12 სექტემბერი, 2025 წელი,
#ას-902-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ს.მ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს.კ. „ჯ.პ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ნ.მ–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.მ–ია“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან შემსყიდველი ) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სს ს.კ. „ჯ.პ.ჰ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გარანტი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არაკანონიერად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ არამართლზომიერად შეფასებული საკითხი საბანკო გარანტიის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელესა და შპს „ნ.მ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2019 წლის 9 იანვარს დაიდო N1-7/19 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება). რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველისთვის ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება - 2 252 525 ლარით განისაზღვრა. N4 შეთანხმებით მშენებლობის ვადა გაიზარდა, ხოლო, N5 შეთანხმებით, ხელშეკრულების ღირებულება - 113 862.31 ლარით შემცირდა და 2 138 662.69 ლარით განისაზღვრა.
4.3.1. ავანსად დარიცხული თანხის დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, კერძოდ, მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, დაუკავდებოდა თანხის ის პროცენტული ოდენობა, ხელშეკრულების ღირებულების რა პროცენტიც მიღებული აქვს ავანსად (იხ. შეთანხმების 6.8.7 პუნქტი).
4.3.2. გათვალისწინებული იქნა დამატებით, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან თანხის 5% დაკავების შესაძლებლობაც (იხ. შეთანხმების 7.5. პუნქტი).
4.4. 2019 წლის 14 თებერვალს შემსყიდველმა მიმწოდებელს ავანსი - 225 252 ლარი ჩაურიცხა.
4.5. 2019 წლის 8 თებერვალს საავანსო უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ/გარანტმა გასცა საბანკო გარანტია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო გარანტია). რომლის მიხედვით, პრინციპალმა ბენეფიციარის წინაშე, იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების გარანტიის სახით, მის მიერ მოთხოვნილ საავანსო გადახდის თანხაზე, გარანტი აცხადებდა თანხმობას, გასცეს გარანტია.
იგი ადასტურებდა, რომ არის გარანტი, პასუხისმგებელია ბენეფიციარის წინაშე მიმწოდებლის სახელით არაუმეტეს - 112 626 ლარზე და კისრულობდა აღნიშნული თანხის გადახდას, სახელმწიფი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, პირველივე მოთხოვნის მიღებიდან - 5 სამუშაო დღეში. ბენეფიციარის მოთხოვნაში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე მითითების საფუძველზე, მოთხოვნის ან მოთხოვნილი თანხის ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების გარეშე.
შეთანხმებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა ავტომატურად შემცირდებოდა მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად.
4.6. მიმწოდებელმა ჯამურად - 311 322.65 ლარის სამუშაო შეასრულა (იხ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტები).
4.7. მოსარჩელემ წერილობით რამოდენიმეჯერ მიმართა მიმწოდებელს და სამუშაოების დარღვევებით შესრულების გამო, ვალდებულების დროულად შესრულება მოსთხოვა.
4.7.1. შემკვეთმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა და მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაცია მოითხოვა.
4.7.2. 2020 წლის 23 აპრილს მოსარჩელემ გარანტს მიმართა და ხელშეკრულებას ვადის ამოწურვისა და პრინციპალის მიერ საავანსო გადახდის საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით, გარანტიით გათვალისწინებული - 112 626 ლარის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა.
4.7.3. 2020 წლის 29 აპრილს გარანტმა ანაზღაურების საკითხის განსახილველად დამატებითი დოკუმენტები მოითხოვა, რაც 2020 წლის 6 მაისს გაეგზავნა.
4.7.4. 2020 წლის 21 მაისს გარანტმა ბენეფიციარს აცნობა, რომ მიწოდებული ხელშეკრულების მიხედვით, ავანსად გადარიცხული თანხა ეტაპობრივად უნდა გადახდილიყო, სახელდობრ, მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაუკავდებოდა ის პროცენტული ოდენობა, რაც მიღებული ჰქონდა ავანსად.
ეტაპობრივად შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, მიმწოდებელს ავანსად დარიცხული თანხიდან უკავდებოდა თითოებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების 15%, რაც ჯამურად - 46 698.40 ლარია, შესაბამისად - 112 626 ლარით წარმოდგენილი საგარანტიო თანხა, მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შემცირების პროპორციულად - 46 698.40 ლარით შემცირდა. ამდენად, ბენეფიციარის მოთხოვნის მომენტისთვის მზღვეველის მიერ საავანსო გადახდის გარანტიით ნაკისრი ვალდებულება - 65 927.60 ლარით განისაზღვრა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის წარუმატებელი ხასიათი სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) მუხლის დეფინიციამ განაპირობა.
6. საბანკო გარანტიის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებული ურთიერთობის მონაწილეები არიან რა ბენეფიციარი, პრინციპალი და გარანტი, ამ ურთიერთობის ფარგლებში ფაქტობრივად ორი ხელშეკრულება იდება: 1. გარანტსა და პრინციპალს შორის საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულება (სსკ-ის 880-ე მუხლი) და 2. თვით საბანკო გარანტია, რომელიც ცალმხრივი გარიგებაა და წარმოშობს გარანტის ცალმხრივ ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ (სსკ-ის 879-ე მუხლი). საბანკო გარანტიის გაცემით გარანტსა და ბენეფიციარს შორის ურთიერთობა დამოუკიდებელია იმ ძირითადი ვალდებულებებისაგანაც, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის გაცემული (სსკ-ის 881-ე მუხლი).
7. საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება ხელშეკრულების მხარის მიერ წინასწარ გადახდილი ხელშეკრულების ღირებულების (ავანსის) მიზნობრივად ათვისების უზრუნველსაყოფად.
8. ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის.
9. დადგენილია, რომ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა. რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველისთვის ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება - 2 252 525 ლარით განისაზღვრა.
10. დადგენილია ისიც, რომ 2019 წლის 8 თებერვალს საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ/გარანტმა გასცა შესრულების საბანკო გარანტია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო გარანტია). რომლის მიხედვით, პრინციპალმა ბენეფიციარის წინაშე, იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების გარანტიის სახით, მის მიერ მოთხოვნილ საავანსო გადახდის თანხაზე, გარანტი აცხადებდა თანხმობას, გასცეს გარანტია.
კერძოდ იგი ადასტურებდა, რომ არის გარანტი და პასუხისმგებელია ბენეფიციარის წინაშე მიმწოდებლის სახელით არაუმეტეს - 112 626 ლარზე და კისრულობდა აღნიშნული თანხის გადახდას, სახელმწიფი შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საფუძველზე, პირველივე მოთხოვნის მიღებიდან - 5 სამუშაო დღეში. ბენეფიციარის მოთხოვნაში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის თაობაზე მითითების საფუძველზე, მოთხოვნის ან მოთხოვნილი თანხის ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების გარეშე. შეთანხმებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა ავტომატურად შემცირდებოდა მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად.
11. ამდენად, გარანტის პასუხისმგებლობა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებითა და ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული შეთანხმებით შემოიფარგლა, კერძოდ, გარანტიის პირობა გულისხმობდა გარანტიის თანხის შემცირებას პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის სამუშაოს შესრულების პროპორციულად.
12. კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ არამართლზომიერად შეფასებული საკითხი საბანკო გარანტიის თანხის შემცირებასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.
12.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მხოლოდ გარიგების მხარის მიერ წინასწარ გადახდილი ხელშეკრულების ღირებულების (ავანსის) მიზნობრივად ათვისების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, ბენეფიციარის მხრიდან ხელშეკრულების ღირებულების სრული ან ნაწილობრივი წინასწარი ანაზღაურების შემთხვევაში, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს თანხის მიზნობრივ ხარჯვას (იხ. ლიპარტია ნ., სახელმწიფო შესყიდვების ურთიერთობებში გამოყენებადი საბანკო გარანტიის სახეები, მართლმსაჯულება და კანონი, №4 (52)-2016, გვ. 129). კერძოდ, საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, ბენეფიციარი პრინციპალს წინასწარ უხდის ხელშეკრულების ღირებულების ნაწილს (ავანსს), რომელიც სამუშაოების შესრულებას უნდა მოხმარდეს.
ამ სახის გარანტიის მიზნიდან გამომდინარე, საბანკო გარანტიის მოცულობა მცირდება ბენეფიციარისათვის პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების მიუხედავად, შესაძლებელია, რომ არ წარმოიშვას საავანსო საბანკო გარანტიის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან პრინციპალმა უკვე შეუსრულა ბენეფიციარს ავანსის ოდენობით გათვალისწინებული სამუშაო.
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს შემსყიდველმა მიმწოდებელს ავანსი - 225 252 ლარი ჩაურიცხა. ხოლო გარანტმა გასცა საავანსო საბანკო გარანტია - 112 626 ლარზე.
14. დადგენილია ისიც, რომ მიმწოდებელმა ჯამურად - 311 322.65 ლარის სამუშაო შეასრულა (იხ. მიღება-ჩაბარების შუალედური აქტები), ანუ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ დამკვეთის მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის ოდენობას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
აქედან გამომდინარე, მენარდეს არ დაურღვევია საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობა - ავანსად ჩარიცხული თანხა არამიზნობრივად არ დაუხარჯავს. საავანსო საბანკო გარანტიის მიზნიდან გამომდინარე კი, მენარდეს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ავანსად ჩარიცხული თანხის არამიზნობრივად ხარჯვაზე და არა ზოგადად ვალდებულების დარღვევაზე.
შესაბამისად, რაკი მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება საავანსო საგარანტიო თანხას აღემატებოდა, საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი საავანსო თანხის ღირებულების სამუშაოების შესრულება გამორიცხავდა გარანტისადმი რაიმე მოთხოვნის წაყენების უფლებას და სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 334.92 ლარის (საგადახდო დავალება #11784, გადახდის თარიღი 21.05.2025წ), 70% - 1 634.44 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.მ–იას“ (ს/ნ ..... დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 334.92 ლარის (საგადახდო დავალება #11784, გადახდის თარიღი 21.05.2025წ), 70% - 1 634.44 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა