საქმე №ას-883-2025 12 სექტემბერი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ლ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე 2022 წლის 16 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მყიდველი) და შპს „ლ-ას“ (შემდეგში - მოპასუხე, საწარმო ან გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის №1 დანართითაც შესყიდვის ობიექტად - 2 000 ერთეული გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის (განტვირთვის ჟილეტი) შესყიდვა დადგინდა, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება 160 000 ლარით განისაზღვრა (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი).
2. ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებული იყო, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, №1 დანართით განსაზღვრული ვადების შესაბამისად მიეწოდებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი.
გარიგების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს შესაბამისი უფლებამოსილი პირ(ებ)ი (ინსპექტირების ჯგუფი), კერძოდ, მყიდველის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ლოჯისტიკის სამსახურის სამეურნეო უზრუნველყოფის მართვისა და დაგეგმვის განყოფილებიდან და მატერიალური მარაგების სამსახურიდან გამოყოფილი უფლებამოსილი პირი ან პირები შეასრულებდნენ. 6.2 პუნქტის შესაბამისად, კონტროლი ხორციელდებოდა, როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდეგ.
ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესყიდვის ობიექტის გადაცემა ხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიწოდების ადგილის მიხედვით. 9.2 პუნქტის მიხედვით, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობოდა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებული იყო, შესაბამისი ინფორმაცია მეორე მხარისთვის წერილობით შეეტყობინებინა.
ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები.
10.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის გამყიდველს დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. 10.4 პუნქტის მიხედვით, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა უნდა გადახდილიყო აღნიშნულის თაობაზე მხარისთვის გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.
გადაწყვეტილების მიმღები მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარისთვის შეეტყობინებინა მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი (11.2). ხელშეკრულების 11.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მყიდველს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო, თუ ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას იგი ვერ უზრუნველყოფდა.
ხელშეკრულების 13.1 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება არ განიხილებოდა, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა იგი საჯარიმო სანქციების გამოყენებასა და გამყიდველისთვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას არ გამოიწვევდა.
ხელშეკრულების 13.3 პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებ მხარეს, რომლისთვისაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი ხდებოდა, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა დართვოდა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე წერილობით პასუხს არ მიიღებდა, იგი თავისი შეხედულებით, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და, ცდილობდა, ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები გამოენახა, რომლებიც ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისგან დამოუკიდებელი იქნებოდნენ.
3. ტენდერის საფუძველზე სს „ა.დ–ამ“ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2022 წლის 15 თებერვალს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია გასცა. საგარანტიო თანხა 8 000 ლარით განისაზღვრა.
4. 2022 წლის 29 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს წერილით მიმართა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულების საგნის უმოკლეს ვადაში მიწოდება მოითხოვა.
5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში მოპასუხეს არ შეუსრულებია. ამასთან, 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქონლის სრულად მიწოდებაზე გამყიდველმა მზაობა გამოთქვა
6. მოსარჩელის 2022 წლის 14 სექტემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მე-11 პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდა. წერილის თანახმად, ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით, გამყიდველს მოსარჩელისთვის 2 000 ცალი განტვირთვის ჟილეტი უნდა მიეწოდებინა, რაც არ შეუსრულებია.
წერილში მითითებულია, რომ ხელშეკრულების 10.3 ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოპასუხეს, ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა, რაც ჯამურად 19 200 ლარს შეადგენდა.
7. 19 200 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
- მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების მასშტაბის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა მართლზომიერად შეამცირა.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად, სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არსებითი პირობა შეცვალა, მაშინ, როდესაც, ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტის პირობების შეცვლა არ იყო დავის საგანი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ არის პირგასამტეხლო კონკრეტულ შემთხვევაში შეუსაბამოდ მაღალი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კრედიტორი (მხარე, რომლის მიმართაც ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა) საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომლისთვისაც ვალდებულების დროულად შესრულება, ორმაგად პრიორიტეტულია. ამასთან, სასამართლო არღვევს ხელშეკრულების მხარეთა თანაზომიერების პრინციპს, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე საუბრობს, მაგრამ არაფერს ამბობს მის მიერ პირგასამტეხლოს შემცირებით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიყენებულ ზიანზე, მაშინ, როდესაც, მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს ისეთი საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია, როგორიცაა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატამ მითითებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა/მიწოდების განუხორციელებლობა, კანონიერ ძალაშია შესული.
კასატორის პრეტენზია იმაში გამოიხატება, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო - 2 000 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს, შესაბამისად, სადავოა პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერების საკითხი.
14. კასატორის განსახილველი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებშია წარმოდგენილი.
15. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა). პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ). დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ). ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ). პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).
16. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.).
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.).
პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული, რაც გულისხმობს სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირებას (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.).
17. მართალია, ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით, გამყიდველს მოსარჩელისთვის 2 000 ცალი განტვირთვის ჟილეტი უნდა მიეწოდებინა, რაც არ შეუსრულებია. ამდენად, მოსარჩელის ინტერესი იყო, ხსენებული რაოდენობის ნასყიდობის საგნის სწორედ მითითებული ვადის დაცვით მიღება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში გამყიდველს არ შეუსრულებია, ამ შემთხვევაში; მხედველობაშია მისაღები საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მის მიერ ნაკისრი ვალდებულება მოპასუხეს საერთოდ არ შეუსრულებია, სახელდობრ, ხელშეკრულების საგანი (2 000 ცალი განტვირთვის ჟილეტი, რომლის ღირებულება 160 000 ლარს შეადგენდა) მოსარჩელისთვის არ გადაუცია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, დამრღვევის ბრალის ხარისხის, დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს და პალატის მოსაზრებით დარღვევისთვის/ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა - 9 600 ლარით უნდა განისაზღვროს.
18. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლის (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია) თანახმად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 480 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 55-ე, 264.3, 257.1, 253-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინება გაუქმდეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ შპს ,,ლ–ას“ 9 600 ლარის გადახდა დაეკისროს;
4. შპს „ლ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 480 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა