27 ივნისი, 2025 წელი,
საქმე №ას-340 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.ც–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა ი.ც–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამთხოვისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ თბილისში, ......... მდებარე #9 ბინა, ს/კ-ით # .......... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი სადავო უძრავი ქონება) და .........ს #5 კორპუსში მდებარე #10-ე ბინა, ს/კ-ით #........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო უძრავი ქონება) მისი საკუთრებაა, რომლებსაც მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.
2. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა 2022 წლის 6 სექტემბერს, 16:00 საათზე, დაინიშნა. მოპასუხეს სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა.
4. 2022 წლის 6 სექტემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველი და მეორე უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს; უძრავი ქონების უკანონო სარგებლობისთვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნები უარყოფილ იქნა.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა. მისი მითითებით, სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებას, მისი მარწმუნებელი ვერ იხსენებდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით, იმავე კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი უარყოფილ იქნა.
8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყების ჩაბარებისას (სატელეფონო შეტყობინება) სამედიცინო პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც მეხსიერების დაქვეითება ახასიათებს და სხდომის თარიღის თაობაზე შეტყობინება დაავიწყდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 230 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
15. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულების პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მოპასუხის აპელაცია და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, სახელდობრ:
16.1. დადგენილია, რომ 2022 წლის 6 სექტემბერს, 16:00 საათზე, დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე მოპასუხეს ეცნობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. აქტები ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, ს.ფ. 147, სადაც აღნიშნულია, რომ ადრესატს ასევე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
16.2. 2022 წლის 6 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გასამართ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველი და მეორე უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს; უძრავი ქონების უკანონო სარგებლობისთვის თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნები უარყოფილ იქნა.
16.3. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
16.4. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
16.5. სსსკ-ის 233.1 მუხლში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.
16.6. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი, ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
17. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ვინაიდან სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მხარის მითითებით, სასამართლო უწყების ჩაბარებისას წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც სხდომის თარიღის თაობაზე შეტყობინება დაავიწყდა.
18. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ამ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
18.1. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოპასუხის არგუმენტთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 215-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მართალია, ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
18.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის/კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N100), საიდანაც უტყუარად დადასტურდებოდა პაციენტის არამხოლოდ დიაგნოზი, არამედ, რაც მთვარია, ექიმის დანიშნულება, სამკურნალო რეკომენდაციები და მედიკამენტების სახეობა, მიღების ვადა და წესი, საქმეში არ წარდგენილა. მართალია, აპელანტი მიუთითებს მისი მკურნალი ექიმ-ფსიქიატრის 2024 წლის 17 თებერვლის ცნობაზე, სადაც მითითებულია - „პაციენტი/მოპასუხე მკურნალობს ჩემი დანიშნულებით ამბულატორიულად 2018 წლის ივნისიდან. დიაგნოზი: შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა 41.2 (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, ICD 10-ის მიხედვით). წლების მანძილზე (და ამჟამადაც) ღებულობს ტრიტიკოს, ციტოლესისა და ზოლომაქსის ტაბლეტებს. როგორც ჩემთვის დღეს მისგან გახდა ცნობილი, 2022 წლის 18 ივლისს, ტელეფონით დაურეკა სასამართლოს მდივანმა და სთხოვა გამოცხადებულიყო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობდა დავა უძრავი ქონების გამო. პაციენტის გადმოცემით, მას დაავიწყდა ეს ინფორმაცია და შესაბამისად არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. გაცნობებთ რომ, აღნიშნული დაავადებისა და დანიშნული მედიკამენტების გათვალისწინებით, შესაძლებელია რომ მას მიღებული ინფორმაცია დავიწყებოდა“; აღნიშნული ცნობა არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებას, რა პერიოდში, რა დოზებით/სიხშირით იღებდა პაციენტი დანიშნულ მედიკამენტებს და სასამართლო უწყების ჩაბარებისას რეალურად იყო თუ არა წამლის/წამლების ზემოქმედების ქვეშ. ცნობა ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტია და კონკრეტულ სადავო თარიღს არ ეხება, კერძოდ, მასში მითითებულია, რომ აღნიშნული დაავადებისა და დანიშნული მედიკამენტების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო პაციენტს მიღებული ინფორმაცია დავიწყებოდა.
თუმცა, დოკუმენტი არ შეიცავს მკაცრ მითითებას მასზედ, რომ უშუალოდ წამლის ზემოქმედების ქვეშ პაციენტი ვერ შეძლებდა ინფორმაციის გააზრებას და მასზე ადეკვატურ რეაგირებას, პრეპარატის ზემოქმედება მუდმივია თუ მედიკამენტის მიღებიდან მხოლოდ გარკვეულ პერიოდს მოიცავს, შემდეგ კი, პაციენტი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება; შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ მოპასუხეს ამა თუ იმ ობიექტური თუ სუბიექტური გარემოების გამო, დაავიწყდა საქმის განხილვის რეალური დრო, სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ განიხილება;
გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს/კასატორსჯანმრთელობის გამო ქმედუნარიანობა შეზღუდული არ აქვს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სრულად გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ/კასატორმა ვერ წარმოადგინა.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.
19.1. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
19.2. სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სსსკ-ის 230.1 (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება) მუხლი და მართებულად მიიჩნია დამტკიცებულად სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, ვინაიდან ასეთი დასკვნა პირდაპირ გამომდინარეობს ხსენებული ნორმის შინაარსიდან, კერძოდ:
19.3. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთების გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), მუხლებიდან გამომდინარეობდა.
20. საკასაციო სასამართლო, დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოიკვლევა, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
21. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები, სრულადაა გასაზიარებელი.
22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დ. ჭ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #26936306012, გადახდის თარიღი 22.04.2025წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.ც–ძეს (პ/ნ ...... ) დაუბრუნდეს დ.ჭ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #26936306012, გადახდის თარიღი 22.04.2025წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა