) - 50 კალენდარული დღით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან - 120 კალენდარული დღით განისაზღვრა (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტი).

4.6. მიმწოდებელი ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები - 24 საათიან რეჟიმში ეწარმოებინა (იხ. შეთანხმების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტი).

4.7. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი ახდენდა.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მოახდენდნენ, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე სამუშაო პროცესის ზედამხედველობა მოეხდინა. ინსპექტირების შედეგები შესაბამის ოქმში აისახებოდა (იხ. შეთანხმების მე-5 მუხლის 5.1-5.4. პუნქტი).

4.8. ანგარიშსწორება 2023-2024 წ.წ. თბილისის ბიუჯეტის სახსრებით (2023 წელი - 80%, 2024 წელი - 20%) ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 10 სამუშაო დღეში მოხდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2. პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებელი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს არ წარადგენდა, შემსყიდველი ვალდებული იყო მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა, დაექვითა მიმწოდებლისთვის, რის შემდეგაც მიმწოდებელს დარჩენილი თანხა ჩაერიცხებოდა (იხ. შეთანხმების მე-7 მუხლის 7.2-7.3. პუნქტი).

4.9. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდებოდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მიმწოდებელი ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ით დაჯარიმდებოდა (იხ. შეთანხმების მე-9 მუხლის 9.9. პუნქტი).

4.10. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, მოსარჩელესა და შპს „მ.ჰ.ჯ–ას“ შორის 2023 წლის 1 მარტს №01/03/2023-01 და შპს „მ.ჰ.ჯ–ასა“ და შპს „ა.“-ს შორის №280223/სხ-01 ხელშეკრულებები (ქვეკონტრაქტი) გაფორმდა, ძირითად გარიგებასთან მსგავსი პირობებით, მათ შორის, შესაბამის ობიექტზე სამუშაოთა 24 - საათიან რეჟიმში წარმოების ვალდებულების გათვალისწინებით (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები).

4.11. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-ლი ხელშეკრულების ფარგლებში, 2023 წლის 8 აგვისტოს 10:30 სთ, იმავე წლის 19 აგვისტოს 09:30 სთ და 2023 წლის 4 სექტემბერს 00:25 სთ-ზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების ამსახველი ინსპექტირების აქტებიდან ირკვევა, რომ მითითებულ დროებზე ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, დაირღვა ხელშეკრულების 3.4 მუხლი, რომელიც სამუშაოების 24 საათიან რეჟიმში წარმოებას გულისხმობდა.

4.12. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, 2023 წლის 29 აგვისტოს 19:45 სთ, იმავე წლის 19 აგვისტოს 09:30 სთ და 2023 წლის 4 სექტემბერს 00:35 სთ-ზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების ამსახველი ინსპექტირების აქტებიდან ირკვევა, რომ მითითებულ დროებზე ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, დაირღვა ხელშეკრულების 3.4 მუხლი, რომელიც სამუშაოების 24 საათიან რეჟიმში წარმოებას გულისხმობდა.

4.13. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 1-ლი ხელშეკრულების ფარგლებში:

ა) 2023 წლის 10 აგვისტოს №12-01232221807 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 2023 წლის 8 აგვისტოს ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რის გამოც პირგასამტეხლო - 7 817.33 ლარი ერიცხებოდა;

ბ) 2023 წლის 22 აგვისტოს №12-01232342051 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 2023 წლის 19 აგვისტოს ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რის გამოც პირგასამტეხლო - 7 817.33 ლარი ერიცხებოდა;

გ) 2023 წლის 5 სექტემბრის №12-01232481945 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რის გამოც პირგასამტეხლო - 7 817.33 ლარი ერიცხებოდა.

4.14. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მეორე ხელშეკრულების ფარგლებში:

ა) 2023 წლის 7 აგვისტოს №12-01232192334 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 2023 წლის 2 აგვისტოს ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რის გამოც პირგასამტეხლო - 5 521.13 ლარი ერიცხებოდა;

ბ) 2023 წლის 23 აგვისტოს №12-0123235565 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 2023 წლის 19 აგვისტოს ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა 24 საათიან რეჟიმში, რის გამოც პირგასამტეხლო - 5 521.13 ლარი ერიცხებოდა;

გ) 2023 წლის 5 სექტემბრის №12-01232481947 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ 2023 წლის 4 სექტემბერს ობიექტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რის გამოც პირგასამტეხლო - 5 521.13 ლარი ერიცხებოდა.

4.15. მოპასუხემ მოსარჩელეს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო ჯამურად - 40 015.38 ლარი მართებულად დააკისრა.

4.16. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებების 3.11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ობიექტზე ტრანშეიდან ამოღებული მასალის გადაზიდვა ხდებოდა (მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ).

5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური; სსკ-ის 417-ე მუხლის დეფინიციით: პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; სსკ-ის 991-ე მუხლი კი, ადგენს ქცევის შემდეგ წესს პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითა, გარდა იმისა რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

6. სსკ-ის 991-ე მუხლი, როგორც გენერალური დათქმა, შეიცავს უსაფუძვლო გამდიდრების ძირითად ელემენტებს. ეს მუხლი მაშინ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ არცერთი მანამდე მოწესრიგებული გამდიდრების სახე არ არის მოცემული, მაგრამ, ამავდროულად, აშკარაა კომპენსირების აუცილებლობა. აუცილებელია, რომ გამდიდრება (სამართლებრივი სიკეთის შეძენა ან დაზოგვა) მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით რისი მიღწევაც სურს მოსარჩელე მხარეს კერძოდ, კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოდ დარიცხული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნა, სსკ-ის 991-ე და 417-ე მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები, მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელი წინაპირობებია.

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).

8. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ „მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა“ (იხ. სუსგ: ას -559-2019; ას- 1426-2018; ას-1322-2018).

დამფუძნებელი ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა. მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება სასამართლოს მიერ, თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) შესაგებელი, ანუ ჯერ უნდა დასტურდებოდეს, რომ წარმოიშვა თავად მოთხოვნა, შემდეგ უნდა შემოწმდეს შესაგებელში წარმოდგენილი შედავების არსებითობაც და ლეგიტიმურობაც.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას განსახილველი სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული ნორმების მართებულობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს:

ანალოგიური ხასიათის სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება დადგენილია უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკით, კერძოდ: განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი), შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაა - აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში 2023 წლის 10 აგვისტოს №12-01232221807, 2023 წლის 22 აგვისტოს №12-01232342051, 2023 წლის 5 სექტემბრის №12-01232481945, 2023 წლის 7 აგვისტოს №12-01232192334, 2023 წლის 23 აგვისტოსა №12-0123235565 და 2023 წლის 5 სექტემბრის №12-01232481947 წერილებით უსაფუძვლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს, ჯამურად - 40 015.38 ლარის გაუქმება.

10. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.

პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი.

მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

11. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. პირგასამტეხლო ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები: №ას-428-428-2018, 13.07.2018წ; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015 წ; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016წ).

12. საკასაციო პალატის არაერთი განმარტებით, „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13.12. 2019 წ).

13. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.

14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას.

15. პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება.

16. პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი. პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა.

17. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრებისას მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

17.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

17.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

17.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

17.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

17.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მიმწოდებელს ობიექტზე სამუშაოები - 24 საათიან რეჟიმში უნდა ეწარმოებინა.

შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კონტროლს შემსყიდველი ახდენდა ნებისმიერ ეტაპზე.

მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები მოახდენდნენ, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.

შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე სამუშაო პროცესის ზედამხედველობა მოეხდინა. ინსპექტირების შედეგები შესაბამის ოქმში აისახებოდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდებოდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მიმწოდებელი ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ით დაჯარიმდებოდა (იხ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმებები).

18. დადგენილია და საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტებით აერაა გაქარწყლებული, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-ლი ხელშეკრულების ფარგლებში, 2023 წლის 8 აგვისტოს 10:30 სთ, იმავე წლის 19 აგვისტოს 09:30 სთ და 2023 წლის 4 სექტემბერს 00:25 სთ-ზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების ამსახველი ინსპექტირების აქტებით მითითებული დროის მონაკვეთში ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, დაირღვა ხელშეკრულების 3.4 მუხლი, რომელიც სამუშაოების 24 საათიან რეჟიმში წარმოებას გულისხმობდა.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, 2023 წლის 29 აგვისტოს 19:45 სთ, იმავე წლის 19 აგვისტოს 09:30 სთ და 2023 წლის 4 სექტემბერს 00:35 სთ-ზე ჩატარებული შემოწმებების შედეგების ამსახველი ინსპექტირების აქტებიდან ასევე ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, დაირღვა ხელშეკრულების 3.4 მუხლი, რომელიც სამუშაოების 24 საათიან რეჟიმში წარმოებას გულისხმობდა.

19. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 1-ლი ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს 23,451.99 ლარის მოცულობის ხოლო მეორე ხელშეკრულების ფარგლებში 16,563.39 ლარი დაეკისრა პირაგასამტეხლოს სახით; მთლიანობაში ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე კასატორს ჯამურად - 40 015.38 ლარი დაეკისრა.

20. მოპასუხის მტკიცებით, ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესრულების მიმართ განსაკუთრებით მაღალი ხარისხის საჯარო ინტერესი არსებობდა, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ მის ფარგლებში ხდებოდა დედაქალაქის საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, ხოლო, მეორე მხრივ, წერეთლის გამზირის ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაციის პროცესის შეფერხება უარყოფითად ისახებოდა სრულიად დედაქალაქზე, რაც საყოველთაოდ არის ცნობილი.

სწორედ ამიტომ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა 24-საათიან რეჟიმში წარმოების ვალდებულება, რაც შინაარსობრივად მოიაზრებს არა მთელი პერიმეტრის მხოლოდ ერთ წერტილში შეზღუდული ძალებით მუშაობას, ან ნარჩენების გატანის პერიოდში ძირითად ობიექტზე სამუშაოების შეწყვეტას, არამედ გულისხმობს მთლიან ობიექტზე აქტიურ სამუშაო პროცესს 24 საათის განმავლობაში.

21. საყურადღებოა, რომ სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესის ინსპექტირების წესი მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინდა და ამ წესის შესაბამისად შედგა მერიის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ინსპექტირების აქტებიც. ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა ინსპექტირებისას სამუშაო პროცესის მიმდინარეობის (ან უმოქმედობის) ფოტო ან ვიდეო მასალით დადასტურებას, შესაბამისად, ამგვარი მტკიცებულების შექმნისა და წარმოდგენის ვალდებულება მხარეებ არ ჰქონიათ. აღნიშნული შეთანხმების ჯეროვნად შეუსრულებლობით მერიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რის გამოც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობ შეწყდა კიდეც.

22. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდებოდა ობიექტზე ტრანშეიდან ამოღებული მასალის გადაზიდვა, თუმცა აღნიშნული ადასტურებდა არა სამუშაოების 24 საათიან რეჟიმში განხორციელებას, არამედ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებების 3.11 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას (მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანშეუწონლობაზე, არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, სარჩელიც მართებულად იქნა უარყოფილი.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2001 ლარის (საგადასახადო დავალება #3190, გადახდის თარიღი 30.04.2025წ), 70% - 1400.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.ქ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ.ქ.გ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2001 ლარის (საგადასახადო დავალება #3190, გადახდის თარიღი 30.04.2025წ), 70% - 1400.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა