19 ივნისი, 2025 წელი,
საქმე №ას-65-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - გ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ (მოპასუხეები)
II კასატორები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის, ანაზღაურებადი შვებულების თანხისა და კომპენსაციის დაკისრება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, 1-ლი კასატორი ან დასაქმებული), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი ან სამინისტრო) და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, მეორე კასატორი, ცენტრი ან დამსაქმებელი) ასაჩივრებდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აპრილის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; 2021 წლის 4 იანვრიდან 2022 წლის 4 იანვრის ჩათვლით მოპასუხეს ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის - 1520 ლარისა (ხელზე ასაღები) და კომპენსაციის - 6 000 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ანაზღაურებადი შვებულების თანხის, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის, შევიწროების ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიებით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. 1-ლი კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ პირველი მოპასუხის 2019 წლის 2 ოქტომბრის #51 ბრძანებით, მეორე მოპასუხის დირექტორის მოადგილედ, ამავე იურიდიული პირის დირექტორის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა.
კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უხეში ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა, როდესაც დაადგინა, რომ არ ჰქონდა გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.
გარდა ამისა, 1-ლი კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მის მიმართ დისკრიმინაციული მოტივით ქმედებას და შევიწროებას არ ჰქონია ადგილი (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.2. II კასატორის/პირველი მოპასუხის მტკიცებით, სამინისტროს, როგორც დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილება, რომლითაც ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა, კანონშესაბამისია. იმის გათვალისწინებით, რომ წესდება, ცენტრის დირექტორის მოადგილის დანიშვნას დირექტორის უფლებამოსილების ვადით ითვალისწინებდა, დირექტორის გათავისუფლებამ ავტომატურად და გარდაუვლად ცენტრის დირექტორის სამივე მოადგილის გათავისუფლება გამოიწვია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
1.3. III კასატორის/მეორე მოპასუხის მტკიცებით, მოადგილეების გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი იყო დირექტორის გათავისუფლება ანუ მათი უფლებამოსილების ვადის გასვლა. რეალურად მოსარჩელე ცენტრში განსაზღვრული ვადით/დირექტორის უფლებამოსილების ვადით, იყო დასაქმებული, შესაბამისად, დირექტორის გათავისუფლება მისი მოადგილის ავტომატურ გათავისუფლებას იწვევდა, რაც დასაქმებულისთვის იმთავითვე იყო ცნობილი. გამჭირვალობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, დირექტორის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა, რომლის შედეგებთან მიმართებით მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს და მათ დაეთანხმა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 იანვრისა და 4 მარტის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. პირველი მოპასუხის 2011 წლის 7 ივლისის #83 ბრძანებით, ცენტრი/მეორე მოპასუხე დაფუძნდა. ამავე ბრძანებით დირექტორის, როგორც ცენტრის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, საქმიანობის ვადა - 6 თვით განისაზღვრა. 2012 წლიდან კი, ეს ვადა 1-წლიანი გახდა, ხოლო 2014 წლის 13 დეკემბრიდან, დირექტორის უფლებამოსილება დადგინდა განუსაზღვრელი ვადით. ამავე ბრძანებით, ცენტრის წესდებაც დამტკიცდა.
4.4. სამინისტროს 2014 წლის 12 დეკემბრის #178-ე ბრძანებით (რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში), დადგინდა, რომ ცენტრის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვნულად ახორციელებდა და ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4.4.1. დირექტორს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი აგროსერვის ცენტრის დირექტორის წარდგინებით, ხოლო თანამდებობიდან ანთავისუფლებს ასევე მინისტრი აგროსერვის ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით (იხ. ცენტრის წესდების 6.3 მუხლი).
4.5. სამინისტროს 2019 წლის 2 ოქტომბრის N#51 ბრძანებით, მოსარჩელე ცენტრის'დირექტორის მოადგილედ, ამავე იურიდული პირის დირექტორის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა. დირექტორის 2020 წლის 19 თებერვლის #აგრო-01-02/30 ბრძანებით კი, დირექტორის სამი მოადგილის, მათ შორის მოსარჩელის, სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრა.
4.6. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ეწარმოებინა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობის პროგრამის, მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის, ფერმებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ზედამხედველობა.
4.7. მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება - 1520 ლარს შეადგენდა.
4.8. მოსარჩელეს დამსაქმებლისთვის არც შვებულების გამოყენება და არც მისი მომდევნო წლისთვის გადატანა არ უთხოვია.
4.9. სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრის N144 ბრძანებით, ცენტრის დირექტორის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის წესი შეიცვალა და განუსაზღვრელი ვადის ნაცვლად გადაწყდა მისი ერთი წლით დანიშვნა. ამავე ბრძანებით, განუსაზღვრელი ვადით დანიშნული დირექტორი გათავისუფლდა და ცვლილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, კვლავ ერთი წლით დაინიშნა.
4.10. პირველი მოპასუხის 2020 წლის 31 დეკემბრის N28 ბრძანებით, მოსარჩელე 2020 წლის 31 დეკემბრიდან ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ არის.
4.11. 2020 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მიმართა მოპასუხეებს. ასევე ითხოვა ბრძანების გასაჩივრების წესისა და პირობების შესახებ განმარტება, შრომითი საქმიანობის აღწერა (გამოყენებული იყო თუ არა მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა), დირექტორის მოადგილეთა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობები და ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ დაინიშნა ვაკანტურ პოზიციაზე.
4.12. პირველი მოპასუხის 2021 წლის 21 იანვრის N03/22 საპასუხო წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ:
„ცენტრის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 7 ივლისის N83 ბრძანებით, ცენტრის წესდების 6.3 მუხლის თანახმად, დირექტორის მოადგილეები დირექტორის უფლებამოსილების ვადით ინიშნებოდნენ, შესაბამისად, იგი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადით იყო დანიშნული.
ცენტრის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 7 ივლისის N83 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 31 დეკემბრის N144 ბრძანებით, შეიცვალა ცენტრის დირექტორის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის წესი, კერძოდ, განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დირექტორი განუსაზღვრელი ვადის ნაცვლად ინიშნებოდა 1 წლით, შესაბამისად, განუსაზღვრელი ვადით დანიშნული დირექტორი, განთავისუფლდა თანამდებობიდან და ცვლილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად 1 წლით დაინიშნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ცენტრის წესდების 6.3 მუხლის საფუძველზე, განხორციელებულ ცვლილებამდე დასაქმებული დირექტორის სამივე მოადგილე გათავისუფლდა და აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე მეტი ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო მონაწილეობის მიღება.
4.13. პირველი მოპასუხის 2021 წლის 9 თებერვლის N03/90 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ:
პირველი მოპასუხის 2020 წლის 31 დეკემბრის N28 ბრძანებით, ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ასევე, განემარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 31 დეკემბრის N28 ბრძანება, საქართველოს შრომის კოდექსის 48.6 მუხლის შესაბამისად, შეწყვეტის თაობაზე წერილობითი დასაბუთების (21.01.2021წლის N03/22) მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეეძლო გაესაჩივრებინა.
ამავე წერილის თანახმად, მოსარჩელის მიმართ ცენტრის დირექტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას დისციპლინური პასუხისმგებლობის არცერთი ზომა არ გამოყენებულა.
ცენტრის დირექტორის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების საკითხთან მიმართებით მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნული კონკურსის თაობაზე ეცნობა სამინისტროს 21.01.2021 წლის N03/22 კორესპონდენციით. კონკურსი საჯარო სამსახურის ბიუროს მეშვეობით ჩატარდა და ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე - ი.ა–ძე; მ.ს–ი და ლ.ტ–ძე დაინიშნენ.
პირველი მოპასუხის 2020 წლის 31 დეკემბრის N144 ბრძანებით (ვინაიდან შეიცვალა ა(ა)იპ - აგროსერვის ცენტრის დირექტორის დანიშვნის წესი, რომლის თანახმად, დირექტორი განუსაზღვრელი ვადის ნაცვლად ინიშნება 1 (ერთი) წლით) დირექტორი, 2021 წლის 4 იანვრიდან ერთი წლით დაინიშნა.
4.14. მოსარჩელემ 2020 წლის 31 დეკემბერს დამსაქმებელს 18.01.2021 წლიდან 18.02.2021 წლამდე ანაზღაურებადი შვებულების გამოყენების მოთხოვნით მიმართა.
2021 წლის 21 იანვრის Nაგრო-01/6 საპასუხო წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვინაიდან 2020 წლის 31 დეკემბრიდან გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
4.15. მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამჟამად ვაკანტური არ არის. ცენტრში სხვა ტოლფასი ვაკანტური თანამდებობაც არ არსებობს.
4.16. მოსარჩელეს 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრამდე შრომის საფასური სრულად აუნაზღაურდა.
4.17. სამსახურიდან გათავისუფლების (2020 წლის 31 დეკემბრის) შემდეგ, მოსარჩელის დასაქმებისა და მის მიერ, რაიმე შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.
4.18. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება განახორციელონ ცენტრის წარმომადგენლობა და ხელმძღვანელობა წესდებით არ განსაზღვრულა.
5. მოსარჩელისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, კერძოდ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია), იძულებითი განაცდურის, ანაზღაურებადი შვებულების თანხისა და კომპენსაციის დაკისრების, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურებით აღძრული მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებამოსილების ვადა ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2020 წლის 31 დეკემბრიდან ერთი წლით - 2022 წლის 4 იანვრამდე უნდა განსაზღვრულიყო, სახელდობრ:
6.1. დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის 2011 წლის 7 ივლისის #83 ბრძანებით, ცენტრი/მეორე მოპასუხე დაფუძნდა. ამავე ბრძანებით დირექტორის, როგორც ცენტრის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, საქმიანობის ვადა - 6 თვით განისაზღვრა. 2012 წლიდან კი, ეს ვადა 1-წლიანი გახდა, ხოლო 2014 წლის 13 დეკემბრიდან, დირექტორის უფლებამოსილება - განუსაზღვრელი ვადით დადგინდა.
6.2. სამინისტროს 2014 წლის 12 დეკემბრის #178-ე ბრძანებით (რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში), ასევე დადგინდა, რომ ცენტრის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვნულად ახორციელებდა და ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობდა ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6.3. დადგენილია ისიც, რომ დირექტორს ჰყავდა მოადგილეები, რომლებსაც დირექტორის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავდა მინისტრი აგროსერვის ცენტრის დირექტორის წარდგინებით, თანამდებობიდან ანთავისუფლებდა ასევე მინისტრი აგროსერვის ცენტრის დირექტორის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.
6.4. ასევე დადგენილია, რომ სამინისტროს 2020 წლის 31 დეკემბრის N144 ბრძანებით, ცენტრის დირექტორის, როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის წესი შეიცვალა და განუსაზღვრელი ვადის ნაცვლად მისი ერთი წლით დანიშვნა გადაწყდა. ამავე ბრძანებით, განუსაზღვრელი ვადით დანიშნული დირექტორი გათავისუფლდა და ცვლილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, კვლავ დაინიშნა ერთი წლის ვადით.
6.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება მოსარჩელის, როგორც დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნიდა და მის მიმართაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის შეცვლილი წესი უნდა გავრცელებულიყო, რადგან მხარეთა შეთანხმებით, დირექტორის მოადგილე ინიშნებოდა დირექტორის უფლებამოსილების ვადით.
6.6. დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, ბრძანებაში მითითებული არ არის. განმარტებით ინფორმაციებში მითითებული საფუძვლები კი, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მართებულობას ვერ ადასტურებდა. შესაბამისად, დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის საფუძვლით (მაშინ როცა დირექტორს უფლებამიოსილების ვადა გაუგრძელდა), დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილება სსკ-ის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე ბათილია, რაც დასაქმებულის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის (ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობით), საფუძველია და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.
7. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური არ იყო, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს შემდეგს: არამართლზომიერად გათავისუფლებული პირის იმ თანამდებობაზე აღდგენა, სადაც სხვა პირი უკვე შრომით ურთიერთობაში იმყოფება, უკანონოს გახდის დამსაქმებლის იმ გადაწყვეტილებასაც, რომელიც ახალი დასაქმებულის გათავისუფლებას გამოიწვევს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა დასაქმებულის მოცემულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები, შესაბამისად, ამ პოზიციაზე აღდგენის ნაწილში, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი და მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების გზით სწორად განხორციელდა.
7.1. სშკ-ის 48.8 მუხლის მიხედვით, კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული რეგულირებით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით, დამსაქმებლისათვის დადგენილია, უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
7.2. ამდენად, შრომის კანონმდებლობა, უპირატესად, სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელ გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის, კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობას (აღარ არსებობს ის სტუქტურული ერთეული, რომელშიც დასაქმებული მუშაობდა, დასაქმებულის მიერ დაკავებულ შტატზე სხვა პირი დასაქმდა და სხვა) განიხილავს რაც მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა (იხ. სუსგ №ას-1161-2018, 15.10.2020).
7.3. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით. საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021).
7.4. ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).
7.5. მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ გარემოებებს (გათავისუფლების საფუძვლების მიუთითებლობა, შეცვლილ წესთან შეუსაბამობა), კერძოდ, იმას, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის #144 ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე პირის დასაქმება ერთი წლით იყო შესაძლებელი, მოცემული მომენტისთვის მოსარჩელე არ იყო დასაქმებული და რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულის აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე, მიჩნევს, რომ კომპენსაციის სახით 6000 ლარის დაკისრება არ ცდება გონივრულობის ფარგლებს, შესაბამისად, ამ ნაწილშიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია.
8. ამასთან, წარუმატებელია სარჩელის ის მოთხოვნაც, რომელიც გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას შეეხება. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის კოდექსის 31.1. (შვებულებით სარგებლობის უფლება დასაქმებულს გააჩნია წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით), 32.1. (დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც) და 35.1. (თუ დასაქმებული, სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე მისი შვებულების უარყოფითი გავლენის გამო ვერ ისარგებლებს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა) მუხლებზე და განმარტავს რომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება არის დროის ის პერიოდი, როდესაც დასაქმებული მისით სარგებლობის შემთხვევაში არ მუშაობს, მაგრამ იღებს ხელფასს. ამდენად, შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ, უკვე ნამუშევარი დროის შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მოპოვებული დასვენების უფლებას, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს მიეცემა შრომითი ანაზღაურება. ამავე პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება (შდრ. სუსგ. №ას-495-495-2018 10.04.2019 წ; №ას-1582-2022, 28.04.2023 წ; №ას-180-2023. 18.05. 2023 წ).
8.1. დადგენილია, რომ სამინისტროს 2019 წლის 2 ოქტომბრის #51 ბრძანებით, მოსარჩელე ცენტრის'დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, საიდანაც 11 თვე, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელეს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, სადავო ბრძანების გამოცემამდე დაახლოებით ოთხი თვით ადრე - 2020 წლის 2 სექტემბერს გავიდა, თუმცა მოსარჩელეს დამსაქმებლისთვის არც შვებულების გამოყენება და არც მისი მომდევნო წლისთვის გადატანა არ უთხოვია. მან განცხადება წლის ბოლო დღეს/2020 წლის 31 დეკემბერს ისე წარადგინა, რომ მანამდე დამსაქმებლისთვის შვებულების მომდევნო წელს გადატანა არ მოუთხოვია, შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდებოდა დასაქმებულის მიერ გამოუყენებელი შვებულების გადატანის ფაქტი, არ არსებობდა ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლოს ერთ ერთი კვლევის საგანია, ხომ არ გამოვლენილა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.
9.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის საკითხის მომწესრიგებელ დებულებებს თავად შრომის კოდექსის 2.2. (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) და 2.3. (შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით) მუხლები აყალიბებს, სადაც განმარტებულია შრომითი დისკრიმინაციის არსი და მისი აკრძალვა როგორც წინასახელშეკრულებო, ისე - შრომით ურთიერთობაში;
ასევე, შემთხვევა, როდესაც განსხვავებული მოპყრობა არ შეიძლება, განხილულ იქნეს გაუმართლებლად, თუმცა დადგენილი რეგულაცია არასაკმარისია, რადგან ამავე კოდექსის 1.1. (ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით) მუხლი დასაშვებად მიიჩნევს შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგებას ამ კოდექსით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა სპეციალური კანონი განსხვავებულ მოწესრიგებას არ ადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არათანაბარი მოპყრობის გაანალიზების მატერიალურსამართლებრივ საფუძვლად გამოყენებულ უნდა იქნეს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ წესრიგდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, ხოლო კანონის 10.1 (ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება) მუხლი უფლებით აღჭურვავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს.
10. საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლის (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილებისა, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით) თანახმად კი, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია კანონის წინაშე.
11. რაც შეეხება უშუალოდ დისკრიმინაციას, მის მცნებას განსაზღვრავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. (პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად) და 2.3. (ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად) მუხლი.
მითითებულთაგან პირველს მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი ვლინდება მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის ობიექტურად დასაბუთებული (გამამართლებელი) გარემოებები.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაცია არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობაა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (შდრ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (შდრ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06).
განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (შდრ. Petrovic v. Austria, #20458/92).
ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (შდრ D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რადგან ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება.
ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო - უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი - ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“.
ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაცის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა.
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე _ ევროსასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებულია დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის მეთოდები _ ე.წ „შეფასების ტესტები“: საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება აღიარებს „მკაცრი შეფასებისა“ და „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“, რომელთაგან პირველს იყენებს ე.წ „კლასიკური“ (კანონით პირდაპირ გათვალისწინებული) ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის კვლევისას, ხოლო მეორეს _ ყველა სხვა შემთხვევასთან მიმართებით.
საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ კლასიკური, სპეციფიკური ნიშნებით დიფერენციაციისას სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს და ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, ამასთან, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას, საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი“. დანარჩენ შემთხვევებში მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში - „რაციონალური დიფერენციაციის ტესტს“ (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი), რომლის მიხედვითაც: ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.
შეფასების ტესტთან მიმართებით ევროსასამართლო არ ადგენს დისკრიმინაციის საფუძვლების იერარქიას, არამედ მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, თუ მას არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ანუ, თუ არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან, თუ არ არსებობს გონივრული თანაბარზომიერება ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის (იხ. Mizzi v. Malta, # 26111/02).
13. დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების საპროცესო ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 კარის დებულებებით, კერძოდ, 3633 მუხლით (სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა), რომელიც ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი ქმნის გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს.
სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა.
ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარ განსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის, ისეთი დასკვნებით, რომლებიც, შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან.
დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).
14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა სასამართლოს ვერ წარუდგინა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა, მხოლოდ ის გარემოება, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დაარღვია შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები, მისი ქმედების დისკრიმინაციულად მიჩნევის საკმარის საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, არ არსებობს დისკრიმინაციითა და შევიწროებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლებიც და ამ ნაწილშიც სარჩელი მართლებულად იქნა უარყოფილი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად საკსაციო პალატა მიმოიხილავს მხოლოდ საკასაციო საჩივრების ძირითად არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
16. საკასაციო საჩივარებ არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული სახეზეა კასატორთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის დაბრუნების საფუძველი. ამავდროულად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ძის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ბ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს ე.შ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა (საგადასახადო დავალება #448, გადახდის თარიღი - 20.12.2024) და 250 ლარის (საგადასახადო დავალება #2655, გადახდის თარიღი - 21.02.2025), ჯამურად 550 ლარის 70% - 385 ლარი.
3.ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1212 ლარის (საგადასახადო დავალება #06704, გადახდის თარიღი - 02.12.2024) 70% - 848.4 ლარი.
შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა